საქმე №ას-405-385-2015 10 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ. ლ.-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით 31,828.38 ლარის დაკისრების ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „კ. ლ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 2014 წლის 02 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის - 35,444 ლარის გადახდის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „კ. ლ.-ის” სარჩელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაეკისრა შპს „კ. ლ.-ის” სასარგებლოდ 35,444 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „კ. ლ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაეკისრა 31,828.38 ლარის გადახდა შპს „კ. ლ.-ის” სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს „კ. ლ.-ის" გამარჯვების შედეგად 2014 წლის 02 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება“ №.., რომლის საფუძველზე შპს „კ. ლ.-მა", როგორც „მიმწოდებელმა“ ივალდებულა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, როგორც „შემსყიდველისათვის“ მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზების, შენობა-ნაგებობის გეგმა-ნახაზების მომზადების და შესაბამისი საველე სამუშაოების მომსახურების გაწევა, ხოლო „შემსყიდველმა“ ივალდებულა გაწეული მომსახურების საფასურის ანგარიშსწორება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, „მიმწოდებლის“ მიერ დოკუმენტების (ნახაზების) „შემსყიდველისთვის" წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ხელშეკრულებაზე თანდართული ფასების ცხრილით განსაზღვრული ფასების შესაბამისად უნაღდო ანგარიშწორების წესით.
ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.3 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 32,998.80 ლარს. ამ ღირებულების ფარგლებში, „მიმოწოდებლის“ მიერ გასაწევი მომსახურების საფასური განისაზღვრებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიხედვით, კერძოდ: 1. შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზები - 1კვ.მ შენობა-ნაგებობის ფიქსირებული ფასი 0.252 ლარი; 2. მიწის ნაკვეთების (სასოფლო სამეურნეო და არასასოფლო სამეურნეო) აგეგმვის და კამერალური სამუშაოები - 1კვ.მ-ზე 0.0256 ლარი; 3. უძრავი ქონების რამოდენიმე ნაწილად დაყოფის მიზნით აზომვითი ნახაზების მომზადება - 1 ნახაზი 16.95 ლარი (იხ. ფასების ცხრილი). ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გაწევის ვადა განისაზღვრებოდა შეკვეთის გაცემიდან (ელექტრონული ან წერილობითი საშუალებით) 6 კალენდარული დღე.
ის გარემოება, რომ ხელშეკრულების 1.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 32,998.80 ლარს, სააპელაციო სასამართლოს მითითებით ნიშნავდა სწორედ იმას, რომ „მიმწოდებლის“ მიერ შესრულებული მომსახურება არ უნდა ყოფილიყო 32,998.80 ლარზე მეტი.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ „მიმწოდებელმა“ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ „შემსყიდველმა“ არ შეასრულა ვალდებულება ჯეროვნად და სრულად არ გადაიხადა შესრულებული მომსახურების ღირებულება.
უდავო გარემოებაა, რომ „შემსყიდველმა“ „მიმწოდებელს“ გადაუხადა 1,170.42 ლარი ნაცვლად 32,998.80 ლარისა. უდავოა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო გასცდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების №... პირობებს და „შემსყიდველს“ დააკისრა მხარეთა შორის შეთანხმებულ (32,998.80 ლარი) თანხაზე მეტი (35,444 ლარი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, 102-ე მუხლზე; ასევე სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 317-ე მუხლზე, 327-ე მუხლზე, რომლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა დადეს ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 649-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება ჯეროვნად და სრულად არ იქნა ანაზღაურებული მიღებული მომსახურების ღირებულება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მომსახურება არ უნდა ყოფილიყო 32,998.80 ლარზე მეტი. „შემსყიდველმა“ „მიმწოდებელს“ გადაუხადა 1,170.42 ლარი. უდავო გარემოებაა, რომ „შემსყიდველმა“ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ „შემსყიდველმა“ არ შეასრულა ვალდებულება ჯეროვნად და სრულად არ გადაიხადა შესრულებული მომსახურების ღირებულება. შესაბამისად, „შემსყიდველის“ დავალიანება „მიმწოდებლის“ მიმართ შეადგენს არ დაკისრებულ 35,444 ლარს, არამედ 31,828.38 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო გასცდა ხელშეკრულების პირობებს და სამინისტროს დააკისრა მხარეთა შორის შეთანხმებულ (32,998.80 ლარი) თანხაზე მეტი (35,444 ლარი), რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა „შემსყიდველის“ მითითება იმ გარემოებაზე, რომ „შემსყიდველს“ 2014 წლის 16 მაისს და 27 მაისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოთხოვნილი ნახაზები იყო არა მიწის ნაკვეთების (სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო -სამეურნეო) აგეგმვის საველე და კამერალური სამუშაო, არამედ უძრავი ქონების დაყოფა. სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში, გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ 16 მაისს მოსარჩელეზე შეკვეთილი ხუთივე აზომვითი ნახაზი წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის კამერალურად შესრულებული აგეგმვის შედეგად მომზადებულ ახალ აზომვითი ნახაზებს, რაც დასტურდებოდა ნახაზების გაცნობის და მოპასუხე მხარის მიერ რეესტრში წარდგენილი განაცხადით. ხელშეკრულების დანართი №1-ის (ფასების ცხრილის) შესაბამისად 1კვ.მ მიწის ნაკვეთის (სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო) აგეგმვის საველე და კამერალური სამუშაოების ფასი განისაზღვრა 0.0256 ლარით. 20 მაისს მოპასუხე მხარისთვის მიწოდებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზები საერთო ჯამში მოიცავდა 476996 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობს.
2014 წლის 27 მაისს „შემსყიდველის" მიერ განხორციელდა მიწის ნაკვეთის 17 ახალი დაზუსტებული აზომვითი ნახაზების მომზადების დავალების/შეკვეთის გაცემა, რაც ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულდა „მიმწოდებლის“ მიერ. 2014 წლის 27 მაისს მოსარჩელეზე შეკვეთილი 17 აზომვითი ნახაზიც წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის კამერალურად შესრულებული აგეგმვის შედეგად მომზადებულ ახალ აზომვით ნახაზებს. ეს გარემოება ასევე დადასტურდა ნახაზის გაცნობით და რეესტრში წარდგენილი განცხადებით. აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზები, რომელიც მოპასუხის მიერ შემდგომში წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრში საერთო ჯამში მოიცავდა 953268 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობს. სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2014 წლის 16 მაისს და 27 მაისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოთხოვნილი ნახაზები იყო არა მიწის ნაკვეთების (სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო) აგეგმვის საველე და კამერალური სამუშაო, არამედ უძრავი ქონების დაყოფა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ სწორად გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია და სწორად მიუთითა ,,საჯარო რეესტრის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება №4-ზე, რომლის მე-7-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან უნდა ასახავდეს მხოლოდ ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე რეგისტრირებულ მონაცემებს. უძრავი ნივთის შემთხვევაში, ერთეულ სარეგისტრაციო ობიექტად მიიჩნევა მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ერთეული, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულია დამოუკიდებელი უფლების ობიექტად.” იმავე ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,საკადასტრო კოდი არის უძრავი ნივთის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ენიჭება უძრავ ნივთს მასზე საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციასთან ერთად. საკადასტრო კოდის ფორმირების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.", ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად ,,საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში." იმავე მუხლის მე-7 პუნქტში კი მითითებულია, რომ ,,საკადასტრო გეგმა არ გაიცემა, თუ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები დაუზუსტებელია. რეგისტრაციის მიზნებისთვის, უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად."
აღნიშნული ბრძანების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,უძრავი ნივთის დაყოფისას/გაერთიანებისას, უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე რეგისტრირებული უფლება ან ვალდებულება მათი სარეგისტრაციო მონაცემების უცვლელად გადადის დაყოფის/გაერთიანების შედეგად შექმნილ შესაბამის უძრავ ნივთზე (ნივთებზე) ან მის (მათ) ნაწილზე (ნაწილებზე), თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს."
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის გაერთიანებასა და გაყოფას გააჩნია გარკვეული ტექნიკური თავისებურებები, კერძოდ, მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონებების) გაერთიანება ხდება იმ შემთხვევაში, როცა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული რამდენიმე საკადასტრო ერთეული რეგისტრირდება ერთ საკადასტრო ერთეულად; მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონებების) გაყოფა ხდება იმ შემთხვევაში, როცა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ერთი საკადასტრო ერთეული რეგისტრირდება მინიმუმ ორ საკადასტრო ერთეულად; გაყოფის შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრე არ იცვლება, ამ შემთხვევაში გაყოფის შედეგად ერთი დამოუკიდებელი უფლების ობიექტის ნაცვლად იქმნება 2 ან/და უფრო მეტი დამოუკიდებელი უფლების ობიექტი მესაკუთრის ცვლილების გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ „მიმწოდებელს“ არ მოუხდენია რეგისტრირებული უძრავი ქონების დაყოფა 2 ან მეტ ნაწილად (საკადასტრო ერთეულად). ასევე დადგენილ იქნა, რომ მოპასუხე მხარეს არ დაურეგისტრირებია დაყოფილი ნაკვეთები საჯარო რეესტრში ცალ-ცალკე უფლების ობიექტებად და დაყოფილ ქონებას არ მინიჭებიათ უნიკალური საკადასტრო კოდები. სინამდვილეში, მოხდა მიწის ნაკვეთების ცვლილების რეგისტრაცია, აზომვითი ნახაზით განსაზღვრული ახალი კონფიგურაციითა და შეცვლილი საზღვრებით, ამდენად, სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ „შემკვეთის” მოთხოვნის საფუძველზე, „მიმწოდებელმა“ მოამზადა არა გაყოფის ამსახველი, არამედ მიწის ნაკვეთის ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ხოლო მოპასუხე მხარემ მიიღო და გამოიყენა ისინი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით 31,828.38 ლარის დაკისრების ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით უძრავი ქონების რამოდენიმე ნაწილად დაყოფის მიზნით „შემსყიდველი“ გადაიხდიდა 16,95 ლარს. 2014 წლის 16 მაისსა და 27 მაისს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოთხოვნილი ნახაზები წარმოადგენდა არა ნაკვეთების აგეგმვის საველე და კამერალურ სამუშაოს, არამედ უძრავი ქონების დაყოფას. კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების საგანია „შემსყიდველის“ ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო და „შემსყიდველის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების, შენობა-ნაგებობების გეგმა-ნახაზების და შესაბამისი საველე სამუშაოების მომსახურების შესყიდვა. ამ ხელშეკრულებით, „შემსყიდველს“ არ ეკისრება ვალდებულება „მიმწოდებლის“ მიერ წარდგენილი ნახაზები წარადგინოს საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს მითითება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებაზე უსაფუძვლოა. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, „მიმწოდებელი“ ვერ ადასტურებს, რომ მის მიერ მომზადებული ნახაზების მომზადების მიზნით ჩატარდა საველე და კამერლური სამუშაოები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი პრეტენზიას აცხადებს „მიმწოდებლის“ სასარგებლოდ 31,828.38 ლარის დაკისრების ნაწილში.
კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს „კ. ლ.-ის" გამარჯვების შედეგად 2014 წლის 02 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება“ №.., რომლის საფუძველზე შპს „კ. ლ.-მა", როგორც „მიმწოდებელმა“ ივალდებულა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, როგორც „შემსყიდველისათვის“ მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზების, შენობა-ნაგებობის გეგმა-ნახაზების მომზადების და შესაბამისი საველე სამუშაოების მომსახურების გაწევა, ხოლო „შემსყიდველმა“ ივალდებულა გაწეული მომსახურების საფასურის ანგარიშსწორება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად. ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 32,998.80 ლარს. ამ ღირებულების ფარგლებში, „მიმოწოდებლის“ მიერ გასაწევი მომსახურების საფასური განისაზღვრებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, „მიმწოდებელმა“ სარჩელი დააფუძნა იმ გარემოებებს, რომ „შემსყიდველის“ სასარგებლოდ, ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულა გარკვეული სამუშაოები, თუმცა „შემსყიდველმა“ შეთანხმებული საზღაური – 35,444 ლარი სრულად არ გადაუხადა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა, ხოლო თავის მხრივ, ნარდობა მიეკუთვნება ხელშეკრულებათა იმ ჯგუფს, რომელიც აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რამეთუ იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკონკრეტებულია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხოლოდ ამგვარი შესრულება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას შესრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდაა დადგენილი, რომ „შემსყიდველმა“ „მიმწოდებელს“ გადაუხადა 1,170.42 ლარი, ნაცვლად 32,998.80 ლარისა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე „შემსყიდველს“ დაეკისრა დარჩენილი დავალიანების - 31,828.38 ლარის გადახდა სწორი და დასაბუთებულია. ხოლო კასატორის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2014 წლის 16 მაისსა და 27 მაისს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოთხოვნილი ნახაზები წარმოადგენდა არა ნაკვეთების აგეგმვის საველე და კამერალურ სამუშაოს, არამედ უძრავი ქონების დაყოფას, რაც გამორიცხავდა დარჩენილი დავალიანების გადახდის შესახებ „მიმწოდებლის“ მოთხოვნის საფუძვლიანობას, საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 2014 წლის 16 მაისს შეკვეთილი ხუთივე აზომვითი ნახაზი წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის კამერალურად შესრულებული აგეგმვის შედეგად მომზადებულ ახალ აზომვითი ნახაზებს. ხელშეკრულების დანართი №1-ის (ფასების ცხრილის) შესაბამისად 1კვ.მ მიწის ნაკვეთის (სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო) აგეგმვის საველე და კამერალური სამუშაოების ფასი განისაზღვრა 0.0256 ლარით. 20 მაისს მოპასუხე მხარისათვის მიწოდებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზები საერთო ჯამში მოიცავდა 476996 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობს. ასევე, დადგენილია, რომ 2014 წლის 27 მაისს შეკვეთილი 17 ახალი დაზუსტებული აზომვითი ნახაზებიც წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის კამერალურად შესრულებული აგეგმვის შედეგად მომზადებულ ახალ აზომვით ნახაზებს. აღნიშნული კი, გამორიცხავს ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი „მიმწოდებლის“ ვალდებულების დარღვევის შესახებ „შემსყიდველის“ პრეტენზიას და თავის მხრივ, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოუშობს „შემსყიდველს“ ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი საზღაურის სრულად გადახდის ვალდებულებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკა იხ., 21.07.2014წ.-ის განჩინება №ას-349-330-2014).
კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე