Facebook Twitter

საქმე №ას-361-340-2014 29 ივნისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ.ფ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.წ., ო.ხ. (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე _ ლ.უ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.წ–მა და ო.ხ–მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ.ფ–სა და ლ.უ–ის, ასევე, მესამე პირების: ა.რ–ის, ზ.მ–ისა და რ.მ–ის მიმართ ქ.თბილისში, ..... მდებარე, მოპასუხეთა სარგებლობაში არსებულ 68.89 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე, მისი საბაზრო ღირებულების 75%-ის _ 29 932 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.წ–ისა და ო.ხ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ.წ–სა და ო.ხ–ს ვ.ფ–ისა და ლ.უ–ის სასარგებლოდ, დაეკისრათ 68.89 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების _ 39 909 ლარის 75%-ის _ 29 932 ლარის გადახდა, რის სანაცვლოდაც ვ.ფ–სა და ლ.უ–ს შეუწყდათ მფლობელობა ქ.თბილისში, ...... მდებარე, მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ სადგომზე და იგი გადაეცათ მესაკუთრეებს. ვ.ფ–სა და ლ.უ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის _ 897,96 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2013 წლის 9 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს: ვ.ფ–სა და ლ.უ–ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დააკისრათ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 500 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით წარმომადგენლის მომსახურების გამო 1 200 ლარის, ასევე, ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის _ 318,89 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. წ–ისა და ო.ხ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.ფ–სა და ლ.უ–ს მ. წ–ისა და ო.ხ–ის სასარგებლოდ დაეკისრათ ექსპერტიზის ხარჯის _ 318.89 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:

პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მოპასუხეებისთვის იურიდიული დახმარებისთვის გასაწევი ხარჯის _ 500 ლარის დაკისრების თაობაზე ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებმა წარადგინეს მ. წ–ის მიერ მ. ლ–თვის საადვოკატო მომსახურების მხოლოდ 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკისრა მოპასუხეებს იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯი 500 ლარის ოდენობით, რადგანაც მოცემული დავის მხარეებს წარმოადგენენ მოსარჩელეები: მ.წ. და ო.ხ., მოპასუხეებს კი _ ვ.ფ. და ლ.უ.

საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მ.წ–სა და ო.ხ–ს ვ.ფ–ისა და ლ.უ–ის სასარგებლოდ დაეკისრათ 68.89 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების _ 39 909 ლარის 75% _ 29 932 ლარი. ამ თანხის სანაცვლოდ მოპასუხეებს შეუწყდათ მფლობელობის უფლება მ.წ–ისა და ო.ხ–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სადგომზე.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ მიერ წარდგენილ იქნა სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურებისათვის 1 700 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით კი, ირკვეოდა მ.წ–ის მიერ წარმომადგენელ მ. ლ–თვის საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 500 ლარის გადახდა. ს.ფ. 39-40-ზე განთავსებული ქვითრებით დასტურდებოდა, რომ საადვოკატო მომსახურების თანხა 500-500 ლარის ოდენობით მ.ლ–თვის გადახდილი იყო ვინმე ნ.წ–ის მიერ, რომლის შემხებლობა მოცემულ საქმესთან არ დასტურდებოდა, შესაბამისად, აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული პირველი არგუმენტი სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 53-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ო.ხ–ის მიერ საინჟინრო-სასაქონლო ექსპერტიზისათვის გაღებული ხარჯის _ 318.89 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. პალატის განმარტებით, სასამართლოს თავისი ინიციატივით დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული ხარჯი მხარეთა შორის ხარჯების განაწილებისას, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი შეადგენს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯს, შესაბამისად, ამ ნაწილში აპელანტის მოთხოვნა დასაბუთებულად იქნა მიჩნეული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.ფ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს არ აცნობა სააპელაციო საჩივრის არსებობის თაობაზე, არ გადასცა სააპელაციო საჩივარი თანდართული მასალებით, სასამართლომ არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის შესაბამისად შეატყობინა მას სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე, რის შედეგადაც დაირღვა ამავე კოდექსის 83-ე მუხლით გარანტირებული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის უფლებები.

კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების დარღვევა, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე და 3761 მუხლები, ხოლო საპროცესო დარღვევას შედეგად უკანონო გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ვ.ფ–ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების ჩამონათვალი და კანონმდებელი განსახილველი ნორმით ადგენს ზემდგომი სასამართლოს ვალდებულებას, მიუხედავად სამართლებრივი შედეგისა, გააუქმოს ქვემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, თუ სახეზეა მითითებულთაგან ერთ-ერთი დარღვევა. თავის მხრივ, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების არსებობისას, ზემდგომი სასამართლო არ არის შეზღუდული ამ დარღვევის თაობაზე კასატორის მითითებით.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ სააპელაციო სასამართლოს მისთვის არც მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო საჩივრის არსებობის და არც საქმის განხილვის თაობაზე არ უცნობებია.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.წ–ისა და ო.ხ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ.წ–სა და ო.ხ–ს ვ.ფ–ისა და ლ.უ–ის სასარგებლოდ დაეკისრათ 68.89 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების _ 39 909 ლარის 75%-ის _ 29 932 ლარის გადახდა, რის სანაცვლოდაც ვ.ფ–სა და ლ.უ–ს შეუწყდათ მფლობელობა ქ.თბილისში, ....... მდებარე, მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ სადგომზე და იგი გადაეცათ მესაკუთრეებს. ვ.ფ–სა და ლ.უ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის _ 897,96 ლარის გადახდა;

საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 9 ოქტომბერს საკუთარი ინიციატივით გამოიტანა დამატებითი გადაწყვეტილება და მოპასუხეებს: ვ.ფ–სა და ლ.უ–ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დააკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი _ 500 ლარი;

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ფ–მა, რაც სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ხოლო საკასაციო პალატის 2014 წლის 5 იანვრის განჩინებით ეს განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული (იხ. ვ.ფ–ის 06.12.2013 წ. განცხადება; 20.12.2013 წ. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი; 10.02.2014 წ. განჩინება; 05.06.2014 წ განჩინება);

საქმეში წარმოდგენილია მ.წ–ისა და ო.ხ–ის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც აპელანტებმა სადავო გახადეს საქალაქო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება და მისი ნაწილობრივ გაუქმებით მოითხოვეს წარმომადგენლის მომსახურების გამო 1 200 ლარის, ასევე, ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის _ 318,89 ლარის ანაზღაურება (იხ. ტ.I, ს.ფ.295-303);

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მ.წ–ისა და ო.ხ–ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, დადგინდა სააპელაციო საჩივრისა და თანდართული მასალების მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაგზავნა და შესაგებლის წარდგენის ვადა განისაზღვრა 7 დღით, განიმარტა შესაგებლის წარუდგენლობის ნეგატიური შედეგები და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა 2014 წლის 6 თებერვალს, 11:00 საათზე (იხ. ტ. II, ს.ფ. 41-42);

საქმეში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მ. წ–ისა და ო.ხ–ის სააპელაციო საჩივრის, ასევე საქმის განხილვის თაობაზე სასამართლო უწყებისა თუ სხვა საპროცესო დოკუმენტების მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნას, ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილია საქმეში, ვ.ფ–ის ხელწერილია იმის შესახებ, რომ მან გადაიღო სააპელაციო საჩივრის ასლი 24 ფურცლად, თუმცა ამ ხელწერილით არც ის დასტურდება, რომ ვ.ფ. გაეცნო საქმეს და არც ის გარემოება, რომ მან სწორედ მ.წ–ისა და ო.ხ–ის სააპელაციო საჩივრის ასლი გადაიღო, უფრო მეტიც, ხელწერილში მითითებული ფურცლების რაოდენობა არ ემთხვევა საქმეში არსებულ არც ერთ სააპელაციო საჩივარს, ამასთანავე, წინამდებარე საქმეზე დართული მასალებით (მე-2 ტომი) ირკვევა, რომ ამავე მხარეებს შორის იხილებოდა სხვა დავაც, რაც ქმნის იმის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მ.წ–ისა და ო.ხ–ის სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარეს არ გადასცემია;

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ მოხსენებით ბარათს (იხ. ტ. II, ს.ფ. 39), რომლის საფუძველზეც წინამდებარე საქმე განსახილველად გადაეცა სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას. სააპელაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობით, 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე დანიშნა სააპელაციო საჩივრის განხილვა და ამჯერად საქმის განხილვის თაობაზე შეტყობინება არც ერთი მხარისათვის არ გაუგზავნია (იხ. ტ. II, ს.ფ. 44-45), ხოლო 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ვ.ფ–სა და ლ.უ–ს აპელანტების სასარგებლოდ დამატებით დააკისრა ექსპერტიზის ხარჯების _ 318,89 ლარის გადახდა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების წესი (სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი).

მითითებული გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი წარმოადგენს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმას და ნორმის დებულებებით მოწესრიგებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 399-ე მუხლების შესაბამისად, ამ ნორმის დებულებებით, ბუნებრივია, შეიძლება იხელმძღვანელოს, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლომ, თუმცა მითითებული საპროცესო ნორმის დანაწესებზე შეიძლება დაამყაროს მხოლოდ მის წარმოებაში არსებულ სააპელაციო/საკასაციო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებისას დაშვებული ხარვეზი, ანუ ზემდგომი სასამართლოები 261-ე მუხლის შესაბამისად ხელმძღვანელობენ მაშინ, როდესაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სახეზეა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა. ამგვარ ვითარებაში, სასამართლო დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმას, იმის მიხედვით, თუ რა წარმოადგენს დამატებითი გადაწყვეტილების ობიექტს, წყვეტს სწორედ 261-ე მუხლის მე-3 ან 31 მუხლის შესაბამისად. რაც შეეხება განსახილველი ნორმის მე-4 და მე-5 ნაწილით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს, ასეთ დროს სახეზე გვაქვს სააპელაციო (საკასაციო) ან კერძო საჩივარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLV თავით დადგენილია საქმის სააპელაციო წესით განხილვის მარეგულირებელი ნორმები (კერძო საჩივართან მიმართებით გამოიყენება LI თავის დებულებები) და მითითებულთაგან არც ერთი არ ითვალისწინებს დამატებითი გადაწყვეტილების თაობაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის საერთო წესისაგან განსხვავებულად განხილვის შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, ამგვარი სააპელაციო საჩივრის განხილვისას შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა და მისი წარმოებაში მიღების საკითხი, 373-ე მუხლის შესაბამისად, მოამზადოს საჩივარი სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად, კერძოდ, ჩააბაროს მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივარი თანდართული მასალებით, 201-ე მუხლის შესაბამისად, განუსაზღვროს ვადა შესაგებლის წარდგენისათვის, განუმარტოს მისი წარუდგენლობის შედეგები და განსაზღვროს ზეპირი მოსმენის თარიღი, რის თაობაზეც მხარეებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, უწყების ჩაბარების გზით აცნობებს.

ასეთ ვითარებაში, სააპელაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში ამოწმებს გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის გამოყენების/გამოყენებაზე უარის თქმის მართლზომიერებას და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის სრულად/ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

რაც შეეხება ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვას, აღნიშნული რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლით და ამ წესით საქმის განხილვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის აღწერილობითი ნაწილით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და აპელანტი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას; აპელანტი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ მისი ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებას, მაგრამ აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები ან წარმოდგენილია ამ კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისათვის სასამართლოს უნდა ჰქონდეს მხარეთა წერილობითი თანხმობა, თუმცა, როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, სასამართლოს ევალება განჩინებით საქმის განხილვის თარიღის განსაზღვრა და ამ თარიღის თაობაზე მხარეთა წინასწარი ინფორმირება, რაც, როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა.

ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

რაც შეეხება ვ.ფ–ის 2015 წლის 8 ივნისის განცხადებაში მითითებულ გარემოებებს გარიგების მხოლოდ 14 კვ.მ ფართზე დადებისა თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სხვა საპროცესო დარღვევის თაობაზე, აღნიშნული საკასაციო პალატის შეფასების საგანს არ წარმოადგენს, ვინაიდან მოპასუხეს დადგენილი წესით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია (ვ.ფ–ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის მატერიალურ ნაწილში იგი კანონიერ ძალაშია შესული და საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის ობიექტი ვერ გახდება. ამასთანავე, პალატა მიიჩნევს, რომ ვ.ფ–ს უნდა დაუბრუნდეს ამავე განცხადებაზე დართული მტკიცებულებები, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შემოღებით კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ინსტანციის სასამართლოში ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას მათი წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, რა დროსაც სააპელაციო პალატამ მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოებაც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 200 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია 100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ფ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 100 ლარი გადახდილია.

4. ვ.ფ–ს დაუბრუნდეს 2015 წლის 8 ივნისის #ა-2122-15 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 2 (ორი) ფურცლად.

5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ.ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე