საქმე №ას-521-494-2015 25 ივნისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.ზ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.კ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, აქციებისა და დივიდენდის დაბრუნება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ლ.კ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ც–ს, ს.ზ–ს, მ.მ–სა და რ.ა–ს მიმართ ე.ც–ს, ს.ზ–სა და მ.მ–თვის სს „ლ.კ–ის“ სასარგებლოდ 777 421,45 ლარის სოლიდარულად დაკისრების, ე.ც–ს მიერ სს „ლ.კ–ში“ მისი კუთვნილი 17 500 აქციის ნომინალურ ფასად (1 აქცია 1 ლარად), ასევე დივიდენდის სახით მიღებული 45 275, 75 ლარის დაბრუნებისა და ე.ც–სა და რ.ა–ს შორის ქ.თბილისში, ...... მდებარე ბინის, ასევე ქ.ზუგდიდში, ...... არსებული არასაცხოვრებელი ფართის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ლ.კ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ს.ზ–სა და მ.მ–ს სს „ლ.კ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 777 421,45 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრის სს „ლ.კ–მა“ და ს.ზ–მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინებით სს „ლ.კ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ს.ზ–ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ს.ზ–ს სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და ამავე სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის განჩინებით მისი განხილვა დაინიშნა მთავარ სხდომაზე 2015 წლის 12 მარტს, 15:30 საათზე. აღნიშნულის თაობაზედაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, სასამართლო უწყების მეშვეობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დანიშნულ მთავარ სხდომაზე 2015 წლის 12 მარტს, 15:30 საათზე, არ გამოცხადდა აპელანტი ს.ზ., რომელიც სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად სასამართლო უწყების მეშვეობით. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე აპელანტს სასამართლოსათვის არ უცნობებია.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის სს „ლ.კ–ის“ წარმომადგენელმა უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ასევე, საქმის განხილვის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ს.ზ–ს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 71-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ს.ზ–ს სახელზე გაგზავნილი უწყება ჩაბარდა ოჯახის სრულწლოვან წევრს, მეუღლე ხ.ხ–ს, 2015 წლის 27 თებერვალს.
უდავოა, რომ აპელანტი სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად სასამართლო უწყების მეშვეობით. 2015 წლის 12 მარტს, 15:30 საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ს.ზ., გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე აპელანტს სასამართლოსათვის არ უცნობებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 229-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვინაიდან აპელანტი არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და მისი გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ საპატიოდ არ იქნა მიჩნეული, ამასთან, მოწინაააღმდეგე მხარემ არ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და უარი განაცხადა საქმის განხილვის გადადებაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილდებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს.ზ–მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძლებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მან და სს „ლ.კ–მა“, ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მ.მ–მ, რომელიც დარჩა განუხილველად და შესაგებელთან ერთად ს.ზ–ს მეუღლეს ჩაბარდა მ.მ–ს შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება.
სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის თაობაზე უწყება არც კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარებია და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს, ასეთ ვითარებაში სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების, ასევე, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს.ზ–ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სს „ლ.კ–სა“ და ს.ზ–ს სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად;
ამავე სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა მ.მ–ც, თუმცა სააპელაციო პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით იგი განუხილველად იქნა დატოვებული;
სააპელაციო პალატის 2015 წლის 17 თებერვლის განჩინებით ს.ზ–სა და სს „ლ.კ–ის“ სააპელაციო საჩივრების განხილვა დაინიშნა 2015 წლის 12 მარტს, 15:30 საათზე;
მხარეებს, მათ შორის, ს.ზ–ს საქმის განხილვის თაობაზე გაეგზავნათ სასამართლო უწყება, სს „ლ.კ–ის“ სააპელაციო შესაგებელი და მ.მ–ს შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება;
ს.ზ–ს მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაგზავნილი სამივე კორესპოდენცია, 2015 წლის 27 თებერვალს ჩაბარდა მის მეუღლეს, ხ. ხ–ას (საქმეში წარმოდგენილია შპს „სკს-ს“ სამი საფოსტო პასუხი ს.ზ–თვის გაგზავნილ სამივე კორესპოდენციაზე);
სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ს.ზ., ხოლო გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. დასახელებული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის რეგულირებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 299-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ხოლო 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია ასევე სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ განუხილველად დარჩეს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, როგორც აპელანტის ჯეროვანი ინფორმირების, ისე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობების არსებობა (აპელანტის გამოუცხადებლობა; მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა).
კერძო საჩივრის ავტორი მიღებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სასამართლო სხდომის შესახებ უწყება არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ ჩაბარებიათ.
მხარის ამ პრეტენზიის შესწავლის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების (მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების) გაუქმების საფუძვლები და დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება (განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები; ე) მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ჩამოთვლილთაგან „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წინაპირობების არარსებობა, რაც შეეხება მხარის მითითებას, რომ მას სასამართლო უწყება არ ჩაბარებია, რის გამოც არ არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, პალატა განმარტავს, რომ, როგორც უკვე აღნიშნა, საქმეში წარმოდგენილია ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რასაც დაემყარა კიდევაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების გამაქარწყლებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, რისი წარდგენის ვალდებულებაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სწორედ მას ევალებოდა, მხოლოდ განმარტება, რომ აპელანტს უწყება არ ჩაბარებია არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ს.ზ–ს კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ზ–ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური