Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

2 ივნისი, 2015 წელი

№ას-462-441-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ლ.

მოწინააღმდეგე მხარეები – ზ.ა, კ. გ., შპს „ი-ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების შეფასების უკანონოდ ცნობა და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.ლ.-ს სარჩელი შპს „ი.-ს“ 2014 წლის 8 მაისის №1405-0801 უძრავი ქონების შეფასების უკანონოდ ცნობისა და 63 262 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ლ.-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით ლ.ლ.-ს სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ.ლ.-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ლ.-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2015 წლის 20 მაისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ ფრიდონ ბასილაიას (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 167), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის მიხედვით, ითვლება მარწმუნებლისათვის ჩაბარებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 21 მაისს და ამოიწურა 2015 წლის 25 მაისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ.ლ.-მ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ლ.-ს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე