საქმე №ას-522-495-2014 5 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ.ა. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - საშუამავლო გასამრჯელოსა და ჯარიმის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ჰ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ა–ის მიმართ შუამავლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გასამრჯელოსა და ჯარიმის _ 3 420 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჰ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და მოპასუხისათვის 3 000 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ჰ–ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ჰ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.ა–ს შპს „ჰ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2 140 აშშ დოლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ.ა. ბინის შესყიდვის მიზნით დაუკავშირდა საშუამავლო კომპანიას შპს „ჰ–ს“და 11.07.2013წ. მხარეთა შორის წერილობით გაფორმდა ე.წ „უძრავი ქონების შეძენის სარეგისტრაციო მოწმობა“, რომლის თანახმად შპს „ჰ–ს“ მ.ა–თვის უნდა გაეწია საშუამავლო მომსახურება საცხოვრებელი ბინის შეძენის მიზნით, ქ.თბილისში, ..... და ....... ქუჩებზე 52 000 აშშ დოლარის ფარგლებში. საშუამავლო მომსახურების გადასახადი განისაზღვრა ბინის ღირებულების 3%-ით, ხოლო შემკვეთის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში _ ჯარიმა საშუამავლო თანხის ორმაგი ოდენობით;
ნ.ა. არის მოპასუხე მ.ა–ის დედა;
2013 წლის 14 ივლისს ქ.თბილისში ....... მდებარე N1 კორპუსის N82 ბინაზე მ.ა–ის დედას _ ნ.ა. და ყოფილ მესაკუთრე ა.რ–ს შორის წერილობით გაფორმდა ბეს ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ნ.ა–მ, როგორც მყიდველმა, ა.რ–ს წინასწარ, ბეს სახით გადაუხადა 5 000 აშშ დოლარი, ამასთან აიღო ვალდებულება, რომ უძრავი ქონების ღირებულების სრულ ოდენობას _ 57 000 აშშ დოლარს, იგი გამყიდველს გადაუხდიდა ბინის გაფორმებისთანავე;
2013 წლის 14 ივლისს ბეს ხელშეკრულების გარდა, მ.ა–ის დედამ გასცა ხელწერილი, რომლის შესაბამისადაც, ნ.ა–მ ბინის ნასყიდობის სრული თანხის გადახდის ვალდებულება აიღო 2013 წლის 3 აგვისტოსათვის.
2013 წლის 14 ივლისს ა.რ–სა და ნ.ა–ს შორის ბეს ხელშეკრულებისა და ხელწერილის გაფორმებას ესწრებოდა შპს „ჰ–ის“ დირექტორი, რაც დასტურდებოდა დოკუმენტებზე შპს „ჰ–ის“ მრგვალი ბეჭდითა და მოწმე ნ. რ–ის ჩვენებით.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდებოდა, რომ ქ.თბილისში ....... ბინა 82-ზე 2013 წლის 26 ივლისს განხორციელდა ნ.ა–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2013 წლის 22 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
ა.რ–მ (ბინის გამყიდველი) შპს „ჰ–ს“ ბინის ნასყიდობის გაფორმების შემდეგ გადაუხადა 200 აშშ დოლარი, ხოლო მ.ა–ს არ გადაუხდია საშუამავლო მომსახურების საფასური, ბინის ღირებულების 3% _ 1 710 აშშ დოლარი.
გაზიარებულ იქნა აპელანტის მსჯელობა, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შემკვეთი იყო მ.ა., დაიდო შპს „ჰ–ის“ შუამავლობით.
სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ საშუამავლო საქმიანობიდან გამომდინარე მომსახურების გადახდის ვალდებულება უკავშირდება შუამავლობის შედეგად ხელშეკრულების დადების ფაქტს. შემკვეთი მოვალეა, შუამავალს გასამრჯელო გადაუხადოს იმ საშუამავლო საქმიანობისათვის, რომელიც მაკლერმა გასწია, ამასთან, იგი ვალდებულია გასამრჯელო მისცეს შუამავალს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიდება ის ხელშეკრულება, რომელსაც მიზნად ისახავდა შუამავლობა (შუამავლობის ხელშეკრულება). თუ გამიზნული ხელშეკრულება არ დაიდო, ანუ, „მაკლერის“ საშუამავლო საქმიანობა წარმატებით არ დასრულდა, მაკლერს არა აქვს უფლება მოითხოვოს გასამრჯელო.
გაზიარებულ იქნა აპელანტის პოზიცია, რომ გასამრჯელოს გადახდის ვალდებულება შემკვეთს უნდა დაეკისროს არა მხოლოდ მაშინ, თუ კონკრეტულ შემთხვევაში შუამავლობის შედეგად მოძიებული ბინა საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება შემკვეთის სახელზე, არამედ, მთავარია, რომ მიზანი, რის გამოც დაიდო საშუამავლო ხელშეკრულება, მიღწეული იქნას ანუ, დადგინდეს, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იქნა საშუამავლო საქმიანობის შედეგად. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად შეძენილი ბინის მესაკუთრედ ნ.ა–ის რეგისტრაცია არ გამორიცხავდა ნასყიდობის ხელშეკრულების შუამავლის საქმიანობის შედეგად დადების ფაქტს, იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც დადგენილი იყო ბეს ხელშეკრულებისა და ხელწერილის გაფორმებაში საშუამავლო კომპანიის მონაწილეობა და მ. და ნ. ა–ების ახლო ნათესაური კავშირი. მოწმე ნ.რ–ის ჩვენებით პალატამ მიიჩნია, რომ ა. რ–ის ბინის სანახავად ბეს ხელშეკრულების გაფორმებამდე, წინა დღეს მ. და ნ. ა–ებს თან ახლდათ შპს „ჰ–ის“ წარმომადგენელი ლიკა თაქთაქიშვილი, ასევე, ბეს ხელშეკრულების გაფორმება და ნ.ა–ის მიერ ხელწერილის შედგენა მოხდა აგრეთვე შპს „ჰ–ის“ წარმომადგენლის თ.გ–ს მონაწილეობით, რაც ასევე დასტურდებოდა აღნიშნულ დოკუმენტებზე დასმული შპს „ჰ–ის“ ბეჭდით.
არ იქნა გაზიარებული მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე) პოზიცია იმის თაობაზე, რომ ბინა მოძიებული იყო ნ.ა–ის მიერ, დამოუკიდებლად ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მ.ა–ს არ მოუწონებია და თანხმობა არ მიუცია ნ.ა–ითვის ქ.თბილისში .... გამზირზე არსებული ბინის შეძენაზე, რადგან მისი სურვილი იყო შეეძინა ბინა საბურთალოს ტერიტორიაზე და რომ ბეს გადაცემის შესახებ ხელშეკრულება დაიდო იძულებით, რადგან ეს გარემოება არ იყო დადასტურებული საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. აღნიშნული არ დასტურდებოდა არც მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების: ნ.ა–სა და კ.ტ–ის ჩვენებებით. მოწმედ დაკითხულმა ნ. რ–მ უარყო ზემოაღნიშნული და დაადასტურა, რომ ბინის გაყიდვა მოხდა საშუამავლო ფირმა შპს „ჰ–ის“ მეშვეობით, არავითარ იძულებას ადგილი არ ჰქონია. მამამისი _ ა. რ. ივლისის დასაწყისში ჩამოვიდა საქართველოში და მაშინ გადაწყდა ამ ბინის გაყიდვის საკითხი. ნ.რ. ყველა იმ პროცესის თვითმხილველია, რაც განვითარდა ბინის ნახვისა და ბეს გადაცემის მომენტში. პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები მოპასუხე მ.ა–თან სუბიექტური დამოკიდებულების გამო ვერ დაუპირისპირდებოდა ნეიტრალური მოწმის _ ნ. რ–ის ჩვენებას, ამასთან, იგი პირადად ესწრებოდა, როგორც ბეს ხელშეკრულებისა და ხელწერილის გაფორმების პროცესს, ისე წინა დღეს მ. და ნ.ა–ების მიერ გასაყიდი ბინის დათვალიერებას შპს „ჰ–ის“ წარმომადგენელთან ერთად.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 417-ე მუხლით, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით და რადგანაც საშუამავლო კომპანიამ მოპასუხეს გაუწია საშუამავლო მომსახურება ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიზნით, ამ შუამავლობის შედეგად დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო შემკვეთმა თავი აარიდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები, თუმცა მისი შეუსაბამო ოდენობის გამო, სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი თანახმად, მიიჩნია, რომ იგი 3-ჯერ უნდა შემცირებულიყო და მისი ოდენობა განსაზღვრულიყო 430 აშშ დოლარით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ა–მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის პირველი ნაწილი, 373-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 316-ე, 317-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სასამართლოს არ განუმარტავს და არ დაუსაბუთებია ამ ნორმების დისპოზიციაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მ.ა–ს ნ.ა–ის მიერ ბინის შეძენით სარგებელი არ მიუღია, ამდენად, კასატორისათვის თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა განსხვავდება ბესა და ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებს შპს „ჰ–ის“ მხრიდან საბურთალოს რაიონში ბინის მოძიებისა და ამ გზით ვალდებულების შესრულების ფაქტს, ასევე არ დგინდება, რომ ნ.ა–ის მიერ ქონების შეძენით მ.ა–მ მიიღო სარგებელი.
კასატორმა მიუთითა მოსარჩელესა და მას შორის დადებულ შუამავლობის ხელშეკრულებაზე, ასევე ამ ხელშეკრულების პირობებზე და აღნიშნა, რომ შპს „ჰ–ს“ ნ.ა–თან რაიმე გარიგება არ დაუდია. მ.ა–ის სურვილი საბურთალოს რაიონში ბინის შეძენა იყო, რაც დღემდე არ განხორციელებულა, .... გამზირზე მდებარე ბინა შემძენის მიერ იქნა მოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბეს ხელშეკრულებასაც მ.ა. გააფორმებდა, რომელიც არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ა–ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა მ.ა–სა და შპს „ჰ–ს“ შორის დადებული შუამავლობის ხელშეკრულების პირობები და არასწორად ჩათვალა, რომ ნ.ა–სა და ა.რ–ს შორის ქ.თბილისში, ......გამზირის N63-ში, პირველი კორპუსის N82 ბინაზე 2013 წლის 22 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით მოსარჩელემ მ.ა–ის მიმართ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. მან სადავოდ გახადა ასევე სასამართლოს დასკვნა ნ.ა–ის მიერ გარიგების დადებისას მოპასუხის თანხმობის არსებობის ფაქტის თაობაზე.
კასატორის პრეტენზიების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე საკითხზე:
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2013 წლის 11 ივლისის შუამავლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის გასამრჯელოს, ასევე პირგასამტეხლოს დაკისრება.
მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლზე, რამდენადაც მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა შუამავლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია.
განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, საშუამავლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მხარეთა შეთანხმება შუამავლობის გზით ხელშეკრულების დადებაზე; ძირითადი ხელშეკრულება, რომლის დადების მიზნითაც თანხმდებიან მხარეები შუამავლობაზე; ეს ხელშეკრულება სწორედ შუამავლობის შედეგად უნდა იყოს დადებული.
სარჩელის ფაქტობრივ დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ შუამავლობის ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ჰ–სა“ და მ.ა–ს შორის, რომლითაც შესასყიდი უძრავი ქონების საორიენტაციო ფასი განისაზღვრა 52 000 აშშ დოლარიდან და მოსარჩელის მომსახურების შედეგად ბინის შეძენის შემთხვევაში, მ.ა–მ, გასამრჯელოს სახით, იკისრა ქონების ღირებულების 3%-ის, ხოლო გასამრჯელოს გადახდისათვის თავის არიდების შემთხვევაში, ჯარიმის სახით საკომისიო თანხის ორმაგი ოდენობის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელის მიერ იყალთოს, ვაჟა-ფშაველასა და იოსებიძის ქუჩებზე შეთავაზებული არც ერთი ბინა არ იქნა მოწონებული მოპასუხის მიერ. საშუამავლო ფირმის თანამშრომელმა ა–ებს შესთავაზა ასევე ქ.თბილისში, ...... N63-ში, პირველ კორპუსში მდებარე N82 ბინა, რომლის შესყიდვის მიზნით ნ.ა–მ გამყიდველს გადასცა ბე _ 5 000 აშშ დოლარი და 2013 წლის 3 აგვისტოსათვის იკისრა ქონების ღირებულების დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულით მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რადგანაც შესყიდული ქონების მესაკუთრე, მ.ა–ის თანხმობით, გახდა ნ.ა., ხოლო მოპასუხემ ამით მიიღო სარგებელი.
მოპასუხემ შესაგებლით სადავოდ გახადა შპს „ჰ–ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რადგანაც მ.ა–ს ბინის შეძენა სურდა საბურთალოს რაიონში, რაც პირდაპირაა მითითებული ხელშეკრულებაში. ნ.ა–სა და მოსარჩელეს შორის გარიგება არ დადებულა, ხოლო ბინა უშუალოდ შემძენის მიერაა მოძიებული, ამასთანავე, მოპასუხეს არ მოუწონებია და თანხმობა არ განუცხადებია ნ.ა–ათვის ქ.თბილისში, .... გამზირზე მდებარე ბინის შესაძენად.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს „ჰ–სა“ და მ.ა–ს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა საშუამავლო მომსახურების გაწევას ქ.თბილისში, იყალთოს, ვაჟა-ფაშაველასა და იოსებიძის ქუჩებზე 52 000 აშშ დოლარის ფარგლებში ბინის შესაძენად. ქ.თბილისში ...... N63-ში N1 კორპუსში მდებარე N82 ბინაზე 2013 წლის 14 ივლისს ბეს ხელშეკრულება, ასევე ხელწერილი უძრავი ქონების ღირებულების სრული ოდენობის _ 57 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე გაფორმდა მ.ა–ის დედას _ ნ.ა–სა და ყოფილ მესაკუთრეს _ ა. რ–ს შორის, ასევე დადგენილია, რომ თბილისში ..... N63-ის N1 კორპუსში მდებარე N82 ბინაზე 2013 წლის 26 ივლისს განხორციელდა ნ.ა–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2013 წლის 22 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს მიერ შუამავლობის ხელშეკრულების პირობებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასწორად შეფასების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, შეძენილი ქონების მდებარეობა, ასევე მისი ღირებულება არ შეესაბამება შუამავლობის ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს, ამასთანავე, საქმეში არ მოიპოვება წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შემკვეთის ნებას, გარიგებაში მითითებული უბნის გარდა, სხვა უბანში ბინის შეძენის შესახებ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსარჩელის განმარტება, რომლის თანახმადაც მან მ.ა–ს არა ერთი ბინა შესთავაზა იყალთოს, ვაჟა-ფშაველასა და იოსებიძის ქუჩებზე, თუმცა არც ერთი მათგანი არ მოიწონა. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ბეს ხელშეკრულებისა და ხელწერილის გაფორმებაში საშუამავლო კომპანია მონაწილეობდა, ასევე, მაკა და ნ.ა–ები წარმოადგენენ დედა-შვილს, არ გამოდგება იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძვლად, რომ .... გამზირზე მდებარე ბინა 2013 წლის 11 ივლისს დადებული შუამავლობის ფარგლებში მ.ა–ის მიერ იქნა შეძენილი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოება შპს „ჰ–ის“ მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე, არ ჰპოვებს დადასტურებას საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით, შეკრებილ მტკიცებულებებს კი, არ მიეცა ობიექტური შეფასება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, ნ.ა–ის მიერ ქ.თბილისში, .... გამზირზე მდებარე უძრავი ქონების შეძენისას მოპასუხის თანხმობის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ მართალია, სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლი ითვალისწინებს არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღების სამართლებრივ შედეგებს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ასეთს ადგილი არ აქვს. პირველ რიგში საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილებაზე. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შესრულების მიღებაზე კრედიტორმა განაცხადა თანხმობა ან/და მიიღო სარგებელი, ეკისრება მოსარჩელეს. მანვე უნდა წარუდგინოს სასამართლოს ის მტკიცებულებები, რომლებიც სარწმუნოდ დაადასტურებენ არაუფლებამოსილი პირის მიმართ ვალდებულების შესრულებისას კრედიტორის თანხმობის არსებობასა თუ მის მიერ სარგებლის მიღებას. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ შპს „ჰ–მა“ ამ კუთხით რაიმე მტკიცებულება წარუდგინა სასამართლოს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მ.ა. იყო მისული ნ.ა–სთან ერთად ბინის სანახავად, ვერ გამოდგება სადავო გარემოების დადასტურების საკმარის მტკიცებულებად.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ მ.ა–ს არ მოუწონებია და თანხმობა არ მიუცია ნ.ა–თვის ქ.თბილისში .... გამზირზე არსებული ბინის შეძენაზე და ამ გარემოების დამტკიცების ტვირთი მოპასუხეს დააკისრა, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება და მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას, კერძოდ ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ უნდა განსაზღვროს სადაო და უდავო ფაქტები. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ჰპოვებს გამოვლინებას. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემული მუხლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარე, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მას აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი“ (იხ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11 ნოემბერი, 2013 წელი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, რადგანაც არ დასტურდება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი, პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს დავა.
საკასაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაამტკიცა შუამავლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ასევე ის, რომ ნ.ა–ის მიერ დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას საფუძვლად ედო მ.ა–ის თანხმობა ან მოპასუხემ ამ გარიგებით მიიღო სარგებელი. ამასთან, რადგანაც ბეს ხელშეკრულება, ნ.ა–ის ხელწერილი და ამ კუთხით წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული, პალატა თვლის, რომ შპს „ჰ–ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა მ.ა–ის საკასაციო საჩივარი, ხოლო მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, პალატა თვლის, რომ შპს „ჰ–ს“ მ.ა–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ანაზღაურება.
ამასთანავე, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს სასამართლოს ვალდებულება, მასში მითითებული სამართლებრივი წინაპირობების არსებობისას იმსჯელოს გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებაზე და გააუქმოს იგი, ვინაიდან სახეზე აღარაა ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დავის საგნის დაცვისა და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც შპს „ჰ–ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მ.ა–ის კუთვნილ უძრავ ქონებას (მდებარე ქ.თბილისი, ......, ბინა №49, საკადასტრო კოდი №.........).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ.ა–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „ჰ–ის“ სარჩელი მ.ა–თვის საშუამავლო გასამრჯელოსა და ჯარიმის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მ.ა–ის უძრავ ქონებას (მდებარე ქ.თბილისი, .......... ბინა №49, საკადასტრო კოდი №............).
5. შპს „ჰ–ს“ მ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ანაზღაურება.
6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე