საქმე №ას-386-367-2015 12 ივნისი, 2015 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ს-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – პ. ვ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
პ. ვ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ს-ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენა.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით პ. ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინებით თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 29 დეკემბრის სასამართლოს სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოპასუხე თ. ს-ის წარმომადგენელი თ. ბ-ი, რომელიც სასამართლოში გამოცხადდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 25-ე დღეს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 24 იანვრიდან და ამოიწურა 2015 წლის 6 თებერვალს. სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში 2015 წლის 11 თებერვალსაა შეტანილი.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივარი მხარის მიერ წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. ს-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად აითვალა გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების წარმომადგენლისთვის ჩაბარებიდან. მისი აზრით, აღნიშნულს კანონი არ ითვალისწინებს, გასაჩივრების უფლების მქონეა მხოლოდ მხარე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე თ. ს-ის წარმომადგენელი თ. ბ-ი (იხ. ს.ფ. 54), რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია განუსაზღვრელი ვადით გაცემული რწმუნებულებით (იხ. ს.ფ. 29-30). სადავო არ არის ასევე ის ფაქტი, რომ თ. ბ-მა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 25-ე დღეს, 2015 წლის 23 იანვარს (იხ. ს.ფ. 64). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 24 იანვარს და ამოიწურა 2015 წლის 6 თებერვალს, ხოლო აპელანტმა სააპელაციო საჩივრით სასამართლოს მიმართა 2015 წლის 11 თებერვალს, ანუ სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ მხარეს.
პალატა საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც განმტკიცებულია პრინციპი, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენელია პირი, რომელიც მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ასრულებს სასამართლოში ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. 98-ე მუხლი კი შეიცავს იმ საპროცესო მოქმედებათა ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შესრულების უფლებაც არა აქვს წარმომადგენელს სპეციალური მინდობილობის გარეშე. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნას აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ წარმომადგენლობა ავტომატურად, ე.ი. სპეციალური მითითების გარეშე ანიჭებს წარმომადგენელს შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა კანონში ჩამოთვლილი ზემოაღნიშნული მოქმედებებისა, რომლებიც უკავშირდება მარწმუნებლის მიერ მისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვას და ამიტომ მათ შესახებ სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მინდობილობაში.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. ს-ის მიერ თ. ბ-ის სახელზე გაცემულ რწმუნებულებაში მითითებულია რწმუნებულის მიერ მარწმუნებლის სახელით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების შესახებ (იხ. ს.ფ. 30), რაც გულისხმობს იმას, რომ თ. ბ-ს უფლება ჰქონდა თ. ს-ის სახელით წარედგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება გასაჩივრების უფლების მხოლოდ მხარის მიერ გამოყენების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა თ. ბ-ს და ამ დროისთვის (2015 წლის 23 იანვრისთვის) იგი იყო თ. ს-ის წარმომადგენელი (რაც დასტურდება 2014 წლის 31 ივლისს განუსაზღვრელი ვადით გაცემული რწმუნებულებით (იხ. ს.ფ. 29-30)), მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება ითვლება თ. ს-ისთვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე