საქმე№ას-366-348-2015 11ივნისი,2015წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. ც-ე, მ. ც-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ხ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა და გამოსახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ს. ხ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ც-ის, მ. ც-სა და თ. ც-ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთისა და გამოსახლების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს ს. ც-ემ და მ. ც-ემ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ს. ც-ის და მ. ც-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. ც-ემ, თ. ც-ემ და მ. ც-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით ს. და მ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინება; თ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ს. ც-ემ და მ. ც-ემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განჩინებით ს. ც-ის და მ. ც-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალათ 5 (ხუთი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული და ამავე კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ც-ის და მ. ც-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განჩინებით ს. ც-ის და მ. ც-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალათ 5 (ხუთი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული და ამავე კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ს. და მ. ც-ეების წარმომადგენელ ნ. მ-ეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 8 მაისს (იხ.შეტყობინების აქტი ტ.I, ს.ფ.195).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 9 მაისს და დასრულდა ამავე წლის 13 მაისს. საკასაციო საჩივრის ავტორს ამ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს. ც-ის და მ. ც-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური