Facebook Twitter

საქმე №ას-356-338-2015 03 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ბ. ლ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2014 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. შ.-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ბ.-ს“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2013 წლის 13 ივლისს მოსარჩელესა და შპს „ა.-ს“ შორის შედგა საშუამავლო ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ა.-მა“ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის აღმოეჩინა დახმარება ამერიკიდან ავტომანქანის შეძენაში. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ავტომანქანა ბმვ (BMW) X5, 2001 წლიანი, silver, WIN:...., 5 400 აშშ დოლარად ღირებული. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის მიერ სრულად იქნა გადახდილი მომსახურების თანხა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვეოდა მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა ფოთის ტერმინალში შევიდა .... კონტეინერით და გაიხსნა 2013 წლის 18 სექტემბერს. მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანა ტერმინალზე შევიდა მოსარჩელის სახელზე, მისი განმარტებით გადამზიდველი კომპანია შპს „ბ.“ არ იძლეოდა კონოსამენტს, რაც აფერხებდა ავტომანქანის მიღებას და შესაბამისად, ზრდიდა მისი შენახვის ხარჯებს. მოსარჩელის განმარტებით, შპს „ბ.ს“ ხელმძღვანელობა უარს აცხადებდა ავტომანქანის მოსარჩელეზე გადმოცემის თაობაზე და აპირებდა მის რეალიზაციას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მოპასუხედ ჩაება შპს „ბ. ლ.-“, ვინაიდან კონტეინერი რომელშიც იმყოფებოდა სადავო ავტომანქანა ირიცხებოდა შპს „ბ. ლ.-ის“ სახელზე.

მოპასუხე შპს „ბ. ლ.-სმა“ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა მოპასუხესთან. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სადავო ავტომანქანის შეძენასთან, ტრანსპორტირებასთან, შენახვასთან, გადახდასთან, მიწოდებასთან და გადაცემასთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა ხელშეკრულება და ურთიერთვალდებულებები. მოსარჩელის განმარტება ზეპირსიტყვიერი იყო და არ გააჩნდა დოკუმენტური დასაბუთება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. შ.-იას სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ბ. ლ.-საგან” გამოთხოვილ იქნა მ. შ.-იას საკუთრებაში არსებული ავტომანქანა BMW X5 2001 silver WIN: .....

2014 წლის 01 მაისს საქალაქო სასამართლოს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საჩივრით მიმართა შპს „ბ. ლ.-ს” წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივნისის განჩინებით შპს ,,ბ. ლ.-ს’’ საჩივრი ამავე კოლეგიის 2014 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2014 წლის 03 აპრილს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე შპს „ბ. ლ.-” და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხეს სხდომის დღის თაობაზე უწყება ჩაბარდა 2014 წლის 21 მარტს, კერძოდ, უწყება ჩაიბარა კომპანიის კანცელარიის წარმომადგენელმა, ხოლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე სხდომის დაწყებამდე მხარეს არაფერი წარმოუდგენია და არც წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის. მიუხედავად ამისა, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე შპს „ბ. ლ.-ს” წარმომადგენელი. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულ იქნა შესვენება მხარის მოძიების მიზნით, რის თაობაზეც გამოცხადდა სასამართლო შენობაში დამონტაჟებული ტექნიკური საშუალების მეშვეობით. სასამართლომ გამოარკვია, რომ მოპასუხეს არ უცნობებია სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის ან დაგვიანების თაობაზე და აღნიშნულის თაობაზე არც განცხადება წარმოუდგენია.

საქმის განმხილველმა სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია, კერძოდ, დამტკიცებულად ჩათვალა, რომ:

- 2013 წლის 13 ივლისს მოსარჩელესა და შპს „ა.-ს” შორის შედგა საშუამავლო ხელშეკრულება;

- ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ა.-მა” იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის აღმოეჩინა დახმარება ამერიკიდან ავტომანქანის შეძენაში. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ავტომანქანა ბმვ (BMW) X5, 2001 წლიანი, silver, WIN: ..., 5 400 აშშ დოლარად ღირებული;

- მოსარჩელემ მომსახურების თანხა გადაიხადა სრულად;

- მოსარჩელე მ. შ.-იას სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა ფოთის ტერმინალში შევიდა ... კონტეინერით და გაიხსნა 2013 წლის 18 სექტემბერს;

- .... კონტეინერი ირიცხება შპს „ბ. ლ.-ს” სახელზე.

- მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ავტომანქანა იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში.

საქმის განმხილველმა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული და დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამასთან, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გამომრიცხველი გარემოებები.

საჩივრის განხილვის ეტაპზე კი, 2014 წლის 05 ივნისს დაკმაყოფილდა საჩივრის ავტორის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე. მოწმე თინათინ ელისაბედაშვილმა დაადასტურა, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა 2014 წლის 21 მარტს, თუმცა მისი დირექტორისთვის გადაცემა მოახერხა მხოლოდ 2014 წლის 05 აპრილს. მოწმის განმარტებით, დირექტორი არ იმყოფებოდა თბილისში, თვითონ კი არ გაუხსნია კონვერტი, რის შემდეგაც გაადავიწყდა მისი ადრესატისათვის გადაცემა და იგი გადასცა მ. ი.-ეს თბილისში ჩამოსვლის შემდეგ.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) თუ მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონდა არც ერთ დასახელებულ შემთხვევას.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობდა ზემოაღნიშნული რომელიმე საფუძველი, რაც გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა. არც საჩივართან ერთად და არც სასამართლოში საჩივრის განხილვისას მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ დირექტორი არ იმყოფებოდა თბილისში და რომ არ გადაუცია დროულად მდივანს კონვერტი დირექტორისათვის. ამასთან, მოწმედ დაკითხულმა პირმა დაადასტურა, რომ მან ნამდვილად ჩაიბარა სასამართლო უწყება 2014 წლის 21 მარტს და რომ მუშაობდა შპს „ბ. ლ.-ს” მდივან-ოპერატორად, რომელიც, როგორც წესი, იბარებდა ხოლმე წერილებს და ყველა სახის კორესპონდენციას. მისი განმარტება, რომ დაავიწყდა გადაეცა დირექტორისათვის სასამართლო უწყება, სასამართლომ არ მიიჩნია იმ გარემოებად, რის გამოც უნდა გაუქმებულიყო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2014 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ბ. ლ.-სმა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით შპს ,,ბ. ლ.-ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე კოლეგიის 2014 წლის 10 ივნისის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი შპს „ბ. ლ.-’’ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მ. ი.-ე, რომელიც წარმოადგენდა შპს ,,ბ. ლ.-ის’’ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს, 03.04.2014წ.-ის სასამართლო სხდომის შესახებ არ იყო ინფორმირებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73–ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხევაში, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ სასამართლო უწყება 03.04.2014წ.-ის სასამართლო სხდომის შესახებ გაეგზავნა და 21.03.2014წ.-ს ჩაბარდა შპს „ბ. ლ.-ს” მდივან-ოპერატორს თინათინ ელისაბედაშვილს, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მიცემული მისივე განმარტებით, სარგებლობდა იმ უფლებით, რომ ჩაებარებინა კორესპონდენცია. ამდენად, აღნიშნული მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნეოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. რაც შეეხება შპს „ბ.ლ.-ს” წარმომადგენლის განმარტებას, რომ სასამართლო უწყების შესახებ ადრესატისათვის ცნობილი გახდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, რადგან სწორედ ამ დროს გადასცა მას თანამშრომელმა ეს დოკუმენტი, აღნიშნული არ წარმოადგენდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიჩნევისათვისათვის ,,სხვა გარემოება’’, გამოწვეული უნდა იყო განსაკუთრებული ობიექტური მიზეზით. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარის მიერ მითითებული არგუმენტი, ვერ ჩაითვლება განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად, ვინაიდან, იგი სუბიექტურ კრიტერიუმებზე მიუთითებდა. პალატამ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73–ე მუხლის მე-8 ნაწილის იმ დანაწესზე, რომლის მიხედვით, უწყების ჩამბარებელი ვალდებულია, უწყება გადასცეს ადრესატს. შესაბამისად, შპს „ბ. ლ.-ს” წარმომადგენლის მითითებული არგუმენტი არ წარმოადგენდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 13 ივლისს მოსარჩელესა და შპს „ა.-ს” შორის შედგა საშუამავლო ხელშეკრულება. ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ა.-მა” იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის აღმოეჩინა დახმარება ამერიკიდან ავტომანქანის შეძენაში. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ავტომანქანა ბმვ (BMW) X5, 2001 წლიანი, silver, WIN: ...., 5 400 აშშ დოლარად ღირებული. მოსარჩელემ მომსახურების თანხა სრულად გადაიხადა. მოსარჩელე მ. შ.-იას სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა ფოთის ტერმინალში შევიდა ... კონტეინერით და გაიხსნა 2013 წლის 18 სექტემბერს. ... კონტეინერი ირიცხებოდა შპს „ბ. ლ.-ს” სახელზე. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ავტომანქანა იმყოფებოდა მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაში. დამტკიცებულად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

შპს „ბ. ლ.-ს” კიდევ ერთ სააპელაციო პრეტენზიაზე იმის შესახებ, რომ იგი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, რადგან მოსარჩელესთან არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების თავისებურება მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ სასამართლო არ ადგენდა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სისწორესა და დასაბუთებულობას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე, არამედ დამტკიცებულად მიიჩნევდა სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. ამდენად, მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ მ. შ.-იას სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა ფოთის ტერმინალში შევიდა ... კონტეინერით, რომელიც ირიცხებოდა შპს „ბ. ლ.-ს” სახელზე, ასევე, მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ავტომანქანა იმყოფებოდა მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში წარმოადგენდა საკმარის წინაპირობას ამ საქმეზე სათანადო მოპასუხედ შპს „ბ. ლ.-ს” მისაჩნევად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „ბ. ლ.-სმა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2014 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე შპს „ბ. ლ.-ს“ დირექტორის - მ. ი.-ისათვის, რომელიც 2014 წლის 13 თებერვლიდან წარმოადგენდა საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს, გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ სხდომის დღის შესახებ არ იყო ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სახელდობრ, მ. ი.-ე იმყოფებოდა თიანეთში, მოხუცი მამის ავადმყოფობის გამო. შეტყობინება სასამართლოს სხდომის დღის შესახებ კი, ჩაბარდა თინათინ ელისაბედაშვილს, რომელიც არ წარმოდგენდა პროცესის მონაწილე სუბიექტს და რომელსაც არ გაუხსნია სასამართლოდან გამოგზავნილი კონვერტი. მან აღნიშნული შეტყობინება მხოლოდ 05 აპრილს გადასცა დირექტორს - მ. ი.-ეს, მას შემდეგ რაც პროცესი უკვე ჩატარებული იყო. ეს გარემოება დადასტურდა სასამართლოში მოწმის სტატუსით მოწვეული თინათინ ელისაბედაშვილის მიერაც.

კასატორის განმარტებით, მან სასამართლოში სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით დააფიქსირა თავისი პოზცია იმის თაობაზე, რომ არ ეთანხმებოდა სარჩელს და მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული კი, წარმოადგენდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მან გამოხატა ნება პროცესში მონაწილეობაზე, რაც თავის მხრივ, გამორიცხავდა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მოპასუხის მიერ აღიარების პრეზუმირებას.

ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სარჩელში მითითებული და დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან მოცემულ საქმეზე შპს „ბ. ლ.-” არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, იგი არ იმყოფებოდა მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. კასატორის მითითებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სადავო ავტომანქანის შეძენასთან, ტრანსპორტირებასთან, შენახვასთან, გადახდასთან, მიწოდებასთან და გადაცემასთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა ხელშეკრულება და ურთიერთვალდებულებები. შპს „ბ. ლ.-” აშშ-ში რეგისტრირებული კომპანიის „ბ.ძე კორპის“ მეშვეობით უზრუნველყოფდა აუქციონზე შეძენილი ავტომანქანების შესყიდვასა და ტრანსპორტირებას. მოცემულ შემთხვევაში, მ. შ.-იას სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდა შპს „ა.ჰ.-თან“. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. შ.-ია არ იყო უფლებამოსილი სარჩელი წარედგინა შპს „ბ. ლ.-ს” წინააღმდეგ (ვრცლად იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები (კასაციის მიზეზები), ტ.2. ს.ფ. 84-95)).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.04.2014წ.-ის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ 10.06.2014წ.-ის განჩინების კანონიერება.

მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ 03.04.2014წ.-ის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე შპს „ბ. ლ.-” და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ამდენად, მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება თუ, დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, აბრკოლებდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას.

კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 03.04.2014წ.-ს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოობას და განმარტავს, რომ იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რომლის ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ნორმის მიზნებისათვის საპატიოდ მიიჩნევა ისეთი გარემოების ანდა მოვლენის არსებობა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოცხადებისათვის ანდა გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხეს სხდომის დღის თაობაზე უწყება ჩაბარდა საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, 2014 წლის 21 მარტს, კერძოდ, უწყება ჩაიბარა კომპანიის კანცელარიის წარმომადგენელმა, ხოლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე სხდომის დაწყებამდე მხარეს არაფერი წარმოუდგენია და არც წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საჩივრის განხილვის ეტაპზე მოწმე თინათინ ელისაბედაშვილმა დაადასტურა, რომ სასამართლო უწყება ნამდვილად ჩაბარდა 2014 წლის 21 მარტს. მან განმარტა, რომ სასამართლო შეტყობინება დირექტორს გადასცა მხოლოდ 2014 წლის 05 აპრილს, იმ მიზეზით, რომ თავიდანვე დირექტორი არ იმყოფებოდა თბილისში, ხოლო შემდგომ კი, გაადავიწყდა მისი ადრესატისათვის გადაცემა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარის მიერ მითითებული პოზიცია არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საფუძველს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73–ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მხარეს უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.... ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლიარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

უდავო გარემოებაა, რომ სასამართლო უწყება 03.04.2014წ.-ის სასამართლო სხდომის შესახებ გაეგზავნა და 21.03.2014წ.-ს ჩაბარდა შპს „ბ. ლ.-ს” მდივან-ოპერატორს თინათინ ელისაბედაშვილს, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მიცემული მისივე განმარტებით, სარგებლობდა იმ უფლებით, რომ ჩაებარებინა კორესპონდენცია. ეს გარემოება კი, მიუთითებდა მასზე, რომ სასამართლო უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნეოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. რაც შეეხება შპს „ბ. ლ.-ს” წარმომადგენლის განმარტებას, რომ სასამართლო უწყების შესახებ ადრესატისათვის ცნობილი გახდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, რადგან სწორედ ამ დროს გადასცა მას თანამშრომელმა ეს დოკუმენტი, აღნიშნული არ წარმოადგენდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიჩნევისათვისათვის ,,სხვა გარემოება’’, გამოწვეული უნდა იყო განსაკუთრებული ობიექტური მიზეზით. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარის მიერ მითითებული არგუმენტი, ვერ ჩაითვლებოდა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად, ვინაიდან, ემყარებოდა სუბიექტურ კრიტერიუმებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასაციის პირველ საფუძვლად (გარემოებად) სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის ნაწილში, წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კიდევ ერთ საფუძვლად კასატორი სარჩელის იურიდიულ დაუსაბუთებლობას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელე არ იყო სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოპასუხესთან, რაც გამორიცხავდა მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორის მითითებულ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ როგორც მოცემულ საქმეზეა დადგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მოპასუხედ ჩაება შპს „ბ. ლ.-“, ვინაიდან კონტეინერი რომელშიც იმყოფებოდა სადავო ავტომანქანა ირიცხებოდა შპს „ბ. ლ.-ის“ სახელზე, ხოლო ის გარემოება, რომ შპს „ბ. ლ.-” წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, რადგან მოსარჩელესთან არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში, არ წარმოადგენს არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს და ვერ განაპირობებს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას, იმ თვალსაზრისით, რომ საკითხი იმის შესახებ თუ ვინ იყო ანგარშვალდებული მოსარჩელის წინაშე წარმოადგენდა არსებითი მსჯელობის ეტაპზე განსახილველ საკითხს და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი, არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელიგადაწყვეტილება.

ამდენად, მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ მ. შ.-იას სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა ფოთის ტერმინალში შევიდა ... კონტეინერით, რომელიც ირიცხებოდა შპს „ბ. ლ.-ს” სახელზე, ასევე, მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ავტომანქანა იმყოფებოდა მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში წარმოადგენდა საკმარის წინაპირობას ამ საქმეზე სათანადო მოპასუხედ შპს „ბ. ლ.-ს” მისაჩნევად.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ამ ნაწილშიც, ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება), რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 15.04.2015წ.-ის განჩინება საქმე №ას-104-97-2015; სუს 16.06.2014წ.-ის Nას-299-281-2014 განჩინება), რომლითაც განმარტებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ. ლ.-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს - შპს „ბ. ლ.-ს“ (ს/კ:..) დაუბრუნდეს სერგო მამფორიას მიერ 2015 წლის 31 მარტს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე