საქმე №330210013368556
საქმე №ას-470-449-2015 24 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 6 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ბ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ააიპ „ქ.თბილისის №... საბავშვო ბაგა-ბაღიის“ მიმართ მოპასუხეებისათვის სოლიდარულად უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული 1912 ლარის დაკისრების შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2008 წლის 24 სექტემბრიდან თ. ბ.-ე ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულაა 128 180. მოსარჩელის შვილები – 2008 წლის 23 მაისს დაბადებული ლ. და ლზ. ბ.-ეები 2011-2013 წლებში დადიოდნენ №... საბავშვო ბაგა-ბაღში. მოსარჩელეს 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მაისის ჩათვლით გადახდილი აქვს საბავშვო ბაღის მიერ გაწეული მომსახურების საფასური ყოველთვიურად ორივე ბავშვზე 112.5 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 1 912 ლარს.
მხარის განმარტებით, ქ.თბილისის მთავრობის 2011 წლის 8 აგვისტოს №21.17.889 დადგენილებით სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 200000-ზე ნაკლებია, გათავისუფლდნენ დაწესებული მომსახურების ღირებულების გადასახადისაგან. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ ამ ოჯახების ბავშვების მომსახურების ღირებულებას 80 ლარის ოდენობით ნებისმიერ ბაგა-ბაღში აანაზღაურებდა ქ. თბილისის მერია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ბაგა-ბაღს სოციალურად დაუცველი ბავშვების შესახებ ინფორმაცია მოეპოვებოდა შესაბამისი ვებგვერდიდან, რომელზე ინფორმაციის განთავსება ხდებოდა თავად სოციალურად დაუცველი პირების ან, მათი მითითებით, ბაგა-ბაღის ადმინისტრაციის მიერ. მოპასუხეებისათვის უცნობი იყო, იმყოფებოდა თუ არა თ. ბ.-ე სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და ჰქონდა თუ არა 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით თ. ბ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ.თბილისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1912 ლარის გადახდა, რაც ქ.თბილისის მერიამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა, რაზეც აპელანტმა შეიტანა საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება საჩივრის ავტორს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით და განმარტა, რომ 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. აღნიშნულ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა, თუმცა რიგ შემთხვევებში ცალკეული გარემოებების დადასტურებისათვის საჭირო მტკიცებულებათა სახეობას განსაზღვრავს კანონი.
მოცემულ შემთხვევაში სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის საფუძვლით, საპატიო მიზეზად კი დასახელებულია ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო აღნიშნული საქმე, 2014 წლის 31 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე დატოვა მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური და მერიას არ ჰქონდა გონივრული ვადა, რათა ეფექტურად მოეხდინა მითითებული თანამშრომლისათვის დაკისრებულ მოვალეობათა გადანაწილება შტატით გათვალისწინებულ სხვა თანამშრომლებზე იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში რამდენიმე თანამშრომელმა ასევე დატოვა სამსახური და, ფაქტობრივად, არსებობდა შიდა სტრუქტურული საკადრო პრობლემები.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილება, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იცავს ქ. თბილისის მერიის ინტერესებს სასამართლო ორგანოებში. თავის მხრივ, სამსახური და თითოეული განყოფილება შედგება გარკვეული რაოდენობის თანამშრომლებისაგან, რომელთა მიერ უშუალოდ ხორციელდება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასამართლოში წარმომადგენლობა.
კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელიც მოცემულ საქმეზე წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდა, გათავისუფლდა სამსახურიდან, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს იმ საპატიო მიზეზს, რის გამოც უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მერიის თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა 2014 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებით, სხდომა კი სასამართლოში დანიშნული იყო 2014 წლის 11 ნოემბერს. უწყება თბილისის მერიას ჩაბარდა ამავე წლის 18 სექტემბერს. კანონმდებელი მხარეს აკისრებს ვალდებულებას, დროულად აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის შესახებ. სააპელაციო საჩივრის ავტორს წარმოადგენს თბილისის მერია. მას საკმაო დრო ჰქონდა, 2014 წლის 31 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე მიეწოდებინა ინფორმაცია სასამართლოსათვის მერიაში მიმდინარე პროცესებისა და გამოუცხადებლობის თაობაზე. აპელანტს შეეძლო, 31 ოქტომბერს ნუცა მჟავანაძის გათავისუფლების შემდეგ მიემართა სასამართლოსთვის და ეცნობებინა კონკრეტული რწმუნებულის მიერ ნაწარმოები საქმეების განხილვის გადადების მოთხოვნით, თუნდაც იმ მიზეზით, რომ რამდენიმე იურისტი გათავისუფლდა სამსახურიდან და სასამართლო იმსჯელებდა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს მხარეებს გარკვეულ პროცესუალურ ვალდებულებებს, რომელთა დროული შეუსრულებლობა იწვევს პროცესუალურად საზიანო შედეგს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ სასამართლოს არ უნდა მიეღო ფორმალურად სასამართლო უწყების ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ჩაბარება.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო უწყება ჩაბარდა აპელანტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილით გათვალისწინებული წესის დაცვით. სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება ჩაბარდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციას. ჩაბარების დასტური ხელმოწერილია ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის მიერ და დამოწმებულია შესაბამისი ბეჭდით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს იმ საპატიო მიზეზის არსებობას, რომლის თაობაზეც მხარეს არ შეეძლო, თავის დროზე შეეტყობინებინა სასამართლოსთვის. ამგვარ მიზეზად ვერ განიხილება უწყების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციიდან უფლებამოსილ თანამდებობის პირამდე არმისვლის საკითხი, მით უფრო, რომ დაუსაბუთებელია პოზიცია, თუ რატომ არ შეეძლო მერიას, მიემართა სასამართლოსთვის მისი მონაწილეობით მიმდინარე პროცესების გადადების მოთხოვნით, თუკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ჰყავდა იმ მოხელეების საკმაო რაოდენობა, ვინც უზრუნველყოფს მერიის წარმომადგენლობას სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ ქ.თბილისის მერიამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მითითებით, ქ.თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქ.თბილისის მერიის დებულება, რომლის მე-2 მუხლის მიხედვით, ქ.თბილისის მერია წარმოადგენს თვითმმართველობის ორგანოთა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქ.თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას. ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დედაქალაქის თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემა – ქალაქ თბილისის მერია მოიცავს: ქ. თბილისის მთავრობასა და ქ. თბილისის რაიონების გამგეობებს. დებულების მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქალაქო სამსახური არის ქ. თბილისის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, შესაბამისი დარგის მართვისათვის შექმნილი ორგანო, რომელიც ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულია. საქალაქო სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქ. თბილისის მერის მიერ დამტკიცებულ სამსახურის დებულებით, რომელსაც წარადგენს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი.
ქ. თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №28 ბრძანებით დამტკიცებულია ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულება, რომლის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი განყოფილება, კერძოდ, სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იცავს ქ. თბილისის მერიის (მთავრობის, ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების) ინტერესებს სასამართლო ორგანოებში. თავის მხრივ, სამსახური და თითოეული განყოფილება შედგება გარკვეული რაოდენობის შტატით გათვალისწინებული თანამშრომლებისაგან, რომელთა მიერ უშუალოდ ხორციელდება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასამართლოში წარმომადგენლობა.
კასატორმა განმარტა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური 2014 წლის 31 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე დატოვა თანამშრომელმა, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა აღნიშნული საქმე და სამსახურის უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ახორციელებდა მითითებულ საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესების დაცვას.
ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის მომენტიდან, მას თანმდევი შედეგით შეუწყდა სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რის გამოც აღმოჩნდა, რომ სამსახურს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია არ გააჩნდა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ესაჭიროებოდა გონივრული ვადა, რათა ეფექტურად მოეხდინა მითითებულ თანამშრომელზე დაკისრებულ მოვალეობათა გადანაწილება შტატით გათვალისწინებულ სხვა თანამშრომლებზე, რაც ტექნიკური თვალსაზრისით გულისხმობდა, თითოეული საქმის (დაახლოებით 100 საქმის) დეტალურ გაცნობას და კონკრეტულ თანამშრომელზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაფორმებას.
მხარის მითითებით, გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი მოიცავდა მხოლოდ 6 სამუშაო დღეს, რაც გულისხმობდა, რომ ადმინისტრცაიულ ორგანოს არ გააჩნდა გონივრული ვადა, რათა დაედგინა თითოეული, დაახლოებით 100 საქმის მიმდინარეობის ეტაპი და უზრუნველყო შესაბამისი წარმომადგენლობა. ამასთან, აღნიშნული თანამშრომლის გარდა, მითითებული განყოფილება პირადი განცხადებით დატოვა კიდევ სამმა თანამშრომელმა, რომელთა წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეწია ანალოგიური სამუშაოები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა გონივრული ვადა და შესაძლებლობა, რათა ეფექტურად მოეხდინა წარმოებაში არსებული ყველა და მათ შორის აღნიშნულ საქმეზე რეაგირება.
კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებები წარმოადგენდა საპატიო მიზეზს და სააპელაციო პალატამ სასამართლო უწყება მხარეს მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით არასწორად ჩააბარა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილებას ახორციელებდა არა პირადად, არამედ სტრუქტურული ერთეულებისა და დასაქმებულ თანამშრომელთა მეშვეობით. სასამართლოს არ უნდა მიეღო ფორმალურად სასამართლო უწყების ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ჩაბარება, არამედ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო აღნიშნული უწყების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილ ორგანომდე და უფლებამოსილ თანამდებობის პირამდე მისვლა-არმისვლის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ვითარება, რომ ამ პერიოდში მიმდინარეობდა თანამშრომელთა დაქვემდებარებაში არსებული საქმეების შესწავლა და გადანაწილება.
ამასთან, კასატორმა მიიჩნია, რომ საქმის მასალებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, არ დასტურდება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქმის განხილვის ინტერესის დაკარგვის ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინებით ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს ქ.თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 11 ნოემბერს, 12:00 საათზე.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორს სადავოდ არ გაუხდია, რომ ქ.თბილისის მერიას საქმის განხილვის დანიშვნის შესახებ გაეგზავნა სასამართლო უწყება და 2014 წლის 18 სექტემბერს ჩაბარდა, რაც დადასტურებულია მოხელის ხელმოწერითა და ორგანიზაციის ბეჭდით. ამავე უწყებით მხარეს განემარტა აპელანტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ქ.თბილისის მერიის წარმომადგენელი არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სააპელაციო სასამართლოს არ აცნობა. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რის საფუძველზეც საქმეზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი არეგულირებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილი, 372-ე მუხლი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სააპელაციო პალატას არ აცნობა. სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს.
ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლად ქ.თბილისის მერია მიუთითებს იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის წინასწარ შეუტყობინებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელ ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეტყობინებას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების წინაპირობად მითითებულ გარემოებას, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური 2014 წლის 31 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე დატოვა თანამშრომელმა, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა აღნიშნული საქმე და სამსახურის უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ახორციელებდა მითითებულ საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესების დაცვას. მითითებულ პირთან ერთად დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა კიდევ რამდენიმე მუშაკი. კასატორის განმარტებით, სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა ქ.თბილისის მერიის ასამდე საქმე, შესაბამისად, 2014 წლის 31 ოქტომრიდან 11 ნოემბრამდე დარჩენილ 6 სამუშაო დღე ადმინისტრცაიულ ორგანოსათვის არ აღმოჩნდა გონივრული ვადა, რათა დაედგინა თითოეული საქმის მიმდინარეობის ეტაპი და უზრუნველეყო შესაბამისი წარმომადგენლობა. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტს საკმაო დრო ჰქონდა, 2014 წლის 31 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე მიეწოდებინა ინფორმაცია სასამართლოსათვის მერიაში მიმდინარე პროცესებისა და გამოუცხადებლობის თაობაზე. აპელანტს შეეძლო, 31 ოქტომბერს შესაბამისი მოხელე ნუცა მჟავანაძის გათავისუფლების შემდეგ მიემართა სასამართლოსთვის და ეცნობებინა კონკრეტული რწმუნებულის მიერ ნაწარმოები საქმეების განხილვის გადადების მოთხოვნით, ასევე იმ მიზეზით, რომ რამდენიმე იურისტი გათავისუფლდა სამსახურიდან და სასამართლო იმსჯელებდა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფების სიმრავლის, თავად აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს მნიშვნელობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, რამდენიმე მოხელის სამუშაოდან გათავისუფლება ვერ გახდება იმის საპატიო მიზეზი, რომ აპელანტმა ვერ შეატყობინა სააპელაციო პალატას თავისი გამოუცხადებლობის შესახებ.
საფუძველს მოკლებულია კასატორის ის არგუმენტიც, რომ 6 სამუშაო დღე არაგონივრული ვადა იყო ქ.თბილისის მერიის მონაწილეობით მიმდინარე საქმეებში გასარკვევად. აღნიშნული ვადა სავსებით საკმარისი იქნებოდა საქმეების განხილვის ეტაპის დადგენის მიზნით სააპელაციო სასამართლოსათვის მისამართად, რაც ქ.თბილისის მერიას არ განუხორციელებია.
ამდენად, კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი საპატიო მიზეზის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რის გამოც არ არსებობს სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების ამავე კოდექსის 241-ე მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 6 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური