Facebook Twitter

საქმე №ას-372-353-2015 03 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს. ტ. ს. უ.“, ჯ. ა.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს ოდენობის 0,01%-მდე შემცირება, პირგასამტეხლოს ნაწილში ვალდებულების შეწყვეტილად აღიარება და ქ.თბილისში, ყ.-ის ქ.№16ა-ში (ს/კ:...) მდებარე უძრავ ქონებაზე იპოთეკის გაუქმება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტილად ცნობა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. ტ. ს. უ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. მ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2007 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტილად ცნობა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყვეტილად იქნა მიჩნეული 2007 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-ს“ ვალდებულება მოპასუხე ნ. მ.-ის მიმართ სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდის ნაწილში. მოსარჩელე შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-ს“ უარი ეთქვა 2007 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტილად ცნობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში. მოსარჩელე ჯ. ა.-ეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჯ. ა.-ისა და შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-ს“ მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინებით ჯ. ა.-ის და შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 17 სექტემბერს შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-სა“ და შპს „პ. +“-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-ს“ სესხის სახით უნდა მიეღო 100 000 აშშ დოლარი 5 წლის ვადით, წლიური 17%-ის გადახდის პირობით.

ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, სესხის დაუბრუნებლობის, ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო. შესაბამისად, გადასახდელი თანხის 0,1% ყოველი ვალდაგადაცილებული დღისათვის. ყოველთვიურად სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკარები უფლებამოსილი არიან მოითხოვონ მესაკუთრისაგან, როგორც სარგებლის გადახდა, აგრეთვე, ძირითადი თანხის დაბრუნება და პირგასამტეხლო.

სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-ს“ ქ. თბილისში, ყ.-ის ქ. №16ა-ში (ს/კ:...) მდებარე უძრავი ქონება. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, სესხის, მასზე დარიცხული სარგებლის, პირგასამტეხლოს და შესაძლო ზიანის გადახდა უზრუნველყოფილ იქნა მსესხებლის უძრავი ქონებით (იპოთეკის საგანი). საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2007 წლის 17 სექტემბერის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ყ.-ის ქ. №16ა-ში (საკადასტრო კოდი ....) 29.05.2013წ.-ის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია ჯ. ა.-ის სახელზე.

2010 წლის 04 ივნისის იპოთეკისა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით, შპს „პ.“-მა, 2007 წლის 17 სექტემბერს მასსა და შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-ს“ შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა (იპოთეკისა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა) დაუთმო ნ. მ.-ეს.

2007 წლის 17 სექტემბერის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე, ნ. მ.-ემ შპს „ს. პ. ტ. ს. უ.-ს“ (დირექტორი - ჯ. ა.-ე) წარუდგინა წერილობითი პრეტენზია თანხის გადახდის თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელე არ დაეთანხმა მოპასუხის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობას, მან არ გადაუხადა მოპასუხეს ხელშეკრულებით დარჩენილი ვალი და პროცენტი, ვიდრე სასამართლოს მეშვეობით არ მოიპოვა დარჩენილი ვალდებულების სიდიდის აღიარება, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლი 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ს. პ. ტ. ს. უ.-ს“ სარჩელი და აღიარებული იქნა, რომ 2007 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ს. პ. ტ. ს. უ.-ს“ დარჩენილი სასესხო ვალდებულება (სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი) ნ. მ.-ის მიმართ შეადგენდა 14 670 აშშ დოლარს. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ (2014 წლის 4 მარტი), შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-მა“ 2014 წლის 5 ივნისს, განახორციელა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხის - 14 670 აშშ დოლარის დეპონირება ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. მითითებული თანხა, ნ. მ.-ის წარმომადგენელმა გ. მ.-მა 2014 წლის 13 ივნისს მიიღო ნოტარიუსისგან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეწყვეტილად ცნობა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე ჯ. ა.-ეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-ს“ მოთხოვნა 2007 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტილად ცნობაზე - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში. აპელანტი სააპელაციო საჩივარს ძირითადად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მათ მიერ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2014 წლის 12 დეკემბერს წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით (განცხადება), დასტურდება, რომ ნ. მ.-ის მინდობილმა პირმა, გ. მ.-მა მიიღო თანხა 14,670 აშშ დოლარის ოდენობით და მოსარჩელის მიმართ არც მას და არც მის მიმნდობს ნ. მ.-ეს არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და არც მომავალში ექნებათ (იხ. ტ. 2. ს.ფ. 50. განცხადება ერთვის პასუხს - სააპელაციო შესაგებელზე). აპელანტის მოსაზრებით, მითითებული ხელწერილი წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ აღარ გააჩნია არანაირი ვალდებულება და არ არსებობს მხარეთა შორის გაფორმებული 2007 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლზე დ აღნიშნა, რომ მითითებული ხელწერილი (განცხადება), მასში ასახული შინაარსის გათვალისწინებით არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო მოპასუხის აღიარებად, იმის შესახებ, რომ იგი უარს ამბობდა მხარეთა შორის არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე, ვინაიდან მასში საუბარი იყო ნ. მ.-ისათვის გადასაცემად ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხის 14,670 აშშ დოლარის მიღების შესახებ და იმის შესახებ, რომ არც ნ. მ.-ეს და არც მის მინდობილ პირს - გ. მ.-ს მითითებულ თანხასთან დაკავშირებით ნოტარიუსის მიმართ მომავალში პრეტენზია აღარ ექნებოდათ, მითითებულ ხელწერილს ხელს აწერდა გ. მ.-ი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელწერილით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე (2007 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება) მოსარჩელეს მოპასუხის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება აღარ გააჩნია (პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა).

აპელანტი სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას აფუძნებს, ასევე იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან მხარე სადავოდ ხდის გამსესხებლისათვის გადასახდელი თანხის ოდენობას, ხოლო შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-ს“ მიერ სარჩელის აღძვრით, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა ვალდებულება, შესაბამისად, მოსარჩელეს ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, 2012 წლის 17 სექტემბრის შემდგომი პერიოდიდან, როგორც ამის შესახებ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლომ, აპელანტს არ წარმოშობია პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ამგვარი პრეტენზია ვინაიდან განსახილეველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის ფაქტი არ წარმოადგენდა ვალდებულების შესრულების შეჩერების საფუძველს და მოსარჩელის ამგვარი არგუმენტი, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მოკლებული იყო ყოველგვარ საფუძველს და ვერ იქნებოდა გაზიარებული, რადგან მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში, ვალდებულების შეჩერების საფუძველს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა, რაც შეეხება ვალდებულების შეწყვეტას, სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულება.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ხოლო 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასახელებული ნორმების თანახმად, ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად მოვალის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შესრულების მიღებას. ამდენად, ვალდებულების შესრულებისას მოვალეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რაც უნდა დასტურდებოდეს კრედიტორის მიერ გაცემული შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო სხვა სამოქალაქო საქმის განხილვის შედეგად იმავე მხარეებს შორის, რომელიც შესული იყო კანონიერ ძალაში. კერძოდ, მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „პ. +“-ს შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-თვის“ უნდა გადაეცა 100 000 აშშ დოლარი, 5 წლის ვადით 2012 წლის 17 სექტემბრამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2013 წლის 11 აპრილს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო და შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-ს“ სარჩელი ნ. მ.-ის მიმართ დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-ს“ დარჩენილი სასესხო ვალდებულება ნ. მ.-ის მიმართ შეადგენდა 14,670 აშშ დოლარს. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული სარჩელი აღძრული იყო 2007 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროის მოკლე პერიოდში - 2012 წლის 9 ოქტომბერს. შესაბამისად, დავალიანება, რომლის აღიარებაც განხორციელდა, მოიცავდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროისათვის - 2012 წლის 17 სექტემბრისათვის არსებულ დავალიანებას - ძირითადი სესხისა და პროცენტის სახით. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა სახის თანხებს მოიცავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი და შემდგომში, მოსარჩელეთა მიერ მოპასუხისათვის გადაცემული თანხა (რომლის დეპონირება მოსარჩელე შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-მა“ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განახორციელა 2014 წლის 5 ივნისს) 14,670 აშშ დოლარი და მასში შედიოდა თუ არა 2007 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, აპელანტმა და მისმა წარმომადგენელმა დაადასტურეს, რომ მითითებული თანხა პირგასამტეხლოს არ მოიცავდა (იხ. 30.01.2015წ. სასამართლო სხდომის ოქმი 13.51.51- 13.54.42სთ.).

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

2007 წლის 17 სექტემბერის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, სესხის, მასზე დარიცხული სარგებლის, პირგასამტეხლოს და შესაძლო ზიანის გადახდა უზრუნველყოფილია მსესხებლის უძრავი ქონებით (იპოთეკის საგანი). ამავე ხელშეკრულებით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-ს“ უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ყ.-ის ქ. №16ა (საკადასტრო კოდი ...), რომელიც 29.05.2013წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია - ჯ. ა.-ის სახელზე.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილ იქნა, რომ ზემოთ მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის გადახდილი თანხა - 14,670 აშშ დოლარი, რომლის გადაცემაც მოსარჩელემ განახორციელა 05.06.2014წ.-ს თანხის ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებით, მოიცავდა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად თანხას და პროცენტს. ამასთან დადგენილია, რომ 2007 წლის 17 სექტემბერს, შპს „ს. ს. ტ. ს. უ.-სა“ და ნ. მ.-ეს (შპს „პ.“) შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-3 პუნქტი ითვალისწინებდა, ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, სესხის დაუბრუნებლობის, ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომელიც განსაზღვრული იყო გადასახდელი თანხის 0,1%–ით ყოველ ვალდაგადაცილებულ დღეზე. ასევე უდავოა, რომ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელის ვალდებულება ძირითადი თანხისა და სარგებლის გადახდის თაობაზე არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში – 2012 წლის 17 სექტემბერს. ამასთან პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი პირგასამტეხლოს წარმოშობის გამომრიცხველ გარემოებასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების 4.4. და 4.5. პუნქტები). ამდენად ამ ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში პალატამ მიიჩნია, რომ გამოირიცხება ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება მასზედ, რომ პირგასამტეხლოს შესახებ მოთხოვნა კრედიტორს, ნ.მ.-ეს ამ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე არ შეიძლება ჰქონოდა მოსარჩელის მიმართ. აღნიშნული კი, თავის მხრივ გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ შესაძლებლობას იმ ნაწილში, რომელზეც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედაგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძლო იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ს.ტ.ს.უ.-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება და პირგასამტეხლოს განაკვეთის 0,01%-მდე შემცირება, სახელდობრ, პირგასამტეხლოს სახით 14,670 აშშ დოლარის 0,01%-ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 11 ნოემბრამდე. ასევე, 2007 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტილად აღიარება პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში და ქ.თბილისში, ვ. ყ.-ის ქ.N16ა-ში მდებარე შპს „ს. ტ. ს. უ.-ს“ სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე იპოთეკის მოხსნა.

საკასაციო საჩივრის ძირითადი დასაბუთება იმ გარემოებას ემყარება, რომ 2012 წლის 17 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ნ. მ.-ეს სესხისა და იპოთეკის მოთხოვნის ვალდებულება მიღებული ჰქონდა შპს „პ.“ - გან 2010 წლის ივნისში. კასატორის განმარტებით, მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ დაურღვევია, რადგან იგი ელოდებოდა ძველ და ახალ კრედიტორებს შორის დავის დასრულებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობისა იგი მზად იყო შეესრულებინა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება. კასატორის განმარტებით, ნ. მ.-ემ კასატორისაგან მიიღო შესრულება 150,000 აშშ დოლარის ოდენობით. რაც შეეხება დარჩენილ ვალს 14,670 აშშ დოლარს, იგი კასატორმა განათავსა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ მიიღო აღნიშნული ვალი, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. უფრო მეტიც, თანხის მიღების შემდეგ კრედიტორმა სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესახებ უკან გაიხმო.

ამასთან, კასატორის მითითებით, პირგასამტეხლოს ნაწილში, ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხი არ დასმულა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე. კასატორის განმარტებით, მას ხელშეკრულების შესრულების ვადა ბრალეულად არ გადაუცილებია, ხოლო ამასთან, 2007 წლის ხელშეკრულების თანახმად პირგასამტეხლო არის 0.1%, რაც შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 0,01%-მდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს განაკვეთის 0,01%-მდე შემცირებას, პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში 2007 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტილად აღიარებასა და ქ.თბილისში, ვ. ყ.-ის ქ.N16ა-ში მდებარე შპს „ს. ტ. ს. უ.-ს“ სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე იპოთეკის მოხსნას შეეხება.

კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის 0,01%-მდე შემცირებას შეეხება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო შეზღუდულია იმსჯელოს მხარის გაზრდილ მოთხოვნაზე. საკასაციო პალატის ეს შეზღუდული უფლებამოსილება განპირობებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე - 407-ე მუხლების მოთხოვნით, კერძოდ, 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია, ხოლო 407-ე მუხლით კი დადგენილია საკასაციო სასამართლოს ქცევის იმგვარი წესი, რომლის მიხედვითაც სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

მოცემულ საქმეზე ირკვევა, რომ პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთის შემცირება მოსარჩელეს არც სარჩელში და მოსამზადებელ სხდომაზე არ მოუთხოვია. უფრო მეტიც, ეს საკითხი არ დასმულა საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს. მოსარჩელემ მხოლოდ საკასაციო საჩივრის წარდგენის ეტაპზე მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის კანონიერების შემოწმება, რაზედაც საკასაციო პალატა ზემოთ მოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე ვერ იმსჯელებს.

ხოლო რაც შეეხება კასატორის იმ პოზიციას, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში, ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხი არ დასმულა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, მოპასუხე ნ. მ.-ემ სადავოდ გახადა 2007 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადაუხდელობა, რომლის ოდენობა ხელშეკრულებით განისაზღვრებოდა ძირითადი თანხის 0,1%-ით, სახელდობრ, მოპასუხის წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, მოსამზადებელ ეტაპზე განმარტა, რომ ხელშეკრულება თანხის გადახდის შესახებ ვალდებულების შესრულებას უკავშირებდა კონკრეტულ თარიღს - 2012 წლის 17 სექტემბერს. დებიტორს კი, 2010 წლიდან პრაქტიკულად თანხა არ გადაუხდია კრედიტორისათვის. მოგვიანებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვალდებულების (ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში) მოცულობა განსაზღვრა 14,670 აშშ დოლარით. თუმცა ფაქტია, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების ამოწურვისას თანხა არ გადაუხდია, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორმა არაერთხელ მიმართა წერილობით დებიტორს თანხის გადახდის მოთხოვნით. თუკი იგი აპირებდა თანხის დეპონირებას მას შეეძლო მოპასუხის იმ ანგარიშის ნომერზე შეეტანა თანხა, რომელი ანგარიშის ნომერიც მითითებული იყო ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მოსარჩელისადმი გაგზავნილ წერილებში (იხ., თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.09.2014წ.-ის სხდომის აუდიო ჩანაწერი 11:44:03სთ). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით თითქოს მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს გადაუხდელობა.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი 2007 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტილად ცნობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც მოცემულ საქმეზეა დადგენილი პირგასამტეხლოს ნაწილში, ვალდებულება შეუსრულებელია. აღნიშნული კი, გამორიცხავს უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკის მოხსნის სამართლებრივ საფუძველს, რადგან საკასაციო პალატის განმარტებით, მოთხოვნა, რომელიც იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხს უკავშირდება, ატარებს შემდეგ ხასიათს: კრედიტორის მოთხოვნის პირველადი შინაარსი უკავშირდება ძირითადი ვალდებულების შესრულებას, ხოლო მისი დარღვევის შემთხვევაში, ხდება მისი შეცვლა იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემის ან მისი რეალიზაციის მოთხოვნის უფლებით. სწორედ ეს აზრია გატარებული სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს იპოთეკით უზრუნველყოფილი კრედიტორის დაკმაყოფილების საშუალებებს. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, 2007 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა სრულად არ არის დაკმაყოფილებული, არ არსებობს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გაუქმების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს. უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე არსებობს ს. უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელშიც განმარტებულია სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულება და მიზანი. ასევე, კრედიტორის მოთხოვნის იპოთეკით უზრუნველყოფის სამართლებრივი გარანტიები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს. ტ. ს. უ.-სა“ და ჯ. ა.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს: შპს „ს. ტ. ს. უ.-სა“ (ს/კ:..) და ჯ. ა.-ეს (პ/ნ:..) დაუბრუნდეთ ჯ. ა.-ის მიერ 2015 წლის 02 აპრილს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე