№ას-414-391-2014 29 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზ. ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ. მ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ვ. ლ-ე, ტ. ს-ი, რ. ყ-ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ვ. ლ-ემ, ზ. ბ-ემ, ნ. კ-მა, ტ. ს-მა და თ. ყ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჯ. მ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვეს: შპს "ჯ. მ-ის" დირექტორის 2013 წლის 6 აგვისტოს №413/კ ბრძანების ბათილად ცნობა ვ. ლ-ან, ზ. ბ-ან, ნ. კ-ან, ტ. ს-ან და რ. ყ-ან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 1.1; 1.2; 1.3; 1.5; 1.6 პუნქტების ნაწილში და მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი დასაქმებულები იყვნენ შპს "ჯ. მ-ში" ქ. ზესტაფონში, ს-ოს ქუჩა №...-ში არსებულ ქარხანაში. 2013 წლის 6 აგვისტოს შპს ,,ჯ. მ-ის’’ რიგ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ №413/კ ბრძანებით გათავისუფლდნენ სამსახურიდან. მოსარჩელეების აზრით, მათი გათავისუფლება დაკავშირებულია არა რეორგანიზაციასთან, როგორც ოფიციალურად გაფორმდა, არამედ 2013 წლის მაისში შპს ,,ჯ. მ-ში’’ წარმოებულ გაფიცვებში მონაწილეობასთან. ორგანიზაციის წარმომადგენელმა კ. დ-ომ მათ უბრძანა გასულიყვნენ სამუშაოდ გაფიცული მუშების ნაცვლად, რაც არ შეასრულეს, რის გამოც დაემუქრნენ სამსახურიდან გათავისუფლებით და გაათავისუფლეს კიდეც. რ. ყ-ი 2013 წლის 29 ივლისიდან იმყოფებოდა შვებულებაში 11 აგვისტოს ჩათვლით და მისი განთავისუფლება მოხდა შვებულებაში ყოფნის პერიოდში, რაც უკანონოა.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ის, ზ. ბ-ის, ნ. კ-ის, ტ. ს-სა და რ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ლ-ემ, ტ. ს-მა და რ. ყ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ის, ტ. ს-სა და რ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება ვ. ლ-ის, ტ. ს-სა და რ. ყ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ლ-ის, ტ. ს-სა და რ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 6 აგვისტოს №413/კ ბრძანება ვ. ლ-ან, ტ. ს-ან და რ. ყ-ან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ №1.3. № 1.5. №1.6. პუნქტების ნაწილში, შპს ,,ჯ. მ-ს” დაევალა ვ. ლ-ის, ტ. ს-სა და რ. ყ-ის ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა.
სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ,,ჯ. მ-ის’’ კომერციული სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ შპს "ჯ. მ-ის" დირექტორის 2013 წლის 6 აგვისტოს №294 ბრძანებით, 2013 წლის 12 აგვისტოდან შპს "ჯ. მ-ის" სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციისა და საშტატო რიცხოვნობის შემცირების მიზნით, განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, კერძოდ, გაუქმდა კომერციული სამსახური, სათადარიგო ნაწილებისა და საწვავ-საცხები მასალების საწყობი, ლითონების ბიურო, ჯართის უბანი, გასაღების ბიურო, მოწყობილობათა ბიურო, საწვავ-საცხებისა და ნედლი მასალების ბიურო, ანალიტიკური ბიურო, ელექტრო მოწყობილობისა და საკაბელო პროდუქციის ბიურო, დამხმარე მასალების ბიურო, წარმომადგენლობა ქ. ფოთში, ზფქ-ს ავტოსატრანსპორტო საამქროში გაუქმდა მცირე ტვირთამწეობის მძღოლის ერთი საშტატო ერთეული. სულ გაუქმდა 59 საშტატო ერთეული. ამავე ბრძანებით შეიქმნა: კომერციული დირექტორის ერთი და დირექტორის მოადგილის ერთი საშტატო ერთეული, კომერციული სამსახური და ცენტრალური საწყობი, სულ 32 საშტატო ერთეულით;
2013 წლის 6 აგვისტოს შპს ,,ჯ. მ-ის’’ რიგ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ №413/კ ბრძანების 1.3 პუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის საქართვლოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ჯ. მ-ის’’ კომერციული სამსახურის რეორგანიზაციის, კერძოდ, მასში შემავალი რიგი სტრუქტურული ქვედანაყოფების გაუქმებისა და საშტატო რიცხოვნობის შემცირების გამო, 2013 წლის 12 აგვისტოდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა კომერციულ სამსახურში დასაქმებულ დამხმარე მასალების ბიუროს ინჟინერს რ. ლ. ძე ყ-ს;
2013 წლის 6 აგვისტოს შპს ,,ჯ. მ-ის’’ რიგ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ №413/კ ბრძანების 1.5 პუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის საქართვლოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ჯ. მ-ის’’ კომერციული სამსახურის რეორგანიზაციის, კერძოდ, მასში შემავალი რიგი სტრუქტურული ქვედანაყოფების გაუქმებისა და საშტატო რიცხოვნობის შემცირების გამო, 2013 წლის 12 აგვისტოდან შრომითი ურთიერთობა შეუწყდა კომერციულ სამსახურში დასაქმებულ ლითონების ბიუროს უფროსს ვ. ა. ძე ლ-ეს;
2013 წლის 6 აგვისტოს შპს ,,ჯ. მ-ის’’ რიგ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ №413/კ ბრძანების 1.6 პუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის საქართვლოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ჯ. მ-ის’’ კომერციული სამსახურის რეორგანიზაციის, კერძოდ, მასში შემავალი რიგი სტრუქტურული ქვედანაყოფების გაუქმებისა და საშტატო რიცხოვნობის შემცირების გამო, 2013 წლის 12 აგვისტოდან შრომითი ურთიერთობა შეუწყდა კომერციულ სამსახურში დასაქმებულ ლითონების ბიუროს ინჟინერს - ტ. ჟ. ძე ს-ს;
2013 წლის 6 აგვისტოს რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება და 2013 წლის 12 აგვისტოდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება მოსარჩელეებს ჩაბარდათ 2013 წლის 7 აგვისტოს;
აპელანტებთან შპს ,,ჯ. მ-ს” დადებული ჰქონდა უვადო შრომითი ხელშეკრულებები;
საწარმოში განხორციელებული რეორგანიზაციის თანახმად, 30 საშტატო ერთეულიდან შემცირდა 10 საშტატო ერთეული და დარჩა 20 საშტატო ერთეული;
დადგენილია, რომ აპელანტების საშტატო ერთეულები გაუქმებულია;
აპელანტები სარჩელითაც და აპელაციითაც ითხოვენ არა მათ გაუქმებულ საშტატო ერთეულებზე, არამედ კვალიფიკაციის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენას;
აპელანტების სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად, მოპასუხე დაწესებულებამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ა” ქვეუნქტზე, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
სააპელაცო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42.1-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2.1 მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს რა თავიანთი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართეს სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტები შპს ,,ჯ. მ-ის” თანამშრომლები იყვნენ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო გათავისუფლების ბრძანების ფაქტობრივი საფუძველი გახდა ეკონომიკური გარემოებანი, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბრძანების მიღებაში არ არის მითითებული, რა ისეთი ეკონომიკური გარემოება, ტექნოლოგიური ან/და ორგანიზაციული გარემოებები შეიქმნა საწარმოში, ანუ რა კრიზისული მდგომარეობა მოხდა, რომელმაც საწარმო აიძულა მუშაკები დაეთხოვა მაშინ, როცა 30 შტატიდან შემცირდა 10 შტატი და 20 კვლავ დარჩა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი, რამეთუ არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი სამოქალაქო უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტისა თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია ხელშეკრულების მოშლის მიზეზი და უცნობია ან არ დადგინდა დავის წარმოშობის მიზეზი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებზე მითითებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებმა შეძლეს მათი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამტკიცება, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მის მიერ აპელანტთა გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღება კანონის დაცვით მოხდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებთან შრომითი ხელშეკრულების (გარიგების) შეწყვეტით, მოპასუხემ დაარღვია აპელანტთა თანასწორობის პრინციპი, მაშინ, როცა მხარეთა თანასწორუფლებიანობას ეფუძნება მოქმედი შრომის კანონმდებლობა (საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლი).
სააპელაციო პალატის აზრით, შპს ,,ჯ. მ-ის” მიერ სადავო 2013 წლის 6 აგვისტოს №413/კ ბრძანების გამოცემისას დაირღვა კანონის მოთხოვნები, რაც მისი ბათილობის საფუძველია.
სააპელაციო პალატის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ბრძანების მიღებისას დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები, აპელანტთა მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე საფუძვლიანი იყო, ვინაიდან ისინი ადასტურებენ, რომ მათი საშტატო ერთეული გაუქმებულია, მაგრამ ითხოვენ სამუშაოზე აღდგენას მათი კვალიფიკაციის თანახმად და მიიჩნია, რომ შპს ,,ჯ. მ-ს” ვ. ლ-ე, ტ. ს-ი და რ. ყ-ი უნდა უზრუნველეყო ტოლფასი სამუშაოთი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ. მ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ჩათვალა შპს „ჯ. მ-ი“ კანონდამრღვევად.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც ჩათვალა, რომ შპს „ჯ. მ-მა“ ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციისა და კადრების შემცირების აუცილებლობა.
კასატორი გაუგებრად თვლის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოყვანილ ციტატას სამეცნიერი წყაროდან. მისი აზრით გაუგებარია სასამართლოს რომელ დასკვნას ამყარებს აღნიშნული ამონარიდი.
სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სკ-ის 115-ე მუხლი. სასამართლოს მიერ მითითებული ნორმის გამოყენება დაუსაბუთებელი და გაუგებარია, ვინაიდან შპს „ჯ. მ-ის“ რეორგანიზაციის მიზანი არ ყოფილა კონკრეტული პიროვნებების სამსახურიდან გათავისუფლება. რეორგანიზაციის ერთადერთი მიზანი იყო კომერციული სამსახურის ოპტიმიზაცია.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს სამივე გარემოება: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებები. როდესაც სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ერთობლივად სამივე გარემოებაზე, კასატორის აზრით, სასამართლო არასწორად ელოდა შპს „ჯ. მ-ან“ დასაბუთებას სამივე გარემოების თაობაზე, ასეთ დასაბუთებას შპს „ჯ. მ-ი“ ვერ წარადგენდა, რადგანაც სადავო ბრძანება გამოცემულია მხოლოდ ერთი საფუძვლით – ორგანიზაციული ცვლილებით (რეორგანიზაცია).
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ შრომის კანონთა კოდექსის 37.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის არასწორ განმარტებას შედეგად მოჰყვა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ შპს „ჯ. მ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ,,ჯ. მ-ის’’ კომერციული სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ შპს "ჯ. მ-ის" დირექტორის 2013 წლის 06 აგვისტოს №294 ბრძანებით, 2013 წლის 12 აგვისტოდან, შპს "ჯ. მ-ის" სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციისა და საშტატო რიცხოვნობის შემცირების მიზნით, განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები. კერძოდ, გაუქმდა კომერციული სამსახური, სათადარიგო ნაწილებისა და საწვავ-საცხები მასალების საწყობი, ლითონების ბიურო, ჯართის უბანი, გასაღების ბიურო, მოწყობილობათა ბიურო, საწვავ-საცხებისა და ნედლი მასალების ბიურო, ანალიტიკური ბიურო, ელექტრო მოწყობილობისა და საკაბელო პროდუქციის ბიურო, დამხმარე მასალების ბიურო, წარმომადგენლობა ქ. ფოთში, ზფქ-ს ავტოსატრანსპორტო საამქროში გაუქმდა, მცირე ტვირთამწეობის მძღოლის ერთი საშტატო ერთეული. სულ გაუქმდა 59 საშტატო ერთეული. ამავე ბრძანებით შეიქმნა: კომერციული დირექტორის ერთი და დირექტორის მოადგილის ერთი საშტატო ერთეული, კომერციული სამსახური და ცენტრალური საწყობი სულ 32 საშტატო ერთეულით;
2013 წლის 06 აგვისტოს შპს ,,ჯ. მ-ის’’ რიგ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ №413/კ ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ჯ. მ-ის’’ კომერციული სამსახურის რეორგანიზაციის, კერძოდ მასში შემავალი რიგი სტრუქტურული ქვედანაყოფების გაუქმებისა და საშტატო რიცხოვნობის შემცირების გამო, 2013 წლის 12 აგვისტოდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა კომერციულ სამსახურში დასაქმებულ დამხმარე მასალების ბიუროს ინჟინერს რ. ლ. ძე ყ-ს, ლითონების ბიუროს უფროსს ვ. ა. ძე ლ-სა და ლითონების ბიუროს ინჟინერს ტ. ჟ. ძე ს-ს;
2013 წლის 6 აგვისტოს ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ და ბრძანება შრომითი ურთიერთობის 2013 წლის 12 აგვისტოდან შეწყვეტის შესახებ, მოსარჩელეებს ჩაბარდათ 2013 წლის 7 აგვისტოს;
აპელანტებთან შპს ,,ჯ. მ-ს” დადებული ჰქონდა უვადო შრომითი ხელშეკრულებები;
საწარმოში განხორციელებული რეორგანიზაციის თანახმად 30 საშტატო ერთეულიდან შემცირდა 10 საშტატო ერთეული და დარჩა 20 საშტატო ერთეული;
ამასთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტების საშტატო ერთეულები გაუქმებული იყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ასეთი პრეტენზია კასატორის მხრიდან წარმოდგენილი არ არის, ამიტომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოდ ითვლება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
(ა) რეორგანიზაციის შედეგად 30 საშტატო ერთეულიდან შემცირდა 10 საშტატო ერთეული და დარჩა 20 საშტატო ერთეული;
(ბ) აპელანტების საშტატო ერთეულები გაუქმდა.
მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები საფუძვლიანი იყო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებულ ფაქტებთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად არ არის დასაბუთებული. სასამართლომ არ იმსჯელა გასაჩივრებული ბრძანების არაკანონიერების თაობაზე.
სადავო ბრძანებასთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან შესაძლებელია გამოიყოს მხოლოდ მისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ „სადავო ბრძანების მიღებაში არ არის მითითებული რა ისეთი ეკონომიკური გარემოება, ტექნოლოგიური ან/და ორგანიზაციული გარემოებები შეიქმნა საწარმოში ანუ რა კრიზისული მდგომარეობა მოხდა რომელმაც საწარმო აიძულა მუშაკთა დათხოვნა. მაშინ როცა 30 შტატიდან შემცირდა 10 შტატი და 20 კვლავ დარჩა.“
უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო საჩივრისა და საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სადავო ბრძანებით განხორციელდა კომერციული სამსახურის რეორგანიზაცია, და, სწორედ რეორგანიზაცია და არა ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური გარემოებები გახდა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველი.
რეორგანიზაციის შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმებისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს: (ა) რა იყო საწარმოს სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძველი, და (ბ) როგორ განხორციელდა ის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებსაც შედეგად სამუშაო ძალის შემცირება მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო ადგენს რეორგანიზაციისა და მის საფუძველზე სამუშაო ძალის (მათ შორის, მოსარჩელეთა საშტატო ერთეულების) შემცირების ფაქტს, დაუსაბუთებელი რჩება მისი ზემოაღნიშნული მოსაზრება.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება დავყოთ ორ ელემენტად: 1. უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, და 2. აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. პირველი ელემენტით მოცემული გარემოებები (ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები) შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნას მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ (ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ) გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. ეს ნიშნავს იმას, რომ განსახილველი ნორმით მოცემული ელემენტები - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და სამუშაო ძალის შემცირება უნდა არსებობდეს კუმულაციურად.
მაგალითის სახით უნდა აღინიშნოს, რომ საწარმოს ან მისი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია უკანონოა, როდესაც რეალურად ადგილი არ ჰქონდა რეორგანიზაციას, ფორმალური ნიშნების მიხედვით დარჩა იგივე სტრუქტურული ერთეული (ერთეულები), ან ცვლილებით გაუქმებული სტრუქტურების ნაცვლად შემოღებულ იქნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ფორმალური ნიშნით განსხვავდება, მაგრამ შინაარსობრივად იმავე ფუნქციის მატარებელია, რაც ძველი სტრუქტურული ერთეულები. თუმცა ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, რეორგანიზაციის შედეგად პირთა განთავისუფლების უკანონობაზე უნდა უთითებდეს, აგრეთვე, სამუშაო ძალის შემცირების არარსებობა.
როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, რატომ მიიჩნია სასამართლომ სადავო ბრძანება უკანონოდ. სააპელაციო სასამართლო არ უთითებს არცერთ გარემოებაზე, რომელიც გახდებოდა სადავო ბრძანების უკანონოდ ცნობის საფუძველი.
მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლო თვითონვე უთითებს იმაზე, რომ „შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია ხელშეკრულების მოშლის მიზეზი და უცნობია ან არ დადგინდა დავის წარმოშობის მიზეზი“.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ: „აპელანტებთან შრომითი ხელშეკრულების (გარიგების) შეწყვეტით მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა აპელანტთა თანასწორობის პრინციპი, მაშინ როცა მხარეთა თანასწორუფლებიანობას ეფუძნება მოქმედი შრომის კანონმდებლობა (საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლი).“
აღნიშნული წინადადებით სააპელაციო სასამართლო თითქოს შეეხო მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძველს, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ ქმედებას, რაც უკავშირდებოდა მათ მონაწილეობას გაფიცვაში. თუმცა მან არ გამოიკვლია აღნიშნული საფუძველი და არ დაასაბუთა ამ მხრივ თავისი გადაწყვეტილება. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეული იქნა თანასწორობის პრინციპი, მაშინ მას უნდა დაესაბუთებინა რაში გამოიხატა ამ პრინციპის დარღვევა. სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ: „სადავო ბრძანების მიღებაში არ არის მითითებული რა ისეთი ეკონომიკური გარემოება, ტექნოლოგიური ან/და ორგანიზაციული გარემოებები შეიქმნა საწარმოში ანუ რა კრიზისული მდგომარეობა მოხდა რომელმაც საწარმო აიძულა მუშაკთა დათხოვნა. მაშინ როცა 30 შტატიდან შემცირდა 10 შტატი და 20 კვლავ დარჩა,“ - არ არის საკმარისი მოსარჩელეთა მიმართ თანასწორობის პრინციპის დარღვევის დადგენისათვის.
ამ მოსაზრებით სააპელაციო სასამართლო ფაქტიურად უთითებს იმაზე, რომ მოსარჩელეთა მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ ქმედებას. დისკრიმინაცია არის ადამიანთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა. შესაბამისად, დისკრიმინაციული ქმედება თავისი არსით თანასწორუფლებიანობის დარღვევას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო უთითებს თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე, ის მაინც არ იკვლევს და არ ასაბუთებს გადაწყვეტილებას საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე¹“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებით უნდა გამოიკვლიოს არსებობდა თუ არა: (ა) საწარმოს რეორგანიზაციის კანონიერი საფუძვლები, და (ბ) მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ. მ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე