Facebook Twitter

საქმე №330210014666522

საქმე №ას-463-442-2015 3 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზ. ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ააიპ სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი „უ.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ც.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა. ც.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ააიპ სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი „უ.-ის“ მიმართ 8815 ლარის ანაზღურების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, ორივე ორგანიზაცია ფუნქციონირებდა ერთსა და იმავე შენობაში თ.-ში, ყ.-ის №...-ში, სადაც კომუნალური გადასახადების გადამხდელ აბონენტად რეგისტრირებული იყო მხოლოდ მოსარჩელე. იგი წლების მანძილზე იხდიდა მოპასუხის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადს.

2012 წლის 25 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა დავალიანების დაფარვის შესახებ შეთანხმება, რომლითაც მოპასუხეს უნდა დაეფარა მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და წყლის ღირებულება მრიცხველის ჩვენების შესაბამისად, ასევე გასული პერიოდის დავალიანება 12 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ მოპასუხე იხდიდა მიმდინარე გადასახადებს და დაფარა ძველი დავალიანების ნაწილი – 3685 ლარი, თუმცა გადასახდელი დარჩა 8815 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა. ც.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7968 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 372-ე მუხლებით, 2591 მუხლით და მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი; ბ) ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის უფლების სუბიექტებს, ანუ იმ პირებს, რომლებმაც შეიძლება გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით და მას მიანიჭონ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე, 96-ე და 98-ე მუხლები).

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი, უპირველესად, გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მხარე ან გასაჩივრების უფლებით აღჭურვილი მისი წარმომადგენელი. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, გასაჩივრების ზემოთ მითითებული წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, მართალია, არ ესწრება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მაგრამ მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადაწყვეტილების გამოტანის წესს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადების შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მისი გამოცხადების თარიღი და აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი დაადასტურებენ ხელის მოწერით.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2015 წლის 20 იანვრის სხდომას ესწრებოდნენ მოპასუხე სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი „უ.-ის“ წარმომადგენლები – ზ. ს.-ე, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდზე (www.napr.gov.ge) განთავსებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, არის სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი უ.-ის გამგეობის თავმჯდომარე, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მ. ტ.-ე, მაგრამ ამ სხდომაზე გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა, სასამართლომ ისარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლებით და სხდომა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მიზნით, გადადო 2015 წლის 10 თებერვალს.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ 2015 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. აღნიშნულ სხდომას ასევე ესწრებოდნენ სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი „უ.-ის“ წარმომადგენლები – ზ. ს.-ე და მ. ტ.-ე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2591 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზემოთ მითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, გარკვეულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ სასამართლო სხდომას, რომელზეც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, ესწრებოდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი აპელანტი, ამდენად, იგი, არა უადრეს 2015 წლის 2 მარტისა და არა უგვიანეს 12 მარტისა, უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. მხარე ამ ვადაში არ გამოცხადდა, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 13 მარტიდან და ამოიწურა 2015 წლის 26 მარტს, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2015 წლის 30 მარტსაა შეტანილი, თავის მხრივ სააპელაციო საჩივარი სწორედ აღნიშნული თარიღითაა აპელანტის მიერ ხელმოწერილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრი „უ.-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაზე შეტანილია კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, იგი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ააიპ სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრმა „უ.-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2015 წლის 10 თებერვალს. არ დაეთანხმა რა დავის გადაწყვეტის შედეგს, მოპასუხემ მაშინვე გამოთქვა სააპელაციო საჩივრის შეტანის სურვილი, რის გამოც ცენტრი „უ.-ის“ წარმომადგენელმა მ. ტ.-ემ 2015 წლის 2-12 მარტს და შემდეგაც არაერთხელ მიმართა მოსამართლის თანაშემწეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა სასამართლო აქტი ვერ ჩაიბარა იმ მიზეზით, რომ იგი ჯერ მზად არ იყო. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს სატელეფონო ზარები მოსამართლე ტაბატაძის თანაშემწესთან.

მხარის განმარტებით, მოპასუხეს სადავო დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2015 წლის 17 მარტს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა აპელანტს არ დაურღვევია, რადგან მხარეს არ უნდა წაერთვას გასაჩივრების უფლება იმის გამო, რომ სასამართლოს მიზეზით გვიან ჩაბარდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ გასაჩივრების მსურველი მხარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა, არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის საფუძველი, ვინაიდან მხარისათვის გადაწყვეტილების შინაარსი ცნობილი არ იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ააიპ სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრ „უ.-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში სადავოა ააიპ სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრ „უ.-ის“ მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დაცვის საკითხი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.

აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამდენად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრ „უ.-ის“ წარმომადგენლები – ზ. ს.-ე და მ. ტ.-ე, რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობით (ს.ფ. 63).

საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ცენტრი „უ.-ის“ წარმომადგენელი 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება. აღნიშნული ფაქტის დადასტურება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, აპელანტი მხარის მოვალეობას წარმოადგენდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის არგუმენტს, რომ აპელანტმა კანონით დადგენილ დროს სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება შეასრულა. მხოლოდ მხარის განმარტება და მითითება სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან მოპასუხეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის წერილობით არ მიუმართავს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591 მუხლებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს, 2015 წლის 13 მარტს და ამოიწურა 2015 წლის 26 მარტს, მოპასუხემ კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 30 მარტს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ააიპ სამედიცინო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრ „უ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე