Facebook Twitter

საქმე №ას-414-394-2015 19 ივნისი, 2015 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ი(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 დეკემბრის გადაწყვტილებით ლ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 დეკემბრის გადაწყვტილება თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნატურით გაყოფაზე უარის თქმის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება ლ. ბ-ის სარჩელზე ლ. ბ-ის მიმართ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნატურით გაყოფის მოთხოვნის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. ბ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ნაცვლად სარჩელთა იგივეობაზე მსჯელობისა, ანალოგიის პრინციპი გამოიყენა, რაც მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია.

საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იგივე სარჩელზე. სარჩელი იგივეა, თუ იგივეა სასარჩელო მოთხოვნა (სარჩელის საგანი) სარჩელის საფუძველი და იგი აღძრულია იმავე მხარეებს შორის. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის საგანი) წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 1454-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო წილის ნატურით გამოყოფა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით თვითნებურად შეცვალა და მას „საზიარო უფლების გაუქმება“ უწოდა, სააპელაციო პალატამ კი აღნიშნული მოთხოვნა კიდევ ბუნდოვანი გახადა და მას უწოდა „საზიარო უფლების ნატურით გაუქმების მოთხოვნა“.

სააპელაციო საჩივარში დავის საგნის თვითნებურად შეცვლაზე მითითება თბილისის სააპელაციო სასამართლომ უპასუხოდ დატოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელის საგანი საზიარო უფლების გაუქმება არ შეიძლება იყოს, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წ. 26 ივლისის განჩინებით ეზოში მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც ათეული წლებია ცალ-ცალკე შემოსაზღვრულია მავთულბადით და მხარეთა ინდივიდუალურ სარგებლობაშია, არ ჩაითვალა საზიარო უფლების ობიექტად და განიმარტა, რომ ეს ნაკვეთები სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ამით ნათლადაა გარკვეული, რომ დავის საგანი წინამდებარე სარჩელზე სხვაა და 2010 წელს განხილულ საქმეზე სხვა.

წინამდებარე სარჩელში მოსარჩელეა ლ. ბ-ი, ხოლო მოპასუხე - ლ. ბ-ი. 2010 წლის საქმეში კი მოსარჩელეა ლ. ბ-ი, ხოლო მოპასუხე უ. ბ-ი, რომელიც არის მისი მეუღლის, ლ. ბ-ის უფლებამონაცვლე. ე.ი. ამ დავაში მხარეებიც სხვადასხვააა.

არსებითად განსხვავებულია სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიც: წინამდებარე სარჩელში მითითებულია უდავო ფაქტობრივი გარემოება, რომ ამ ეტაპზე ლ. ბ-ი, ლ. ბ-ის მსგავსად არის სამკვიდრო ქონების მესაკუთრე, რაც უფლებას აძლევს სამოქალაქო კოდექსის 1454-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს სამკვიდრო წილის ნატურით გამოყოფა. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია მიწის ნაკვეთის გამიჯვნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც ათეული წლის განმავლობაში მხარეების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები ზუსტად არის გამიჯნული, რაც მათი იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2010 წლის სარჩელში ზემოაღნიშნული საფუძვლები არ იყო სამართლებრივ საფუძვლად მითითებული. მოსარჩელე ლ. ბ-ს დასახელებული აქვს სამოქალაქო კოდექსის 954-ე და 963-ე მუხლები. ამრიგად, საჩივრის ავტორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში სარჩელთა იგივეობასთან არა გვაქვს საქმე, ე.ი სარჩელებში ერთმანეთს არ ემთხვევა მათი საგანი და საფუძველი.

ასეთ პირობებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივარი არსებითად უნდა განეხილა და არ უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეწყვიტა საქმის წარმოება, ვინაიდან, განსახილველ დავაში სახეზე არ იყო სარჩელთა იგივეობა, ერთმანეთს არ ემთხვეოდა მათი საგანი და საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც დავის ფარგლებში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმის განმხილველმა სასამართლო შემადგენლობამ უნდა გამოიკვლიოს, იყო თუ არა გადაწყვეტილება გამოტანილი იმავე მოდავე მხარეების მიმართ, რა იყო სასარჩელო მოთხოვნა, იყო თუ არა დავის საგანი იდენტური (მოცემულ შემთხვევაში ერთი და იგივე მიწის ნაკვეთის ნატურით გაყოფა) და რას წარმოადგენდა სარჩელის საფუძვლები. „სარჩელის საფუძვლები“ მოცემული ნორმის მიზნებისათვის გულისხმობს სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ დასაბუთებას, თუმცა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს უნდა მიენიჭოს, ვინაიდან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ გამოსაყენებელ სამართლის ნორმას თავად სასამართლო განსაზღვრავს, თუნდაც მხარეს იგი მითითებული არ ჰქონდეს. საქმის წარმოების შეწყვეტის სავალდებულო პირობაა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ყველა პირობა არსებობდეს. ამ ნორმის მიზნებისათვის სასარჩელო მოთხოვნები და სარჩელის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება იდენტური უნდა იყოს, ამასთან მხედველობაში არ მიიღება მოთხოვნის ფორმულირებებს შორის ფორმალური განსხვავება, არამედ მნიშვნელოვანია მათი შინაარსი.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ 1984 წლის 8 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უ. ბ-მა თავის ძმას - ა. ბ-ს აჩუქა ქ. თბილისში, ი-ის ქუჩა #..-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი. შესაბამისად, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილის მესაკუთრედ აღირიცხა ა. ბ-ი, ხოლო ½ - დარჩა უ. ბ-ის საკუთრებაში.

ლ. ბ-მა სარჩელი აღძრა უ. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე, თბილისი, ი-ის ქ. #.. მისი და მოპასუხის უფლების გაუქმება ნივთის ნატურით გაყოფით დამოუკიდებელი ექსპერტის დ. მ-ის მიერ გაცემულ დასკვნაზე დართული ნახაზის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 1. ს.ფ. 42-62). გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2014 წლის 8 მაისს ლ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მამის, უ. ბ-ის სამკვიდროდან (ქ. თბილისში, ი-ის ქ. #..-ში არსებული საცხოვრებელი სახლის ½ წილიდან) წილის გამოყოფა ნატურით იმგვარად, რომ მოსარჩელეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გამოეყოს თბილისში, ი-ის ქ. #..-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდი: .....) განაშენიანებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთი ფართობით 344 კვ.მ. და საცხოვრებელი სახლის მეორე სართული მთლიანად.

საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის გამოყოფასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის მეორე მოთხოვნა განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთიდან 334 კვ.მ.-ის ნატურით გამოყოფის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით და იმავე მხარეებს შორის, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სარჩელით სამართლებრივად მოთხოვნილია მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე) საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფით, სარჩელის საფუძვლები თითოეულ შემთხვევაში არის სხვადასხვა. კერძოდ, პირველი სარჩელით ლ. ბ-ი ითხოვდა განაშენიანებისგან თავისუფალ მიწის ნაკვეთზე უ. ბ-ისა და ლ. ბ-ის საზიარო უფლების გაუქმებას თანამესაკუთრეების საკუთრებაში არსებული 1/2 - 1/2 წილების შესაბამისად, ხოლო მეორე სარჩელით უ. ბ-ის მემკვიდრე ლ. ბ-ი ითხოვს განაშენიანებისგან თავისუფალ იმავე მიწის ნაკვეთზე ლ. ბ-ისა და ლ. ბ-ის საზიარო უფლების გაუქმებას მხარეთა შორის წლების მანძილზე შეთანხმებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესის შესაბამისად, რომელიც დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

ამრიგად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია, შესაბამისად, არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და დავა არსებითად განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნას სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე