Facebook Twitter

საქმე №080210014477539

საქმე №ას-351-334-2015 10 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ი.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ.-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ბ.-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ი.-ის მიმართ სესხის – 6000 აშშ დოლარისა და სარგებლის – 2550 აშშ დოლარის, სულ – 8550 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა, თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში ფულადი ვალდებულების შესასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცეს ლ. ი.-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება.

მხარის განმარტებით, 2012 წლის 21 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 6000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით 6 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ. ი.-ის კუთვნილი უძრავი ნივთი.

2013 წლის 21 თებერვალს სანოტარო წესით ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება და თანხის გადახდის ვადა გაგრძელდა 2014 წლის 21 თებერვლამდე, თუმცა მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ვალდებულების ნაწილი შეასრულა. შესაბამისად, მოსარჩელისათვის გადასახდელი დარჩა 4350 აშშ დოლარი და 100 ევრო. ამასთან, ლ.ი.-მა მიიჩნია, რომ თანხის ამოღება მისი კუთვნილი უძრავი ქონებიდან არ უნდა განხორციელდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. ბ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, რაზეც ლ.ი.-მა შეიტანა საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინებით ლ. ი.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი 2014 წლის 26 ნოემბერს მიღებულ იქნა განსახილველად. სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა მთავარი სხდომა 2015 წლის 20 იანვარს, 14:30 საათზე, რის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ეცნობა ორივე მხარეს, მათ შორის 2014 წლის 29 დეკემბერს ტელეფონოგრამით – ლ. ი.-ის რძალ ხ. კ.-ეს.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი სააპელაციო სასამართლოსთვის არ უცნობებია. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა, საქმეზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ლ. ი.-მა საჩივარი დააფუძნა შემდეგ გარემოებებს:

სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის სხდომის თაობაზე 2014 წლის 29 დეკემბერს ტელეფონოგრამის გზით ეცნობა მის რძალს – ხ. კ.-ეს, თუმცა 2014 წლის 27 დეკემბერს საჩივრის ავტორი დაეცა და მიიღო სხეულის ძლიერი დაჟეჟილობა, რის გამოც გარკვეული პერიოდის მანძილზე მოუწია სახლის პირობებში მკურნალობა წოლითი რეჟიმით. ამას დაერთო არტერიული ჰიპერტენზია და ნერვოზული მდგომარეობა, რამაც უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. რადგან სხდომის შესახებ ეცნობა მის რძალს, თავად მოკლებული იყო შესაძლებლობას, წაეკითხა უწყება და გასცნობოდა სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს. გასათვალისწინებელია ლ. ი.-ის ასაკიც.

მხარის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლი იმპერატიულად არ მოითხოვს მოსარჩელის (აპელანტის) გამოუცხადებლობისას სასამართლოს მიერ აუცილებლად დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, ეს მისი შესაძლებლობაა და არა ვალდებულება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება ართმევს შესაძლებლობას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რადგან არსებობდა საქმის სხვა დროისათვის გადადების საფუძველი.

სააპელაციო პალატის მითითებით, საჩივარს დაერთო ექიმი-ქირურგის – თ. ტ.-ის მიერ 2014 წლის 27 დეკემბერს დანიშნული მკურნალობის ამსახველი დოკუმენტი, კარდიოგრამა და რეცეპტი, თუმცა არ არის წარმოდგენილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ლ. ი.-ის იმგვარ ავადმყოფობას, რაც გამორიცხავდა 2015 წლის 20 იანვრის სასამართლო სხდომაზე მის გამოცხადებას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საჩივრის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რადგან მომჩივანი ამტკიცებს, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მისი ავადმყოფობით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულება. გარდა ამისა, მას არც ის დაუსაბუთებია, თუ რატომ არ შეეძლო გამოუცხადებლობის თაობაზე ეცნობებინა სააპელაციო სასამართლოსათვის. მისი ოჯახის ქმედუნარიანი წევრი სხდომის თაობაზე გაფრთხილებულ იქნა სხდომამდე 22 დღით ადრე, რაც სავსებით საკმარისი დროა, რათა თავად მხარის გამოუცხადებლობის პირობებში მას უზრუნველეყო წარმომადგენლის გამოცხადება, როგორც ეს განახორციელა საჩივრის განხილვისას, 2015 წლის 12 თებერვლის სხდომაზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ აპელანტის გამოუცხადებლობისას, თუ არსებობს მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ი.-ის საჩივარი დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს ძალაში.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ ლ. ი.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს მხარის რძალ ხ. კ.-ეს ტელეფონოგრამით ეცნობა 2015 წლის 20 იანვარს, 14.30 საათზე დანიშნული მთავარი პროცესის შესახებ.

შეტყობინების შესახებ 2014 წლის 29 დეკემბრის აქტის შინაარსი კასატორისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გახდა ცნობილი. აქტით ირკვევა, რომ ტელეფონის ნომერზე (0431) 27 46 57 ხ. კ.-ეს დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და შეატყობინა, მთავარი სხდომის შესახებ და გააფრთხილა, რომ მხარის ან მისი წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია, სხდომის დღის შესახებ პირადად აცნობოს ადრესატს და გააცნოს ტელეფონოგრამის გადაცემის შესახებ. ხ.კ.-ემ აცნობა ლ. ი.-ს, რომ სასამართლოდან თუ რომელიღაც ორგანოდან დაურეკეს, მაგრამ მისი განმარტება ბუნდოვანი იყო. კასატორმა ვერ გააცნობიერა, რომ ეს სასამართლო პროცესთან იყო დაკავშირებული.

კასატორმა მიუთითა, რომ 2014 წლის 27 დეკემბერს ლ.ი.-მა მიიღო სხეულის ძლიერი დაჟეჟილობა, ამიტომ გარკვეული პერიოდი სახლის პირობებში მკურნალობდა, იყო მწოლიარე. აღნიშნულს დაერთო არტერიული ჰიპერტენზია, ნევროზი, შაქრიანი დიაბეტი. მხარე პენსიონერია და აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა. შესაბამისად, სახლის პირობებში მკურნალობდა ექიმ-ქირურგთან – თ.ტ.-თან. ამიტომ ვერ წარმოადგინა ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რომელიც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ იქნებოდა ხელმოწერილი.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომამდე ლ.ი.-მა ვერ მოახერხა წარმომადგენელთან მისვლა, რათა მისი მეშვეობით მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში. ავადმყოფობის გამო კი, ვერ შეძლო პირადად გამოცხადებულიყო სასამართლოში. მისთვის უცნობი იყო გამოუცხადებლობის შედეგები, რომლებიც წერილობითი ფორმით არ გადასცემია.

მხარის განმარტებით, ხ. კ.-ე კასატორთან მუდმივად არ ცხოვრობს, ის ლ. ი.-ის შვილთან ერთად ცხოვრობს ქ.ქ.-ში, და-ძმა უორდროპების ქ.№..-ში, ხოლო კასატორი სისტემატიურად იმყოფება ქ.ქ.-ში, წმ.ს.-ის ქ.№...-ში, თუმცა აღნიშნული გარემოებები სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლთან მიმართებით. სააპელაციო სასამართლოს მცდელობაც არ ჰქონია, პირადად მოეძებნა მხარე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაებარებინა უწყება მასთან მცხოვრები ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაარღვია ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

მხარის მოსაზრებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაძლებლობას ართმევს კასატორს, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. სასამართლოს უნდა მიეცა შესაძლებლობა, საქმის განხილვა გადაედო სხვა დროისათვის, რადგან ხ. კ.-ე აპელანტთან მუდმივად მცხოვრები პირი არ არის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინებით ლ. ი.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2015 წლის 3 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ლ. ი.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 26 ნოემბერს ლ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე მიღებულ იქნა წარმოებაში.

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქმეზე 2015 წლის 20 იანვარს, 14:30 საათზე დაინიშნა მთავარი სხდომა, რის თაობაზეც კანონით დადგენილი წესით ეცნობა ორივე მხარეს, მათ შორის 2014 წლის 29 დეკემბერს ტელეფონოგრამა ჩაბარდა ლ. ი.-ის რძალს – ხ. კ.-ეს (ს.ფ. 238-239). მასვე ეცნობა აპელანტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ.

აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სააპელაციო სასამართლოს არ აცნობა. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რის საფუძველზეც საქმეზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ლ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი არეგულირებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილი, 372-ე მუხლი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სააპელაციო პალატას არ აცნობა. სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს.

ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და კასატორიც ადასტურებს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომის 2015 წლის 20 იანვარს დანიშვნის თაობაზე ლ. ი.-ისათვის შეტყობინების მიზნით, მოსამართლის თანაშემწემ 2014 წლის 29 დეკემბერს სატელეფონო შეტყობინება ჩააბარა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (0431) 27-46-57 ლ. ი.-ის რძალს – ხ. კ.-ეს.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ აპელანტს სრულიად საკმარისი დრო ჰქონდა პროცესში მონაწილეობისათვის მოსამზადებლად და გონივრულ ვადაში ეცნობა საქმის ზეპირი განხილვის დანიშვნის თაობაზე.

ტელეფონოგრამის ჩაბარებასთან დაკავშირებით ლ. ი.-ს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს იმ სამართლებრივ ფარგლებს, რომელთა დაცვითაც საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების კანონიერება. მოცემული ნორმის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს ისეთ გარემოებებს, რომლებზეც მხარეს სააპელაციო პალატაში არ მიუთითებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს საკასაციო საჩივარში მითითებულ ქვემოთ მოყვანილ არგუმენტებზე, რომლებიც ლ.ი.-ის საჩივარს საფუძვლად არ დადებია, კერძოდ, რომ ხ.კ.-ემ აცნობა ლ. ი.-ს „სასამართლოდან, თუ რომელიღაც ორგანოდან“ მისთვის დარეკვის შესახებ, მაგრამ მისი განმარტება ბუნდოვანი იყო. კასატორმა ვერ გააცნობიერა, რომ ეს სასამართლო პროცესთან იყო დაკავშირებული. ამასთან, ხ. კ.-ე კასატორთან მუდმივად არ ცხოვრობს, ის ლ. ი.-ის შვილთან ერთად ცხოვრობს ქ.ქ.-ში, და-ძმა უორდროპების ქ.№...-ში, ხოლო კასატორი სისტემატიურად იმყოფება ქ.ქ.-ში, წმ.ს.-ის ქ.№..-ში. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყების ტელეფონოგრამით მიმღები ხ. კ.-ე ლ. ი.-თან მცხოვრები ოჯახის ქმედუნარიანი წევრი არ არის.

ასეც რომ არ იყოს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით, სარწმუნო მტკიცებულების წარდგენის გზით არ დაუდასტურებია, რომ ხ. კ.-ე ნამდვილად არ ცხოვრობს აპელანტის ოჯახში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტთა წრეს არ განეკუთვნება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ ლ. ი.-ს სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, თუმცა იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზის შეფასებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

ლ. ი.-მა განმარტა, რომ 2014 წლის 27 დეკემბერს მიიღო ტრავმა, მკურნალობდა ბინაზე წოლითი რეჟიმის პირობებში, შეექმნა რთული ფინანსური მდგომარეობა, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლო გამოცხადება და წარმომადგენელთან დაკავშირება, რათა მისი მეშვეობით დაეცვა საკუთარი ინტერესები სასამართლო სხდომაზე. მხარემ საჩივარს დაურთო 2014 წლის 27 დეკემბერს ექიმ-ქირურგ თ. ტ.-ისა და ექიმ-კარდიოლოგ ზ. ტ.-ის დანიშნულება, კარდიოგრამა და წამლის რეცეპტი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აღნიშნული დოკუმენტები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ მტკიცებულებას არ წარმოადგენს და აპელანტის იმ სახის ავადმყოფობის დამადასტურებლად ვერ გამოდგება, რომელიც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდებოდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ლ. ი.-მა ვერ დაადასტურა, რატომ ვერ შეძლო თავისი ავადმყოფობის შესახებ ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის არგუმენტი, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით მას ეზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლი ეხება რა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, პირველი პუნქტით ადგენს, რომ სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს დავის გადაწყვეტას როგორც მატერიალური, ისე საპროცესო კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით.

მოცემული განჩინების კვლევითი ნაწილიდან ირკვევა, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი მისი გაუქმების წინაპირობების არსებობა კასატორმა ვერ დაამტკიცა, შესაბამისად, ლ. ი.-ის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიღო სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მართებულად დატოვა იგი ძალაში, შესაბამისად, ლ. ი.-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2015 წლის 15 მაისის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ლ. ი.-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის – 653 ლარის გადახდა. შესაბამისად, მოცემული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ი.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კასატორ ლ. ი.-ს (პირადი №...) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (შემდეგ რეკვიზიტებზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სახელმწიფო ბაჟის – 653 ლარის გადახდა.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური