საქმე №330210114437506
საქმე №ას-532-505-2015 17 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „მ.-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ განცხადებების, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმების და მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ თანხმობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „მ.-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ განცხადებების, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმებისა და მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ თანხმობის ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სს „მ.-ის“ მიერ სახელმწიფო სასარგებლოდ მიტოვებულ იქნა საკუთრების უფლება საზოგადოების კუთვნილ უძრავ ქონებაზე. აღნიშნული განხორციელდა სს-ს იმჟამინდელი დირექტორის მიმართ იძულებისა და მუქარის გზით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვება განხორციელდა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად. მოსარჩელემ ჯ. შ.-ას მიმართ იძულების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარადგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს „მ.-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 მაისის №3 სხდომის ოქმი სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ სს „მ.-ის“ საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1) თ.-ში, კ.-ს ქ. №..-ში მდებარე 35 705 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №...; 2) თ.-ში, ლ.-ს სამრეწველო ზონაში, მშენებლობის სამინისტროს №1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე 10 705 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №...; 3) თ.-ში, ლ.-ს სამრეწველო ზონაში, მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე 6448 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №..., ბათილად იქნა ცნობილი სს „მ.-ას“ დირექტორ ჯ. შ.-ას 2011 წლის 23 მაისის განცხადებები სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ სს „მ.-ას“ საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1) თ.-ში, კ.-ს ქ. №..-ში მდებარე 35 705 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №...; 2) თ.-ში, ლ.-ს სამრეწველო ზონაში, მშენებლობის სამინისტროს №1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე 10 705 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №...; 3) თ.-ში, ლ.-ს სამრეწველო ზონაში, მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე 6 448 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №..., მოსარჩელეს უარის ეთქვა თ.-ში, კ.-ს ქ.№..-ში №... საკადასტრო კოდით მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე გამიჯვნის შესახებ სს „მ.-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 15 ივნისის №4 სხდომის ოქმის ბათილად ცნობასა და გამიჯვნის შესახებ სს „მ.-ის“ დირექტორ ჯ. შ.-ას 2011 წლის 15 ივნისის თანხმობის ბათილად ცნობაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „მ.-ამ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება გამიჯვნის შესახებ სს „მ.-ის“ დირექტორ ჯ. შ.-ას 2011 წლის 15 ივნისის თანხმობის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე უარის თქმისა და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 6.1 პუნქტში მითითებული მსჯელობის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით სს „მ.-ის“ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოტივაციო ნაწილის 6.1 პუნქტის (სამართლებრივი შეფასება) დასაბუთებულობასთან ერთად მოსარჩელის მიმართ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას ძალადობის და მუქარის დასაბუთებულად და დამტკიცებულად მიჩნევის ნაწილში დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს, კერძოდ, 6.1 პუნქტს – სამართლებრივ შეფასებას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრება დაუშვებელია, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატის მითითებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომლებიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია. მხარის დარღვეული უფლების ობიექტური არსებობა არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის სავალდებულო წინაპირობა. აღნიშნული ნორმა მოიცავს ასევე მხარის უფლებას, მიმართოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „მ.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს „მ.-ამ“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი დებულება არასწორადაა შეტანილი სამოტივაციო ნაწილში სამართლებრივ შეფასებად. თავისი შინაარსით იგი განეკუთვნება ფაქტობრივ გარემოებათა ნაწილს, კერძოდ კი, გადაწყვეტილების 3.2 პუნქტს.
მხარის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.1 პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობასაც, რადგან იგი წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, აპელანტი დაეთანხმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და სადავოდ გახადა მოსარჩელის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტის დაუსაბუთებლობის, ანუ ძალადობისა და მუქარის ფაქტის არარსებობის შესახებ 6.1 პუნქტი.
კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილების 6.1 პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გასაჩივრებაზე უარის თქმა, მიუხედავად იმისა, მოახდინა თუ არა აღნიშნულმა გავლენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებაზე, იქნება მხარისათვის კანონიერი უფლების შეზღუდვა, რადგან გასაჩივრებული დადგენილება სამომავლოდ შეიძლება, გახდეს უდავო მტკიცებულება მხარეთა შორის მოსალოდნელ სხვა დავებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „მ.-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ერთ-ერთ პუნქტზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით, რომლის თანახმად სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო სრულიად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება დაუშვებელია, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
მითითებული ნორმის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი.
მართალია, ზემოთ მოყვანილ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლში პირდაპირი არ არის მითითება გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის გასაჩივრების უფლებაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა არ ნიშნავს, რომ მხარეს გადაწყვეტილების სხვადასხვა ნაწილების ცალ-ცალკე გასაჩივრების უფლება გააჩნია.
სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და დანაწესების ერთობლიობაში განმარტებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე, რომელიც სარჩელზე პირდაპირ და ზუსტ პასუხს წარმოადგენს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.
საკასაციო პალატის მსჯელობას ამყარებს ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღსასრულებლად მიექცევა მხოლოდ სარეზოლუციო და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, რომელშიც ასახულია აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
აღსანიშნავია, რომ განსახილველი ტიპის საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუსგ 2009 წლის 7 სექტემბერი, საქმე №ას-710-1011-09), რომელსაც სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრება დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.
მითითებული ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
კანონის აღნიშნული დანაწესი განსაზღვრავს იმ განჩინებების გასაჩივრების წესს, რომლებიც სასამართლომ საქმეზე არსებითად განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებამდე გამოიტანა. იგულისხმება ისეთი შუალედური განჩინებები, რომელთა გასაჩივრება კერძო საჩივრის შეტანით დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში სს „მ.-ამ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა არა ზემოთ მითითებული სახის განჩინება, არამედ საქმეზე არსებითად მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის დებულება, რაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის მოქმედება ვერ გავრცელდება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და მისი დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „მ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური