Facebook Twitter

საქმე №010210014581505

საქმე №ას-524-497-2015 24 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ა.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ს.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. ს.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ა.-ის მიმართ სესხის – 3000 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წლის 29 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის – 6500 აშშ დოლარის ხელშეკრულება ამავე წლის 7 სექტემბრამდე. მოპასუხემ დათქმულ ვადაში სესხი სრულად არ დაფარა და გადასახდელი დარჩა 3000 აშშ დოლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ხ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. ა.-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო. ამავე სასამართლოს 2015 წლის 14 იანვრის განჩინებით ე.ა.-ის საჩივარს ეთქვა უარი, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით ე. ა.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რის გამოც აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად.

ხარვეზის განჩინება აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა მის სრულწლოვან ოჯახის წევრს, დედას 2015 წლის 19 მარტს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2015 წლის 30 მარტი, თუმცა აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ ხარვეზი არ აღმოფხვრილა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზი ვადაში არ შეუვსია, ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 14 იანვრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. ა.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ე. ა.-ეს სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ არ ჩაბარებია და მისთვის ხარვეზის არსებობა ცნობილი არ იყო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტისათვის გაგზავნილი გზავნილი ჩაბარდა ოჯახის სრულწლოვან წევრს, დედას, თუმცა სასამართლოს არ დაუკონკრეტებია დედის სახელი და გვარი, შესაბამისად, გაურკვეველი და დაუსაბუთებელია, ვის ჩაბარდა განჩინება ხარვეზის შესახებ.

მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საკუთარი ინიციატივით უნდა გაეგრძელებინა ე.ა.-ისათვის ხარვეზის შევსების ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე და 368-ე მუხლების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ა.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ე. ა.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2015 წლის 4 მარტის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 120 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.

სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განჩინება გაეგზავნა აპელანტ ე. ა.-ის წარმომადგენელ გ. ნ.-ეს, რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობით (ს.ფ. 90). ამასთან, გ. ნ.-ე აპელანტის წარმომადგენლად მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში და მარწმუნებლის სახელით ხელს აწერდა მას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ჩაბარდეს პირადად მხარეს, მის წარმომადგენელს ან, ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მასთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს. ამასთან, ამავე ნორმის შესაბამისად, კანონის ხსენებული დანაწესით გათვალისწინებულ პირთა წრის მიერ სასამართლო უწყების მიღებისას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი და ადრესატთან დამოკიდებულება.

განსახილველ შემთხვევაში შპს „სკს-ს“ გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად (ს.ფ. 101), 2015 წლის 19 მარტს სადავო სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტ ე. ა.-ის წარმომადგენლის – გ. ნ.-ის ოჯახის სრულწლოვან წევრს, დედას – ც. დ.-ეს, რომელმაც დააფიქსირა არა მარტო თავისი სახელი, გვარი და ადრესატისადმი დამოკიდებულება, არამედ პირადობის მოწმობის პირადი ნომერიც. მითითებული ფაქტი დამოწმებულია უფლებამოსილი კურიერის ხელმოწერით. შესაბამისად, ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლო განჩინება არ ჩაბარებია. ის ფაქტი, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ განჩინებაში არ მიუთითა გ.ნ.-ის დედის სახელი და გვარი, არ აბათილებს ც.დ.-ის მიერ სასამართლო გზავნილის ჩაბარებას და მოცემულ შემთხვევაზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე მიეჩნია, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა თავად აპელანტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 20 მარტს და ამოიწურა 2015 წლის 30 მარტს (29 მარტი იყო არასამუშაო, კვირა დღე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სადავო ვადის ბოლო დღე იყო მომდევნო სამუშაო დღე). აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატას საკუთარი ინიციატივით უნდა გაეგრძელებინა აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა აპელანტს თავისი შეხედულებისამებრ გაუგრძელოს, თუ ამის შესახებ თავად მხარე არ იშუამდგომლებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ა.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე