საქმე №120210014426563
საქმე №ას-451-430-2015 17 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ., დ. და თ. ბ.-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ.-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ., დ., ს. და თ. ბ.-ების მიმართ სესხის დაბრუნების, ასევე იპოთეკით დატვირთული მოპასუხეთა კუთვნილი უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, სს „ს. ბ.-მა“ მოპასუხეებთან გააფორმა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებები და გადასცა თანხა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეთა კუთვნილი უძრავი ქონება. ვ., დ., ს. და თ. ბ.-ებმა ფულადი ვალდებულება სათანადოდ არ შეასრულეს.
მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. მოპასუხეებმა მიიჩნიეს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით. მხარემ მიიჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დიდია და უნდა განისაზღვროს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,01%-ით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ., დ. და თ. ბ.-ებს სოლიდარულად დაეკისრათ სს „ს. ბ.-ის“ წინაშე არსებული დავალიანების – 100550.95 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 95 906,17 აშშ დოლარი, საკრედიტო ხელშეკრულებაზე დარიცხული პროცენტი – 4 644,78 აშშ დოლარი, ვ. ბ.-ს სს „ს. ბ.-ის“ სასარგებლოდ ასევე დაეკისრა საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების – 7151,57 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 6605,06 ლარი, საპროცენტო სარგებელი – 446,51 ლარი, პირგასამტეხლო – 100 ლარი, სს „ს. ბ.-ს“ უარი ეთქვა, მოპასუხე ვ. ბ.-ისათვის საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ნაწილის – 957,49 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე, გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით და გირავნობით დატვირთულ ქონებათა რეალიზაციის გზით, იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკით და გირავნობით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, აღსრულება უნდა მომხდარიყო ვ., დ. და თ. ბ.-ების სხვა ქონებიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ვ., დ. და თ. ბ.-ებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
2011 წლის 25 მაისს სს „ს. ბ.-სა" და ინდივიდუალურ მეწარმე ვ. ბ.-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების №.. ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 500 000 აშშ დოლარის მოცულობით, 10 წლის ვადით, საპროცენტო სარგებლის დარიცხვით წლიური 6%-დან 42%-მდე.
2011 წლის 25 მაისს №.. ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად სს „ს. ბ.-სა“ და ვ. ბ.-ს შორის გაფორმდა იპოთეკის №..-ბ, №..-თ ხელშეკრულებები, რომლებითაც იპოთეკით დაიტვირთა ვ. ბ.-ის უძრავი ნივთები ახალციხეში, გოგებაშვილის ქუჩა №80-სა და ახალციხის რაიონი სოფელი მინაძეში.
2011 წლის 11 ივლისს საკრედიტო ხაზით მომსახურების №.. ხელშეკრულების ფარგლებში სს „ს. ბ.-მა“ ვ. ბ.-ს გადასცა „..“ საკრედიტო ბარათი.
2012 წლის 24 თებერვალს სს „ს. ბ.-სა“ და ვ. ბ.-ს შორის დაიდო №.. ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №..-.., რომლითაც ვ. ბ.-ზე გაიცა სესხი 150 000 აშშ დოლარი 48 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 14%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%.
2012 წლის 24 თებერვალს №..-.. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ს. ბ.-სა“ და დ. ბ.-ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ №..-..-ი ხელშეკრულება, რომლითაც დ. ბ.-მა სრული პასუხისმგებლობა აიღო ვ. ბ.-ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე.
2012 წლის 24 თებერვალს, №..-.. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ს. ბ.-სა“ და თ. ბ.-ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ №..-..-კ ხელშეკრულება, რომლითაც თ. ბ.-მა სრული პასუხისმგებლობა აიღო ვ. ბ.-ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე.
2013 წლის 22 იანვარს სს „ს. ბ.-სა“ და ვ. ბ.-ს შორის №.. ხელშეკრულების და მის ფარგლებში მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, გაფორმდა იპოთეკის №..-ა, №..-გ, №..-ვ, ..-ზ ხელშეკრულებები, რომლებითაც იპოთეკით დაიტვირთა ქ.ახალციხეში მდებარე ვ. ბ.-ის უძრავი ნივთები.
სს „ს. ბ.-სა“ და ს. ბ.-ს შორის №.. ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად გაფორმდა №..-დ გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც გირავნობით დაიტვირთა ს. ბ.-ის კუთვნილი თურქული ფირმა „თ.-ის“ მიერ წარმოებული წისქვილი ქ.ა.-ში, თ.-ის ქ.№..-ში.
