საქმე №ას-410-390-2015 19 ივნისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ჰ.ს. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჰ.ს–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ა–ის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის _ 200 ლარის 30 ლარამდე შემცირების მოთხოვნით.
მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ, დაკისრებული ალიმენტის 100 ლარამდე შემცირების ნაწილში დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ჰ.ს–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჰ.ს–თვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა _ 200 ლარი შემცირდა და მოსარჩელე ჰ.ს–ს არასრულწლოვანი შვილის _ 2000 წლის 28 აპრილს დაბადებული ტ.ს–ის რჩენა-აღზრდისათვის მის სრულწლოვანებამდე ა.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან _ 2014 წლის 17 დეკემბრიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და დაკისრებული ალიმენტის 30 ლარამდე შემცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით ჰ.ს–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ახაქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ჰ.ს–თვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა _ 200 ლარი შემცირდა და მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის მის სრულწლოვანებამდე, ა.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა. სააპელაციო საჩივრით დგინდებოდა, რომ აპელანტი გადაწყვეტილებას ნაწილობრივ _ 70 ლარის დაკისრების ნაწილში ასაჩივრებდა, შესაბამისად, 12 თვის განმავლობაში გადასახდელი თანხა 840 ლარს შეადგენდა, რის გამოც არ არსებობდა მისი განსახილველად მიღების წინაპირობები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ჰ.ს–მა, მოითხოვა მისი, ასევე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძლებით:
სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, გაერკვია დაარღვია თუ არა მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნები, რადგანაც მას წარდგენილი ჰქონდა წერილობითი მტკიცებულებები (8 მტკიცებულება), რომლებიც მის ქონებრივ მდგომაროებას ადასტურებდა, ამასთანავე, მტკიცებულებათა მიღების ფაქტი დასტურდება სასამართლოს კანცელარიის უფროსის ხელმოწერით, შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ მიუთითა გადაწყვეტილებაში მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობაზე.
სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში დავის საგნის ღირებულებად მითითებულია 2 040 ლარი, რის გამოც, სააპელაციო პალატას წინამდებარე საქმე უნდა გადაეგზავნა კომპეტენტური ორგანოსათვის, რომელიც გამოიკვლევდა რაიონულ სასამართლოში მტკიცებულებათა დამალვის ფაქტს. მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია, ითხოვდა 100 ლარის დაკისრებას, რაც დააკმაყოფილა სასამართლომ. 2005 წელს რაიონულმა სასამართლომ შვილის სარჩენად დააკისრა ალიმენტის _ 20 ლარის გადახდა, ხოლო 2012 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით _ 200 ლარის გადახდა, თუმცა 2005 წლიდან მხარის მატერიალური მდგომაროება უარესდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჰ.ს–ის კერძო საჩივარი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და მისი სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ჰ.ს–ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა დაკისრებული ალიმენტის _ 200 ლარის 30 ლარამდე შემცირება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით დაეკისრა თვეში 100 ლარის გადახდა;
საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ირკვევა, რომ მოსარჩელე ჰ.ს–მა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის 30 ლარამდე შემცირება.
საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მითითებული ნორმის საფუძველზე, ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშების ზოგადი წესი და დადგენილია საპროცესო სამართლის მიზნებისათვის თითოეული კატეგორიის დავისას თუ როგორ უნდა იქნას გამოანგარიშებული მისი საგნის ღირებულება.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე მოითხოვს უკვე დაკისრებული გასაცემის ან გადასახდელის შემცირებას, რაც რეგულირებულია ზემოაღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და განსაზღვრულია, რომ გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი იყო დაკისრებული ალიმენტის _ 100 ლარის 70 ლარით შემცირება, ხოლო ზემოაღნიშნული წესების შესაბამისად გამოანგარიშებული სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება (840 ლარი) არ აღემატებოდა 1000 ლარს, საკასაციო პალატა ვერ გზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპიორობები იმ მოტივით, რომ დავის საგნის ღირებულება 2040 ლარს შეადგენდა. ამასთანავე, მართალია, ამ ნაწილში სააპელაციო პალატამ არასწორი საპროცესო ნორმით იხელმძღვანელა, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან ამ დარღვევას არასწორი გადაწვეტილების გამოტანა არ მოჰყოლია, იგი განჩინების გაუქმების საფუძლად ვერ იქნება მიჩნეული.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ალიმენტის 30 ლარით განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ეს საკითხი მსჯელობის საგნად მხოლოდ საქმის საკასაციო წესით განხილვის შემთხვევაში შეიძლებოდა გამხდარიყო, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იხილავს ჰ.ს–ის კერძო და არა საკასაციო საჩივარს, ხოლო ამ ტიპის საჩივრისათვის დადგენილია გარკვეული შეზღუდვები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე, რაიონული სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებისა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მოთხოვნის ნაწილში ჰ.ს–ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჰ.სიმონიანს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ კერძო საჩივარზე (#ა-7294-15) დართული სააპელაციო საჩივრის ასლი, ასევე მისი ქონებრივი მდგომაროების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რადგანაც ისინი საქმეში უკვე წარმოდგენილია, ამასთანავე, მათ რაიმე მნიშვნელობა კერძო საჩივრის საფუძვლიანობის კუთხით არ გააჩნიათ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჰ.ს–ის კერძო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. ჰ.ს–ს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე (#ა-7294-15) დართული მტკიცებულებები 31 (ოცდათერთმეტი) ფურცლად.
4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე