Facebook Twitter

საქმე №ას-485-459-2015 26 ივნისი, 2015 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „კ. ა-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ე, ს. ჯ-ი, თ. მ-ი, ნ. ფ-ი, ნ. ფ-ი, ნ. კ-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდეგნა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. გ-ემ, ს. ჯ-მა, თ. მ-მა, ნ. ფ-მა, ნ. ფ-მა და ნ. კ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „კ. ა-ის“ მიმართ და მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის, ს. ჯ-ის, თ. მ-ის, ნ. ფ-ის, ნ. ფ-ის და ნ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ. ა-ამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით შპს „კ. ა-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მოსარჩელეების წარმომადგენელი ლ. ჩ-ე, ასევე მოპასუხე შპს „კ. ა-ის“ წარმომადგენელი ა. ი-ი. პალატამ დადგენილად მიიჩნია ასევე ის ფაქტი, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით მოპასუხის წარმომადგენელს არ მიუმართავს სასამართლოსთვის კანონით დადგენილ ვადაში, 2014 წლის 30 დეკემბრიდან 2015 წლის 9 იანვრის ჩათვლით. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნით მიმართა და ჩაიბარა გადაწყვეტილება ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 15 იანვარს. სააპელაციო საჩივარი კი მის მიერ წარდგენილი იქნა 2015 წლის 29 იანვარს.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე, 70- 78-ე, 2591, 369-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ აპელანტ შპს „კ. ა-ასათვის“ გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მეორე დღეს, 2015 წლის 10 იანვარს და ამოიწურა 2015 წლის 23 იანვარს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ იყო უქმე ან/და დასვენების დღე. შპს „კ. ა-ამ“ კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა ვადის დარღვევით, 2015 წლის 29 იანვარს, რაც პალატის აზრით, მოცემული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „კ. ა-ამ“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ დარღვეულ იქნა სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14 დღიანი ვადა. საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შპს „კ. ა-ის“ წარმომადგენელი ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან კანონით დადგენილ არა უადრეს 20-ე და არა უგვიანეს 30-ე დღეს მას სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. 2015 წლის 5 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდში შპს „კ. ა-ის“ წარმომადგენელი ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს და ითხოვდა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას, თუმცა უშედეგოდ. მოსამართლის თანაშემწე პასუხობდა, რომ გადაწყვეტილება არ იყო მზად.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიზანია, დაფიქსირებულ იქნას მხარის ნება, პასუხისმგებლობის გრძნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაიბაროს სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, გამოცხადება არ შეიძლება განმარტებულ იქნას როგორც მხოლოდ სასამართლო შენობაში ფიზიკურად ყოფნა. სატელეფონო ზარის განხორციელება სასამართლოსთან კონტაქტს გულისხმობს. მითუმეტეს, რომ შესაბამის ნორმაში არაფერია მითითებული გადაწყვეტილების შესახებ მოთხოვნის წერილობითი ფორმის წარდგენასთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ სატელეფონო ზარის განხორციელება და გადაწყვეტილების ჩაბარება/არჩაბარების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა 2591 მუხლის მოთხოვნებში ჯდება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს უზენაესი სასამართლოს №ას-184-173-2014 განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ განჩინებაში საკასაციო სასამართლო მხარის სასამართლოს შენობაში გამოცხადების აუცილებლობის ვალდებულებას არ ადგენს და იზიარებს მხარის მიერ გაგზავნილ წერილს.

ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ვინაიდან გადაწყვეტილების ჩაუბარებლობა მოხდა სასამართლოს ბრალით, მისთვის გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების დღიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „კ. ა-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე შპს „კ. ა-ას“ წარმომადგენელი ა. ი-ი (იხ. ს.ფ. 258-259), რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია განუსაზღვრელი ვადით გაცემული რწმუნებულებით (იხ. ს.ფ. 224). თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2014 წლის 10 დეკემბერი) არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად იგი სასამართლოში არ გამოცხადებულა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის ფართოდ განმარტების საფუძველზე მოსამართლის თანაშემწესთან ამ მუხლით დადგენილ ვადაში სატელეფონო ზარის (ზარების) განხორციელება გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოცხადებად უნდა ჩაითვალოს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა უზენაესი სასამართლოს განჩინება #ას-184-173-2014, სადაც საკასაციო სასამართლო მხარის სასამართლოს შენობაში გამოცხადების აუცილებლობის ვალდებულებას არ ადგენს და იზიარებს მხარის მიერ გაგზავნილ წერილს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ #ას-184-173-2014 განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ პირდაპირ მიუთითა მხარის ვალდებულებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შესაბამისად, პირადად გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, და აღნიშნა, რომ მხოლოდ ფოსტის მეშვეობით განცხადების გაგზავნის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყება.

უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეში ფოსტით გაგზავნილ განცხადებას მნიშვნელობა მიანიჭა მხოლოდ იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით დადგენილ ვადაში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ ჰქონდა.

აღნიშნულისაგან განსხვავებით, წინამდებარე საქმეში კერძო საჩივრის ავტორი შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს დადგენილ ვადაში მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო ზარების განხორციელების ფაქტს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ აქვს საშუალება იმსჯელოს 2015 წლის 5-დან 10 იანვრამდე პერიოდში ჰქონდა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს მომზადებული დასაბუთებული გადაწყვეტილება. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვადის დარღვევით მომზადების ფაქტი.

ამავე დროს საქმის მასალებში არსებული ხელწერილით უდავოდ დასტურდება, რომ ა. ი-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2015 წლის 15 იანვარს (იხ. ს.ფ. 267), ანუ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი 30 დღის გასვლის შემდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „კ. ა-ას“ კერძო საჩივარზე გადახდილი აქვს 150 (ას ორმოცდაათი) ლარი. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი 100 (ასი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „კ. ა-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. შპს „კ. ა-ას“ დაუბრუნდეს 2015 წლის 30 მარტს №675 საგადახდო დავალებით მის (საიდენტიფიკაციო კოდი: .....) მიერ გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 100 (ასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი REPLGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე