Facebook Twitter

საქმე №ას-409-389-2015 10 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის ვაკის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.-ე“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „დ.-ემ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების - 99,917.20 ლარისა და ზიანის - 38,540 ლარის გადახდის დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2010 წლის 04 ივნისს ერთი მხრივ, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას, როგორც „შემსყიდველს“ და მეორე მხრივ, შპს „დ.-ეს“, როგორც „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება №... „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. ხელშეკრულების თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით უნდა ჩატარებულიყო ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ვაკის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ა.-ის გამზირისა და ს.-ის ქუჩის შემაერთებელ გზაზე შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებით 99,917.20 ლარი. შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების პირობების შესაბამისი და შემსყიდველისათვის მისაღები და ისინი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო საქართველოში მოქმედ სტანდარტებთან, სამშენებლო წესებთან და ნორმებთან. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 15 ივნისამდე. შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ერთიანად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიხედვით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში. 2013 წლის 3 ივნისს გაფორმდა დელიქტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა. ხელშეკრულების დადების შემდეგ მხარეთა სიტყვიერი შეთანხმებით ბეტონის ბორდიულები შეიცვალა ბაზალტის ბორდიულებით, რამაც გამოიწვია შესრულებული სამუშაოს ვადის გაზრდა 2010 წლის 26 ივნისამდე. შესაბამისად, შემსრულებელს ვადის გაზრდა ხელშეკრულების პირობის დარღვევად არ ჩაეთვალა და არ განხორციელდა საჯარიმო სანქციები. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, 2010 წლის 23 ივნისს შედგა შესრულებული სამუშაოების აქტი №3 და 2010 წლის 22 ივნისს მიღება-ჩაბარების აქტი, რის შემდეგაც შემსრულებელმა მოითხოვა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება, თუმცა მის მოთხოვნაზე მოპასუხეს რეაგირება არ მოუხდენია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე მოხდა შპს „დ.-ეს“ 2006-2012 წლების საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, სამუშაოების ღირებულების გადაუხდელობის გამო შპს „დ.-ემ“ ვერ შეძლო მოგების და დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა, შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ გაზრდილ იქნა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი 38,540 ლარის ოდენობით, რის გამოც მისი ანგარიშები დაყადაღდა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.

მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, შემსყიდველმა შესყიდვების ობიექტის ხარისხის დადგენის მიზნით მიმართა შპს „ლაბორატორიას“, რომელმაც საგზაო საფარის ასფალტბეტონის გამოცდის შედეგად დაადგინა, რომ სამუშაოები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს, რის თაობაზეც 2010 წლის 26 ივლისს წერილობით ეცნობა მიმწოდებელს, რომელსაც ეთხოვა აღმოჩენილი წუნის უმოკლეს ვადაში გამოსწორება. მიმწოდებელმა ვერ მოახერხა წუნის აღმოფხვრა, რითიც დაარღვია ხელშეკრულების მე-3 მუხლით დაყენებული მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ხარისხთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, შემსყიდველმა არ აანაზღაურა სამუშაოს ღირებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „დ.-ეს“ სარჩელი ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 99,917.20 ლარისა გადახდა. ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვაკის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხისათვის 99,917.2 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით ვაკის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 04 ივნისს ერთი მხრივ, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას, როგორც „შემსყიდველს“ და მეორე მხრივ, შპს „დ.-ეს“, როგორც „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება №... „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. ხელშეკრულების თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით უნდა ჩატარებულიყო ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ვაკის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ა.-ის გამზირისა და ს.-ის ქუჩის შემაერთებელ გზაზე შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებით 99,917.20 ლარი.

დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის ხარისხი, რომელიც უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების პირობების შესაბამისი და დააკმაყოფილებდა შემსყიდველის მოთხოვნებს. ამასთან, იგი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო საქართველოში მოქმედ სტანდარტებთან, სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნებთან. ხელშეკრულების 7.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ერთიანად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიხედვით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში.

დადგენილია, რომ 2010 წლის 3 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა, ხოლო ხელშეკრულების დადების შემდეგ მოხდა მხარეთა სიტყვიერი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ბეტონის ბორდიულები შეცვლილიყო ბაზალტის ბორდიულებით. ხელშეკრულების აღნიშნულმა ცვლილებამ განაპირობა სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება 2010 წლის 26 ივნისამდე და შესაბამისად, მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოების შეასასრულებლად საჭირო ვადის გაზრდა ხელშეკრულების პირობის დარღვევად არ იქნა მიჩნეული და არც საჯარიმო სანქციები არ განხორციელდა მიმწოდებლის მიმართ.

საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 23 ივნისის N3 აქტითა და 2010 წლის 22 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ასფალტ-ბეტონის გზის სამუშაოები, 99.917,20 ლარის ღირებულებით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, თავისი არსით, წარმოადგენდა ნარდობას, რომლის სამართლებრივ რეგულირებს მოიცავდა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ნარდობა წარმოადგენდა ორმხრივ, სასყიდლიან ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს აკისრებდათ უფლებებსა და ვალდებულებებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ შემსყიდველი სააპელაციო საჩივარს ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ მიმწოდებელმა გზების მოასფალტების სამუშაოები შეასრულა უხარისხოდ და შესაბამისად გამგეობას არ ეკისრებოდა საზღაურის გადახდის ვალდებულება. მისი ეს არგუმენტი გამყარებული იყო 2010 წლის 26 ივლისის N4-07/494 წერილით, რომლითაც ირკვეოდა, რომ შემსყიდველმა მიმოწოდებელს აცნობა შპს „ლაბორატორიას“ დასკვნა ასფალტის უხარისხობის შესახებ, მოსთხოვა წუნის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრა და განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიმწოდებლის 2010 წლის 22 სექტემბრის N21 წერილზე, საიდანაც დგინდებოდა, რომ ორგანიზაციამ მიმართა ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობას და აცნობა, რომ მათ მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად მთლიანად იქნა აღმოფხვრილი აქტში მოყვანილი დეფექტები, მოითხოვა შესრულებული სამუშაოების შემოწმება და თანხის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ განმეორებით მიმართა შპს „დ.-ემ“ გამგეობას 2012 წლის 30 სექტემბერს, რაზეც გამგეობას არც დადებითი და არც უარყოფითი წერილობითი პასუხი არ გაუცია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მიმწოდებელმა უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები და განმარტა, რომ მართალია შემსყიდველის 2010 წლის 26 ივლისის წერილის და გრუნტების ხარისხისა და ლაბორატორიის დასკვნის თანახმად გზების მოასფალტების სამუშაოები თავდაპირველად არ შესრულდა ხარისხიანად, მაგრამ მიმწოდებელს მიეცა ვადა ნაკლის აღმოსაფხვრელად. ასევე, დადგენილ იქნა, რომ მიმწოდებელმა მთლიანად აღმოფხვრა შემსყიდველის მიერ მითითებული ხარვეზი, რაც დასტურდებოდა მიმწოდებლის 2010 წლის 22 სექტემბრის N21 წერილით, თუმცა შემსყიდველს აღნიშნული აქტის შემდეგ არ გაუცია წერილობით არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი და არ შეუმოწმებია მიმწოდებლის მიერ აღმოფხვრილი ხარვეზის შემდეგ, შესრულებული სამუშაოების ხარისხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მიმწოდბელმა 2010 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გზების მოასფალტების შესახებ შეასრულა ჯეროვნად, უნაკლოდ. შესაბამისად, სარჩელი, შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 99 917,20 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს და შესაბამისად მას არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულება. კასატორის მითითებით, ქ. თბილისის მერის 2013 წლის პირველი მარტის 313-ე განკაგულებით ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობა წარმოადგენს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის უფლებამონაცვლეს საგადასახადო ვალდებულებების, დავალიანებისა და ზედმეტობების შესრულებისას. კასატორის განმარტებით ვაკის რაიონის გამგეობა ყოფილი ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა ვაკის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით. შპს „დ.-ემ“ სამუშაოები შეასრულა ალ. ყაზბეგის გამზირისა და ს.-ის ქუჩის შემაერთებელ გზაზე, რომელიც მდებარეობს არა ვაკის, არამედ საბურთალოს რაიონის გამგეობის საზღვრებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2010 წლის 04 ივნისს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას, როგორც „შემსყიდველს“ და მეორე მხრივ, შპს „დ.-ეს“, როგორც „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება №... „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. ხელშეკრულების თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით უნდა ჩატარებულიყო ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ვაკის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ა.-ის გამზირისა და ს.-ის ქუჩის შემაერთებელ გზაზე შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებით 99,917.20 ლარი.

ხელშეკრულებით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის ხარისხი. ასევე სამუშაოს შესრულების ვადა და წესი, სახელდობრ, ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების პირობების შესაბამისი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემსყიდველის მოთხოვნებს. ამასთან, იგი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო საქართველოში მოქმედ სტანდარტებთან, სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნებთან.

ხელშეკრულების 7.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ერთიანად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიხედვით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარიგებით მხარეებს შორის წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ხელშემკვრელ მხარეებს აკისრებდა განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვინაიდან სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით შემსყიდველმა სადავოდ გახადა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი, უპრიანია, საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებებზე, რომლებიც შეეხება მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2010 წლის 26 ივლისის N4... წერილით მენარდეს ეცნობა შპს „ლაბორატორიას“ დასკვნის თაობაზე, რომლითაც მოასფალტების სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ და მასვე ეთხოვა, წუნის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრის შესახებ. დადგენილია, რომ 2010 წლის 22 სექტემბრის N2.. წერილით მენარდემ აცნობა შემკვეთს, რომ მათ მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად მთლიანად აღმოიფხვრა აქტში მოყვანილი დეფექტები, მოითხოვა შესრულებული სამუშაოების შემოწმება და თანხის გადახდა. მენარდის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ განმეორებით ეცნობა შემკვეთს 2012 წლის 30 სექტემბერს, რაზედაც შემკვეთის მხრიდან წერილობითი ფორმით არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი იქნა გაცემული.

ამდენად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისა და ამასთან, მენარდის პრეტენზიის მართებულობის შესამოწმებლად მნიშვნელოვანია სწორედ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მიმწოდებელმა მთლიანად აღმოფხვრა შემსყიდველის მიერ მითითებული ხარვეზი, რაც დასტურდებოდა მიმწოდებლის 2010 წლის 22 სექტემბრის N21 წერილით, თუმცა შემსყიდველს აღნიშნული აქტის შემდეგ არ გაუცია წერილობით არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი და არ შეუმოწმებია მიმწოდებლის მიერ აღმოფხვრილი ხარვეზის შემდეგ, შესრულებული სამუშაოების ხარისხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მენარდემ/მომწოდებელმა 2010 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გზების მოასფალტების შესახებ შეასრულა ჯეროვნად და უნაკლოდ და მას წარმოეშვა შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 99 917,20 ლარის ანაზღაურების უფლებამოსილება. საკასაციო პალატის ამ მსჯელობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 629-ე და 648-ე მუხლებით დადგენილი შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზაღაურების ვალდებულება. 629-ე მუხლის მიხედვით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური, ხოლო 648-ე მუხლის მიხედვით კი, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. შესაბამისად, ამ ნაწილში, კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ.

ხოლო რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ დავაში ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობა წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, რადგან ქ. თბილისის მერის 2013 წლის პირველი მარტის 313-ე განკარგულების მიხედვით ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობა ყოფილი ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა ვაკის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით, ხოლო შპს „დ.-ემ“ სამუშაოები შეასრულა ალ. ყაზბეგის გამზირისა და ს.-ის ქუჩის შემაერთებელ გზაზე, რომელიც მდებარეობს არა ვაკის, არამედ საბურთალოს რაიონის გამგეობის საზღვრებში. აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზარებს და განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების მოქმედების შედეგად, ფაქტების მითითების (მტკიცების საგანი), ასევე მათი დამტკიცების (მტკიცების ტვირთი) ვალდებულება ეკისრებათ დავის მონაწილე მხარეებს. სასამართლო თავისი ინიციატივით, მხარეთა მითითების გარეშე, არ იკვლევს ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ შპს „დ.-ემ“ სამუშაოები შეასრულა ალ. ყაზბეგის გამზირისა და ს.-ის ქუჩის შემაერთებელ გზაზე, რომელიც მდებარეობს არა ვაკის, არამედ საბურთალოს რაიონის გამგეობის საზღვრებში, რის გამოც კასატორი არ არის ვალდებული აუნაზღაუროს მენადეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება, უნდა მიეთითებინა სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში. ვინაიდან საკასაციო სასამართლო შეზღუდულია ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითებისა და გამოკვლევის პროცესუალური შესაძლებლობით (საპროცესო კოდექსის 407-ე მუხ.), ამიტომ კასატორის მიერ მითითებულ გარემოებას, საკასაციო პალატა ვერც გამოიკვლევს და ვერც ამ გარემოებაზე მსჯელობის არარასებობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევად ვერ შეაფასებს (ამ ნაწილში, შედავების არარსებობის გამო).

ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 18.05.2015წ.-ის გადაწყვეტილება საქმე №ას-226-213-2015), რომელიც შეეხება ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე