Facebook Twitter

საქმე №ას-481-455-2015 26 ივნისი, 2015 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. დ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ის“ მიმართ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. დ-მა და შპს „ა-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით შპს „ა-ს“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 2760.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ხარვეზის აღმოსაფხვრელად სააპელაციო საჩივრის ავტორს განესაზღვრა 07 (შვიდი) დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ აღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2015 წლის 17 მარტს. შესაბამისად, სასამართლომ 7 დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან ე.ი 2015 წლის 18 მარტიდან და ამოწურულად მიიჩნია 2015 წლის 24 მარტს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ იყო უქმე ან დასვენების დღე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და დღემდე არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368-ე მუხლებზე დაყრდნობით პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ა-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარში ა-ის წარმომადგენელს მითითებული ჰქონდა, რომ ორგანიზაციის ანგარიშებს ედო ყადაღა და მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, რისი დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებაც წარმოდგენილი ჰქონდა. შესაბამისად, აპელანტი შუამდგომლობდა ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ბაჟის გადავადებაზე უარის თქმით კი მას წაერთვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლება - საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ შპს „ა-ს“ არ ჰქონდა ბაჟის გადახდის შესაძლებლობა. განჩინებაში კი მითითებულია, რომ მხარეს არ უშუამდგომლია აღნიშნულის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ა-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და აპელანტ შპს „ა-ს“ დაევალა 7 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 2760.00 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამასთან, საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ. 2. ს.ფ. 2-5).

დადგენილია ასევე და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე 2015 წლის 16 მარტს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 10) და ჩაბარდა 2015 წლის 17 მარტს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 12). სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2014 წლის 24 მარტს, ხოლო აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შუამდგომლობაში მის მიერ მითითებული გარემოებები და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, მხარემ გადახდისუუნარობის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინება შპს „ა-ის“ ფულად სახსრებსა და უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე 1 463 221 ლარის ფარგლებში (იხ. ტ. 1. ს.ფ. 172-174). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი განჩინება ვერ ასაბუთებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლების არსებობას, ვინაიდან აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულება არ გამორიცხავდა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე უფრო მეტი თანხის არსებობას, ასევე უცნობი იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის მომენტისთვის შესანრჩუნებული იყო თუ არა ყადაღა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულს იზიარებს საკასაციო სასამართლოც, ვინაიდან აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულება (განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ), დამოუკიდებლად აღებული, უტყუარად ვერ ადასტურებს აპელანტის გადახდისუუნარობას და არ წარმოადგენს მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ საკმარის მტკიცებულებას. მისი განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებიც სააპელაციო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით (სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ) დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით კვლავ გაეგრძელებინა ვადა აპელანტისთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობებს ქმნიდა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმით, მას წაერთვა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის კანონით გათვალიწინებული ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კანონთან შეუსაბამოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე