საქმე №330210014443815
საქმე №ას-393-373-2015 10 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „კ.- ჯ.-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „კ.- ჯ.-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.-ის“ მიმართ და მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ყოველ გადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ისა, რაც შეადგენს 196 472.54 ლარს.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 17 ივლისს შპს „ს.-ასა“ და შპს „კ.- ჯ.-ას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს „კ.- ჯ.-ას“ ვალდებულებას წარმოადგენდა ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების წარმოება ქუთაისში „კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტის“ საჰაერო მოძრაობის მართვის კოშკისა და ოფისის ახალი შენობისათვის, მოწყობილობების ტრანსპორტირება სამშენებლო ადგილზე და მონტაჟი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების, ტექნიკური სტანდარტებისა და პროექტის მოთხოვნების შესაბამისად. ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 822 372. 47 ევროს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადის დარღვევისათვის, ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ისა.
მხარის მითითებით, შპს „ს.-ამ“ ნაკისრი ვალდებულება დაარღვია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი ვადები არ დაურღვევია, ხოლო რიგი სამუშაოების დაგვიანებით შესრულება გამოწვეულია მოსარჩელის ბრალით. აღნიშნული გამორიცხავს მის მიერ პირგასამტეხლოს გადახდას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „კ.- ჯ.-ას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს – 49 118.13 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებებს და უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს „კ. ჯ.-ას“ სააპელაციო საჩივრის დასაბუთება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მან ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ყველა ვალდებულება შეასრულა.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების წარმოება ქუთაისში კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტის საჰაერო მოძრაობის მართვის კოშკისა და ოფისის ახალი შენობისთვის მოწყობილობების ტრანსპორტირება სამშენებლო ადგილზე და მონტაჟი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების, ტექნიკური სტანდარტებისა და პროექტის მოთხოვნების შესაბამისად.
2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების შესრულების ვადა მხარეთა მიერ რამოდენიმეჯერ შეიცვალა და საბოლოოდ 2013 წლის 29 ივლისის №4 დამატებითი შეთანხმებით ამავე ხელშეკრულების საბოლოო თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 30 სექტემბერი. ამასთან, ხელშეკრულების დარღვევისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.5% ყოველ გადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ისა (ხელშეკრულების 8.3 პუნქტი).
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, შპს „ს.-ასა“ და შპს „კ. ჯ.-ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტის ბოლო ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე უნდა შეედგინათ მოწყობილობების/სამუშაოების სრული ან ნაწილობრივი ჩაბარების აქტები.
სააპელაციო პალატის მითითებით, ასეთ შუალედურ აქტებს წარმოადგენს სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც გაფორმდა 2013 წლის 26 აგვისტოს, ასევე 2013 წლის 27 აგვისტოსა და 2013 წლის 5 სექტემბრის ოქმები, საიდანაც დგინდება, რომ სამუშაოები დაუმთავრებელი იყო. პალატამ ყურადღებას გაამახვილა ხელშეკრულების 4.3 პუნქტზე, რომლის მიხედვით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდეგ მხარეების უფლებამოსილი წარმომადგენლები გააფორმებდნენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს.
საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 20 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შემსყიდველმა შპს „ს.-ამ“ მიმწოდებელ შპს „კ. ჯ.-ასაგან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, 958214,1 ევროს (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულებით, ჩაიბარა ვადის დარღვევით, 2013 წლის 20 დეკემბერს. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს „კ. ჯ.-ამ“ 2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. აღნიშნული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ წარადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეთანხმებულ ვადაში შეასრულა.
სადავო გარემოების დასტურად სააპელაციო სასამართლომ არ ჩათვალა მხარის მიერ მითითებული 2013 წლის 26 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია ასევე 2013 წლის 27 აგვისტოს და 2013 წლის 5 სექტემბერის ოქმები, საიდანაც ირკვევა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები – გათბობა-გაგრილების სისტემა ოფისზე, თაუერზე და სამეთვალყურეო კოშკზე დაუმთავრებელი იყო. იმავე პირების მონაწილეობით უფრო გვიან 2013 წლის 20 დეკემბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი უგულებელყოფს 2013 წლის 26 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. 2013 წლის 20 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ შპს „კ. ჯ.-ას“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა ვადის დარღვევით.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს. 2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, შპს „კ. ჯ.-ას“ საბოლოოდ სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2013 წლის 30 სექტემბერს. სამოქალაქო სამართლის მიერ შემუშავდა მთელი კომპლექსი სამართლის ნორმებისა, რომელიც მიმართულია მოვალის იძულებისაკენ, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება. სწორედ ვალდებულების შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვანი შესრულების შედეგების აღკვეთის მიზნით, კანონმდებელი ითვალისწინებს სხვადასხვა ზომებს, რომლებიც ახდენენ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას და მისი შედეგების აღმოფხვრას. პირგასამტეხლოს ინსტიტუტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლების დანაწესის მიუხედავად, კანონმდებლობა სასამართლოს ანიჭებს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების უფლებამოსილებას, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი,
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა იყოს ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და, ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება ზემოაღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, ვინაიდან არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს, ასევე დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შეასრულა, ხელშეკრულებით კი განისაზღვრა პირგასამტეხლო.
2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულებით მხარეებმა შეათანხმეს რა სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიმწოდებელს პირგასამტეხლო შემცირებული ოდენობით მართლზომიერად დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „კ. ჯ.-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა შპს „კ. ჯ.-ას“ დასაბუთება, რომ მან ყველა ვალდებულება შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. 2013 წლის 26 აგვისტოს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები წარმოადგენს ე.წ. შუალედურ აქტებს და არ შეიძლება მათი ისეთი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებად ჩათვლა, რომლებიც დაადასტურებს შპს „კ. ჯ.-ას“ სახელშეკრულებო ვალდებულებების დროულად შესრულებას.
იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების საგანია „ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების წარმოება ქუთაისში კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტის საჰაერო მოძრაობის მართვის კოშკისა და ოფისის ახალი შენობისთვის, მოწყობილობების ტრანსპორტირება სამშენებლო ადგილზე და მონტაჟი“, 2013 წლის 26 აგვისტოს ფორმდება 8 მიღება-ჩაბარების აქტი (შემდეგი შინაარსით: შპს „კ. ჯ.-ამ“ წარმატებით დაასრულა ოფისისა და თაუერის შენობაში გაგრილებისა და გაცხელების სისტემების მონტაჟი, სანიტარული წყლის, ვენტილაციის მონტაჟი), აღნიშნული პირდაპირ მოწმობს, რომ შპს „კ. ჯ.-ამ“ ზუსტად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, აქტს დაერქმევა „მიღება-ჩაბარების აქტი“ თუ „საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი“.
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 სექტემბრის ოქმში მითითებული გარემოებები, რომ სამუშაოები დაუმთავრებელი იყო, ადასტურებდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობას.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მაგალითად: 2013 წლის 19 სექტემბერს შპს „კ. ჯ.-ამ“ წერილობით მიმართა მოსარჩელეს და აუწყა, რომ წერილს ურთავდა 2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების კრებით ანგარიშს. 2013 წლის 19 სექტემბერს შპს „კ. ჯ.-ამ“ ასევე წერილობით მიმართა „ს.-ას“, რომლითაც „კ. ჯ.-ას“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კომპანიამ შეასრულა ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული მოვალეობები, ამასთან, იქვე აღნიშნა, რომ სამშენებლო უბანზე მხარეთა წარმომადგენელთა ერთობლივი გასვლისას ვერ მოხერხდა თაუერის გაცხელებისა და გაცივების სისტემების ტესტირება, მესამე მხარის მიერ შესრულებულ საინსტალაციო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შეუსაბამობის არსებობის გამო, და, მიუხედავად იმისა, რომ კ. ჯ.-ას შესრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები, მაინც იღებდა თავის თავზე ვალდებულებას, დაესრულებინა ტესტირებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო. აღნიშნული ნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდა, უბრალოდ დარჩენილი იყო ტესტირების ჩატარება და ასევე იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც თვით ხელშეკრულების მე-6 მუხლით იყო რეგულირებული. შემსრულებელმა გასცა ორწლიანი გარანტია. იმავე ხელშეკრულების 56.3 მუხლის თანახმად, საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი აღმოფხვრიდა ყოველგვარ ხარვეზს მონტაჟსა და წარმოებასთან დაკავშირებით შემსყიდველის მიმართ დამატებითი ხარჯების წარმოშობის გარეშე შემსყიდველის მიერვე განსაზღვრული ვადის განმავლობაში. სწორედ ამგვარი ხარვეზების გამოსწორებაზეა საუბარი 5 სექტემბრის ოქმში, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების გამოტანისას. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 8 ოქტომბრის წერილით, კ. ჯ.-ამ მოსარჩელეს წარუდგინა, აეროპორტის ოფისისა და თაუერის შენობებზე „კ. ჯ.-ას“ მიერ შესრულებული სამუშაოების საბოლოო დოკუმენტაცია, მხარეთა შორის არსებული 2012 წლის 7 ივლისის ხელშეკრულების შესაბამისად და მოსთხოვა კონტრაჰენტს ხელშეკრულებით დარჩენილი თანხის მიმწოდებლის ანგარიშზე გადარიცხვა.
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე, „კ. ჯ.-ას“ მიერ წარდგენილი ანგარიშები, რომლებითაც დასტურდებოდა „კ. ჯ.-ას“ მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების დროულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით შპს „კ. ჯ.-ას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „კ. ჯ.-ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების წარმოება ქუთაისში კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტის საჰაერო მოძრაობის მართვის კოშკისა და ოფისის ახალი შენობისთვის მოწყობილობების ტრანსპორტირება სამშენებლო ადგილზე და მონტაჟი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების, ტექნიკური სტანდარტებისა და პროექტის მოთხოვნების შესაბამისად.
2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების შესრულების ვადა მხარეთა მიერ რამოდენიმეჯერ შეიცვალა და საბოლოოდ 2013 წლის 29 ივლისის №4 დამატებითი შეთანხმებით ამავე ხელშეკრულების საბოლოო თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 30 სექტემბერი. ამასთან, ხელშეკრულების დარღვევისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.5% ყოველ გადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ისა (ხელშეკრულების 8.3 პუნქტი).
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, შპს „ს.-ასა“ და შპს „კ. ჯ.-ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტის ბოლო ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე უნდა შეედგინათ მოწყობილობების/სამუშაოების სრული ან ნაწილობრივი ჩაბარების აქტები.
სააპელაციო პალატის მითითებით, ასეთ შუალედურ აქტებს წარმოადგენს სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც გაფორმდა 2013 წლის 26 აგვისტოს, ასევე 2013 წლის 27 აგვისტოსა და 2013 წლის 5 სექტემბრის ოქმები, საიდანაც დგინდება, რომ სამუშაოები დაუმთავრებელი იყო. პალატამ ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების 4.3 პუნქტზე, რომლის მიხედვით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდეგ მხარეების უფლებამოსილი წარმომადგენლები გააფორმებდნენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს.
საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 20 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შემსყიდველმა შპს „ს.-ამ“ მიმწოდებელ შპს „კ. ჯ.-ასაგან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, 958214,1 ევროს (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულებით, ჩაიბარა ვადის დარღვევით, 2013 წლის 20 დეკემბერს. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს „კ. ჯ.-ამ“ 2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2015 წლის 3 ივნისის განჩინება, საქმე №ას-384-365-2015, სუს 2015 წლის 6 მარტის №ას-1342-1380-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება).
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „კ. ჯ.-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს „კ. ჯ.-ასა“ და ვ. ლ.-ის მიერ 2015 წლის 11 მარტს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 2455,91 ლარის 70% – 1719,137 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ.- ჯ.-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „კ.- ჯ.-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს „კ.- ჯ.-ასა“ და ვ. ლ.-ის მიერ 2015 წლის 11 მარტს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 2455,91 ლარის 70% – 1719,137 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური