საქმე №330210013335466
საქმე №ას-503-477-2015 17 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ.-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ა.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ა.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ.-ის მიმართ სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს ასესხა 50000 აშშ დოლარი, რომელიც გ.მ.-ეს არ დაუბრუნებია. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს როგორც ძირითადი თანხის, ისე სარგებლის – 12500 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 159000 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება იყო მეტად კაბალური პირობების შემცველი, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი ოდენობისაა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის – 50000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 15900 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ბ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაზეც აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ბ. ა.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინებით ბ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ამავე სასამართლო 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით გ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის –1024 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
მითითებული განჩინება 2014 წლის 8 ოქტომბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ჩაბარდა გ. მ.-ის წარმომადგენელ ქ. უ.-ის თანაშემწეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2014 წლის 23 ოქტომბერს (ფოსტის საშუალებით 22.10.14), სასამართლოს მიერ დადგენილ 14-დღიან ვადაში შუამდგომლობით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და ხარვეზის შევსების მიზნით მოითხოვა საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ გ. მ.-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 5 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სახელმწიფო ბაჟის – 1024 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
მითითებული განჩინება 2014 წლის 10 ნოემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ჩაბარდა გ. მ.-ის წარმომადგენელ ქ. უ.-ს პირადად.
2014 წლის 20 ნოემბერს (ფოსტის საშუალებით 2014 წლის 17 ნოემბერს) სააპელაციო პალატას სასამართლოს მიერ დადგენილ 5-დღიან ვადაში, შუამდგომლობით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების მიზნით დამატებით საპროცესო ვადის გაგრძელება 3 დღით იმ მოტივით, რომ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო თავის მარწმუნებელ გ. მ.-ესთან დაკავშირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით აპელანტ გ. მ.-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტს განესაზღვრა დამატებით 3 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან ხარვეზის გამოსასწორებლად.
2015 წლის 9 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. მ.-ემ, მიუთითა, რომ იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, რის გამოც ვერ შეძლო შესაბამისი თანხების მოძიება სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე ან დამატებით საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის განჩინებით გ. მ.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარზე აპელანტს დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ათი დღე. ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტ გ. მ.-ეს დაევალა, სააპელაციო სასამართლოში ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 1024 აშშ დოლარის ეკვივალენტი (სააპელაციო საჩივრის შემოტანის დროისათვის, ანუ 2014 წლის 28 ივლისს მოქმედი კურსის შესაბამისად) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ აღნიშნული განჩინება აპელანტ გ. მ.-ეს ჩაბარდა პირადად 2015 წლის 10 მარტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 11 მარტიდან და ათდღიანი ვადა ამოიწურა 2015 წლის 23 მარტს. აპელანტს ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუვსია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. მ.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მისაღებად შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან აპელანტმა განუმარტა თავისი მძიმე მატერიალური მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, გ.მ.-ე უმუშევარია, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საჭირო თანხის მოძიება ვერ შეძლო.
მხარემ აღნიშნა, რომ 2015 წლის 10 მარტს სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ გ. მ.-ეს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა სახელმწიფო ბაჟის სახით 1024 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესასრულებლად აპელანტს მიეცა 14 დღე, თუმცა აღნიშნული ვადა მხარის მოთხოვნით რამდენჯერმე გაგრძელდა. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა გ. მ.-ის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რადგან მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები.
საბოლოოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განჩინებით გ. მ.-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით და განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
შპს „სკს-ს“ გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტს 2015 წლის 10 მარტს პირადად ჩაბარდა (ტომი 2, ს.ფ. 85).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 11 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 20 მარტს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მისთვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება წარმოადგენდა გ. მ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტს თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე რაიმე მტკიცებულებით არ დაუსაბუთებია, არამედ შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ მძიმე ეკონომიკურ მდგომაროებაში იმყოფება, უმუშევარია, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები მხარის გადახდისუუნარობას ცალსახად არ ამტკიცებს, კანონის მითითებული დანაწესის გამოყენებისა და მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობას არ წარმოადგენს, რის გამოც სააპელაციო პალატამ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სავსებით სწორად არ გადაუვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე