საქმე №ას-512-485-2015 24 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მეორე კასატორი – შპს „ე.- .11“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ე.-.11“-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხისათვის 17,600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებად მითითებულია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენდა დაბა ხ.-ში, დ. ა.-ის ქ. №32-ში მდებარე 227.8 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, რომელიც განთავსებულია 5 821 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ასევე, 567.6 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, რომელიც განთავსებულია 5 940 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2011 წლის 18 მაისს შპს „ნ. საქართველოსთან“ გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. 2011 წლის 15 ივლისს შპს „ნ. საქართველომ“ მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა. მის ნაცვლად შემოთავაზებული იქნა შპს „ე.-11“. 2011 წლის 10 ნოემბერს სამინისტროსა და შპს „ე.-.11“-ს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლის თანახმად შპს „ნ. საქართველოს“ ჩაენაცვლა შპს „ე.-11“. იჯარის ხელშეკრულების ვადა გავიდა 2012 წლის 18 მაისს. ხელშეკრულების 9.1 პუნქტით განსაზღვრული იყო იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ქონების დაბრუნების წესი, რაც შპს „ე.-11“-ის მიერ არ განხორციე.- და იგი აგრძელებდა უძრავი ქონებით სარგებლობას. ხელშეკრულების 9.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო შპს „ე.-11“-ს ხელშეკრულების 6.6 პუნქტის თანახმად ეკისრება ჯარიმა ქონების ღირებულების 10%, რაც შეადგენს 17,600 აშშ დოლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ 2011 წლის 18 მაისის ხელშეკრულება არ განსაზღვრავს საიჯარო ქონების დაბრუნების წესს. შესაბამისად, უსაფუძვლოა მითითება ამ წესის დარღვევაზე. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა მიმოწერა იჯარის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე. მოსარჩელემ 2012 წლის 28 ნოემბრის №.../6208 მიმართვით აცნობა მოპასუხეს, რომ იჯარის ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ქონების დაყოვნებისათვის ერიცხებოდა საიჯარო ქირა ყოველდღიურად 29 ლარის ოდნობით. აღნიშნული თანხა მოპასუხის მხრიდან გადახდილია. 2013 წლის 04 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა ახალი იჯარის ხელშეკრულება. 2014 წლის 19 იანვრის აქტით მოხდა მოიჯარის ჩანაცვლება და შპს „ე.-11“-ს ჩაენაცვლა შპს „ჰ. ჯ.-ია“. შესაბამისად, შპს „ე.-11“ მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში აღარ იმყოფება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ე.-11“-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ 7 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 18 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს ,,ნ. საქართველოს’’ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ხ.-ი, დ. ა.-ის ქ. № 32, 227.8 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რომელიც განთავსებულია 5821 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ასევე, 567.6 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რომელიც განთავსებულია 5940 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე იჯარით გაცემა. დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულების წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 10 500 აშშ დოლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად დადგინდა ერთი წელი. ხელშეკრულების 6.6. პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი დაჯარიმდებოდა საიჯარო ქონების ღირებულების 10 %-ით. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, დადგენილი საიჯარო ვადის გასვლის შემთხვევაში, საიჯარო შენობა-ნაგებობებისა და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების გადაცემა მოხდებოდა ქონების აღწერის ოქმის საფუძველზე წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. 9.2 პუნქტის თანახმად, თუკი მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდგომ არ დააბრუნებდა იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეეძლო მოეთხოვა დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის. მეიჯარეს შეეძლო მოეთხოვა სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც. 2011 წლის 10 ნოემბრის შეთანხმების აქტით დადგენილია, რომ 2011 წლის 18 მაისს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს ,,ნ. საქართველოს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გავიდა შპს ,,ნ. საქართველო’’ და მას ჩაენაცვლა შპს ,,ე.- 11’’-ით. ამავე შეთანხმების აქტით დადგენილია, რომ შპს „ე.-11”-მა იკისრა 2011 წლის 18 მაისის ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა ვალდებულების შესრულება, მათ შორის, საიჯარო ურთიერთობის ვადის გასვლის შემდგომ, ვალდებულება ქონების დაბრუნებისა, ხოლო მისი დაუბრუნებლობის შემთხვევაში, იგი დაჯარიმდებოდა ხელშეკრულების 6.6. პუნქტის „ბ” პუნქტის შესაბამისად. 2012 წლის 26 ოქტომბერს, შპს ,,ე.-11’’-ის დირექტორმა წერილით მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა 2011 წლის 18 მაისის იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება. დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავიდა 2012 წლის 18 მაისს. დადგენილია, რომ 2013 წლის 4 ოქტომბერს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს ,,ე.- 2011’’-ს შორის დაიდო ახალი იჯარის ხელშეკრულება 5 წლის ვადით. 2014 წლის 13 იანვრის შეთანხმებით, შპს ,,ე.- 11’’-ს 2013 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულებაში ჩაენაცვლა შპს ,,ჰ. ჯ.-ია’’. დადგენილია, რომ 2012 წლის 18 მაისიდან 2013 წლის 04 ოქტომბრამდე მოიჯარეს მეიჯარისათვის ქონება არ დაუბრუნებია. ხელშეკრულების ვადის გასვლიდან ქონების დაუბრუნებლობის პერიოდს წარმოადგენდა 2012 წლის 18 მაისიდან 2013 წლის 4 ოქტომბრამდე პერიოდი, რომელიც მოიცავდა 16.5 თვეს. მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, იყვნენ თუ არა მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებულნი საიჯარო ქონების დაბრუნების რაიმე პირობაზე. მოპასუხის განმარტებით, მხარეები არანაირ პირობებზე ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით არ შეთანხმებულან, თუმცა მოპასუხე არ უარყოფდა, რომ საიჯარო ქონება დროზე არ დაუბრუნებია და დაყოვნების პერიოდი 16.5 თვეს შეადგენდა. მოპასუხის განმარტებითვე (რასაც მოსარჩელეც ეთანხმება) ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ (ანუ 2012 წლის 18 მაისის შემდგომ) ქონების სარგებლობისათვის მოიჯარე იხდიდა დღეში 29 ლარს და ეს უდავოა. მოსარჩელე ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებდა, მაგრამ მოპასუხისაგან ითხოვდა სახელშეკრულებო პირობის შესრულებას და ქონების დაყოვნების, ანუ დროულად დაუბრუნებლობის გამო ქონების ღირებულების 10%-ის გადახდას, რაც შეადგენს 17 600 აშშ დოლარს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა იჯარის ხელშეკრულების სამართლებრივი ნორმებით უნდა მოწესრიგებულიყო, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 581-ე და 591-ე მუხლებით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით კონკრეტულ შემთხვევაში, 2011 წლის 18 მაისის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა წარმოშობილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს ,,ე.- 2011’’-ს შორის. მხარეთა შორის სადავოა საიჯარო ქონების დაუბრუნებლობით მიყენებული სხვა ზიანის ანაზღაურების საკითხი. პალატის განმარტებით, დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, დადგენილი საიჯარო ვადის გასვლის შემთხვევაში, საიჯარო შენობა-ნაგებობებისა და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების გადაცემა მოხდებოდა ქონების აღწერის ოქმის საფუძველზე წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. 9.2. პუნქტის თანახმად, თუკი მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდგომ არ დააბრუნებდა იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეეძლო მოეთხოვა დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის. მეიჯარეს შეეძლო მოეთხოვა სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავიდა 2012 წლის 18 მაისს და მოიჯარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ქონება არ გადაუცია მეიჯარისათვის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის. დადგენილია, რომ ქონების გადაცემის დაყოვნების პერიოდი შეადგენს 16.5 თვეს, რადგან 2013 წლის 4 ოქტომბერს მხარეთა შორის ახალი იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო 2012 წლის 18 მაისიდან ვიდრე 2013 წლის 4 ოქტომბრამდე, ანუ ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე, მოიჯარე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა მეიჯარის ქონებას. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმება მოიცავდა, როგორც საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას, ქონების დროულად დაუბრუნებლობისათვის, ასევე, პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას - იგივე ვალდებულების დარღვევისათვის (პირგასამტეხლოს დაკისრება). სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 312-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 17,600 აშშ დოლარი (იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ სადავო პერიოდში მოიჯარე იხდიდა ქირასაც დღეში 29 ლარს) შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოა და გონივრული და სამართლიანი იქნება მოპასუხისათვის 7 000 აშშ დოლარის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და შპს „ე.-11“-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაბუთება ემყარება იმ გარემოებას, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ უსაფუძვლოდ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. კასატორის განმარტებით, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეემცირებინა პირგასამტეხლოს ოდენობა, რადგან პირგასამტეხლოს ოდენობა გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით, რომლის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია შპს „ე.-11“- ს.
შპს „ე.-11“-მ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შპს „ე.-11“ საკასაციო პრეტენზიას აცხადებს იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ხელშეკრულების სადავო პუნქტებს. კასატორის განმარტებით, საიჯარო ქონების დაბრუნების წესი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა. აღნიშნულ წესზე შეთანხმება მოგვიანებითაც არ მომხდარა. კასატორის განმარტებით, მის მიერ ფიზიკურად ვერ მოხდებოდა იმ წესის დარღვევა რაც დადგენილი არც ყოფილა. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების 9.2 პუნქტი საშუალებას იძლეოდა საიჯარო ურთიერთობის დამთავრების მიუხედავად გაგრძელებულიყო საიჯარო ქონებით სარგებლობა დათქმული საიჯარო ქირის გადახდის პირობით, რაც რეალურად განხორციედა კიდეც. კასატორის მითითებით, თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო წინააღმდეგი იყო საიჯარო ქონებით ესარგებლდა შპს „ე.- 2011“-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, მას შეეძლო სასამართლოსათვის მიემართა ვინდიკაციური სარჩელით და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოეთხოვა. აღნიშნული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან არ განხორციელებულა, შესაბამისად ადგილი არ აქვს შპს „ე.-11“-ის მიერ ვალდებულების დარღვევას, რის გამოც მას არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 17 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „ე.-11“-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 18.05.2011წ.-ს ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, როგორც „მეიჯარეს“ და მეორე მხრივ, შპს ,,ნ. საქართველოს’’, როგორც „მოიჯარეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობების და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების იჯარის შესახებ“.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული დ.ხ.-ში, დ. ა.-ის ქ. №32-ში მდებარე 227.8კვ.მ შენობა-ნაგებობის, რომელიც განლაგებულია 5821კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ:...); ასევე, 567.6კვ.მ შენობა-ნაგებობის, რომელიც განლაგებულია 5940კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ:..) მოიჯარისათვის გადაცემა დროებით სარგებლობაში
ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა იჯარით გადასაცემი მიწის ქირის ღირებულება და გადახდის წესი, კერძოდ, ხელშემკრელი მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების საგნის სარგებლობისათვის მოიჯარე მეიჯარეს გადაუხდიდა იჯარის ქირას, რომლის წლიური ოდენობა განისაზღვრა 10,500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, რომელიც მოიჯარეს უნდა ჩაერიცხა ხელშეკრულებაში მითითებულ მეიჯარის საბანკო რეკვიზიტზე.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა ხელშემკვრელ მხარეთა მიერ განისაზღვრა ერთი წლით (მე-5 მუხლი).
ხელშეკრულების მე-6 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლებები და მოვალეობები, კერძოდ, 6.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მეიჯარეს მიენიჭა უფლებამოსილება მოეთხოვა საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა მოიჯარის მიერ ხელშეკრულების პირობათა დარღვევისას; 6.6. პუნქტის მიხედვით კი განისაზღვრა, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ჯარიმდება: ა) საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, - ქირის 0,1%-ით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, საიჯარო ქონების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა იჯარის ვადის გასვლის შემდგომ ქონების დაბრუნების შემდეგი წესი: ხელშეკრულებით დადგენილი საიჯარო ვადის გასვლისას საიჯარო შენობა-ნაგებობების და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების გადაცემა მოხდება ქონების აღწერის ოქმის საფუძველზე წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. თუკი მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდგომ არ აბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
დადგენილია, რომ 10.11.2011წ.-ს ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მეორე მხრივ, შპს „ნ. საქართველოსა“ და მესამე მხრივ, შპს ,,ე.-11’’-ს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლითაც 18.05.2011წ.-ის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობების და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების იჯარის შესახებ“ ხელშეკრულებაში შპს ,,ე.-11’’-მა ჩაანაცვლა შპს „ნ. საქართველო“. ხელშეკრულების დანარჩენი პირობები მხარეებს შორის დარჩა უცვლელად.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები რაიმე პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოთ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ შეიცავს. შესაბამისად, ამ ნაწილში, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შპს ,,ე.- 11’’-სათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, ქონების ღირებულების 10%-ის გადახდის დაკისრება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და მოპასუხისათვის 17,600 აშშ დოლარის მთლიანად დაკისრება.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეებს შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის წარმოშობილია იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სამოქალაქო კოდექსის 581-ე-606-ე მუხლები და ამავე კოდექსის ქირავნობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები, თუკი ისინი იჯარისაგან განსხვავებულ სამართლებრივ წესრიგს არ ადგენენ. ამავე კოდექსის 581-ე მუხლის დანაწესით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. ამავე კოდექსის 591-ე და 567-ე მუხლებით კი, რეგულირებულია საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებები, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლის თანახმად, თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება. ბათილია შეთანხმება, რომლითაც დამქირავებელს ეკისრება ზიანის ანაზღაურება იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე მიყენებული იყო. 591-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს გააჩნიათ ხელშეკრულების პირობათა შესრულების ვალდებულება, როგორც პირველადი მოთხოვნის ისე, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას შემთხვევებისათვის ზიანის ანაზღაურების, როგორც მეორადი მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი შესაძლებლობა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა როგორც ფაქტობრივი ისე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრით გამომდინარეობს ხელშეკრულების პირობათა დარღვევიდან. მეიჯარის განმარტებით, საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ საიჯარო ქონება არ დაუბრუნდა მეიჯარეს, რითაც დაირღვა ხელშეკრულების მე-9 მუხლით დადგენილი წესი (იხ., სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები). ამ თვალსაზრით კი, საინტერესოა როგორ წესრიგდება საიჯარო ქონების დაბრუნება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მითითებული მუხლით. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-9 მუხლი, რომელიც იჯარის ვადის გასვლის შემდგომ ქონების დაბრუნების საკითხს აწესრიგებს ბლანკეტური შინაარსისაა და დათქმას აკეთებს ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტზე, კერძოდ, მითითებული მუხლის შინაარსის მიხედვით ხელშეკრულებით დადგენილი საიჯარო ვადის გასვლისას საიჯარო შენობა-ნაგებობების და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების გადაცემა მოხდება ქონების აღწერის ოქმის საფუძველზე წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. თუმცა დადგენილია, რომ თავის მხრივ, ხელშეკრულების მე-3 პუნქტი რაიმე პირობაზე ან წესზე მითითებას, რომელიც შეეხება საიჯარო ქონების უკან დაბრუნებას არ შეიცავს. შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ რომელი კონკრეტული წესი დაირღვა მოიჯარის მიერ არც საქმის მასალებით და არც ხელშეკრულებით ირკვევა. ამ ვითარებაში კი, სადავო საკითხის რეგულირებისათვის უნდა მივმართოთ უშუალოდ ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლებრივ დებულებებს, კერძოდ, ზემოთ დასახელებულ ნორმას, რომელიც ახდენს საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას საიჯარო ქონების დაბრუნების სამართლებრივ რეგლამენტაციას. ნორმის მიზნებისათვის, საიჯარო ქონების დაყოვნებისას, მეიჯარეს აქვს ორგვარი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი შესაძლებლობა, კერძოდ, მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, მას ასევე შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც. ამდენად, ნორმის განმარტებით ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის მეიჯარეს აქვს დათქმული საიჯარო ქირის გადახდისა და ამავდროულად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც.
მოცემულ საქმეზე უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ მოიჯარე იხდიდა დაყოვნებულ დღეებზე ყოველდღიურად 29 ლარს. ამდენად, ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის არ არსებობს დავის საგანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის პირველ რიგში, უნდა დგინდებოდეს მიყენებული ზიანის შინაარსი და ზიანის ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით, სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. ამავე მუხლითაა განმარტებული მიუღებელი შემოსავალი, კერძოდ, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო დავის სწორად გადაწყვეტას მნიშვნელოვნად განაპირობებს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ზუსტად განსაზღვრა, რაც განეკუთვნება სასამართლოს ულებამოსილების სფეროს, თუმცა, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია სასამართლომ მართებულად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი ჩამონათვალი, იმისათვის, რომ სასამართლოს არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე უნდა იქნეს აგებული. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს საიჯარო ქონების დაყოვნებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურებას თუმცა ვერ მიუთითებს კონკრეტულად რაში გამოიხატა ზიანი, მოსარჩელე მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ საიჯარო ქონების დაბრუნება დააყოვნა მეიჯარემ, ხოლო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.1 პუნქტი ამგვარი შემთხვევებისათვის ითვალისწინებს სხვა სახის ზიანის მოთხოვნის უფლებასაც. მოსარჩელის მხოლოდ ეს არგუმენტი კი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს, კერძოდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი წერტილი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურდება მხოლოდ მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი. ხოლო ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. იგივე აზრია გატარებული სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლში, რომელიც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად სარგებლობაში მდგომარეობს. როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება საიჯარო ქონება დააყოვნა მოიჯარემ, ხოლო მეიჯარე დაყოვნებისათვის ყოველდღიურად იღებდა თანხას და იჯარით გადაცემული ქონების სარგებლობაში არ ედავებოდა მოიჯარეს. მაშინ, როდესაც მას გააჩნდა როგორც მატერიალური ისე, პროცესუალური საშუალებები აღეკვეთა მისი ქონებით ამგვარი სარგებლობა. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავალი, რომელზედაც აპელირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და რომელიც მისი მოსაზრებით, წარმოადგენდა მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანს სახეზე არ გვაქვს.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმებისა და შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევეაში, გამოირიცხა შპს „ე.-11-ისათვის“ თანხის დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, მისი საკასაციო საჩივარი დასაკმაყოფილებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, შპს „ე.-11“-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ამიტომაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „ე.-11“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შპს „ე.-11“-ის მიერ საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლო ანაზღაურების მიზნით, 350 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ე.-11“-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაეკისროს შპს „ე.-11“-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 350 ლარის გადახდა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე