საქმე №010210014514379
საქმე №ას-421-401-2015 3 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ფ.-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ.-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ფ.-ას მიმართ სესხის – 30 000 აშშ დოლარის, 2014 წლის 27 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად აღნიშნული თანხის 3%-ის, სარგებლის – 10380 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 7635 აშშ დოლარის, ასევე 2014 წლის 27 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად ძირითადი თანხის 0,07%-ის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, დავალიანების დაფარვის მიზნით, დადგინდეს იპოთეკით დატვირთული ქ. ბ.-ში, ი.-ის ქ.№...-ში მდებარე (ს/კ №...) ქონების რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ ამონაგები იქნება არასაკმარისი, აღსრულება მიექცეს თ. ფ.-ას საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2012 წლის 7 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა №... სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს დაუმტკიცდა საკრედიტო ხაზი 30000 აშშ დოლარზე და გადაეცა სესხის სახით 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი 4% სარგებლით.
მხარეთა შეთანხმებით, პირგასამტეხლოს ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 4%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 6 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა №... იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა თ. ფ.-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ქ. ბ.-ში, ი.-ის ქ.№..-ში (ს/კ ...).
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სესხის ხელშეკრულებით დამტკიცებული 30000 აშშ დოლარის საკრედიტო ხაზის ფარგლებში სესხი გაიზარდა დამატებით 5000 აშშ დოლარით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, სესხის ხელშეკრულების დანართის – გადახდის გრაფიკის შესაბამისად გადაეხადა ყოველთვიურად 2663.80 აშშ დოლარი, თუმცა ვალდებულება არ შეასრულა. აღნიშნული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვრა მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე, ხოლო სესხის სარგებლობის ვადა განისაზღვრა 12 თვით. მოპასუხის მიერ თანხის არასრული გადახდის გზით დაირღვა სახელშეკრულებო ვალდებულება. 2014 წლის 5 თებერვალს მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება, თუმცა უშედეგოდ.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო სესხის ძირითადი თანხის – 30 000 აშშ დოლარისა და სარგებელის – 3192.26 აშშ დოლარის ნაწილში. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, თ.ფ.-ამ მიუთითა, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ფ.-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 30 000 აშშ დოლარის, პროცენტის (სარგებლის) სახით – 10380 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 1890 აშშ დოლარის, 2014 წლის 27 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის – 30 000 აშშ დოლარის 3%-ის, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.03%-ის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა თ. ფ.-ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ფ.-ამ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: თ. ფ.-ას შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ.-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 30 000 აშშ დოლარის 3% ყოველთვიურად 2014 წლის 27 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის განჩინებით თ. ფ.-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თ. ფ.-ას სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა ხარვეზით, კერძოდ, აპელანტის მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 5000 ლარი.
2015 წლის 27 იანვრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა – 10 დღე და განემარტა, რომ თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განჩინება თ. ფ.-ას ჩაბარდა სატელეფონო შეტყობინების გზით 2015 წლის 28 იანვარს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა აპელანტს ეწურებოდა 2015 წლის 9 თებერვალს – ორშაბათს. აპელანტის განცხადება უსწორობის გასწორების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ხელახლა დაანგარიშების მოთხოვნით სააპელაციო პალატას წარედგინა 2015 წლის 10 თებერვალს (ფოსტის მეშვეობით), სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, 368-ე, 374-ე მუხლების, 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შევსებულა და აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ხელახლა განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს განსაზღვრული ვადის დარღვევით მიმართა, ამდენად, სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. ფ.-ამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის დაკისრება, რადგან გადაწყვეტილების გასაჩივრების მოცულობიდან გამომდინარე, ვარაუდობდა სახელმწიფო ბაჟის სახით არაუმეტეს 2200 ლარის გადახდას. აღნიშნული უზუსტობა გამოწვეული იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობით. ამდენად, საჭირო გახდა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ხელახლა განსაზღვრა, რაც სააპელაციო პალატას თავადაც უნდა განეხორციელებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასწორებული ვარიანტიდან გამომდინარე.
მხარის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული გარემოება, რომ თ.ფ.-ამ დაგვიანებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის თავიდან განსაზღვრის შესახებ, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონოდა სახელმწიფო ბაჟის ხელახლა განსაზღვრის უფლებამოსილება. მეტიც, სააპელაციო პალატა ვალდებულიც იყო, უსწორობის გასწორების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების გათვალისწინებით თავიდან განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, ვინაიდან დავის საგნის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
ამავდროულად, კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საჭირო რეკვიზიტები, რაც შეუძლებელს ხდიდა გარკვეული ოდენობის თანხის გადახდას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ფ.-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ თ. ფ.-ას დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის, ასევე დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის იმდენ ეგზემპლარად წარდგენა, რამდენი მონაწილეც არის საქმეში.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და საქმის მასალებში წარმოდგენილი აქტით (ს.ფ. 146) დასტურდება, რომ 2014 წლის 27 იანვრის განჩინება, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საჭირო რეკვიზიტები, იმავე დღეს სატელეფონო შეტყობინების გზით ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ როინ შავაძეს, რომლის სათანადო უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეზე დართული მინდობილობით (ს.ფ. 63).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების – 2015 წლის 28 იანვრის მომდევნო დღიდან – 2015 წლის 29 იანვრიდან და ამოიწურა 9 თებერვალს (8 თებერვალი იყო უქმე დღე).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად დატოვა განუხილველად თ. ფ.-ას მიერ ხარვეზის შევსების ვადის ამოწურვის შემდეგ – 2015 წლის 10 თებერვალს წარდგენილი განცხადება, რომლითაც მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გადაანგარიშება, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და შედეგად დავის საგნის ღირებულება შემცირდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის ზემოაღნიშნული განცხადების საფუძვლიანობასა და თ. ფ.-ას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ხელახლა განსაზღვრაზე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი სასამართლოს მიმართავდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში, რაც თ.ფ.-ას არ განუხორციელებია.
ასევე დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ აპელანტისათვის ცნობილი არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საჭირო რეკვიზიტები.
უპირველესად აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ შეიცავდა სახელმწიფო ბაჟის სრულყოფილ რეკვიზიტებს. მითითებული სასამართლო აქტი აპელანტს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, რაც სადავო არ გამხდარა. ასეც რომ არ ყოფილიყო, აპელანტს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით, დაუბრკოლებლად მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილებით მხარეს არ უსარგებლია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თ. ფ.-ას სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ფ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური