Facebook Twitter

საქმე №150210014635243

საქმე №ას-439-418-2015 10 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ლ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. ფ.-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ლ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. ფ.-ის“ მიმართ 2002-2006 წლების სახელფასო დავალიანების – 528 ლარის, ასევე დაყოვნების ყოველი დღისათვის ხელფასის 0.07 პროცენტის – 1025 ლარის გადახდის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა შპს „ს. ფ.-ის“ ა.-ის რაიონის სოფელ ჩ.-ის ფოსტალიონად. მოპასუხეს 2002-2006 წლებში სამუშაოს საზღაური არ გადაუხდია. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, სს „ს. ფ.-ამ“ თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მისი ხანდაზმულობის მოტივით.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით, კერძოდ, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებზე ვრცელდება 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან სახელფასო დავალიანების ანაზღაურება არ წარმოადგენს უბრალო სახელშეკრულებო მოთხოვნას, არამედ წარმოადგენს კანონით წარმოშობილი ვალდებულების აღსრულების მოთხოვნას.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული მსჯელობა მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. პირველ რიგში აღსანიშნავია ხანდაზმულობის ვადების მომწესრიგებელი ნორმების იმპერატიული ხასიათ, რის გამოც მოთხოვნათა ხანდაზმულობის კანონით განსაზღვრული ვადები მხარეთა მიერ შეცვლას არ ექვემდებარება. სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისთვის რაიმე სპეციალურ ვადას საქართველოს შრომის კოდექსი (სადავო ურთიერთობის დროისათვის მოქმედი რედაქცია) არ ითვალისწინებს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შრომის კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 129-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნას, რომელზეც ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად სარჩელი კანონის დარღვევით დაკმაყოფილდა, რადგანაც 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის პირობებში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2006 წელს წარმოშობილი მოთხოვნა სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (2014 წლის ოქტომბერი) ჯერ კიდევ არ იყო ხანდაზმული.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თავის სარჩელს ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სახელფასო დავალიანება – 528 ლარი შპს „ს. ფ.-ას“ ნ. ლ.-ის მიმართ წარმოეშვა 2006 წელს. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის არსებობის შესახებ, მოსარჩელისათვის იმთავითვე ცნობილი იყო, თუმცა როგორც ირკვევა ნ. ლ.-ემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა 2014 წლის 31 ოქტომბერს, კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში სამოქალაქო კოდექსის 138-ე-140-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია.

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ აღიძრა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მიუთითებდა, სარჩელის ხანდაზმულობის გამო, სარჩელის უსაფუძვლობაზე, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად უნდა ჩაითვალოს, რაც მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ლ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, ვინაიდან ხელფასი არ არის საკუთრება და მასზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება.

მხარის მითითებით, სააპელაციო პალატას არ დაუდგენია ის ფაქტი, რომ მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელის მიმართ დავალიანება, რის შესახებ ფინანსური დოკუმენტაცია უკანონოდ გაანადგურა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნ. ლ.-ის სარჩელი ხანდაზმული არ არის. 2013 წელს თავად მოსამართლე ვ.წ.-მა განიხილა დავა ვ. ე.-სა და შპს „ს. ფ.-ას“ შორის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რა დროსაც სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინებით ნ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ლ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ნ. ლ.-ე მუშაობდა შპს „ს. ფ.-ის“ ა.-ის რაიონის სოფელ ჩ.-ის ფოსტალიონად.

წარმოდგენილი სარჩელით ნ. ლ.-ემ მოითხოვა შპს „ს. ფ.-ისთვის“ მის სასარგებლოდ 2002-2006 წლების სახელფასო დავალიანების – 528 ლარის, ასევე, დაყოვნების ყოველი დღისათვის ხელფასის 0.07 პროცენტის – 1025 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარემ სარჩელით სასამართლოს მიმართა 2014 წლის ოქტომბერში.

მოცემული საკასაციო საჩივრით ნ. ლ.-ე სადავოდ ხდის სახელფასო დავალიანებაზე სამწლიანი ხანდაზმულობის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლი) გავრცელების კანონიერებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ მოქმედი ხანდაზმულობის საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2013 წლის 20 მაისის №ას-1432-1351-2012 განჩინება, სუს 2011 წლის 14 აპრილის №ას-211-198-2011 განჩინება, სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-868-830-2014 განჩინება).

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური