(დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი)
საქმე №ას-421-398-2014 3 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ნ.შ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ.ფ. (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - გ.მ.გ ნ.თ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა _ იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა
დავის საგანი - სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ქ.ფ–ის სარჩელი ნ.შ–ის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ..... ტერიტორიული ორგანოსა და ნოტარიუს ნ.თ–ის მიმართ, შ.შ–ის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის საპატიოდ მიჩნევის, ამ ვადის აღდგენისა და 2010 წლის 4 ოქტომბერს ნ.შ–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.ფ–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ.ფ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის საპატიოდ მიჩნევისა და მისი აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე, ადვოკატების მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ფ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ.ფ–ს აღუდგა მამის _ შ.შ–ის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა, ხოლო სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ნ.შ–ს ქ.ფ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის _ 175 ლარის გადახდა, ხოლო ქ.ფ–ს ნ.შ–ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 100 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ნ.შ–მა მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და მოსარჩელისათვის სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმა, ხოლო ქ.ფ–მა _ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.შ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქ.ფ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ფ–ის სარჩელი შ.შ–ის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის საპატიოდ მიჩნევის, ამ ვადის აღდგენისა და 2010 წლის 4 ოქტომბერს ნ.შ–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ქ.ფ–ს ნ.შ–ის სასარგებლოდ დაეკისრა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი) სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 5 ივნისს ჩაბარდა ნ.შ–ს.
2015 წლის 11 ივნისს ნ.შ–მა განცხადებით მომართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ საკასაციო პალატამ მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის ნაწილში იმსჯელა საპროცესო ხარჯების მხარეთა შორის განაწილებაზე, ხოლო მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯის _ 1 000 ლარისა და სააპელაციო სასამართლოში გაწეული ხარჯის _ 500 ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებაზე არ უმსჯელია. ამ გარემოების გათვალისწინებით მხარემ იშუამდგომლა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ნ.შ–ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
განსახილველ შემთხვევაში, ნ.შ. შუამდგომლობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით მოწინააღმდეგე მხარისათვის მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯის _ 1 000 ლარისა და სააპელაციო სასამართლოში გაწეული ხარჯის _ 500 ლარის ანაზღაურების თაობაზე. განმცხადებლის მიერ დაცულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული 7-დღიანი ვადა.
საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით ნ.შ–მა მოითხოვა მის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის _ 500 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება, წარმოადგინა შემოსავლის ორდერი მ.ჩ–თვის საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 500 ლარის გადახდის თაობაზე. შესაგებელში მხარის წარმომადგენლად მითითებულია მ.ჩ., თუმცა საქმის მასალებში არც იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გაცემული მინდობილობა არ მოიპოვება. შესაგებელს ხელს აწერს თავად ნ.შ., ამასთანავე, მ.ჩხეიძე არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა მხარის ინტერესების დასაცავად.
საქმეში წარმოდგენილია ნ.შ–ის მიერ ანდრონიკ სარიბეკოვისა და ე. მ–ის სახელზე გაცემული მინდობილობა, ასევე შეთანხმება LTD GEO LAWYERS-ის ადვოკატ ა.ს–თან ნ.შ–ის ინტერესების დაცვის თაობაზე და ნ.შ–ის მიერ შპს GEO LAWYERS-ის ანგარიშზე 500 ლარის გადახდის ქვითარი, დანიშნულებით „საადვოკატო მომსახურების საფასური“.
სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოს ნ.შ–ის სახელით მიმართა ე.მ–მ, წარადგინა შეთანხმების ასლი და შპს GEO LAWYERS-ის ანგარიშზე საადვოკატო მომსახურების მიზნით ნ.შ–ის მიერ 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად, იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯების გათვალისწინების თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.შ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქ.ფ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ფ–ის სარჩელი შ.შ–ის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის საპატიოდ მიჩნევის, ამ ვადის აღდგენისა და 2010 წლის 4 ოქტომბერს ნ.შ–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ასევე უდავოა ის გარემოება, რომ საკასაციო პალატას გადაწყვეტილების გამოტანისას არ შეუფასებია ნ.შ–ის მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში პროცესის ხარჯების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობები.
საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის ბოლო წინადადებით დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მითითებული ნორმით განსაზღვრულია ის გონივრული ცენზი, რომლითაც მიიღწევა მოგებული მხარის ინტერესების სამართლიანი დაკმაყოფილება, ამასთანავე, გათვალისწინებულია წაგებული მხარის ინტერესებიც იმგვარად, რომ პროცესის ხარჯების განაწილებით მას არ დაეკისროს შეუსაბამოდ დიდი ოდენობის ხარჯის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებდა სამკვიდრო ქონების ¼ ნაწილზე, რომლის საბაზრო ღირებულებაც, როგორც თავად მოსარჩელემ, ისე სააპელაციო სასამართლომ 5 000 ლარით განსაზღვრა. ეს ღირებულება გაზიარებულ იქნა საკასაციო პალატის მიერაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პროცესოს ხარჯის სახით ქ.ფ–ს ნ.შ–ის სასარგებლოდ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გაწეული ხარჯებიდან უნდა დაეკისროს 200-200 (5 000X4%) X2), სულ 400 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 261-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ.შ–ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით იურიდიული მომსახურების ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქ.ფ–ს (პ/N......) ნ.შ–ის (პ/N.....) სასარგებლოდ დაეკისროს პირველსა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის _ 200-200 ლარის, სულ 400 ლარის ანაზღაურება.
3. საკასაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ზ. ძლიერიშვილი