საქმე №ას-461-440-2015 24 ივნისი, 2015 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ძ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. ა-პ გ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მიუღებელი ხელფასისა და გაცემის დაყოვნებისათვის გადაუხდელი თანხის 0.07 %-ის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. ძ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. ა-პ გ-ის“ მიმართ და მოითხოვა მიუღებელი ხელფასისა და მისი გაცემის დაყოვნებისათვის გადაუხდელი თანხის 0.07%-ის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ძ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინებით ნ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მომხსენებლი მოსამართლის მიერ საქმის განსახილევლად მომზადებისა და მისი კოლეგიური შემადგენლობისათვის გაცნობისას გამოირკვა, რომ განსახილველი დავის საგნის ღირებულება იყო დაახლოებით 200 ლარი. კერძოდ: აპელანტი სადავოდ ხდიდა მისთვის 2003 წელს ხელფასის სახით გაუცემელ 50 ლარს და აცხადებდა, რომ დამსაქმებელმა მას დააკლო 5-5 ლარი 2003 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდის ხელფასების გაცემისას, საერთო ჯამში, ათ თვეში 50 ლარი. აპელანტი ასევე პრეტენზიას აცხადებდა ამ თანხის გაცემის დაყოვნებისათვის თითოეულ დღეზე გაუცემელი თანხის 0.07%-ის ანაზღაურებაზე (2004 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 16 დეკემბრამდე, ანუ სარჩელის აღძვრამდე).
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
პალატამ აღნიშნა, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია საააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობები, რომელთა ერთობლივად არსებობის შემთხვევაში ხდება სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილევლად მიღება. ერთ-ერთი ასეთი პირობაა სააპელაციო საჩივრის ღირებულება.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვინაიდან ნ. ძ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს და აღნიშნული გამოვლინდა საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 374-ე მუხლის შესაბამიად, არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ძ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განსახილველი დავა არის შრომით სამართლებრივი და არა ქონებრივი დავა. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ძ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
გასაჩივრებული განჩინებით ნ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ძ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა 2003 წლის სახელფასო დავალიანების 60 ლარისა და ყოველ დაყოვნებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხე შპს „ს. ა-პ გ-ისთვის“. საერთო ჯამში მოთხოვნილი თანხა შედგენდა დაახლოებით 200 ლარს. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნილი თანხის ოდენობა კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია არც ერთი ინსტანციის სასამართლოში.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი და შრომით-სამართლებრივი დავა მიიჩნია ქონებრივ დავად.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ, მართალია, მოცემული დავა შრომით-სამართლებრივია, მაგრამ ამავდროულად იგი ქონებრივი ხასიათის დავაა, ვინაიდან ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე და, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნას საფუძვლად შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, იგი ქონებრივ-სამართლებრივია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი და სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. ძ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე