19 ივნისი, 2015 წელი
საქმე№ას-633-599-2015 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ჭ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ჭ-ამ სარჩელი აღძრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის მიმართ სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2015 წლის 15 აპრილის განჩინებით მ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ჭ-ამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დადგენილია, რომ თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ჭ-ამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ამავე სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის განჩინების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა 2015 წლის 11 მაისს და აღნიშნული განჩინება ჩაიბარა 2015 წლის 15 მაისს (იხ. ს.ფ. 214). აქედან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 16 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 5 ივნისს, ხოლო მ. ჭ-ამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამავე წლის 6 ივნისს (იხ. საფოსტო კონვერტი, ს.ფ. 228), ანუ 21 დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, სახეზეა მ. ჭ-ას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური