Facebook Twitter

საქმე №ას-360-342-2015 03 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ჩ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. შ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. შ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა. ჩ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 25000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მხარეთა შორის არსებული ნათესაური კავშირის საფუძველზე (ა. ჩ.-ი იყო მოსარჩელის დის - ე. ჩ.-ის მეუღლე) მხარეთა შორის არსებობდა ნდობა. მოსარჩელემ 2007 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში მოპასუხის საერთაშორისო ფულადი გზავნილის საშულებით ა. ჩ.-ის საბანკო ანგარიშზე განახორციელა ფულადი გადარიცხვა თითოეული 5000 აშშ დოლარის ოდენობით, სულ გადაირიცხა 25000 აშშ დოლარი. თანხის გადარიცხვის მიზანს წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ა. ჩ.-ი მოსარჩელეს უნდა დახმარებოდა საცხოვრებელი ბინის ყიდვაში. 2008 წლის ზაფხულში მოსარჩელე დაბრუნდა საქართველოში. ამ დროისთვის, ა. ჩ.-ს საცხოვრებელი ბინა არ ჰქონდა შერჩეული, თუმცა მოსარჩელე მოერიდა უთანხმოებას და თანხის დაბრუნება არ მოითხოვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ა. ჩ.-ი კვლავ გააგრძელებდა ბინის მოძიებას. ამ პერიოდის განმავლობაში კი, ვ. შ.-ის მიერ გამოგზავნილ თანხას შეინახავდა ა. ჩ.-ი. მოგვიანებით, მოსარჩელის დასა და ა. ჩ.-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა და საბოლოოდ, ისინი განქორწინდნენ. ამის შემდეგ ვ. შ.-მა მიმართა ა. ჩ.-ს და მოითხოვა 25 000 აშშ დოლარის დაბრუნება, თუმცა მოპასუხემ თანხა არ დააბრუნა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ მას მოსარჩელემ ნადვილად გამოუგზავნა 25000 აშშ დოლარი. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, მოპასუხეს უნდა მოეძია მსესხებელი და თანხა უნდა გაესესხებინა სარგებლით. ეს ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა, რის შემდეგაც 2008 წლის 06 ივნისს ვ. შ.-მა მესამე პირს ასესხა ა. ჩ.-ის სახელზე გამოგზავნილი ფული 25000 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. შ.-ის მოთხოვნა მის მიმართ უსაფუძვლოა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ა. ჩ.-ს მოსარჩელე ვ. შ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 25000 აშშ დოლარის გადახდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ჩ.-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით ა. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2007 წლის 04 დეკემბერს, 2007 წლის 07 დეკემბერს, 2007 წლის 10 დეკემბერს, 2007 წლის 11 დეკემბერს და 2007 წლის 14 დეკემბერს ვ. შ.-მა ა. ჩ.-ს საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა თანხა, ჯამში 25 000 აშშ დოლარით. საქმის მასალებით არ დგინდებოდა ა. ჩ.-ის მიერ ვ. შ.-ისათვის 2007 წლის დეკემბრის თვეში საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 25 000 აშშ დოლარის დაბრუნების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების მოქმედების პირობებში, ასევე, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, ყოველი მხარის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომლებზედაც ისინი ამყარებდნენ თავიანთ მოთხოვნასა და შესაგებელს.

მოცემულ შემთხვევაში, ა. ჩ.-მა დაადასტურა მოსარჩელისაგან 25000 აშშ დოლარის მიღების შესახებ ფაქტობრივი გარემოება და განმარტა, რომ მხარეთა შეთანხმების მიხედვით, ა. ჩ.-ს უნდა მოეძია მსესხებელი და აღნიშნული თანხა უნდა გაესესხებინა სარგებლით. მოპასუხის მითითებით, მას შემდეგ, რაც ვ. შ.-ი დაბრუნდა საქართველოში, ა. ჩ.-მა მას დაუბრუნა 25000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა, 2008 წლის 06 ივნისს, ვ. შ.-მა ასესხა მესამე პირს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტის მიხედვით, ვ. შ.-ისათვის მის მიერ გადმორიცხული 25000 აშშ დოლარის დაბრუნების ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხე ა. ჩ.-ს. მოპასუხე მხარე თანხის დაბრუნების დადასტურების მიზნით მიუთითებდა 06.06.2008წ.-ს ვ. შ.-სა და მესამე პირს შორის გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე და განმარტავდა, რომ ა. ჩ.-ის მიერ მის საბანკო ანგარიშზე გადმორიცხული თანხა 25000 აშშ დოლარი დაუბრუნდა ვ. შ.-ის, რის შემდეგაც ვ. შ.-მა თანხა ასესხა მესამე პირს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 06.06.2008წ.-ს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა უშუალოდ ვ. შ.-ის მონაწილეობით. ამასთან, მასში არაფერი იყო ნათქვამი ა. ჩ.-ის მიერ ვ. შ.-ისათვის თანხის დაბრუნების შესახებ. მოსარჩელე უარყოფდა იმ გარემოებას, რომ 2008 წლის 06 ივნისს გასესხებული თანხის ნაწილი წარმოადგენდა ა. ჩ.-ის მიერ დაბრუნებულ თანხას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ 06.06.2008წ.-ის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ვერ ადასტურებდა ა. ჩ.-ის მიერ ვ. შ.-ისათვის 25000 აშშ დოლარის დაბრუნების ფაქტს. აპელანტი ვერ მიუთითებდა რაიმე სხვა მტკიცებულებაზე, რაც ა. ჩ.-ის მიერ ვ. შ.-ისათვის 25000 აშშ დოლარის დაბრუნების ფაქტს დაადასტურებდა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლებზე. ასევე, 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება; მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა. სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული. ამდენად, კანონი ადგენს კონდიქციური ვალდებულების არსებობას ყველა იმ შემთხვევაში, როცა ერთი პირი მდიდრდება მეორის ხარჯზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ 2007 წლის 04 დეკემბრიდან 2007 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით ვ. შ.-მა ა. ჩ.-ს გადაურიცხა 25000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის გადარიცხვის საფუძვლად მოსარჩელე მხარე მიუთითებდა მხარეთა შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, მოპასუხე უნდა დახმარებოდა მოსარჩელეს საცხოვრებელი ბინის ყიდვაში. მოპასუხის განმარტებით კი, მოპასუხე უნდა დახმარებოდა მოსარჩელეს მსესხებლის მოძიებასა და თანხის გასესხებაში. ამდენად, მხარე თანხის გადარიცხვის მიზნად მიუთითებდა მოპასუხის მიერ სხვადასხვა მიმართულებით დახმარების გაწევაზე. ამასთან, არცერთი მხარე, თანხის გადარიცხვას არ უკავშირებდა მოპასუხის მიმართ მოსარჩელის რაიმე სახის ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, სადავო არ იყო, რომ თანხის გადარიცხვა არ მომხდარა მოპასუხის მიმართ არსებული რაიმე სახის ვალდებულების შესრულების ანგარიშში.

საქმის მასალებით დადასტურებული არ იყო ა. ჩ.-ის მიერ ვ. შ.-ისათვის 2007 წლის დეკემბრის თვეში საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 25000 აშშ დოლარის დაბრუნების ფაქტი. ამდენად, დადგენილია, რომ ვ. შ.-ს 2007 წლის დეკემბრის თვეში ა. ჩ.-ის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ვალდებულება არ გააჩნდა. სახეზე იყო მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების კვალიფიკაციისთვის აუცილებელი ყველა პირობა, კერძოდ, მოსარჩელის ქმედების შედეგად ა. ჩ.-მა მიიღო 25000 აშშ დოლარი და აღნიშნული თანხის გადაცემის ვალდებულება მოსარჩელეს არ გააჩნდა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა მოპასუხისაგან მის მიერ შესრულებულის უკან დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ჩ.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ არ არის იურიდიულად დასაბუთებული თუ, კონკრეტულად რაში გამოიხატა მოპასუხის გამდიდრება. ასევე, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ფულადი გზავნილების განხორციელების დროსა და თარიღებზე. ასევე, არ უმსჯელია 2009 წელს მოსარჩელის მიერ დამატებით განხორციელებულ გზავნილეზე, რომელიც მას შემდეგ გაეგზავნა მოპასუხეს, რაც მას მითვისებული ჰქონდა სადავო 25000 აშშ დოლარი. კერძოდ, კასატორი განმარტავს, რომ სადავო თანხის გადმორიცხვა ემსახურებოდა ვ. შ.-ის ინტერესებს, რადგან მას უნდა მოეძია მსესხებელი, რათა მოსარჩელეს გაესესხებინა აღნიშნული თანხა და მიეღო მატერიალური სარგებელი. არნისნული გარემოება კასატორის მაპელანტმა პოზიციის გასამყარებლად წარადგინა სესხისა და იპოთეკის ელშეკრულება. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, მან დაადასტურა გარემოება გადმორიცხული თანხის მიზნობრივად გამოყენების შესახებ.

3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ფულადი გზავნილები ა. ჩ.-ს ჩაერიცხა 2007 წლის დეკემბრის თვეში, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იქნა მხოლოდ 2014 წელს. გამოსარკვევია, რატომ არ მიმართა მოსარჩელემ რაიმე ზომას სადავო თანხის დასაბრუნებლად 7 წლის განმავლობაში. აპელანტის მითითებით, მნიშვნელოვანია ასევე 2009 წელს ვ. შ.-ის მიერ ა. ჩ.-ის სახელზე განხორციელებული ფულადი გზავნილებიც. თუ მართებულია მოსარჩელის მტკიცება 2007 წელს გადმორიცხული თანხის მითვისებაზე, ყოველგვარ გონივრულ დასაბუთებასაა მოკლებული 2009 წელს ა. ჩ.-ისათვის კვლავ თანხის გადმორიცხვა.

კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ სადავო თანხაზე გაფორმებული იყო სესხისა დ იპოთეკის ხელშეკრულება (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები (კასაციის მიზეზები) ტ.2. ს.ფ. 65-71).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოება ა. ჩ.-ის მიერ 25000 აშშ დოლარის მიღების შესახებ სადავო არ არის. კასატორი დავობს მხოლოდ ამ თანხის დაბრუნების ვალდებულებაზე და წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითებს კონდიქციური ვალდებულების არარსებობაზე.

კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით კი, დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ,, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

მოცემულ შემთხვევაში, უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ იგულისხმა, რომ პირმა ქონება, კერძოდ კი, 25000 აშშ დოლარი მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე.

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ 2007 წლის 04 დეკემბერს, 2007 წლის 07 დეკემბერს, 2007 წლის 10 დეკემბერს, 2007 წლის 11 დეკემბერს და 2007 წლის 14 დეკემბერს ვ. შ.-მა ა. ჩ.-ს საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა თანხა, ჯამში 25 000 აშშ დოლარი. საქმის მასალებით არ დასტურდება ა. ჩ.-ის მიერ ვ. შ.-ისათვის 2007 წლის დეკემბრის თვეში საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 25 000 აშშ დოლარის დაბრუნების ფაქტი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომელიც შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს და ადგენს ყოველი საპროცესო სამართალურთიერთობის მონაწილე მხარის ვალდებულებას მიუთითოს და დაამტკიცოს ფაქტები სათანადო მტკიცებულებების წარდგენით.

სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი, რომელიც ვალდებულების შესრულების მიღებას შეეხება ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ერთ მნიშვნელოვანი დამოკიდებულება – იგი ვალდებულია, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება თანხის მიმღებს (იხ., სუს 25.11.2014წ.-ის Nას-694-664-2014 განჩინება; აგრეთვე სუს 19.04.2011წ.-ის Nას-1541-1547-2011 განჩინება). შესაბამისი მტკიცებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება, რის გამოც მართებულადაა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა. ჩ.-ს მიერ სხვადასხვა დროს მიღებული თანხა, ჯამში, 25000 აშშ დოლარი მის მიერ დაბრუნებული არ არის.

კასატორი, ასევე დავობს ამ თანხის დაბრუნების ვალდებულებაზე და აპელირებს მოსარჩელის მოთხოვნის (დავალების) საფუძველზე თანხის სესხად გაცემაზე (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები ტ.2. ს.ფ. 69). კასატორის აღნიშნულ პოზიციას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია 06.06.2008წ.-ს ერთი მხრივ, ვ. შ.-ს, როგორც „იპოთეკარსა“ და მეორე მხრივ, მერაბ ბანძელაძეს, როგორც „მესაკუთრეს“ შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკარმა მესაკუთრეს ასესხა 30000 აშშ დოლარი (ტ.1. ს.ფ. 165-168), თუმცა ამ ხელშეკრულებით არ დასტურდება კასატორის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე ამ ხელშეკრულების საფუძველზე სესხად გადაცემულ თანხაში ასევე შედიოდა ა. ჩ.-ისათვის ვ. შ.-ის მიერ 2007 წლის 04 დეკემბერს, 2007 წლის 07 დეკემბერს, 2007 წლის 10 დეკემბერს, 2007 წლის 11 დეკემბერს და 2007 წლის 14 დეკემბერს განხოციელებული ფულადი გზავნილებიც, ჯამში, 25000 აშშ დოლარი. ამდენად, კასატორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მან მოსარჩელის დავალებით გაასესხა სადავო თანხა დაუსაბუთებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონდიქციურ ვალდებულებაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკა.

კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე