Facebook Twitter

საქმე №ას-521-494-2015 23 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ლ. კ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ზ-ა, მ. მ-ა., ე. ც-ა, რ. ა-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, აქციისა და დივიდენდის დაბრუნება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „ლ. კ-მა“ (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ც-ს, ს. ზ-ს, მ. მ-სა და რ. ა-ს (შემდგომში _ მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა ე. ც-ს, ს. ზ-სა და მ. მ-სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 777 421,45 ლარის დაკისრება, ე. ც-ს მიერ სს „ლ. კ-ში“ მისი კუთვნილი 17500 აქციის ნომინალურ ფასად (1 აქცია 1 ლარად), ასევე, მის მიერ დივიდენდის სახით მიღებული 45 275, 75 ლარის დაბრუნება მოსარჩელისთვის, ე. ც-სა და რ. ა-ს შორის დადებული ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #...ში მდებარე ბინისა და ქ.ზუგდიდში, კ-ის ქუჩა #...ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა. სარჩელის თანახმად, ე. ც-სა და ს. ზ-ა იყვნენ სს „ლ. კ-ის“ აქციონერები და ამავე საზოგადოებაში მომუშავე თანამდებობის პირები. ს. ზ-ა დანაშაულებრივი გზით მესამე პირებზე გასცემდა სესხებს, რითაც რეალურად თავად ითვისებდა ფულს. სესხების გაცემაში ხელს უწყობდა მ. მ-ა, რის გამოც მიცემულ იქნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, ხოლო ე. ც-ა, რომელსაც დაევალა სამსახურებრივი ზედამხედველობა სესხების გაცემაზე, თავადაც უწყობდა ხელს დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას, რაც დასტურდება ს.ზ-სა და ე.ც-ს შორის ელექტრონული მიმოწერით, რომლის ნამდვილობაც ექსპერტიზის დასკვნითაა დადასტურებული. ჩადენილ ქმედებაზე ქონებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით ე. ც-მ, თვალთმაქცური გარიგების გზით, მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება გადააფორმა საკუთარი შვილის _ რ. ა-ს სახელზე.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ს. ზ-სა და მ. მ.ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 777 421,45 ლარის გადახდა, მოსარჩელის მოთხოვნა ე. ც-ს მიმართ მისი კუთვნილი 17500 აქციის მინიმალურ ფასად (1 აქცია 1 ლარად), ასევე, დივიდენდის სახით მიღებული 45 275, 75 ლარის დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნაც ე. ც-სა და რ. ა-ს მიმართ ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #...ში მდებარე ბინისა და ქ.ზუგდიდში, კ-ის ქუჩა #...-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება:

5.1.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 ივნისის განაჩენის თანახმად, რომელიც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 აგვისტოს განაჩენით, დამნაშავედ იქნენ ცნობილი მ. მ-ა და ს. ზ-ა. მ. მ-ამ კრედიტის მიღების მიზნით სს „ლ. კ-ს“ ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა მიაწოდა, მანვე 397 მსესხებლის სახელით სს „ლ. კ-იდან“ უკანონოდ გამოიტანა სესხი 807 471,76 ლარი, რასაც თაღლითურად დაეუფლა.

5.1.2. ს. ზ-მ კრედიტის მიღების მიზნით სს „ლ. კ-ს“ ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა მიაწოდა,რითაც კრედიტის მიღების მიზნით მ. მ-ას დაეხმარა. მანვე სს „ლ. კ-ის“ სესხის ოფიცრის სპეციალური უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად და გასაღების მიზნით ყალბი ოფიციალური დოკუმენტი დაამზადა (შეადგინა 397 მსესხებლის ყალბი სესხის პაკეტი).

5.1.3. მ. მ-ასა და ს. ზ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებით სს „ლ. კ-ს“ მიადგა 807 471, 76 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

5.1.4. სადავო გარემოებას წარმოადგენდა მხოლოდ მ. მ-ასა და ს. ზ-სთან ერთად, მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელ სუბიექტად ე. ც-ს ცნობა და მ. მ.სა და ს. ზ-სთან ერთად, როგორც სოლიდარული მოვალისათვის, ე. ც-სათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება. განხილვის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის მოთხოვნა, ე. ც-ს მიმართ დივიდენდის დაბრუნების თაობაზე და ე. ც-სა და რ. ა-ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

5.1.5. სს „ლ. კ-ის“ აქციონერთა ხელშეკრულება ითვალისწინებდა თანამშრომელთან ხელშეკრულების შეწყვეტას შემდეგი მიზეზების გამო: ა) თანამშრომლის მიერ მოვალეობებისა და მომსახურების თვითნებური ან უხეში შეუსრულებლობა, რომელიც მოეთხოვება თანამშრომელს, როგორც წესი, შესაბამისი შრომითი კონტრაქტის, კომპანიის შინაგანაწესისა და წესდების თანახმად; ბ) თანამშრომლის აშკარა და განმეორებითი წარუმატებლობა კომპანიის მიერ დაკისრებული მოვალეობების განხორციელებისას (გამონაკლისია ავადმყოფობის ან შემთხვევის შედეგად გამოწვეული უუნარობა ან არაქმედუნარიანობა; გ) თანამშრომლის მიმართ ბრალის დადასტურება სისხლის სამართლის დანაშაულში; დ) თანამშრომლის მიერ არსებითი და განმეორებითი, იურიდიულად დამტკიცებული დარღვევა მის მიმართ მინდობილი ვალდებულებებისა; ე) თუ საბჭოს წევრთა უმეტესობის მიერ (ამ კონკრეტული თანამშრომლის გამოკლებით) თანამშრომელი იქნება მხილებული თვითნებურად ფონდების ან კომპანიის სხვა ქონების მითვისებაში ან ფალსიფიკაციაში.

5.1.6. სს „ლ. კ-ის“ 2013 წლის 23 სექტემბრის #... ბრძანებით ე. ც-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად ბრძანების გამცემი თანამდებობის პირი მიუთითებდა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, კომპანიის მიმართ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის დამალვას, კომპანიის კორპორაციული ეთიკის, პროცედურული ნორმებისა და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების უხეშ დარღვევას. აღნიშნულ დავაზე წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ლ. კ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.1.7. ე. ც-ს სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ სს „ლ. კ-მა“ მისი დანაშაულთან შესაძლო კავშირის შესახებ ინფორმაცია და მასალები მიაწოდა სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას.

5.1.8. 2014 წლის 30 ივლისს საოლქო პროკურატურამ ე. ც-ს წერილობით აცნობა, რომ სს „ლ. კ-ის“ განცხადება, სადაც საუბარი იყო ე. ც-ს მიერ კრედიტების უკანონოდ გაცემის ფაქტზე, დაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს წარმოებაში არსებულ #... სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც აღძრულია ს. ზ-სა და მ. მ.-ასთან ერთად დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების მიმართ. ამასთან, მოცემულ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციების (მტკიცებულებების) სამართლებრივი შეფასების შედეგად არ გამოიკვეთა ე. ც-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი.

5.1.9. პალატამ დაადგინა, რომ არ არსებობდა მ. მ-ასა და ს. ზ-ს დანაშაულთან ე. ც-ს დანაშაულებრივი კავშირის დადასტურებული შემთხვევა (კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი), რაც გამორიცხავდა მოსარჩელეთა მტკიცებას, ე. ც-ს მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების, კომპანიის მიმართ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის დამალვის ან სხვა რაიმე სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის შესახებ. არ დასტურდებოდა არც სხვა ისეთი გარემოებები, როგორიც იყო ე. ც-ს მხრიდან კომპანიის კორპორატიული ეთიკის, პროცედურული ნორმებისა და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების უხეში დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ე. ც-ს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის ხასიათის დანაშაული, ზემოაღნიშნული გარემოება, დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა გამხდარიყო მის მიმართ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

5.1.10. საქმეში წარმოდგენილი სს „ლ. კ-ის“ გენერალური დირექტორის - ბ. შ-ს დაკითხვის ოქმში ბ.შ. მიუთითებდა, რომ მიმდინარე დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია ე. ც-საგან მიიღო. „ე. ც-საგან იქნა მიწოდებული ინფორმაცია, რომ სესხების მიღების დროს ჩნდებოდნენ ერთი და იგივე პირები, რაც მათ მიიჩნიეს საეჭვოდ“. ს. ზ-ა შესაგებლის თანახმად, საზოგადოებაში მიმდინარე ფაქტების შესახებ ე. ც-მ არაფერი იცოდა. საქმეში წარმოდგენილი ქვარცხავას დაკითხვის ოქმის თანახმად, დასტურდებოდა, რომ სააქციო საზოგადოებაში მიმდინარე დარღვევების შესახებ ინფორმაცია ე. ც-საგან გაიგო. პალატის მოსაზრებით, ე. ც-ს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 7 თებერვლის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შესაბამისადაც: „e-.ge“-ისა და „s-.ge“-ის ელექტრონული მისამართებიდან მიმოწერის თანახმად „ამოღებული მიმოწერის ორიგინალების დადგენა სცდება ექსპერტის კომპეტენციის ფარგლებს“. აქვე აღნიშნულია, რომ „პროგრამული უზრუნველყოფის ანალიზით, რომელშიც არის აღნიშნული მიმოწერა განხორციელებული, დადგინდა, რომ მას არ გააჩნია გაგზავნილ-მიღებულ შეტყობინებებში შესწორების შეტანის საშუალება, აქედან გამომდინარე, გამოსაკვლევ მიმოწერებში ცვლილებები არ არის შეტანილი“. არსებული მიმოწერის (როგორც მოსარჩელის ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულების) ორიგინალობა ექსპერტს არ დაუდგენია, მაგრამ ეს მიმოწერა რომც ჩათვლილიყო ორიგინალად, პალატამ მიიჩნია, რომ მასში არ იყო გადმოცემული თუ ასახული ისეთი შინაარსის საუბარი ე. ც-ს მხრიდან, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი დადანაშაულება საწარმოს მიმართ ზიანის მიღებაში. მით უფრო სრულიად დაუდასტურებელი იყო მისი, როგორც სოლიდარული მოვალის ვალდებულება 777 421,45 ლარის დაკისრების ნაწილში.

5.1.11. ჩუქების, როგორც მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში პალატამ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან საქმის მასალებით სრულიად დაუდასტურებელი იყო სადავო ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათი.

5.2. გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:

5.2.1. სააპელაციო პალატამ სადავო ურთიერთობა დელიქტურ ვალდებულებად მიიჩნია და იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 ივნისის განაჩენით დგინდებოდა ს. ზ-სა და მ. მ.ს დანაშაულებრივი ქმედება, რითაც მოსარჩელეს ზიანი მიადგა. აპელანტის მითითებით ე.ც-ს მიმართ მოთხოვნა გამომდინარეობდა დელიქტური სამართლის ნორმებიდან და იგი არ ემყარებოდა ე.ც-ს მხრიდან მხოლოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

5.2.2. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის სავალდებულოა, არსებობდეს მატერიალური ხასიათის დანაშაული, რომელიც გულისხმობს დანაშაულით გამოწვეული შედეგის არსებობას ზიანის სახით. ამასთან, ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობისას უნდა არსებობდეს ბრალი. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით სრულიად დაუდასტურებელი იყო ე.ც-ს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება.

5.2.3. მოსარჩელესა და ე. ც-ს შორის სასამართლო დავის მიმდინარეობისას ე. ც-მ გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები. გასხვისებას საფუძვლად დაედო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებები, ორივე უძრავი ნივთის შემძენია ე. ც-ს შვილი რ. ა-ა. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო გარიგებების მოჩვენებითად მიჩნევისათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარემოების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, გარიგების მონაწილე მხარეთა საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ ნების გამოვლენას. მითითებული ნორმა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ასეთ შემთხვევაში ორთავე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები პალატამ არასაკმარისად მიიჩნია ჩუქების ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა „უკანონო ურთიერთშეთანხმების“ დასადასტურებლად (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები).

5.2.4. უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აპელანტის მოთხოვნა ე. ც-ს მიერ მიღებული დივიდენდის დაბრუნებისა და მისივე კუთვნილი 17 500 აქციის მინიმალურ ფასად დაბრუნების შესახებ. პალატამ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლისა და 531-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნა, რომ მხოლოდ აქციონერის უფლებაა, მოსთხოვოს საზოგადოებას თავისი აქციების შეფასება და გამოსყიდვა კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას. სასარჩელო მოთხოვნით კი, სააქციო საზოგადოება ითხოვდა აქციონერის მიერ მინიმალურ ფასად თავისი აქციების დაბრუნებას, რაც ეწინააღმდეგებოდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის იმპერატიულ დათქმებს, მიზანსა და დანიშნულებას.

5.2.5. მიღებული დივიდენდის უკან დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში პალატამ აღნიშნა, რომ მსგავს რეგულაციას დივიდენდთან მიმართებით საქართველოს კანონი „მეწარმთა შესახებ“ არ იცნობდა, პირიქით, მითითებული კანონის 57-ე მუხლის თანახმად, აქციონერისათვის გადასაცემ ერთადერთ საზღაურს სწორედ დივიდენდი წარმოადგენდა. მოსარჩელის მოთხოვნა კი, არ ექცეოდა ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნათა ფარგლებში. აქციონერთა ხელშეკრულებით მოწესრიგებული იყო თანამშრომლის მიერ დივიდენდის დარღვევით მიღების საკითხი, თუმცა მოსარჩელე არ მიუთითებდა იმაზე, რომ ე.ც-ს დივიდენდი დარღვევით ჰქონდა მიღებული.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არასწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები და დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე, 249-ე მუხლები, შესაბამისად, არსებობს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლითა და 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.

6.1.2 სასამართლო არასწორად მსჯელობდა მოსარჩელის განცხადებაზე, სადაც საუბარია ე.ც-ს მიერ დანაშაულის ჩადენასა და ამ გარემოების თაობაზე გამოძიებისათვის მიმართვაზე, ასევე, არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ე.ც-ს დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2014 წლის 30 ივლისის წერილი არ გამორიცხავს ე.ც-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესაძლებლობას, ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დგინდებოდა ე.ც-ს შესაძლო კავშირი ჩადენილ დანაშაულთან. კასატორს არასოდეს უმტკიცებია ე.ც-ს მიერ დანაშაულის ჩადენა, თუმცა საქმის მასალბზე დაყრდნობით, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვდა მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. ამ შემთხვევაში, სასამართლომ მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებით მოსარჩელეს ე.ც-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადასტურება მოსთხოვა. კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ იცოდა ს.ზ-სა და სხვათა მხრიდან დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მას ეს მოგვიანებით არ შეუტყვია, ხოლო დანაშაულის დაგვიანებული მხილებით მოპასუხემ დაარღვია კორპორაციული ეთიკისა და შრომის კოდექსის მოთხოვნები და საზოგადოებას მიაყენა ზიანი, რაც მისი პასუხისმგებლობის საფუძველია. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ე.ც-ს მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს ადასტურებს, კერძოდ, 18.03.2014წ. განჩინების საფუძველზე დაიკითხნენ კომპანიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და დადასტურდა ს. ზ-სა და ე. ც-ს შორის დანაშაულებრივი კავშირი, რომელსაც მოწმობს 2008-2010 წლებში ამ უკანასკნელთა შორის არსებული ელექტრონული მიმოწერა. სააპელაციო სასამართლომ ეს მიმოწერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით შეაფასა. მიმოწერის არსებობა დადასტურებულია 07.02.2014წ. ექსპერტიზის დასკვნითაც, თუმცა, სასამართლომ ყურადღება მხოლოდ იმაზე გაამახვილა, რომ ელექტრონული მიმოწერა არ არის დედანი. სასამართლოს მსჯელობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1341 მუხლს ეწინააღმდეგება, წინააღმდეგობაშია ასევე „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლთან. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლოს შეფასებები ეწინააღმდეგება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას. რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლით განსაზღვრულ დედანი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას, ის მხოლოდ მაშინ დაიშვება, როდესაც არსებობს თავად დედანი. გარდა აღნიშნულისა, მიმოწერის შეფასებიბსას სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ე.ც-ა არ მიუითითებდა მისი დანაშაულებრიობის დამადასტურებელ გარემოებებზე, მიმოწერის თანახმად, ირკვევა, რომ ე.ც- ინფორმირებული იყო კანონის დარღვევით გაცემული სესხების თაობაზე და ერთ-ერთი პირის სახელით სთხოვს ს.ზ-ას თანხის საზოგადოებაში შეტანას, ასევე ასწავლის მას, თუ როგორ მოიქცეს ს.ზ-ა ამ ამბის გამჟღავნების თავიდან არიდებისათვის. სააპელაციო პალატა ყოველგვარ საფუძველს გასცდა, როდესაც აღნიშნა, რომ ე.ც-ას მიმართ მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, რადგანაც ამ დროისათვის საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში იხილებოდა და მოსარჩელეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნაზე. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმის ჩვენებაც (ქვარცხავას დაკითხვის ოქმი), რადგანაც სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დანაშუალის თაობაზე სწორედ ე.ც-ას მეშვეობით გახდა ცნობილი. სასამართლოს მოწმის ჩვენების სხვა ნაწილი არ გამოუკვლევია, ხოლო შეფასებული ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ 18.03.2014წ. განჩინებასა და ელექტრონულ მიმოწერას.

6.1.3. აქციათა ნომინალურ ფასად გამოსყიდვისა და დივიდენდის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, გაურკვეველია, სასამართლომ რომელი ფაქტობრივი გარემოებები შეაფასა განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას.

6.1.4. გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საკითხს. პალატა ყურადღებას არ ამახვილებს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ ჩუქების მოტივი გამჩუქებლის მძიმე ავადმყოფობა იყო. ქონების გასხვისების მთავარი მიზანი აღსრულების საშუალების გადამალვა იყო. მსგავს ვითარებაში, სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის წინაპირობების არსებობა სავარაუდოა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი სწორედ მოპასუხეს ავალდებულებს მისი ნამდვლობის მტკიცების ტვირთს. ამ შემთხვევაში, სასამართლომ დაარღვია ხსენებული ნორმის მოთხოვნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. კასატორის პრეტენზია მიმართულია დელიქტურ ვალდებულებაში ე. ც-სათვის პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების, მისთვის მიღებული დივიდენდისა და შეძენილი აქციების ნომინალურ ფასად საზოგასოებისათვის დაბრუნების დავალდებულების, ასევე, ე.ც-ას მიერ რ.ა-ასთან დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების ბათალდ ცნობისკენ.

1.3. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ე. ც-ას ბრალეული ქმედება საზოგადოებისათვის დანაშაულებრივი გზით მიყენებულ ზიანში, ამ კუთხით მას სარწმუნო მტკიცებულებები არ წარუდგენია, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებები, ერთი მხრივ, იურიდიული ძალის მქონედ არ იქნა მიჩნეული, ხოლო, მეორე მხრივ, გამორიცხავდა მოპასუხის ბრალეულობას. გარდა აღნიშნულისა, პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელეს ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ მიუთითებია გარემოებებზე, რომლებიც გამოიწვევდა ამ გარიგებების ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგებს, ხოლო დივიდენდისა და აქციათა დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში პალატამ სარჩელი სამართლებრივად დაუსაბუთებლად ჩათვალა.

1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ანდა განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით და დადგენილია, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. რაც შეეხება სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრებას, ასეთ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს თავად სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები. სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის მიღებაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების მიზნებისათვის მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრეს განეკუთვნება თავად ზიანის არსებობის ფაქტი, მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ამ ქმედებასა და ზიანს შორის. მოცემულ შემთხვევაში, განაჩენითაა დადგენილი როგორც ზიანის არსებობის ფაქტი, ისე ამ ზიანის მიმყენებელი პირების ვინაობა, რომელთა შორის ე. ც-ა არ არის მოხსენიებული. კასატორის განმარტებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებას ამ უკანასკნელისათვის მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ე.ც-ამ იცოდა დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე და დროულად არ განაცხადა უფლებამოსილი პირის წინაშე. ამ ფაქტის დადასტურებას კასატორი ცდილობს არაპირდაპირი მტკიცებულებით _ ელექტრონული მიმოწერით, რომლის მხოლოდ არსებობის ფაქტია დადგენილი ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო ის გარემოება, უშუალოდ ე.ც-ა მონაწილეობდა თუ არა მიმოწერაში, არ დასტურდება, ამასთანავე, დადგენილია და არც კასატორს წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია, რომ მიმოწერა არ შეიცავს ისეთ შინაარსს, რომელიც სასამართლოს მიიყვანდა დასკვნამდე, რომ ე.ც-ასათვის ცნობილი იყო თანხის უკანონოდ გატანის თაობაზე.

1.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მსჯელობას, შრომით დავაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, თუმცა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული ეს საპროცესო დარღვევა დავის შედეგზე ვერ აისახება, რამდენადაც სასამართლოს მხრიდან მხოლოდ იმის მითითება, რომ გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში (როდესაც საქმე საკასაციო სასამართლოში იხილებოდა), წინამდებარე საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის მომტანი არ შეიძლება იყოს.

1.7. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომლის თანახმადაც სასამართლომ არასწორად შეფასა მოწმეთა ჩვენებები, ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისათვის მიმართვა, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები, ამ კუთხით სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები შეესაბამება სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

1.8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე, 531 და 57-ე მუხლების თაობაზე და განმარტავს, რომ დივიდენდის, ასევე, აქციათა დაბრუნების ნაწილში მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები დადგენილია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ანდა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

1.9. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე. ც-ას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო პასუხზე დართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლი 6 (ექვს) ფურცლად.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 8 მაისს #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ლ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ლ. კ-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 8 მაისს #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.

3. ე. ც-ას დაუბრუნდეს საკასაციო პასუხზე დართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლი 6 (ექვსი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური