საქმე №ას-534-507-2015 29 ივნისი, 2015 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – მ. მ-ე (მოსარჩელე), ლ. რ-ი, ლ. ვ-ა, ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახური (შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაციის გაუქმება, მოსარჩელის კანონიერი უფლების აღდგენა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის მიმართ და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმების გზით სადავო ქონების ნატურით გაყოფა, ასევე ნ. მ-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა მ. მ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის, ლ. რ-ისა და ლ. ვ-ას მიმართ ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, მოსარჩელის კანონიერი უფლების აღდგენისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ნ. მ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განჩინებით აპელანტ ნ. მ-ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის, 600 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა აპელანტ ნ. მ-ის წარმომადგენელს, ს. ა-ეს პირადად 2015 წლის 19 მარტს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზის შევსების ვადა აპელანტს ამოეწურა 2015 წლის 24 მარტს, თუმცა მას განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობა წარუდგენია სააპელაციო სასამართლოში ხარვეზისათვის დაწესებული ვადის გაგრძელების შესახებ. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368-ე მუხლებზე დაყრდნობით პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. მ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ნ. მ-ის წარმომადგენელმა ს. ა-ემ 2015 წლის 19 მარტს ჩაიბარა ქუთაისის სააპელაციო საასმართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ. ხარვეზის აღმოფხვრის ბოლო დღე იყო 2015 წლის 24 მარტი. 2015 წლის 23 მარტს ლ. ბ-ის თბილისის, მ-ის №... ფილიალში აპელანტის წარმომადგენელმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, 600 ლარი და აღნიშნულის დამადასტურებელი ქვითარი იმავე დღეს გააგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით. თუმცა გზავნილი სასამართლოში მივიდა დაგვიანებით, რის გამოც ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ვადაში იქნა აღმოფხვრილი. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის დაწესებული საპროცესო ვადა არ დაურღვევია.
გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას სააპელაციო სასამართლო ახდენს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ აპელანტმა ნ. მ-ემ გაუშვა ხარვეზის შესავსებად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განჩინებით დადგენილი 5 დღიანი საპროცესო ვადა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს, ს. ა-ეს პირადად ჩაბარდა 2015 წლის 19 მარტს (იხ. ს.ფ. 304). შესაბამისად, 5 დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღეს, 2015 წლის 20 მარტს და ამოიწურა 2015 წლის 24 მარტს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ ნ. მ-ის წარმომადგენელ, ნ. დ-ის 2015 წლის 23 მარტის განცხადებაზე, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით შევიდა 2015 წლის 20 აპრილს (იხ. ს.ფ. 319-322).
აღნიშნიშნული განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 23 მარტს, ნ. მ-ის წარმომადგენელმა ნ. დ-ემ (რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია 2014 წლის 13 აგვისტოს ნ. მ-ის მიერ 3 წლის ვადით გაცემული მინდობილობით (იხ. ს.ფ. 70)), სს „ლ. ბ-ის“ თბილისის, მ-ის ფილიალში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 600 ლარის ოდენობით. გადახდის ქვითარში - ველში „ინფორმაცია პირზე, რომლის მაგივრადაც სრულდება გადახდა“ - მითითებულია ნ. მ-ე, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული გადახდა განხორციელდა ნ. მ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით (იხ. ს.ფ. 320). ამავე განცხადებას ერთვის შპს „ქ. ს- ჯ-ის“ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ ადვოკატმა ნ. დ-ემ ზემოაღნიშნული ფოსტის (შპს „ქ. ს. ჯ-ის“) მეშვეობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გზავნილი გააგზავნა 2015 წლის 23 მარტს და იგი ადრესატს ჩაბარდა 2015 წლის 20 აპრილს (იხ. ს.ფ. 321), რაც ასევე დადასტურებულია ნ. დ-ის განცხადებაზე დასმული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ბეჭდით (იხ. ს.ფ. 319).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი ნ. მ-ის წარმომადგენელმა შეავსო სასამართლოს მიერ დაწესებული 5 დღიანი ვადის დაცვით, 2015 წლის 23 მარტს, ფოსტის მეშვეობით, მის მიერ არ დარღვეულა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განჩინება და საქმე ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე