საქმე№ას-430-409-2015 30 ივნისი, 2015 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. ც-ე, დ. ლ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. თ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლეობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. თ-ის სარჩელი მოპასუხეების – გ. ბ-ის, ნ. გ-ას, თ. გა-სა და გ. გ-ას მიმართ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ ფართზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. თ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გ. ბ-ის, გ. გ-ას, ნ. გ-სა და თ. გ-ის 7750 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდის სანაცვლოდ კ. თ-ე ცნობილ იქნა მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის – ქ. თბილისში, ჭ-ის გამზირი №...-ში მდებარე 34,4 კვ.მ საერთო ფართის (მათ შორის, 12,32 კვ.მ №1 ოთახი, 16,97 კვ.მ №2 ოთახი და 5,11 კვ.მ №3 სამზარეულო) მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გიორგი გაბილაიამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა კ. თ-ემ და მოითხოვა გ. ბ-ის უფლებამონაცვლეებად დ. ლ-ის და კ. ს-ას, ხოლო გ. გ-ას უფლებამონაცვლედ რ. ც-ის ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის განჩინებით კ. თ-ის განცხადება უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა; წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე გ. ბ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ დ. ლ-ე და კ. ს-ა, ხოლო აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე გ. გ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა რ. ც-ე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. ც-ემ და დ. ლ-ემ შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის განჩინებით, რ. ც-ის და დ. ლ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; წარმოდგენილ კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალათ 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის ქვითრის დედანისა და რ. ც-ის და დ. ლ-ის მიერ ლ. კ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა.
2015 წლის 3 ივნის სასამართლოს განცხადებით მომართა რ. ც-ის და დ. ლ-ის წარმომადგენელმა ლ. კ-ემ წარმოადგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით რ. ც-ეს და დ. ლ-ეს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში რ. ც-ის და დ. ლ-ის მიერ ლ. კ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ც-ის და დ. ლ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით რ. ც-ეს და დ. ლ-ეს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში რ. ც-ის და დ. ლ-ის მიერ ლ. კ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება რ. ც-ეს და დ. ლ-ეს ეცნობათ სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 12 ივნისს (იხ.შეტყობინების აქტი ტ. II, ს.ფ.348-349).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 13 ივნისს და დასრულდა ამავე წლის 15 ივნისს. კერძო საჩივრის ავტორებს ამ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც მათი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე, როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად. მითითებული ნორმის საფუძველზე, რ. ც-ეს და დ. ლ-ეს უნდა დაუბრუნდეთ გ. ჩ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით 2015 წლის 1 ივნისს გადახდილი 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
რ. ც-ის და დ. ლ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად; რ. ც-ეს (პ/№...) და დ. ლ-ეს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ჩ-ის (პ/N...) მიერ 2015 წლის1 ივნისს გადახდილი 50 ლარი3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური