¹ბს-862-448(კ-05) 20 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ბ. კობერიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 3 აგვისტოს დ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქტელერადიომაუწყებლობის მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1992 წლიდან მუშაობდა ...ის თანამდებობაზე. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასრულებდა საპარლამენტო და სამთავრობო გადაცემების ...ის მოვალეობას, ამზადებდა პარლამენტის სხდომების ანოტაციას არქივისთვის. 2004წ. 1 ივლისს რედაქცია გაუქმდა და მას შესთავაზეს კონტრაქტი, რაზედაც უარი განაცხადა მასში მოცემული პირობების გამო, ვინაიდან, მოსარჩელის განმარტებით, შესთავაზეს რედაქტორობა ტრანსლაციების რედაქციაში, სადაც ტრანსლაციებს აწარმოებს ტექნიკური პერსონალი და ...ის ადგილი იქ ფიზიკურად არ იყო. კონტრაქტზე ხელის მოწერის შემთხვევაში კი კონტრაქტი ერთთვიანი ვადით შეიცვლებოდა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება შესაბამისობაში იქნებოდა კანონმდებლობასთან.
მოსარჩელის განმარტებით, იგი, 2004წ. 8 ივლისს, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, იმ მოტივით რომ მან არ მოაწრა ხელი ზემოთ მითითებულ კონტრაქტს,
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სამუშაოზე აღდგენას.
რაიონულ სასამართლოში სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ მისი სამსახურიდან გათავისუფლებისას დაირღვა შკკ-ის 361-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან შტატების შემცირების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მომხდარიყო შეთანხმება პროფკავშირთან, ასევე, არ არის გათვალისწინებული პრეზიდენტის განკარგულება, რომლის შესაბამისადაც, სპეციალური კომისიის რეკომენდაციები უნდა ყოფილიყო გათვალიწინებული. გათავისუფლების შემდეგ უნდა მომხდარიყო ახალი სამუშაოს შეთავაზება. კონტრაქტი ახალი სამუშაოს შეთავაზებით დათარიღებულია 29 ივნისით, ხოლო ბრძანება დათარიღებულია 8 ივლისით. შრომის წიგნაკის ასლი მიუთითებს, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა საკუთარი განცხადების საფუძველზე. შეთავაზებულ კონტრაქტში კი არ არის გათვალიწინებული ტელევიზიის სპეციფიკა, რომ ტელევიზია არის მაღალი რადიაციის წარმოება, რომ ამისთვის საჭიროა განსაკუთრებული კვება და ერთი საათით ნაკლები სამუშაო დღე. მოსარჩელის განმარტებით, პარლამენტის საარქივო ჩანაწერები ისევ გრძელდება. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების არანაირი საფუძველი არ გააჩნდა.
მოპასუხემ – საქტელერადიომაუწყებლობის წარმომადგნელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 22 მარტის ¹236 განკარგულებით ქვეყანაში რეალურად დაიწყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქტელერადიომაუწყებლობის დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმის პროცესი. მითითებული განკარგულების საფუძველზე, 2004წ. 23 მარტს მიღებულ იქნა სსიპ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარის ბრძანება ¹89-კ სსიპ საქართველოს ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობაში რეორგანიზაციის, სტრუქტურული ცვლილებებისა და სხვა ღონისძიებათა განხორციელების შესახებ. მოპასუხის მითითებით, აღნიშნული ბრძანების შესახებ ეცნობათ სსიპ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მუშაკებს და მათ შორის -მოსარჩელესაც.
მოპასუხის განმარტებით, მოგვიანებით მოსარჩელეს წარუდგინეს ახალი შრომითი კონტრაქტი, რომელიც მუშაკს უწესებდა შრომითი საქმიანობის ახალ პირობებს, კერძოდ: უვადო შრომითი საკონტრაქტო ურთიერთობიდან მუშაკი გადავიდა შრომით კონტრაქტზე, ახალი კონტრაქტით მუშაკს განესაზღვრა მომატებული ანაზღაურება, განისაზღვრა ასევე მისი უფლებები და მოვალეობები ადმინისტრაციის წინაშე. მოსარჩელეს განემარტა, რომ თუ იგი თანახმა არ იქნებოდა გაეგრძელებინა მუშაობა ახალ შრომით პირობებში, ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა მასთან შრომითი ურთიერთობა შკკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სასარჩელო განცხდება არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ შკკ-ის 36-ე მუხლი არეგულირებს სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას და მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკთა რიცხოვნობა და შტატები შემცირდება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. ამავე კოდექსის 37-ე მუხლი კი არეგულირებს შემთხვევას, როცა ხელშეკრულების მოშლა ხდება ადმინისტრაციის ინიციატივით, რა დროსაც საჭიროა პროფკავშირის თანხმობა, ხოლო 34-ე მუხლი განსაზღვრავს ჩამონათვალს, თუ რა შემთხვევაში ხდება კონტრაქტის შეწყვეტა. რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე დ. ჯ-ი გათავისუფლებულია სამსახურიდან შკკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით, რაც პროფკავშირის თანხმობას არ საჭიროებს.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჯ-მა, რომელიც მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაიზიარა მისი მოსაზრება, მის მიმართ შრომის კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე. არამართებული იყო რაიონული სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ კონტრაქტი ითვალისწინებდა მომატებულ ხელფასს, რეორგანიზაციის თაობაზე ბრძანება ითხოვდა შრომის კანონმდებლობის დაცვას, რაც არ გაუთვალისწინებია მოპასუხე ორგანიზაციას და იგი სამსახურიდან გაათავისუფლა პროფკავშირთან შეთანხმების გარეშე.
აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ ასევე უკანონოდ დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ შკკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტი, რომლის საფუძველზეც მოხდა აპელანტის სამსახურიდან გათავისუფლება, ითვალისწინებს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმოო აუცილებლობის ან სხვა სამუშაო რეჟიმის შეცვლის გამო, სხვა სამუშაოზე გადაყვანისას მუშაკი განაცხდებს უარს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საწარმოო აუცილებლობის გამო, შკკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებულ მდგომარეობას, როდესაც დასაშვებია შრომის პირობების შეცვლა, რაც გამოიხატა უვადო შრომითი ხელშეკრულებიდან ვადიან შრომით ხელშეკრულებაზე გადაყვანაში და მოითხოვდა მუშაკის თანხმობას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ ადრინდელი შრომის არსებითი პირობები არ შეიძლება შენარჩუნდეს, ხოლო მუშაკი თანახმა არ არის, გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში, შრომის ხელშეკრულება შეწყდება ამ კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით. ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი იყო მუშაკის უარი, რასაც სინამდვილეში ჰქონდა ადგილი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას შემცირებით და არანაიარ ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია, ადგილი ჰქონდა ცვლილებებს წარმოებისა და შრომის ორგანიზაციში და ცვლილება გამოიხატა სწორედ მასში, რომ მართალია, იმავე სამუშაო ადგილის შეთავაზებით, მაგრამ იმავდროულად ახალი შრომის პირობების დაწესებით Dშეიქმნა მუშაკის მხრიდან თანხმობის მიცემის აუცილებლობა, რათა მას გაეგრძელებინა მუშაობა ახალ პირობებში, რა დროსაც უარის თქმა იძლეოდა ამავე კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ”პუნქტით გათავისუფლების საფუძველს.
შკკ-ის 205-ე მუხლი ითვალისწინებს შრომითი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე მოსარჩელეების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას და ამდენად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა აპელანტს ამ ნაწილში.
მითითებული გადაწყვეტილბა საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჯ-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებსა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
კასატორი დ. ჯ-ი 1992 წლიდან მუშაობდა საქტელერადიომაუწყებლობაში. 2003 წლიდან იგი ასრულებდა საპარლამენტო და სამთავრობო პროგრამების რედაქციაში ...ის მოვალეობას, ამზადებდა საქართველოს პარლამენტის სხდომის ანოტაციას არქივისათვის.
საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარის 2004წ. 8 ივლისის ¹535-კ ბრძანებით დ. ჯ-ი განთავისუფლდა სამსახურიდან შკკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის შესაბამისად.
განთავისუფლებას საფუძვლად დაედო დ. ჯ-ის უარი 1 თვიან საკონტრაქტო პირობებში სამუშაოს გაგრძელებაზე.
დადგენილია, რომ სადავო ბრძანების გამოცემას წინ უძღოდა საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის 2004წ. 23 მარტის ბრძანება “სსიპ საქართველოს ტელევიზიასა და რადიონაუწყებლობაში რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ”, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 22 მარტის ¹236 განკარგულების შესაბამისად, მიზნად ისახავდა საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის მართვის სრულყოფასა და საკადრო ოპტიმიზაციას კონსტიტუციური და ფუნქციონალური რეფორმების განხორციელების გზით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა, რომ კასატორის მხრიდან ადგილი ჰქონდა ახალ პირობებზე შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის ფაქტს, ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან დ. ჯ-ის სამსახურიდან დათხოვნისას დაცული იყო შკკ-ის 26.3 და 30-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებულ ნორმას და მიუთითებს, რომ შკკ-ის 26.4 მუხლის შესაბამისად, მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა 30-ე მუხლის “ვ” პუნქტის საფუძველზე დასაშვებია, თუ შეუძლებელია რომ შენარჩუნდეს ადრინდელი შრომის არსებითი პირობები, ხოლო მუშაკი თანახმა არ არის გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი არსებითი პირობების შეცვლას უკავშირებს იმავე სპეციალობით, კვალიფიკაციით ან იმავე თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას. რაც შეეხება არსებითი პირობების ისეთ შეცვლაზე, რასაც თან სდევს ანაზღაურების სისტემისა და ოდენობის, მუშაობის რეჟიმისა და სხვა ხასიათის ცვლილებები, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საჭიროა მუშაკს ეცნობოს არა უგვიანეს ორი თვისა.
გამომდინარე იქიდან, რომ 1-თვიან საკონტრაქტო პირობებზე გადასვლით, სახეზეა კასატორის სამუშაო პირობების არსებითი ხასიათის გაუარესება, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გაირკვეს, ეცნობა თუ არა აღნიშნულის თაობაზე კასატორს კანონით დადგენილ ზემოაღნიშნულ ვადაში. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე საჭიროდ მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან დადგენილ და გამოკვლეულ იქნეს არსებობდა თუ არა გათავისუფლების მომენტში ის სამუშაო ადგილი, რომელიც კასატორს ეკავა და ასეთ შემთხვევაში, არსებობდა თუ არა შრომითი პირობების შენარჩუნების შესაძლებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ხელახალი გამოკვლევის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.