მოვალე ვ. ბ.-მა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, არ გადაიხადა კრედიტის თანხა დაფარვის გრაფიკის მიხედვით. აღნიშნულზე ბანკმა გააფრთხილა მოპასუხეები, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დაზუსტებული სარჩელის შეტანის მომენტისთვის სს „ს. ბ.-ის“ მიმართ ვ. ბ.-ს №..-.. საკრედიტო ხელშეკრულებაზე ერიცხებოდა დავალიანება –100550,95 აშშ დოლარი, მათ შორის ძირი – 95 906.17 აშშ დოლარი, სესხის პროცენტი – 4644,78 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 0.00, ხოლო, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებაზე – 8112,06 ლარი, ძირი – 6605,06 ლარი, სესხის პროცენტი – 449,51 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 1057,49 ლარი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტებმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს იმ ნაწილში, რომლითაც მათ სს „ს. ბ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ საპროცენტო სარგებელი – 4644,78 აშშ დოლარისა და 446,51 ლარის ოდენობით. საჩივრის ავტორები სააპელაციო პრეტენზიას აფუძნებენ ორ გარემოებაზე: 1. მათ ამ ნაწილში სარჩელი არ უცვნიათ; 2. საპროცენტო სარგებელი დაფარეს სარჩელის შეტანამდე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტების (მოპასუხეების) პრეტენზია იმის შესახებ, რომ მათ საპროცენტო სარგებლის ნაწილში სარჩელი არ უცნიათ. მოპასუხეებმა შესაგებელში მიუთითეს, რომ სარჩელს ცნობდნენ ნაწილობრივ, თუმცა არ ირკვევა, კონკრეტულად რა ნაწილში ცნო იგულისხმებოდა. ეს საკითხი მოპასუხეებმა დააზუსტეს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისის სხდომაზე, სადაც მათმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხეები სარჩელს ცნობდნენ მხოლოდ ძირითადი დავალიანების დაკისრების ნაწილში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილისა და 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ძირითადი დავალიანების და საპროცენტო სარგებლის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობა, თუმცა, როგორც აღინიშნა, მას საპროცენტო სარგებლის ნაწილში ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა არ გააჩნდა.
მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მითითება, რომ ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა, რადგან სს „ს. ბ.-ის“ მიერ სარჩელის აღძვრამდე მათ სარგებლის სახით გადაიხადეს 50 000 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტებს აღნიშნულ ფაქტზე შესაგებელში არ მიუთითებიათ, მეტიც, შესაგებელი საერთოდ დაუსაბუთებელია („არაკვალიფიციური შესაგებელი“). სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა მიუთითა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე, თუმცა საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს მათ მიერ სს „ს. ბ.-ისთვის“ 50 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, რაც, თავის მხრივ, მოიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პროცენტებს (სარგებელს).
ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზარა აპელანტების არგუმენტი და პრეტენზია, რომ მოცემული დავა უნდა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო კოდექსის 378-ე და 387-ე მუხლების გამოყენებით. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების რიგითობა მხარეებს შეთანხმებული ჰქონდათ საკრედიტო ხელშეკრულებით.
რაც შეეხება სააპელაციო პრეტენზიას აპელანტების მძიმე ფინანსური მდგომარეობის გაუთვალისწინებლობის შესახებ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტების მძიმე ფინანსური მდგომარეობა არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, ამასთან, ეს გარემოება ვერ გახდება სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან მოპასუხეთა გათავისუფლების საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 867-ე მუხლის, 868-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, მე-400 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარი საპროცენტო სარგებლის ნაწილშიც, რადგან დადგენილია მსესხებლისა და თავდები პირების მიერ ხელშეკრულებების პირობების დარღვევისა და ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ., დ. და თ. ბ.-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სესხის ძირითადი თანხის – 95906,17 აშშ დოლარის, სარგებლის – 4644,78 აშშ დოლარისა და საკრედიტო ბარათზე დარიცხული სარგებლის – 446,49 ლარის ნაწილში შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
მოპასუხეებმა სარგებელი წინასწარ გადაიხადეს იმ პირობით, რომ აღნიშნულზე შემდგომ დავა აღარ ყოფილიყო. კრედიტორმა მიიღო ვალის ნაწილის შესრულება, შესაბამისად, ხელმეორედ თანხა მოპასუხეებს აღარ უნდა დაკისრებოდათ.
კასატორმა მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა და სააპელაციო პალატამაც უკანონოდ გაიზიარა მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის ფაქტი სესხის ძირითად თანხებზე სარგებლის დაკისრების შესახებ. ფაქტობრივად, მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ საქმის სასამართლოში წარმართვამდე მათ უკვე გადაიხადეს სარგებლის თანხა – 50 000 აშშ დოლარი და, შეთანხმების მიხედვით, სარჩელი სარგებლის დარიცხვის თაობაზე სასამართლოში არ უნდა წარდგენილიყო.
მხარის მითითებით, არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა არგუმენტი, რომ ფულადი ვალდებულების შესრულება ვერ შეძლეს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც ფორსმაჟორულ გარემოებად უნდა ჩაითვალოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინებით ვ., დ. და თ. ბ.-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ვ., დ. და თ. ბ.-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 25 მაისს სს „ს. ბ.-სა" და ინდივიდუალურ მეწარმე ვ. ბ.-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების №.. ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 500 000 აშშ დოლარის მოცულობით, 10 წლის ვადით, საპროცენტო სარგებლის დარიცხვით წლიური 6%-დან 42%-მდე.
2011 წლის 25 მაისს №.. ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად სს „ს. ბ.-სა“ და ვ. ბ.-ს შორის გაფორმდა იპოთეკის №..-ბ, №..-თ ხელშეკრულებები, რომლებითაც იპოთეკით დაიტვირთა ვ. ბ.-ის უძრავი ნივთები ახალციხეში, გოგებაშვილის ქუჩა №80-სა და ახალციხის რაიონის სოფელი მინაძეში.
2011 წლის 11 ივლისს საკრედიტო ხაზით მომსახურების №.. ხელშეკრულების ფარგლებში სს „ს. ბ.-მა“ ვ. ბ.-ს გადასცა „..“ საკრედიტო ბარათი.
2012 წლის 24 თებერვალს სს „ს. ბ.-სა“ და ვ. ბ.-ს შორის დაიდო №.. ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №..-.., რომლითაც ვ. ბ.-ზე გაიცა სესხი 150 000 აშშ დოლარი 48 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 14%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%.
2012 წლის 24 თებერვალს №..-.. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ს. ბ.-სა“ და დ. ბ.-ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ №..-..-ი ხელშეკრულება, რომლითაც დ. ბ.-მა სრული პასუხისმგებლობა აიღო ვ. ბ.-ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე.
2012 წლის 24 თებერვალს, №..-.. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ს. ბ.-სა“ და თ. ბ.-ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ №..-..-კ ხელშეკრულება, რომლითაც თ. ბ.-მა სრული პასუხისმგებლობა აიღო ვ. ბ.-ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე.
2013 წლის 22 იანვარს სს „ს. ბ.-სა“ და ვ. ბ.-ს შორის №.. ხელშეკრულების და მის ფარგლებში მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, გაფორმდა იპოთეკის №..-ა, №..-გ, №..-ვ, ..-ზ ხელშეკრულებები, რომლებითაც იპოთეკით დაიტვირთა ქ.ახალციხეში მდებარე ვ. ბ.-ის უძრავი ნივთები.
სს „ს. ბ.-სა“ და ს. ბ.-ს შორის №.. ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად გაფორმდა №..-დ გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც გირავნობით დაიტვირთა ს. ბ.-ის კუთვნილი თურქული ფირმა „თ.-ის“ მიერ წარმოებული წისქვილი ქ.ა.-ში, თ.-ის ქ.№12-ში.
მოვალე ვ. ბ.-მა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, არ გადაიხადა კრედიტის თანხა დაფარვის გრაფიკის მიხედვით. აღნიშნულზე ბანკმა გააფრთხილა მოპასუხეები, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დაზუსტებული სარჩელის შეტანის მომენტისთვის სს „ს. ბ.-ის“ მიმართ ვ. ბ.-ს №..-.. საკრედიტო ხელშეკრულებაზე ერიცხებოდა დავალიანება –100550,95 აშშ დოლარი, მათ შორის ძირი – 95 906.17 აშშ დოლარი, სესხის პროცენტი – 4644,78 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 0.00, ხოლო, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებაზე – 8112,06 ლარი, ძირი – 6605,06 ლარი, სესხის პროცენტი – 449,51 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 1057,49 ლარი.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორებმა სადავოდ გახადეს ფულადი ვალდებულების შესრულების კანონიერება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს – ვ., დ. და თ. ბ.-ებს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ც. მ.-ის მიერ 2015 წლის 18 მაისის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 571 ლარის 70% – 399,7 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ., დ. და თ. ბ.-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ვ. (პირადი №..), დ. (პირადი №..) და თ. ბ.-ებს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ც. მ.-ძის მიერ 2015 წლის 18 მაისის №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 571 ლარის 70% – 399,7 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური