საქმე №ას-399-379-2015 23 ივნისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „თ. ... ბ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „ თ. ... ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ას მიმართ და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „თ. ... ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „თ. ... ბ-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით სს „თ. ... ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით სს „თ. ... ბ-ს“ დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა 7 დღის ვადაში წარმოედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აპელანტს ასევე დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2015 წლის 06 თებერვალს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსებისთვის დაწესებული საპროცესო ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან ე.ი. 2015 წლის 07 თებერვლიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილი წესით ამოიწურა 2015 წლის 13 თებერვალს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ იყო უქმე ან დასვენების დღე. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით 2015 წლის 17 თებერვალს, რაც გახდა სს „თ. ... ბ-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „თ. ... ბ-ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სს „თ. ... ბ-ს“ ჩაბარდა 2015 წლის 06 თებერვალს, შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაიწყო 2015 წლის 07 თებერვლიდან და დასრულდა 2015 წლის 13 თებერვალს. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება კი ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა სააპელაციო სასამართლოში 2015 წლის 13 თებერვალს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილ 7 დღიან ვადაში.
კერძო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ვინაიდან აპელანტმა გზავნილი ფოსტას ჩააბარა 2015 წლის 13 თებერვალს ანუ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის უკანასკნელ დღეს (რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილი აქვს ფოსტის ბილი), საპროცესო ვადა გასულად არ ითვლება. მოცემულ შემთხვევაში საპროცესო ვადის გამოთვლისას მნიშვნელობა არა აქვს ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარებას. მთავარია, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა დადგენილ 7 დღიან ვადაში. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ. ბ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის დაწესებული საპროცესო ვადა არ დაურღვევია.
გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას სააპელაციო სასამართლო ახდენს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ აპელანტმა სს „თ. ... ბ-მა“ გაუშვა ხარვეზის შესავსებად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით დადგენილი 7 დღიანი საპროცესო ვადა. კერძოდ, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა აპელანტს ამოეწურა 2015 წლის 13 თებერვალს, ხოლო ხარვეზი მან 2015 წლის 17 თებერვალს შეავსო.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ სს „თ. ... ბ-ის“ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2015 წლის 6 თებერვალს (იხ. ს.ფ. 90). შესაბამისად, 7 დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღეს, 2015 წლის 7 თებერვალს და ამოიწურა 2015 წლის 13 თებერვალს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ საფოსტო შეტყობინების ბარათებზე, რომლითაც ირკვევა, რომ შპს „ტ-ამ“, რომელიც მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენს სს „თ. ... ბ-ს“, მ. კ-ას საქმესთან დაკავშირებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით სააპელაციო სასამართლოს გაუგზავნა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად ფოსტის მეშვეობით. აღნიშნულ გზავნილებზე დოკუმენტის გაგზავნის თარიღად მითითებულია 2015 წლის 13 თებერვალი (იხ. ს.ფ. 102, 113), ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის ბოლო დღე.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს შპს „ს-ს“-ს მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილ ამონაწერზე გზავნილების მართვისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემიდან, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „ტ-ას“ მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად ფოსტაში რეგისტრირებულია 2015 წლის 13 თებერვალს 5:58 სთ-ზე (გზავნილის შტრიხკოდი: .....) (იხ. ს.ფ. 136), ხოლო სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დოკუმენტები ჩაბარდა 2015 წლის 17 თებერვალს (იხ. ს.ფ. 134-135).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი სს „თ. ... ბ-მა“ შეავსო სასამართლოს მიერ დაწესებული 7 დღიანი ვადის ბოლო დღეს, 2015 წლის 13 თებერვალს, ფოსტის მეშვეობით, მის მიერ არ დარღვეულა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „თ. ... ბ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება და საქმე სს „თ. ... ბ-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე