საქმე №ას-365-347-2015 18 ივნისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ.ს. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ც.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ.ს–მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.ც–-ის“ მიმართ 2014 წლის 21 მარტის №06ა ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და გათავისუფლების სანაცვლოდ ორი თვის კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ.ს–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით შ.ს–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ.ს. შპს „ს.ც–-ში“ დასაქმებული იყო 2011 წლიდან;
მხარეებს შორის ბოლო ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 1 აპრილს;
ხელშეკრულების მიხედვით, შ.ს. დაინიშნა მუშად და ყოველთვიურად ხელფასის სახით იღებდა 350 ლარს. ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 31 სექტემბრამდე;
2014 წლის 1 იანვარს შ.ს–სა და შპს „ს.ც–-ს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა სამი თვით, 2014 წლის 31 მარტამდე;
2014 წლის მარტიდან აპელანტმა უარი განაცხადა შრომითი მოვალეობების შესრულებაზე იმ მოტივით, რომ დანიშნული იყო ზედამხედველად, რის გამოც, 2014 წლის 6 მარტს, საწარმოს დირექტორმა მას გამოუცხადა საყვედური. მიუხედავად ამისა, შ.ს–მ მუშის ვალდებულებების შესრულებაზე კვლავ უარი განაცხადა და 2014 წლის 21 მარტს დამსაქმებელმა მასთან შრომითი ურთიერთობები შეწყვიტა.
პალატამ გაიზიარა გასაჩვრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება, რომლის თანახმადაც საქალაქო სასამართლომ სადავო ურთიერთობის შეფასებისას იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაზე უარის გაცხადების ფაქტი აპელანტმა დაადასტურა, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს. შ.ს–ის განმარტებით, მუშის მოვალეობებს არ ასრულებდა იმიტომ, რომ გადაყვანილი იყო სამუშაოთა ზედამხედველად.
სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდებოდა, არამედ, ცალსახად მტკიცდებოდა, რომ დამსაქმებელს აპელანტი სხვა თანამდებობაზე არ გადაუყვანია და მისგან ისევ 2013 წლის 1 აპრილის ხელშეკრულების პირობების შესრულებას ითხოვდა, დასაქმებული კი, ამის წინააღმდეგი იყო. თავისი მოთხოვნის დამადასტურებელ სხვა ფაქტებზე აპელანტს არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას გამორიცხავდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.ს–მ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები მიღებული იმგვარი კანონდარღვევით, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია მტკიცებულებათა ჩამონათვალი, რომლითაც სადავო გარემოებების დადასტურებაა შესაძლებელი, მათ შორისაა მხარის ახსნა-განმარტება და მოწმის ჩვენება, ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს და ამ გზით ჩამოყალიბებული შინაგანი რწმენის საფუძველზე წყვეტს დავას.
მოსარჩელემ წარადგინა წერილობითი შრომითი ხელშეკრულებები, რომლებითაც დასტურდებოდა შ.ს–ის მუშის თანამდებობაზე დანიშვნა, თუმცა მხარემ ასევე განმარტა, რომ დამსახურების შესაბამისად გადაყვანილ იქნა მუშათა ზედამხედველად, რაც მისი მხრიდან, მუშის მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, მხარის ამ მსჯელობას არ მისცა შეფასება, ამასთანავე, არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი და არ შეაფასა საყვედურის გამოცხადების სისწორე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შ.ს–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელის მხრიდან შრომითი მოვალეობის დარღვევის გამო დამსაქმეელმა მართლზომიერად გამოიყენა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, თავის მხრივ, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ კასატორი სადავოდ ხდის მუშების ზედამხედველად გადაყვანის თაობაზე მისი ზეპირი განმარტების არასათანადოდ შეფასებას, ამასთანავე, მიიჩნევს, რომ პალატამ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის არასწორი განმარტებით არ შეაფასა საყვედურის გამოცხადების მართლზომიერება.
კასატორის მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულ მტკიცებულებათა კონკრეტული ჩამონათვალის თაობაზე მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით ვერ იქნება გაზიარებული ამავე მუხლის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, კერძოდ, ზოგადი წესისაგან განსხვავებით, საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების ფაქტი. კასატორი მიიჩნევს, რომ წერილობით ხელშეკრულებაში ცვლილება და მის სხვა სამსახურებრივ პოზიციაზე გადაყვანა უნდა დადასტურებულიყო მისი განმარტებით. ამ კუთხით კი, წერილობით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება მას საქმეში არ წარმოუდგენია.
შრომის კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების დადების წესი და ნორმის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნორმის შემდგომი ნაწილები წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს შრომითი ხელშეკრულების დადების მიმართ, თუმცა არც ერთი მათგანი არ შეიცავს დათქმას ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში სამართლის ნორმათა გამოყენების პრინციპს, კერძოდ, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. დასახელებული ნორმის დისპოზიციის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულება წერილობით იყო დადებული, მოსარჩელეს სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ფაქტი ასევე წერილობითი დოკუმენტის წარდგენის გზით უნდა დაედასტურებინა. ამდენად, მისი მტკიცება, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გამო, მუშის მოვალების შესრულებაზე უარის თქმის მართლზომიერებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ არსებობდა მისი გაზიარების წინაპირობები.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის არასწორი განმარტების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონის მითითებული დანაწესით რეგულირებულია დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობა, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევისას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა და გამორიცხავს კასატორის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შ.ს–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური