საქმე №ას-499-473-2015 24 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „თ.-ს“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს.-ა, ლ. ჯ.-ა, რ. კ.-ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. კ.-იამ, ლ. ჯ.-ამ და გ. ს.-ამ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სს „თს“ მიმართ, რომლითაც მოითხოვეს:
- გ. ს.-ას სამუშაო ადგილიდან გათავისუფლების შესახებ სს „თს” გენერალური დირექტორის 2013 წლის 10 სექტემბრის Nკ-.. ბრძანების ბათილად ცნობა და გ. ს.-ას აღდგენა ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს განვითარებისა და ინვესტიციების დეპარტამენტის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების ტექნიკური ზედამხედველობისა და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; ასევე, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
- რ. კ.-იას სამუშაო ადგილიდან გათავისუფლების შესახებ სს „თ.-ს” გენერალური დირექტორის 2013 წლის 10 სექტემბრის Nკ-.. ბრძანების ბათილად ცნობა და რ. კ.-იას აღდგენა ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს განვითარებისა და ინვესტიციების დეპარტამენტის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების ტექნიკური ზედამხედველობისა და ხარისხის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერის თანამდებობაზე; ასევე, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
- ლ. ჯ.-ას სამუშაო ადგილიდან გათავისუფლების შესახებ სს „თ.-ს” გენერალური დირექტორის 2013 წლის 10 სექტემბრის Nკ-168 ბრძანების ბათილად ცნობა და ლ. ჯ.-ას აღდგენა ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს განვითარებისა და ინვესტიციების დეპარტამენტის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების ტექნიკური ზედამხედველობისა და ხარისხის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერის თანამდებობაზე; ასევე, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ მოპასუხე კომპანიაში ზემოთ მითითებულ თანამდებობებზე. სს „თს“ გენერალური დირექტორის 10.09.2013წ.-ის ბრძანებით მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. გათავისუფლების შესახებ ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი. მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხე კომპანიამ ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაუდო 02.07.2013წ.-ის ბრძანებით შექმნილი კომისიის აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ სს „თს“ ერთ-ერთმა კონტრაქტორმა კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეებმა არ მოახდინეს აღნიშნულზე სათანადო რეაგირება.
სს „თელასმა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლება სამსახურიდან მოხდა სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ს.-ას, ლ. ჯ.-ას და რ. კ.-იას სარჩელები დაკმაყოფილდა:
ბათილად იქნა ცნობილი გ. ს.-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სს „თს” გენერალური დირექტორის 2013 წლის 10 სექტემბრის Nკ-... ბრძანება და აღდგენილ იქნა გ. ს.-ა ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს განვითარებისა და ინვესტიციების დეპარტამენტის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების ტექნიკური ზედამხედველობისა და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე;
ბათილად იქნა ცნობილი რ. კ.-იას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სს „თ.-ს” გენერალური დირექტორის 2013 წლის 10 სექტემბრის Nკ-... ბრძანება და აღდგენილ იქნა რ. კ.-ია ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს განვითარებისა და ინვესტიციების დეპარტამენტის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების ტექნიკური ზედამხედველობისა და ხარისხის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერის თანამდებობაზე;
ბათილად იქნა ცნობილი ლ. ჯ.-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სს „თ.-ს” გენერალური დირექტორის 2013 წლის 10 სექტემბრის Nკ-... ბრძანება და აღდგენილ იქნა ლ. ჯ.-ა ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს განვითარებისა და ინვესტიციების დეპარტამენტის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების ტექნიკური ზედამხედველობისა და ხარისხის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერის თანამდებობაზე;
დაეკისრა სს „თელასს” მოსარჩელე გ. ს.-ას, რ. კ.-იასა და ლ. ჯ.-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „თ.-მ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინებით სს „თს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ:
- გ. ს.-ა მუშაობდა სს „თ.-ში” ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს განვითარებისა და ინვესტიციების დეპარტამენტის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების ტექნიკური ზედამხედველობისა და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; სს „თ.-ს“ გენერალური დირექტორის 2013 წლის 10 სექტემბრის Nკ-.. ბრძანების საფუძველზე იგი განთავისუფლებულდა თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ'' ქვეპუნქტის საფუძველზე, 2013 წლის 11 სექტემბრიდან.
- ლ. ჯ.-ა მუშაობდა სს „თელასში” ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს განვითარებისა და ინვესტიციების დეპარტამენტის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების ტექნიკური ზედამხედველობისა და ხარისხის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერის თანამდებობაზე; სს „თ.-ს'' გენერალური დირექტორის 2013 წლის 10 სექტემბრის Nკ-.. ბრძანების საფუძველზე იგი განთავისუფლებული იქნა თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ''ზ'' ქვეპუნქტის საფუძველზე 2013 წლის 11 სექტემბრიდან.
- რ. კ.-ია მუშაობდა სს „თელასში” ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს განვითარებისა და ინვესტიციების დეპარტამენტის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების ტექნიკური ზედამხედველობისა და ხარისხის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერის თანამდებობაზე; სს „თს'' გენერალური დირექტორის 2013 წლის 10 სექტემბრის Nკ-... ბრძანების საფუძველზე იგი განთავისუფლებული იქნა თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ'' ქვეპუნქტის საფუძველზე 2013 წლის 11 სექტემბრიდან.
საქმის მასალებით დადასტურებული არ არის მოსარჩელეების მიერ შრომითი ხელშეკრულებით და სამსახურებრივი დებულებით დაკისრებული მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტები, კერძოდ:
დადგენილია, რომ 2012 წლის 23 ივლისს ერთის მხრივ, სს „თელასსა'' (შემდგომ ,,დამკვეთი“) და მეორეს მხრივ, შპს „ე.-ს'' (შემდგომ ,,შემსრულებელი“) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის 1.1 და 1.2 პუნქტების შესაბამისად (ხელშეკრულების საგანი), ,,დამკვეთი ავალებს, ხოლო შემსრულებელი იღებს ვალდებულებას, დამკვეთის მოთხოვნისა და ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დამკვეთის მიერ მიწოდებული, შესასრულებელი სამუშაოების პროექტისა და ნახაზების მიხედვით, საკუთარი ძალებით, ტექნიკური საშუალებებით და მასალებით, ასევე, დამკვეთის მიერ მასალების მიწოდების შემთხვევაში, დამკვეთის მასალებით განახორციელოს ელქტროსამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები; შესასრულებელი სამუშაოების და სამუშაოებში გამოსაყენებელი მასალების ჩამონათვალი და განფასება მოცემულია ამ ხელშეკრულების დანართებში“. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ე.-ის“ ვალდებულებას წარმოადგენდა ტრანსფორმატორების მონტაჟი, ხოლო მოსარჩელეებს თანამდებობრივად ევალებოდათ შეემოწმებინათ კონტრაქტორი ფირმის მიერ შესრულებული სამუშაოები. კერძოდ, ტექნიკური ზედამხედველობისა და ხარისხის სამსახურის შესახებ დებულების 3.1, 3.3, და 3.4 პუნქტების შესაბამისად, სამსახურის ამოცანებია: გამანაწილებელ ქსელში საზოგადოების ქვედანაყოფებისა და კონტრაქტორი ფირმების მიერ შესრულებული სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა; საზოგადოების გამანაწილებელ ქსელში განსახორციელებელი სამუშაოების მსვლელობის კონტროლი; სამუშაოების დამთავრების შემდეგ მათი მიღებისათვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტების მომზადება. ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერის თანამდებობრივი ინსტრუქციის 3.1.1 და 3.1.2 პუნქტების საფუძველზე, მუშაკის თანამდებობრივ მოვალეობას შეადგენს საზოგადოების შესაბამისი ქვედანაყოფების, ფიზიკური პირებისა და კონტრაქტორი ფირმების მიერ საზოგადოების კუთვნილ ელექტროქსელის დანადგარებზე, საჰაერო და საკაბელო ხაზებზე შესრულებულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება; საზოგადოების გამანაწილებელ ქსელში განხორციელებული სამუშაოების დამთავრების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღება-ჩაბარებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება.
2013 წლის 21 აგვისტოს შემოწმების აქტით დადგენილია, რომ პროექტზე Nც-... დამონტაჟებულ იქნა 2 ერთეული საბჭოური წარმოების, 1974 წელს გამოშვებული ტრანსფორმატორი, ხოლო პროექტზე Nც-... - იუგოსლავიის წარმოების, 1987 წელს გამოშვებული ტრანსფორმატორი. კომისიის დასკვნის შესაბამისად, კონტრაქტორის (შპს ,,ე.-ის“) მიერ დარღვეული იყო გენერალური ხელშეკრულების პირობები (პუნქტი 5.1. ბ ,,შემსრულებელია ვალდებულია: სამუშაოები განახორციელოს შეთანხმებებში, პროექტებში და ნახაზებში მითითებული შესაბამისი სპეციფიკაციების და მოთხოვნების მიხედვით, ხელშეკრულების დანართ 3-ში მითითებული ან უკეთესი პარამეტრების მქონე მასალებით და აგრეგატებით) შერჩევით შემოწმებული პროექტების რიცხვიდან, რაც გამოიხატა სამი ძალოვანი ტრანსფორმატორის 26-39 წლის სიძველის დადგმაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული ,,Optimum Electric” ტიპის, თურქული წარმოების ახლების ნაცვლად. მითითებულ დარღვევაზე არ მოხდა ადეკვატური რეაგირება განვითარებისა და ინვესტიციის დეპარტამენტის მხრიდან.
სს ,,თ“ მოსარჩელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების საფუძვლად უთითებდა შემდეგ გარემოებებზე:
სს ,,თ.-ს“ კონტრაქტორის მიერ, შპს ,,ე.-ის“ მხრიდან ნაცვლად ახალი ტიპის ტრანსფორმატორისა, ხელშეკრულების პროექტი Nც-... თანახმად, დამონტაჟებულ იქნა ძველი, ექსპლუატაციაში მყოფი, იუგოსლავიის წარმოების 1987 წელს გამოშვებული ტრანსფორმატორი. ხელშეკრულება და პროექტი ითვალისწინებდა სატრანსფორმატორო ქვესადგურში N7113-ში ახალი „ოპტიმუმ ელექტრიკის“ ფირმის ტრანსფორმატორის განთავსებას. მოსარჩელის, როგორც ამ სამსახურის უშუალო ხელმძღვანელის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ინჟინერის ლ. ჯ.-ას მონაწილეობით, ფორმა N...-ს საფუძველზე, დადასტურდა მეორადი ტრანსფორმატორის დადგმის გარემოება და განხორციელდა ტრანსფორმატორის ქსელში ჩართვა 30.05.2013 წლის ტექ.დირექტორის განკარგულებით, ხოლო კონტრაქტორს აუნაზღაურდა ახალი ტრანსფორმატორის ღირებულება 8400 ლარის ოდენობით. მეორე შემთხვევაში, პროექტზე Nც-... ასევე დამონტაჟებული იქნა 2 ერთეული ძველი, მეორადი, საბჭოთა წარმოების 1974 წელს გამოშვებული ტრანსფორმატორები, რომლებზეც შესრულებული სამუშაოს აქტების ფორმა N...-ს გაფორმების ბოლომდე მიყვანას ხელი შეუშალა თ.-ს N.. ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ საქმის გამოკვლევის შედეგად ამ გარემოების გამოვლენამ.
დადგენილია, რომ სს ,,თს“ 2012 წლის 12 სექტემბრის N214 ბრძანებით, სს ,,თს“ საწარმოო და არასაწარმოო ობიექტებზე ჩატარებული კაპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოების აღრიცხვის, ექსპლუატაციაში მიღებისა და ანგარიშგებაში ასახვის სისტემატიცაზიის მიზნით, დამტკიცდა შესრულებული სამუშაოს ასახვის ფორმები და დადგინდა მათი გამოყენება, მათ შორის დამტკიცდა ,,შესრულებული სამუშაოს აქტი (კონტრაგენტის) (ფორმა ფ2მღკ)“.
დადგენილია, რომ პროექტზე Nც-..., 2013 წლის 21 მარტს, დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად, შედგენილ იქნა შესრულებული სამუშაოს აქტი (ფორმა ...), რომელიც დადასტურებულია ლ. ჯ.-ასა და გ. ს.-ას მიერ ხელმოწერით. დადგენილია, რომ პროექტზე Nც-... ასევე შედგენილი იქნა შესრულებული სამუშაოს აქტი (ფორმა ფ2მღკ), რომელიც არ არის დამოწმებული შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ. ობიექტი არ იქნა მიღებული ექსპლუატაციაში, გამოვლენილი დარღვევის გამო (N2/...-13 ს.ფ. 89, 94). დადგენილია, რომ ორივე შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს აქტში დაფიქსირებული ტრანსფორმატორის მონაცემები შეესაბამება რეალობას. ამავე აქტის მიხედვით, ტრანსფორმატორის ღირებულებაა 8400 ლარი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ტრანფორმატორის განფასება არა მოსარჩელეთა ვალდებულებას, არამედ სს ,,თ.-ს“ შესაბამისი სამსახურის მოვალეობას წარმოადგენდა.
დადგენილია, რომ სს ,,თ.-სა“ და შპს ,,ე.-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თითოეულ პროექტთან დაკავშირებით, ფორმდებოდა შემადგენელი ხელშეკრულებები. ასევე, დადგენილია რომ მოსარჩელეებისათვის არ იყო ცნობილი არც გენერალური ხელშეკრულების და არც შემადგენელი ხელშეკრულების პირობები. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეებს ვერ დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა იმ ინფორმაციის არცოდნისათვის, რაც ობიექტურად მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო. სს ,,თ.“ ვალდებული იყო უზრუნველეყო დასაქმებულებისათვის იმ ხელშეკრულების პირობების გაცნობა, რომლის შესრულების კონტროლიც მათ ევალებოდათ ხელშეკრულებით. თუკი დამსაქმებელი ამ ვალდებულების შესრულებას არ უზრუნველყოფდა, მაშინ ვალდებული იყო დასაქმებულებისათვის შეექმნა იმგვარი პირობები, რომ ხელშეკრულების არცოდნა, მათ საწინააღმდეგოდ არ ყოფილიყო გამოყენებული. ამ შემთხვევაში, დასაქმებულების ვალდებულებას წარმოადგენდა კონტრაქტორი ფირმების მიერ შესრულებული სამუშაოს ტექნიკური ზედამხედველობა და სამუშაოს დამთავრების შემდეგ მათი მიღებისათვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტების მომზადება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების მიერ შედგა შესრულებული სამუშაოს აქტი. აქტის ფორმა დამტკიცებულია სს ,,თ.-ს" 2012 წლის 12 სექტემბრის ბრძანებით. დადგენილია, რომ მოსარჩელეების მიერ აქტში დაფიქსირებული ინფორმაცია (ტრანსფორმატორის სიმძლავრეები) არის სინამდვილესთან შესაბამისი, და არ შეიცავს რაიმე მცდარ ინფორმაციას. თუკი, როგორც თ აღნიშნავს, შესრულებული სამუშაოს აქტი წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას, რომლითაც ხდება ტრანსფორმატორის განფასება და ამავდროულად, შესრულებული სამუშაოს შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულების პირობებთან, აქტში უნდა იყოს შესაბამისი გრაფა ტრანსფორმატორის სხვა მაინდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ, მაგალითად გენერალური ხელშეკრულების მიხედვით, შესაბამისი გრაფა, სადაც სავალდებულოდ მისათითებელი იქნება ტრანსფორმატორის მწარმოებელი ქვეყანა, ტრანფორმატორის ტიპი, სიმძლავრე და სხვა მონაცემები, რაც აუცილებელია განფასებისათვის და ამავდროულად, ხელშეკრულების შესრულების კონტროლისათვის, მოცემულ შემთხვევაში, აქტის ფორმის ნიმუშის დამტკიცებით დამსაქმებელმა თავად განუსაზღვრა დასაქმებულებს მონაცემები, რაც სავადებულოდ უნდა ყოფილიყო მითითებული შესრულებული სამუშაოს აქტში. მოსარჩელეები პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ აქტში დაფიქსირებული მონაცემების სისწორეზე. შესრულებული სამუშაოს აქტში მცდარი მონაცემების მითითება, შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა მოსარჩელეთა პასუხისმგებლობას, რაც არ დგინდება კონკრეტულ შემთხვევაში.
ასევე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 23 ივლისის ხელშეკრულების დანართი N3-ით განსაზღვრულია ტრანსფორმატორის მონაცემები: მწარმოებელი ქვეყანა, ტიპი, სიმძლავრეები, რაოდენობა და ფასი. ხოლო გამოშვების წელზე მითითებას არ შეიცავს თავად გენერალური ხელშეკრულება, რაც შეეხება პროექტი Nც-...-ზე გაფორმებულ შეთანხმებას, მასზე თანდართულ ხარჯთაღრიცხვაში მხოლოდ ტრანსფორმატორის სიმძლავრეებია მითითებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის შედავება ტრანსფორმატორის გამოშვების წელის მიუთითებლობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა, ვინაიდან თავად ხელშეკრულებებით არ არის განსაზღვრული მათი გამოშვების წელი და მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეებისათვის უცნობი იყო ხელშეკრულებით შეთანხმებული ტრანსფორმატორის მონაცემები (საქმე N2/...-13, ს.ფ. 177-193). სააპელაციო სასამართლოს მითითებით მოსარჩელეთა ინფორმირების პრობლებას ეხმიანება 2013 წლის 21 აგვისტოს სამსახურებრივი შემოწმების აქტი, რომლის ავტორები იძლევიან რეკომენდაციას, რომ ,,დაევალოს განვითარებისა და ინვესტიციების დეპარტამენტს უზრუნველყოს ყველა მუშის გაცნობა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში, შესაბამისი ხელშეკრულებით და მისი დანართით და აგრეთვე ხელშეკრულებაში თანდართული მითითებული ძირითადი პარამეტრების ასახვა პროექტულ დოკუმენტაციაში, სამონტაჟო მოწყობილობის მხარეს“. მითითებული აქტის საფუძველზე, სასამართლო ადგენს, რომ კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულებები ინახებოდა განვითარებისა და ინვესტიციების დეპარტამენტში და მოსარჩელეებისათვის არ იყო ის ხელმისაწვდომი, შესაბამისად დაევალა აღნიშნულ დეპარტამენტს ხელშეკრულებისა და მისი დანართების გაცნობა იმ მუშაკებისათვის, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას შესრულებული სამუშაოს მიღებაში.
ასევე, უსაფუძვლოა მოპასუხის შედავება იმის შესახებ, რომ კონტრაქტორისათვის ახალი ტრანსფორმატორის ღირებულების 8400 ლარის ანაზღაურება გამოწვეულია მოსარჩელეთა მხრიდან სს ,,თ.-ს“ შეცდომაში შეყვანით, ვინაიდან ტრანფორმატორის განფასება არა მოსარჩელეთა ვალდებულებას, არამედ სს ,,თს“ შესაბამისი თანამდებობის პირის მოვალეობას წარმოადგენდა და მაშასადამე, სხვისი პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება. მოსარჩელეები მხოლოდ შესრულებული სამუშაოს აქტში მათ მიერ დასაფიქსირებელი მონაცემების სისწორეზე არიან პასუხისმგებლები.
ამდენად, საქმის მასალებით არ დადასტურდა მოსარჩელეების მიერ შრომითი ხელშეკრულებით და სამსახურებრივი დებულებით დაკისრებული მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტი.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. შრომითი ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ, შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევისას შეწყვიტონ შრომითი ხელშეკრულება. პრაქტიკაში, აღნიშნული ნორმა, უმეტესწილად დამსაქმებლის უფლების გამოყენებით გამოიხატება - კერძოდ, დამსაქმებლი დასაქმებულთან წყვეტს შრომით ხელშეკრულებას დასაქმებულის მიერ შრომითი პირობების დარღვევის გამო. ამიტომ, ამ საფუძვლით შრომითი ურთიერთობის მოშლა, რასაც შედეგად უკავშირდება დასაქმებულის შრომითი უფლების შეწყვეტა, მოითხოვს შეწყვეტის საფუძვლის ძალიან დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. ამგვარი შეფასება უკიდურესად მნიშვნელოვანია მხარეთა შორის (დამსაქმებელი-დასაქმებული) სამართლიანი ბალანსის დასაცავად. ერთი მხრივ, დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს შრომითი მოვალეობების დამრღვევი მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება და მისთვის მიუღებელი მუშაკის სამუშაოზე დატოვებით არ უნდა შეექმნას გარკვეული რისკები.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების პირობების დარღვევის დადგენა განაპირობებს გასაჩივრებული ბრძანების მართლზომიერების შეფასებას, რაც თავის მხრივ, მოპასუხის სამტკიცებელია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. დამკვიდრებული პრინციპის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელს გააჩნია უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა მუშაკმა დაარღვია შრომითი მოვალეობები, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე მუშაკმა ადასტუროს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არამართლზომიერ და შრომითი პირობების დამრღვევ მოქმედებებს.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. მითითებული ნორმის შინაარსი ადგენს პრინციპს, რომლის თანახმადაც, მინიჭებული უფლების გამოყენების დროს უფლების მქონე კანონშესაბამისად, გონივრულად, სამართლიანად უნდა მოქმედებდეს. მუშაკთა უფლება დაცულია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, შრომის კოდექსით და სხვა შიდასახელმწიფოებრივი აქტებით, არამედ საერთაშორისო კანონებითაც. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა” ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მათი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტის შემთხვევაში უფლების განხორციელების მართლზომიერება გულისხმობს იმ გარემოებას, რომ დამსაქმებლის ნების გამოვლენით არ უნდა დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ასევე შრომის კოდექსით დადგენილი დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ იგივე წესი უნდა გავრცელდეს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედების ფარგლებშიც, კერძოდ, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება, მართალია, დამსაქმებლის ინიციატივით წყდება, თუმცა, დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევის საფუძვლით. ასეთ ვითარებაში, მხოლოდ დამსაქმებლის განმარტება დასაქმებულის მიერ შრომის ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით მხედველობაში არ მიიღება, რადგან წარმოადგენს არასაკმარის მტკიცებულებას დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მიზნებისათვის.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა მოსარჩელეების მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,ე.-ის“ მიერ სს ,,თელასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა რამდენიმე პროექტი, მათ შორის პროექტი Nც-.. და Nც-..., რომლის საფუძველზე კონტრაქტორმა დაამონტაჟა ტრანსფორმატორები. მოსარჩელეებმა შეადგინეს შესრულებული სამუშაოს აქტი, რომლის ფორმის ნიმუში დამტკიცებულია სს ,,თს“ შესაბამისი ბრძანებით. აქტში მითითებული მონაცემების უზუსტობა არ დგინდება. რაც შეეხება ტრანსფორმატორის ღირებულებას, მისი განსაზღვრა არ შედიოდა მოსარჩელეთა ვალდებულებაში და შესაბამისად, სცილდება მათი პასუხისმგებლობის ფარგლებს. შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა მდგომარეობს მენეჯმენტის ხარვეზში, რაც გამოიხატება დასაქმებულების არასაკმარისად ინფორმირებასა და სს ,,თ.-ს“ მიერ დამტკიცებული ნიმუშების არასრულყოფილად მომზადებაში, რასთან დაკავშირებითაც კომისის მიერ გაცემული იქნა რეკომენდაციები.
ამდენად, პალატის მოსაზრებით, დამსაქმებელმა, ვერ დაადასტურა მოსარჩელეთა მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, არამართლზომიერია დაუსაბუთებელი საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება, რაც, თავის მხრივ, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და იმ განაცდურის ანაზღაურების საფუძველია, რომელიც დასაქმებულმა დაუსაბუთებელი გათავისუფლებით დაკარგა. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „თელასმა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ მოსარჩელეები სამსახურებრივი დებულებებით უშუალოდ იყვნენ ვალდებული კონტროლი განეხორციელებინათ კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. მოპასუხე კომპანიაში მუშაობის პრაქტიკა აძლევდათ მათ იმის ანალიზის საფუძველს, რომ ტრანსფორმატორების ვიზუალური შეფასებითაც კი ეჭვი შეეტანათ დამონტაჟებული ტრანფორმატორების ხარისხში, რაც მისი ვარგისიანობისა და სიძველის დადგენაში მდგომარეობდა. ელექტრო ტრანსფორმატორის ავზში არ ესხა ზეთი და ეს მდგომარეობა ტექნიკური ზედამხედველების ყურადღების მიღმა დარჩა. შეუძლებელია ქსელში ჩართვისთვის ვარგისად იქნეს მიჩნეული ტრანსფორმატორი, რომელშიც ზეთი არ არის ჩასხმული.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სს ,,თს“ კონტრაქტორის მიერ, შპს ,,ე.-ის“ მხრიდან ნაცვლად ახალი ტიპის ტრანსფორმატორისა, ხელშეკრულების პროექტი Nც-542 თანახმად, დამონტაჟებულ იქნა ძველი, ექსპლუატაციაში მყოფი, იუგოსლავიის წარმოების 1987 წელს გამოშვებული ტრანსფორმატორი. ხელშეკრულება და პროექტი ითვალისწინებდა სატრანსფორმატორო ქვესადგურში N...-ში ახალი „ოპტიმუმ ელექტრიკის“ ფირმის ტრანსფორმატორის განთავსებას. მოსარჩელის, როგორც ამ სამსახურის უშუალო ხელმძღვანელის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ინჟინერის ლ. ჯ.-ას მონაწილეობით, ფორმა Nფ2მღკ-ს საფუძველზე, დადასტურდა მეორადი ტრანსფორმატორის დადგმის გარემოება და განხორციელდა ტრანსფორმატორის ქსელში ჩართვა 30.05.2013 წლის ტექ.დირექტორის განკარგულებით, ხოლო კონტრაქტორს აუნაზღაურდა ახალი ტრანსფორმატორის ღირებულება 8400 ლარის ოდენობით. მეორე შემთხვევაში, პროექტზე Nც-.. ასევე დამონტაჟებული იქნა 2 ერთეული ძველი, მეორადი, საბჭოთა წარმოების 1974 წელს გამოშვებული ტრანსფორმატორები.
კასატორის მოსაზრებით, საქმის განხილველმა სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კოდექსი 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტი, კერძოდ, საქმის განმხილველი სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებული არ უნდა იყოს შეზღუდული გაათავისუფლოს შრომითი ხელშეკრულების დამრღვევი მუშაკი სამსახურიდან და ამით შექმნას რისკები. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო მოსარჩელეთა მხრიდან მათზე დაკისრებული შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტობრივი გარემოებები. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხე კომპანიას სრული უფლება ჰქონდა საზოგადოების გენერალური დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ შედგენილი შემოწმების აქტზე დაყრდნობით სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევის საფუძვლით სამსახურიდან გაეთავისუფლებინა მოსარჩელეები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
მოცემული დავის განხილვისას საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითადი საფუძვლები (კასაციის მიზეზები) იმ გარემოებას ემყარება, რომ რ. კ.-იას, ლ. ჯ.-ასა და გ. ს.-ას სამსახურიდან გათავისუფლება საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევა) საფუძველზე განხორციელდა ნორმის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც თავის მხრივ, სს „თს” გენერალური დირექტორის 2013 წლის 10 სექტემბრის Nკ-... ბრძანების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა, რომელიც არ იქნა სწორად შეფასებული საქმის განმხილველი სასამართლოების მიერ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხ.). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორია (მოპასუხე) ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს რ. კ.-იას, ლ. ჯ.-ასა და გ. ს.-ას მიერ მათთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით რ. კ.-იას, ლ. ჯ.-ასა და გ. ს.-ას სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძლად იქნება მიჩნეული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2012 წლის 23 ივლისს ერთის მხრივ, სს „თელასსა'' (შემდგომ ,,დამკვეთი“) და მეორეს მხრივ, შპს „ე.-ს'' (შემდგომ ,,შემსრულებელი“) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე შესაბამისი რეაგირების არარსებობა, რაზედაც როგორც მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების ძირითად არგუმენტზე მიუთითებს კასატორი, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელეებს ბრალად ვერ შეერაცხება, იმ გარემოებების გამო, რომ როგორც ეს წარმოდგენილი საქმის მასალებითაა დადგენილი მოსარჩელეებისათვის არ იყო ცნობილი არც გენერალური ხელშეკრულების და არც შემადგენელი ხელშეკრულების პირობები. აღნიშნული კი იმაზე მეტყველებს, რომ მოსარჩელეებს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ ინფორმაციის არცოდნისათვის, რაც ობიექტურად მათთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. ლოგიკურია სს ,,თ“ იყო ვალდებული უზრუნველეყო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგზე ვალდებული პირებისათვის ხელშეკრულების პირობების გაცნობა. შესაბამისად, სს „თს“ ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევებზე პასუხისმგებელ პირად საკასაციო პალატა რ. კ.-იას, ლ. ჯ.-ასა და გ. ს.-ას ვერ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ როგორც ეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაა დადგენილი, შპს ,,ე.-ის“ მიერ სს ,,თ.-თან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა რამდენიმე პროექტი, მათ შორის პროექტი Nც-.. და Nც-., რომლის საფუძველზე კონტრაქტორმა დაამონტაჟა ტრანსფორმატორები. მოსარჩელეებმა შეადგინეს შესრულებული სამუშაოს აქტი, რომლის ფორმის ნიმუში დამტკიცებულია სს ,,თ.-ს“ შესაბამისი ბრძანებით. აქტში მითითებული მონაცემების უზუსტობა არ დგინდება. რაც შეეხება ტრანსფორმატორის ღირებულებას, მისი განსაზღვრა არ შედიოდა მოსარჩელეთა ვალდებულებაში და შესაბამისად, სცილდება მათი პასუხისმგებლობის ფარგლებს. შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა მდგომარეობს მენეჯმენტის ხარვეზში, რაც გამოიხატება დასაქმებულების არასაკმარისად ინფორმირებასა და სს ,,თს“ მიერ დამტკიცებული ნიმუშების არასრულყოფილად მომზადებაში, რასთან დაკავშირებითაც კომისის მიერ გაცემული იქნა რეკომენდაციები.
ხოლო რაც შეეხება კასატორის იმ პოზიციას, რომ მოსარჩელეები უშუალოდ იყვნენ ვალდებული კონტროლი განეხორციელებინათ კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. მოპასუხე კომპანიაში მუშაობის პრაქტიკა კი, აძლევდათ მათ იმის ანალიზის საფუძველს, რომ ტრანსფორმატორების ვიზუალური შეფასებითაც კი ეჭვი შეეტანათ დამონტაჟებული ტრანფორმატორების ხარისხში, რაც მისი ვარგისიანობისა და სიძველის დადგენაში მდგომარეობდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის ეს მითითება სამსახურებრივი ვალდებულებების უხეშ დარღვევად ვერ შეფასდება. მოპასუხე ორგანიზაციაში შექმნილი ვითარება, რაც კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების დარღვევამ გამოწვია, მართალია ძალზედ არასასურელია, თუმცა ამ სიტუაციაში, გამოყენებულ უნდა ყოფილიყო ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებდა, გააუმჯობესებდა, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდიდა, კვალიფიკაციას აუმაღლებდა, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებდა.
შესაბამისად, თუნდაც ჰქონოდა ადგილი მოსარჩელეთა მხრიდან რაიმე სახის თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევებს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია, დამსაქმებელი ვალდებული იყო კანონით მინიჭებული უპირატესი უფლებების გამოყენებისას დაეცვა თანაბარზომიერების პრინციპი, რასაც კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა უდევს საფუძვლად. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ “Ultima Ratio“ - ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული (იხ., სუს 18.03.2015წ.-ის გადაწყვეტილება საქმე №ას-1276-1216-2014). აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, მართალია, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით (მოსარჩელეთა გათავისუფლების დროისათვის მოქმედი რედაქციით), შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევაცაა, თუმცა, ნიშანდობლივია დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელმა, ვერ დაადასტურა მოსარჩელეთა მიერ შრომითი ხელშეკრულების უხეში დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, არამართლზომიერია დაუსაბუთებელი საფუძვლით პირთა სამსახურიდან გათავისუფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რ. კ.-იას, ლ. ჯ.-ასა და გ. ს.-ას არ ჩაუდენიათ მათზე დაკისრებულ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მათთვის გაფრთხილების, დამატებითი ვადის მიცემის ან კიდევ უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და მათი სამსახურიდან გათავისუფლება მათ მიერ ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო.
შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის გამოყენების საფუძვლებისათვის არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 18.03.2015წ.-ის გადაწყვეტილება საქმე №ას-1276-1216-2014; ასევე სუს 27.04.2015წ.-ის განჩინება საქმე №ას-164-154-2015).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „თელასს“ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი 4,104.00 ლარის 70% – 2,872.8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ.-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „თ.-ს“ (ს/კ: ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 4/27/2015 წელს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 4,104.00 ლარის 70% – 2,872.8 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე