Facebook Twitter

საქმე №190210114424494

საქმე №ას-384-365-2015 3 ივნისი, 2015 წელი

№ას-384-365-2015 თავდაცვა ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ის“ მიმართ პირგასამტეხლოს, სულ – 40 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2013 წლის 20 ივნისს მხარეებს შორის დაიდო №... ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შემსრულებელმა, ანუ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, დამკვეთის – მოსარჩელისათვის გაეწია მომსახურება, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველეყო კ.-ით. ხელშეკრულების 15.1 მუხლით, მომსახურების არაჯეროვნად ან უხარისხოდ შესრულებისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს შემსრულებლისათვის 10000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა არ არსებობს, რადგან მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს – 3000 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ას“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №338 ხელშეკრულება, რომლის 8.1.1. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, უზრუნველყოს მიმწოდებელი სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა ერთდროული კ.-ისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარითა და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით, საველე პირობებში კვების საჭიროების შემთხვევაში – საველე სამზარეულოთი და საველე სამზარეულოს დანადგარის ტექნიკური მომსახურებით, რაზედაც მხარეები აფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №... ხელშეკრულების 13.1. პუნქტის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, რომლის გამოც ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება ამ გარემოებებთან დაკავშირებით.

ხელშეკრულების 15.1. პუნქტის მიხედვით, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟისა და ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკ.-ი პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკ.-ის მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა), მიმწოდებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

ხელშეკრულების 15.4. პუნქტის შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისაგან.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №... ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლება-მოვალეობების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ №... აქტში აღწერილი დარღვევა შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ას” ბრალად არ უნდა შეერაცხოს, ხოლო №..., №... და №... აქტებით გათვალისწინებული დარღვევების მხოლოდ ნაწილია მიმწოდებლის ბრალით განპირობებული, ამასთან, დარღვევის სიხშირის, სიმძიმისა და სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, თითოეული დარღვევისათვის მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით, 10 000 ლარის ნაცვლად, 1 000 ლარი უნდა დაეკისროს.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, №100 აქტის თანახმად, სასადილოსათვის მომზადებული კერძების საგემოვნო თვისებები დამაკმაყოფილებელია. ხორცისა და ძეხვის ნორმები დარღვეულია, თუმცა, აქტში ასახული არ არის, თუ რაში გამოიხატება დარღვევა, რა ოდენობით მიეწოდებოდა სამხედრო მოსამსახურეებს ხორცი და ძეხვი, როგორ მოხდა პროდუქტის აწონა, დაანგარიშება და ა. შ. შესაბამისად, აქტი არ შეიცავს ფაქტებს, რომელთა შეფასების შედეგად სასამართლო დაასკვნიდა, რომ დარღვეულია სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები. ამავე აქტის მიხედვით, სასადილოს გააჩნია ჭურჭლის სარეცხი ორი დანადგარი, რომელიც გამოსულია მწყობრიდან, რეცხვა მიმდინარეობს ხელით, სამრეცხაოში აყრილია ფილები, საჭიროებს მოწესრიგებას. სასადილოს ესაჭიროება საყინულე და კარადა-მაცივრები, ჩანგლები, კოვზები, ლანგრები. მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №338 ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, უზრუნველყოს მიმწოდებელი, სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა ერთდროული კ.-ისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით. ამდენად, ინვენტარითა და შესაბამისი საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა.

ამდენად, მითითებული გარემოებების აღმოჩენა შპს „კ.-ის კ.-ისათვის“ პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი კი არ არის, თავად სამინისტროს დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველეყო მისთვის დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება და შპს „კ.-ის კ.-ისათვის“ ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აქტში ასახული დარღვევა ბრალად შპს „კ.-ის კ.-ას“ არ უნდა შეერაცხოს, ვინაიდან დარღვევა თავდაცვის სამინისტროს ბრალითაა განპირობებული, ხოლო, მითითებული დარღვევის გამო, შეუტყობინებლობის საფუძვლით შპს „კ.-ის კ.-ას“ პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან აქტის მიხედვით, დარღვევას რაიმე შედეგი, მაგალითად, ანტისანიტარია, კ.-ით მომსახურების შეფერხება, ულუფის ზუსტი ოდენობის დადგენის შეუძლებლობა და ა. შ. არ მოჰყოლია, სხვა აქტებში ასახული ფაქტებისაგან განსხვავებით.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილით და აღნიშნა, რომ №... აქტის მიხედვით, მშრალი საკვები მოთავსებული იყო ერთად, ინდივიდუალური შეფუთვის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველი, ორცხობილა, ნიორი, ხახვი (გაუფცქვნელი სახით), პური, მოხარშული კარტოფილი ერთმანეთში იყო აღრეული.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკ.-ის მითითებული ფორმით მოთავსება, მართალია, პირდაპირ ხელშეკრულებით აკრძალული არ იყო, თუმცა ამგვარი ქმედება ვალდებულების შესრულების კეთილსინდისიერების პრინციპს ეწინააღმდეგებოდა.

რაც შეეხება უსიამოვნო სუნს, მითითებული გარემოება შპს „კ.-ის კ.-ას“ ბრალად ვერ შეერაცხება, ვინაიდან აქტში მითითებულია, რომ „მშრალი ულუფა „ალგეთის“ სასადილოდან წამოღებული იყო წინა დღეს. ამასთან, მშრალი ულუფის ტრანსპორტირება შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ის” ვალდებულებას არ წარმოადგენდა. აქტში მითითებული შენიშვნების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (მოსარჩელეს) არ წარმოუდგენია. ამავე აქტში მითითებულია ასევე, რომ თუნუქის ქილას ჰქონდა საცხი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს საკ.-ის მიღებაში ხელს უშლიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აქტში მითითებული არ არის, რომ საკვების მიღებამდე თუნუქის ქილიდან საცხის მოცილება შეუძლებელი იყო და საცხი მავნე ნივთიერებებს შეიცავდა. შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ის“ განმარტებით კი, იგი ტემპერატურული ცვლილების პირობებში თუნუქის ქილაში მოთავსებული საკ.-ის კვებითი ღირებულების შენარჩუნებას ემსახურებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აქტში ასახული დარღვევა ნაწილობრივ დადასტურებულად ჩათვალა, თუმცა დარღვევის სიმძიმის, ხანგრძლივობის, მიმწოდებლის ბრალისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ 10 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო 1 000 ლარამდე უნდა შემცირდეს.

სააპელაციო პალატა აღნიშნა, რომ №.. აქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებისათვის მიწოდებული ხორცისა და ხორცპროდუქტების ნორმები დარღვეული იყო, თუმცა აქტში ასახული არ არის, თუ რაში გამოიხატება დარღვევა, რა ოდენობით მიეწოდებოდა სამხედრო მოსამსახურეებს ხორცი და ხორცპროდუქტები, როგორ მოხდა მისი აწონა, დაანგარიშება და ა. შ, შესაბამისად, აქტი არ შეიცავს ფაქტებს, რომელთა შეფასების შედეგად სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ დარღვეულია სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები. ამავე აქტის მიხედვით, სამზარეულო არ არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით, მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა, ხშირად იტბორება სამზარეულო, რაც ანტისანიტარიას იწვევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, საჭირო ინვენტარით აღჭურვა თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა, თუმცა, ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ანტისანიტარიას იწვევდა, ამიტომ, შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ას“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №... ხელშეკრულების 13.1. პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის უნდა შეეტყობინებინა ხელშეკრულების შესრულების პროცესში არსებული ხელშემშლელი გარემოების შესახებ, რომლის გამოც ხელშეკრულების პირობების შესრულება ფერხდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ აქტში ასახული დარღვევა ნაწილობრივ დადასტურებულად ჩათვალა, თუმცა დარღვევის სიმძიმის, ხანგრძლივობის, მიმწოდებლის ბრალისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით პირგასამტეხლო, 10 000 ლარის ნაცვლად, 1 000 ლარამდე უნდა შემცირდეს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, №... აქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს ეკუთვნის 80 გრ. ძეხვი. შერჩევით აღებულ იქნა 10 ნაჭერი, რომლის წონაა 585 გრ. შეწვის შედეგად ძეხვს დიდი რაოდენობით ჟელე აღენიშნებოდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების შესაბამისად, მითითებული ჟელე ძეხვის შემადგენლობის ნაწილია, იგი ძეხვის მომზადების ტექნოლოგიური პროცესის დროს გამოიყენება, ჯანმრთელობისათვის უვნებელია და საქართველოში მოქმედ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თავად აქტში არსებული შენიშვნის შესაბამისად, ძეხვის დაჭრა ხელით ხდებოდა, რაც თითოეული ნაჭრის წონაში ცდომილებას იძლეოდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, ინვენტარით უზრუნველყოფა თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა, თუმცა შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ას“ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია შესაბამისი მოწყობილობის ე.წ. „სლეისერის“ არქონის გამო, ამდენად, მას თავდაცვის სამინისტროსათვის მითითებული შეფერხების თაობაზე ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა, რადგან შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ა“ ულუფის მოცულობის კონტროლს სხვაგვარად ვერ ახდენდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ აქტში ასახული დარღვევა ნაწილობრივ დადასტურებულად მიიჩნია, თუმცა დარღვევის სიმძიმის, ხანგრძლივობის, მიმწოდებლის ბრალისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით 10 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო 1 000 ლარამდე უნდა შემცირდეს.

სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა.

პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება, რომელიც მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია.

პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან, ვალდებულების შესრულების მიზნით, მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ამ” ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, თუმცა არა იმ ხარისხითა და მოცულობით, რაც შეთანხმებული პირგასამტეხლოს სრულად დარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, განსაკუთრებული ყურადღება გაემახვილებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ვალდებულების შესრულება და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა ერთდროულად დაუშვებელია. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებული დასკვნა, თუმცა, აქვე დამატებით განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით განსაზღვრული წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

რაც შეეხება შესრულების მოთხოვნის პარალელურად პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაუშვებლობას, აღნიშნულ შემთხვევასთან საქმე მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაქვს, როდესაც კრედიტორი არაჯეროვანი შესრულების პარალელურად შესრულების გამოსწორებას, ანუ ჯეროვან შესრულებას ითხოვს და ამასთან, არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით პირგასამტეხლოს დარიცხვაზეც აცხადებს პრეტენზიას. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ის“ მხრიდან შესრულება მიიღო. შესრულების არაჯეროვანების დადგენის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ას“ უკვე შესრულებულის გამოსწორება, ანუ ჯეროვანი შესრულება კი არ მოსთხოვა, არამედ პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე წარუდგინა პრეტენზია.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეს შესრულება და პირგასამტეხლო ერთდროულად არ მოუთხოვია. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის კონტექსტში კრედიტორს ერთდროულად არ შეუძლია, მოითხოვოს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება და პირგასამტეხლო.

ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კი, პირგასამტეხლოს მოთხოვნა გამორიცხულია, როდესაც კრედიტორი არაჯეროვანი შესრულების ნაცვლად, ჯეროვან შესრულებას ითხოვს. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში ვალდებულების ჯეროვანი შესრულება კი არ მოითხოვა, არამედ შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ას“ პირგასამტეხლოს თაობაზე პრეტენზია წარუდგინა.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება, გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ №... აქტით დარღვევა, რომელიც შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ას“ შეიძლება, ბრალად შეერაცხოს, არ ფიქსირდება, შესაბამისად, არ არსებობს მითითებულ აქტში ასახული დარღვევიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივი წინაპირობა. რაც შეეხება, №..., №..., №... აქტებით გათვალისწინებულ დარღვევებს, მითითებულ აქტებში დაფიქსირებული დარღვევები მათი სიმძიმის, სიხშირის, დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხისა და შედეგების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობას იძლევა, შემცირებული, კერძოდ, თითოეული აქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის 1000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 5 სექტემბრის №..., №..., №... აქტების ნაწილში დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №338 ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი და, შესაბამისად, სამართლიანად მიიჩნია მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სრულიად დაუსაბუთებლად შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა.

მხარის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ მიუთითებს პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მხარეთა ნების თავისუფლებაზე, რაც ასევე გამოიხატება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №... ხელშეკრულების დადებისას სწორედ მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში მოხდა პირგასამტეხლოზე და მის ოდენობაზე შეთანხმება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებისას არ იქნა გათვალისწინებული მხარეთა თავისუფალი ნება.

რაც შეეხება, სააპელაციო პალატის მიერ პირგასამტეხლოს შემცირებისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებას, საქალაქო სასამართლოს საქმის გარემოებები სრულყოფილად არ გამოუკვლევია, რაც შეიძლება, გამხდარიყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. ზემოაღნიშნული ნორმით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ვალდებულია, საქმის გარემოებები სრულყოფილად გამოიკვლიოს, რაც გამოიხატება მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, სახელშეკრულებო ძირითადი ვალდებულებისა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის ურთიერთთანაფარდობის შეფასებით.

კასატორმა აღნიშნა, რომ №.. შემოწმების აქტი წარმოადგენს №... დაჯარიმების აქტის შედგენის საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ №.. შემოწმების აქტის შეფასებისას ყურადღება არ გაამახვილა ორ მნიშვნელოვან გარემოებაზე, კერძოდ: 1. მითითებული აქტის სისწორეს და, შესაბამისად, დარღვევის ფაქტებს ხელმოწერით ადასტურებს მოპასუხის წარმომადგენელი – სასადილოს მენეჯერი, რასაც არც მოპასუხე უარყოფს; 2. №... აქტის შეფასებისას ყურადღება არ გამახვილებულა №... ხელშეკრულების 13.1 პუნქტზე.

№... ხელშეკრულების 13.1 პუნქტის მიხედვით, მოპასუხეს ჰქონდა შეტყობინების განხორციელების ვალდებულება, თუ აღმოჩნდებოდა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, რაიმე მიზეზის გამო, ეშლებოდა ხელი. შეტყობინების შესახებ რაიმე მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, რაც ადასტურებს, რომ ასეთი არ განხორციელებულა. აღნიშნული კი, მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ას“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №338 ხელშეკრულება, რომლის 8.1.1. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, უზრუნველყოს მიმწოდებელი სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა ერთდროული კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარითა და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით, საველე პირობებში კვების საჭიროების შემთხვევაში – საველე სამზარეულოთი და საველე სამზარეულოს დანადგარის ტექნიკური მომსახურებით, რაზედაც მხარეები აფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №... ხელშეკრულების 13.1. პუნქტის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, რომლის გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება ამ გარემოებებთან დაკავშირებით.

ხელშეკრულების 15.1. პუნქტის მიხედვით, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟისა და ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკ.-ი პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკ.-ის მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა), მიმწოდებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

ხელშეკრულების 15.4. პუნქტის შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისაგან.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №... ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლება-მოვალეობების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ №... აქტში აღწერილი დარღვევა შპს „ქ.-ი კ.-ის კ.-ას” ბრალად არ უნდა შეერაცხოს, ხოლო №..., №... და №... აქტებით გათვალისწინებული დარღვევების მხოლოდ ნაწილია მიმწოდებლის ბრალით განპირობებული, ამასთან, დარღვევის სიხშირის, სიმძიმისა და სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, თითოეული დარღვევისათვის მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით, 10 000 ლარის ნაცვლად, 1 000 ლარი უნდა დაეკისროს.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადავოდ გახადა სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარი, დანარჩენ შემთხვევებში კი – პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2015 წლის 6 მარტის №ას-1342-1380-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება).

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური