№ას-668-635-2013 16 ივნისი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა.დ.-ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ.-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ა.დ.-ნის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 31 იანვარს ა.დ.-ნმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: 1. სს ,,თ.-ის“, 2. სს ,,ს.რ.-ის“, 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 315 654.23 ლარის (140 290.76 ევროს) გადახდა, კერძოდ: ა. მოსარჩელის მკურნალობაზე გაწეული ხარჯის - 18 621.81 ლარის (8 239.73 ევროს); ბ. პროთეზებისა და პროთეზირებასთან დაკავშირებული ხარჯების - 172 726.57 ლარის (76 091 ევროს); გ. მოსარჩელის მიერ სრულწლოვანების ასაკის მიღწევის დღიდან (2009 წლის 27 დეკემბერი) 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით განვლილ პერიოდში, ყოველთვიური ულუფის ღირებულება - 2 945.25 ლარის (1 309 ევროს); დ. 2005 წლის 04 ოქტომბრიდან, 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით განვლილ პერიოდში სადღეღამისო მომვლელის დასაქირავებელი თანხის - 121 360.6 ლარის (53 699.38 ევროს) გადახდა;
1.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, 2012 წლის 01 იანვრიდან მოსარჩელის სიცოცხლის განმავლობაში, ყოველთვიური სარჩოს გადახდა საქსტატის მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობით;
1.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, 2012 წლის 01 იანვრიდან მოსარჩელის სიცოცხლის განმავლობაში სადღეღამისო მომვლელის დაქირავების ხარჯის ყოველთვიურად გადახდა, კოალიციის ,,შ. ს.-ს“ მიერ დადგენილი სახელფასო განაკვეთის ცვალებადობის მიხედვით;
1.4. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, ყოველ 2-3 წელიწადში პროთეზების აღდგენა-განახლების ხარჯები;
1.5. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის - 3 300 000 ლარის (1 460 176.90 ევროს) გადახდა.
2. სარჩელის მიხედვით: 2005 წლის 31 აგვისტოს 15:00 საათზე, თბილისში, ქ.-ის ქ. №..-ში მდებარე სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურში, სხვა მცირეწლოვნებთან ერთად შევიდა 13 წლის მოსარჩელე, რომელმაც მაღალი ძაბვის ელექტრო-დენის დარტყმის შედეგად მიიღო ელექტროთერმული ტრამვა - სხეულის 17%-ზე მე-3, მე-4 ხარისხის დამწვრობა. მოსარჩელეს ჩაუტარდა ორივე ხელის ამპუტაცია, დაკარგა შრომისუნარიანობა 2/3-ზე მეტი ნიშნით და სამუდამოდ გახდა ხეიბარი-ინვალიდი. მოსარჩელის დაზიანების დროისათვის სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურის დამცავი ნაგებობა ჩამოქცეული იყო. ტრანსფორმატორი, დამცავი ნაგებობის გარეშე, ღია სივრცეში იმყოფებოდა, მაგრამ, მიუხედავად მისი ავარიულობისა, სს ,,თ.-ი“ (მოპასუხე) მაინც იყენებდა სატრანსფორმატორო ქვესადგურს და მისი მეშვეობით ელექტროენერგიას აწვდიდა თავის აბონენტ ორგანიზაციას.
3. მოპასუხე სს ,,თ.-მა“ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სარჩელი დაუსაბუთებელი იყო და შესაბამისი მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული. ამასთან, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში მოპასუხეს არანაირი ბრალი არ მიუძღვოდა.
4. სარჩელი არ ცნო ასევე მოპასუხე სს ,,ს.რ.-ამ“ და განმარტა, რომ იგი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან სატრანსფორმატორო ქვესადგურთან მას არავითარი კავშირი არ ქონდა. მოპასუხემ მიუთითა ასევე, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო.
5. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სატრანსფორმატორო ქვესადგური არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აღნიშნული ქვესადგური შპს ,,მ.-ს“ ბალანსზე ირიცხებოდა, რომელიც არ წარმოადგენდა სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს. ამდენად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო არასათანადო მოპასუხე.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
6.1. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
6.2. სს ,,თ.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:
ა. მკურნალობაზე გაწეული ხარჯის - 7046.82 ლარის;
ბ. პროტეზირებისათვის - 73 105.02 ევროსა და მგზავრობის ხარჯის - 2985.08 ევროს;
გ. ყოველთვიური ულუფის - 2010 წლის განმავლობაში თვეში 597.6 ლარის, 2011 წლის განმავლობაში თვეში 655.4 ლარის, ხოლო 2012 წლიდან თვეში 655.4 ლარის;
დ. მომვლელის ხარჯის - 2009 წლის 27 დეკემბრიდან თვეში 2557 ლარის;
ე. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად - 100 000 ლარის გადახდა;
6.3. სარჩელი შპს „ს.რ.-ისა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ არ დაკმაყოფილდა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტები:
7.1. 2005 წლის 31 აგვისტოს 15 საათზე თბილისში ქ.-ის ქ.N..- ში მდებარე ა-242 ტიპის სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურში, სხვა მცირეწლოვნებთან ერთად, შევიდა 13 წლის მოსარჩელე, რომელმაც მაღალი ძაბვის ელექტროდენის დარტყმის შედეგად მიიღო ელექტროთერმული ტრამვა - სხეულის 17%-ზე მე-3, მე-4 ხარისხის დამწვრობა. მოსარჩელეს ჩაუტარდა ორივე ხელის ამპუტაცია, დაკარგა შრომისუნარიანობა 2/3-ზე მეტი ნიშნით.
7.2. 2005 წლის აგვისტოში (მოსარჩელის დაზიანების დროისათვის) ზემოხსენებული სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურის დამცავი ნაგებობა ჩამოქცეული იყო. ტრანსფორმატორი, დამცავი ნაგებობის გარეშე, ღია სივრცეში იმყოფებოდა. მოპასუხე, ზემოაღნიშნული ქვესადგურის გავლით, ელექტროენერგიას აწვდიდა თავის აბონენტს.
7.3. მოსარჩელეს მიღებული ტრამვით მიადგა, როგორც ქონებრივი ისე არაქონებრივი ზიანი. ქონებრივი ზიანი გამოიხატა გაწეულ მკურნალობის ხარჯებში, გარდა ამისა, ა.დ.-ნი საჭიროებს სამომავლო მკურნალობასა და პროთეზირებას. მოსარჩელემ დაკარგა შრომისუნარიანობა 2/3-ზე მეტი ნიშნით. მოსარჩელემ განიცადა არაქონებრივი ზიანი, რაც გამოიხატება ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეულ სულიერ ტანჯვაში.
8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
9. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმით დადგენილი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს (რეზულტატს) შორის და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
10. სასამართლომ მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების ოთხივე წინაპირობა. კერძოდ, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიხატა წინდახედულობისა და უსაფრთხოების ნორმების უგულველყოფაში, დამცავი ნაგებობის გარეშე დარჩენილი ტრანსფორმატორის მეშვეობით მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გატარებაში. აღნიშნული ქმედება, სასამართლოს მოსაზრებით, მართლსაწინააღმდეგო იყო იმდენად, რამდენადაც ეწინააღმდეგებოდა უსაფრთხოების სტანდარტებს, რასაც ადგენდა ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები და უსაფრთხოების ტექნიკის წესები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს ევალებოდა, როგორც ელექტროენერგიის მომხმარებლისთვის მიწოდება, ისე უსაფრთხოების წესების დაცვა.
11. სასამართლოს მითითებით, მოპასუხის ბრალი გამოიხატებოდა უხეშ გაუფრთხილებლობაში, ვინაიდან მან წინდახედულების ნორმების უგულველყოფით, აუცილებელი ყურადღებიანობის მაღალი ხარისხით დარღვევით, განახორციელა ელექტროენერგიის მიწოდება.
12. მიზეზობრივ კავშირთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ არამართლზომიერად მიწოდებულმა ელექტროენერგიამ გამოიწვია დამდგარი ზიანი.
13. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოპასუხეს ეკისრებოდა ზიანის ანაზრაურების ვალდებულება, კერძოდ, იგი მოვალე იყო აღედგინა პირვანდელი მდგომარეობა. სასამართლოს მითითებით, უტყუარად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ დაკარგა შრომისუნარიანობა, გარდა ამისა, საჭიროებდა სამომავლო მკურნალობასა და რჩენას. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ სახეზე იყო ყველა ის ფაქტობრივი საფუძველი, რომელიც საჭირო იყო აღნიშნული ნორმის შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.
14. ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თავად ზიანის ანაზღაურების მიზანზე, რომლის არსი დაზარალებულის კომპენსირებაში მდგომარეობდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის უნარის შეზღუდვის გამო, დაზარალებული ვერ ახერხებდა მუშაობას, რის გამოც მას არ ჰქონდა უნარი მიეღო შემოსავალი ხელფასის სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა, ყოველთვიური სარჩოს დაკისრებასთან დაკავშირებით, იყო მიყენებული ზიანის ადეკვატური. ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა მოსარჩელის სხვა მოთხოვნები.
15. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ იყო დადგენილი, რომ მოსარჩელეს ამპუტირებული ჰქონდა ორი კიდური, იგი იყო ახალგაზრდა და უდავოდ განიცდიდა მის ფიზიკურ მდგომარეობას. მნიშვნელოვანი იყო, რომ მოსარჩელემ მიიღო დიდი სულიერი ტრავმა, როდესაც მან სხეულის დაზიანება მიიღო და გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. ასევე მორალური ზიანს ადასტურებდა ისიც, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებდა სისტემატიურ კონტროლს და შესაბამისი პროცედურების განხორციელებას.
16. სასამართლოს განმარტებით, არაქონებრივი ზიანის მოცულობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო თავად მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი. სასამართლოს განმარტებით, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. კონკრეტულ შემთხვევაში, მიღებული შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენას წარმოადგენდა და როგორიც არ უნდა ყოფილიყო კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენდა დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანი არის მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მორალური ზიანის სახით 100 000 ლარის განსაზღვრა იყო გონივრული და სამართლიანი.
17. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის პირველი ნაწილზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში მოსარჩლის მიერ მითითებულ მოპასუხეთა წრიდან არ იკვეთებოდა სატრანსფორმატორო ელექტრო ქვესადგურის მფლობელი, თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ზიანი მიადგა არამხოლოდ იმის გამო, რომ მომეტებული საფრთხის წყაროზე კონტროლის განხორციელება იყო შეუძლებელი, არამედ - სს ,,თ.-ის“ გაუფრთხილებელი ქმედებითაც. ამიტომ მითითებულ მოპასუხეთა წრიდან ზიანისთვის პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენდა მხოლოდ სს ,,თ.-ი“.
18. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სს ,,ს.რ.-ა’’ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენდნენ არასათანადო მოპასუხეებს, შესაბამისად, მათ მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
19. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხე სს ,,თ.-მა“.
20. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
21. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 12 მარტის N93 ბრძანებულების საფუძველზე მოპასუხეს სადავო ქვესადგური Nა-242 შპს ,,მე-5 თბილტრანსსერვისის“ ბალანსიდან არ გადაცემია და აღნიშნული ობიექტი 2001 წლის ბოლოსთვის კვლავ იმყოფებოდა მითითებული მუნიციპალური საწარმოს ბალანსზე. ამასთან, საქმის მასალებით არც ის დგინდებოდა, რომ მომდევნო წლებში მოხდა სადავო ქვესადგურის ბალანსთმფლობელის ცვლილება. ასევე, 2005 წლის მდგომარეობით, ფიდერი N11-ის წარმოდგენილი სქემით ირკვეოდა ის გარემოება, რომ ამ ფიდერიდან, შპს ,,თბილავტოტრანსსერვისი 5-ის“ სადავო ქვესადგურამდე, კერძო საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის შვიდი ტრანსფორმატორი ღებულობდა ელექტროენერგიას. ასევე, საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ მოსარჩელის დაზიანების ფაქტზე შს სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონულ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება, თუმცა დღეის მდგომარეობით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი (პირები) დადგენილი არ იყო.
24. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლზე და განმარტა, რომ მომეტებული საფრთხის წყაროს პრაქტიკული განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი ეკისრება იმ ნაგებობის მფლობელს, რომელშიც მოთავსებულია მომეტებული საფრთხის გამომწვევი ნივთიერებანი. ნაგებობის მფლობელი შეიძლება არც იყოს ზიანის უშუალო მიმყენებელი. მომეტებული საფრთხის წყაროს შემცველი ნაგებობის ფლობა უნდა ხორციელდებოდეს კანონის საფუძველზე (მაგ: საკუთრების ან სხვა სანივთო უფლება).
25. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ელექტროქვესადგურის მფლობელის ვინაობა არ დაუდგენია, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა მოპასუხეს დააკისრა და განმარტა, რომ აღნიშნული განპირობებული (,,გამართლებული“) იყო იმ გარემოებით, რომ მოპასუხის პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურებაზე ეფუძნებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლს, კერძოდ, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამომდინარეობდა მოპასუხის გაუფრთხილებელი ქმედებით, რაც გამოიხატა წინდახედულობისა და უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით, დამცავი ნაგებობის გარეშე დარჩენილ ტრანსფორმატორში მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გატარებაში.
26. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სათანადოდ არ არის დასაბუთებული, თუ რომელ სამართლებრივ აქტს ეწინააღმდეგებოდა, დამტკიცებული ტექნიკური პირობების საფუძველზე, სადავო სატრანსფორმატორო ქვესადგურის მეშვეობით ელექტროენერგიის მიწოდება შპს „ი.-ისთვის“. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მითითებულ აბონენტს დენი მიეწოდებოდა არამართლზომიერად, არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, თავისთავად, ელექტროენერგიის მიწოდების ფაქტი მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ზიანის გამომწვევი უშუალო მიზეზი, ასეთს წარმოადგენდა სადავო სატრანსფორმატორო ქვესადგურის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევა, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პასუხი ვერ გაეცა კითხვას, თუ ვის ევალებოდა ამ წესების დაცვა და, შესაბამისად, ვინ იყო პასუხისმგებელი მოსარჩელის მოთხოვნაზე, ვინაიდან სხვის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკურ გამართულობაზე ზედამხედველობა მოპასუხეს არცერთი ნორმატიული აქტით არ ეკისრებოდა.
27. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც „ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების“ მიხედვით, სწორედ სადავო ქვესადგურის მესაკუთრეს (მფლობელს) ეკისრება პასუხისმგებლობა მის ტექნიკურად გამართულსა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე, მოცემულ საქმეზე სადავო ქვესადგურის მესაკუთრის (მფლობელის) დადგენის გარეშე, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირად მოპასუხის მიჩნევა კანონსაწინააღმდეგო იყო.
28. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
29. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
29.1. ფაქტობრივ გარემოებათა ამსახველი მტკიცებულებები, რომლებზეც გასაჩივრებული განჩინება არის დამყარებული, შინაარსობრივად არასწორად არის მოყვანილი, ზოგიერთ მტკიცებულებას არასწორი შეფასება აქვს მიცემული, ხოლო იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებითაც უტყუარად არის დადასტურებული მომხდარ დელიქტში მოპასუხის ბრალეულობა, სააპელაციო პალატამ საერთოდ არ იმსჯელა და ისე აუარა გვერდი მათ, თითქოს ისინი მოცემულ საქმეში არ არსებობდა. ასევე, მცდარია და საფუძველს მოკლებულია გასაჩივრებულ განჩინებაში გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხეთა წრიდან არ იკვეთება ს/ქ N ა-242-ის მფლობელი.
29.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სადავო ობიექტების ბალანსთმფლობელობის შესახებ დამყარებულია საქართველოს პრეზიდენტის 12.03.2001 წლის N93 ბრძანებულებასა და მის დანართ N1-ზე, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ასეთი დასკვნის გაკეთებისას ვერ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნული ბრძანებულება, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენდა უმაღლესი თანამდებობის პირის ნორმატიულ აქტს, იგი ვერ შეცვლიდა საჯარო რეესტრის ჩანაწერს, რომლის არსებობის გარეშე, უძრავ ნივთზე. კასატორის მოსაზრებით, საწარმოთა მრავალგზის შერწყმა-გაერთიანების შედეგად წარმოშობილი იურიდიული პირების, ,,მ.-5-ის“ უფლებამონაცვლედ ცნობა და მომხდარი დელიქტისათვის მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება უსაფუძვლო იყო, ვინაიდან სადავო ელექტრო-ობიექტზე საკუთრების უფლებისა და მესაკუთრის დადგენა შეუძლებელი იყო, ხოლო დელიქტში ბრალეული პირის პასუხისმგებლობის საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო, თუ ვინ სარგებლობდა მითითებული ობიექტით, ვინ ფლობდა მას იმ დროისათვის, როდესაც მასზე მოსარჩელე დაშავდა(მფლობელობა კანონიერია თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს).
29.3. კასატორმა მიუთითა, რომ 2005 წლის დასაწყისში, ს/ქ Nა-242 უკვე გამოსული იყო მწყობრიდან, ჩამონგრეული ქონდა დამცავი ნაგებობის კედლები, ტრანსფორმატორი და დაბალი ძაბვის გამანაწილებელი უჯრედი მოხსნილი და წაღებული იყო. დამცავი ნაგებობის ნანგრევებში, ღია დაუცველ სივრცეში, ადგილზე დარჩენილი იყო მხოლოდ მისი ნაწილი - მაღალი ძაბვის გამანაწილებელი ფარი ჩამრთველ-ამომრთველით, რის გამოც, ტექნიკური თვალსაზრისით, იგი სატრანსფორმატო ქვესადგურს ფაქტიურად აღარ წარმოადგენდა და, შესაბამისად, აღარ აკმაყოფილებდა ექსპლოატაციისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს. ამასთან, ღია დაუცველ სივრცეში არსებული მაღალი ძაბვის გამანაწილებელი ფარისათვის მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის მიწოდება და მისი გამოყენება, რეალურ საფრთხეს შეუქმნიდა ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუმცა მოპასუხე მაინც განაგრძობდა ს/ქ Nა-242-ის ნანგრევებში უპატრონოდ მიტოვებული მაღალი ძაბვის გამანაწილებელი ფარით სარგებლობას და მისი გავლით ელექტროენერგიას აწვდიდა იმავე მისამართზე არსებულ სხვა საწარმოს, თავის აბონენტ ორგანიზაციას - შპს ,,ი.-ს“, რომელიც გასამრჯელოს სახით ყოველთვიურად უხდიდა მას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს. ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ მოპასუხე საკუთარი მიზნებისათვის სარგებლობდა თბილისი, ქი.-ის ქ. N...-ში არსებული ავარიული ქვესადგურის ნარჩენით - მაღალი ძაბვის ფარით (უჯრედით). შესაბამისად, მითითებული ობიექტი - ს/ქ Nა-242 იმყოფებოდა მოპასუხის მფლობელობაში. ამასთან, კასატორის შეფასებით, მითითებული ობიექტის მესაკუთრის და შემდგომში მისი სამართალმემკვიდრე იურიდიული პირის დადგენის შემთხვევაში, ელექტრო-ობიექტის მესაკუთრესა და მოპასუხეს სოლიდარულად დაეკისრებოდათ დელიქტით გამოწვეული სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
29.4. კასატორმა აღნიშნა, რომ ს/ქ Nა-242, 2003 წლამდე აკმაყოფილებდა ,,უსაფრთხოების ტექნიკის წესებითა“ და ,,ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესებით“ დადგენილ უსაფრთხოების ნორმებსა და სტანდარტებს. კერძოდ, ქვესადგურის დამცავი ნაგებობა დაუზიანებელი იყო, გააჩნდა კარები, რომელიც იკეტებოდა და სატრანსფორმატორო დანადგარი ჩაკეტილ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც გამორიცხავდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მისგან გამომდინარე რაიმე სახის საფრთხეს. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ელექტროენერგიის მიწოდება სამართალდარღვევად არ შეიძლება ჩათვლილიყო. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით (მოწმეთა დაკითხვის ოქმებით) დადგენილია, რომ 2003 წლიდან, მას შემდეგ, როდესაც სადაო ს/ქ Nა-242-ზე მომხდარი სხვა უბედური შემთხვევის დროს, ელექტროდენის დარტმის შედეგად დაიღუპა ერთ-ერთი მოქალაქე, მოპასუხის მუშაკებმა ს/ქ Nა-242-დან მოხსნეს სატრანსფორმატორო დანადგარის დაბალი ძაბვის უჯრედი, რის შემდეგ ს/ქ Nა-242-ის დამცავ ნაგებობაში დარჩა მხოლოდ მაღალი ძაბვის გამანაწილებელი ფარი, ჩამრთველ-ამომრთველით. ასევე, დადგენილია, რომ 2003 წლიდან, ტრანსფორმატორისა და დაბალი ძაბვის უჯრედის გარეშე უპატრონოდ დარჩენილი ქვესადგურის კაპიტალური დამცავი ნაგებობა ნადგურდებოდა და 2005 წლის დასაწყისისათვის იგი წარმოადგენდა კედლებ-ჩამოქცეულ სანახევროდ დანგრეულ შენობას, რომლის ნანგრევებში, ღია დაუცველ სივრცეში დარჩენილი იყო მხოლოდ მაღალი ძაბვის გამანაწილებელი უჯრედი. კასატორის შეფასებით, ს/ქ Nა-242-ის დამცავი ნაგებობის ნანგრევებში, დაუცველ ღია სივრცეში, გაშიშვლებულ მდგომარეობაში მყოფი მაღალი ძაბვის გამანაწილებელი ფარის გამოყენება, კერძოდ - მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის მიწოდება და მისი გავლით შპს ,,ი.ბ.-ის“ ელექტროენერგიით მომარაგება, რაც საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სააპელაციო სასამართლომ არ ჩათვალა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებად და გასაჩივრებულ განჩინებაში სადავო ელექტრო-ობიექტი სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურად მოიხსენია, რაც ხელს უწყობდა დანგრეული, მწყობრიდან გამოსული სადავო ელექტრო-ობიექტის ტექნიკურად გამართულად წარმოჩენას, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო ქ. თბილისი, ქ.-ის ქ. N..-ში არსებული ს/ქ Nა-242-ის ავარიულობის შესახებ. კერძოდ, მოპასუხის გენერალური დირექტორის 13.05.2011 წლის N107/368 წერილით აღიარებულია, რომ სადავო სატრანსფორმატორო ქვესადგური 2005 წლიდან წარმოადგენდა სანახევროდ დანგრეულ შენობას დაბალი ძაბვის უჯრედისა და ტრანსფორმატორის გარეშე, რომელშიც ტრანზიტულად გადიოდა მაღალი ძაბვის კაბელი, რომლითაც ელექტროენერგია მიეწოდებოდა ავტომობილების გაზგასამართი სადგურის ტრანსფორმატორს. ასევე, მოპასუხის წარმომადგენელი სისტემატურად ამოწმებდა ს/ქ Nა-242-დან გამომავალ შპს ,,ი.ბ.-ის“ ტრანსფორმატორთან დამაკავშირებელ ელექტროგაყვანილობის ხაზს და შპს ,,ი.ბ.-ის“ ელექტრო-მრიცხველს იმ მიზნით, რომ ელექტროენერგიის ფარულ დატაცებას ადგილი არ ქონოდა. შპს ,,ი.ბ.-ის“ ყოფილი დირექტორის გადმოცემით, მოპასუხის მუშაკებისათვის ცნობილი იყო ს/ქ N ა-242-ის ავარიული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ასევე დასტურდება, ტაქსების საწარმოს მე-5 ავტობაზის დირექტორის დაკითხვის ოქმებითა და სხვა მოწმეთა ჩვენებებით.
29.5. კასატორის განმარტებით, ,,ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების“ 2.2.6 პუნქტის თანახმად, დელიქტისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში უნდა დაეკისროს თბილისი, ქინძმარაულის ქ. N12-ში არსებული ს/ქ Nა-242-ის ელექტროდანადგარის მესაკუთრეს, ხოლო თუ მესაკუთრე დაუდგენელია, მაშინ დელიქტური ქმედებით გამოწვეული ზიანისათვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მის მფლობელს - მოპასუხე სს „თ.-ს“, რომელიც თავისი მიზნებისათვის იყენებდა და ექსპლოატაციას უწევდა ავარიულ ელექტროდანადგარს. ,,ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების“ 2.4. პუნქტისა და 2.4.4. ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო ენერგეტიკული ზედამხედველობის განხორციელება არ ათავისუფლებდა სამინისტროებს, უწყებებს, სააქციო საზოგადოებებსა და სხვა ორგანიზაციებს მათ დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოებისა და ორგანიზაციების ელექტროდანადგარების ტექნიკური მდგომარეობისა და მათი უსაფრთხო ექსპლოატაციის მოვალეობისაგან, რადგან ,,ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების“ 4.4. პუნქტის 4.4.11. ქვეპუნქტი, ზოგიერთ შემთხვევაში უშვებს ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის პასუხისმგებლობას მომხმარებლის ელექტროდანადგარზე მომხდარი ავარიისათვის, კერძოდ: 4.4.11. ქვეპუნქტის თანახმად, ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას უფლება აქვს: განახორციელოს ,,აბონენტთან შეთანხმების გარეშე ელექტროენერგიის შეზღუდვა ან მისი გამორთვა აბონენტის ელექტრო-დანადგარების ავარიულ რეჟიმში მუშაობის დროს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ავარია ან შეუქმნას მოქალაქეებს სიცოცხლის საშიშროება (ენერგომომმარაგებელი ვალდებულია გააფრთხილოს აბონენტი ან თავად მიიღოს გადაწყვეტილება)“. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისათვის ცნობილი იყო მის მფლობელობაში არსებული, თბილისი ქ.-ს ქ. N...-ში მდებარე ს/ქ Nა-242-ის, რომელსაც არ ჰყავდა მესაკუთრე, ავარიულ რეჟიმში მუშაობის შესახებ, რომელსაც შეიძლებოდა გამოეწვია ავარია ან შეექმნა მოქალაქეთათვის სიცოცხლის საშიშროება, მაგრამ იგი საკუთარი მიზნებისათვის მაინც იყენებდა მას, აწვდიდა ელექტროენერგიას და მისი გავლით მაღალი ძაბვის ელექტროენერგიით ამარაგებდა იმავე მისამართზე მდებარე აბონენტ ორგანიზაციას. მოპასუხე ,,ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების“ 4.4.11. ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო უარი ეთქვა ს/ქ Nა-242-ის გამოყენებაზე და თავად შეეწყვიტა მისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა მოპასუხემ ეს ვალდებულება არ შეასრულა, რის შედეგადაც მოსარჩელის ჯანმრთელობა მძიმედ დაზიანდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
31. მოცემულ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სხეულის დაზიანებით გამოწვეული იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურში მაღალი ძაბვის ელექტროდენის ზემოქმედების შედეგად.
32. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2005 წლის 31 აგვისტოს 15 საათზე თბილისში ქ.-ის ქ.N..--ში მდებარე სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურში შევიდა მოსარჩელე, რომელმაც მაღალი ძაბვის ელექტროდენის ზემოქმედების შედეგად მიიღო ელექტროთერმული ტრამვა - სხეულის 17%-ზე მე-3, მე-4 ხარისხის დამწვრობა. მიღებული დაზიანებების გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა ორივე ხელის ამპუტაცია და მან დაკარგა შრომისუნარიანობა 2/3-ზე მეტი ნიშნით. დადგენილია, რომ ამ პერიოდში ზემოხსენებული სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურის დამცავი ნაგებობა ჩამოქცეული იყო და, შესაბამისად, ტრანსფორმატორი ღია სივრცეში იმყოფებოდა. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხე, ზემოაღნიშნული ელექტროქვესადგურის გამოყენებით, ელექტროენერგიას აწვდიდა თავის აბონენტს.
33. კასატორი სადავოდ არ ხდის ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
34. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ურთიერთობის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს არასახელშეკრულებო ზიანის - დელიქტური ვალდებულების მომწესრიგებელი ნორმები, ვინაიდან ზიანის მიყენებამდე მხარეები არ იმყოფებოდნენ ვალდებულებით ურთიერთობაში.
35. ზიანის მიმყენებელ პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას - ე.წ. გენერალურ დელიქტს (სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი).
36. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ზიანის მიმყენებელს შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, აანაზღაუროს ზიანი „გენერალური დელიქტის“ არარსებობის შემთხვევაშიც, კერძოდ კი, მის ქმედებაში ბრალისა და მართლწინააღმდეგობის არქონის დროსაც.
37. ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მულის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვათვალისწინებული შემთხვევები.
38. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.
39. ზემოხსენებული კანონი მიუთითებს მომეტებულ საფრთხეზე, რომელიც გამომდინარეობს ნაგებობიდან ან ნივთიდან. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება.
40. ნებისმიერი ნაგებობა, რომელშიც ხდება ელექტროენერგიის წარმოება ან ამ ენერგიის მიწოდება, წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, ვინაიდან ასეთი ობიექტების გამოყენება სრულად არ ექვემდებარება ადამიანის კონტროლს მათი მახასიათებელი თვისებებიდან გამომდინარე.
41. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგური, რომლის მეშვეობითაც აბონენტებს მიეწოდება ელექტროენერგია, წარმოადგენს მომეტებული სარფთხის წყაროს, რასაც მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან.
42. მხარეთა შორის დავას იწვევს ის, თუ ვინ არის სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურის მფლობელი, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის მიხედვით, სწორედ მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელი აგებს პასუხს იმ ზიანისათვის, რაც ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა შედეგად. ამასთან, როგორც აღინიშნა, ამ შემთხვევაში ზიანისათვის პასუხისმგებლობა დადგება მფლობელის ბრალის გარეშეც.
43. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე არ წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს - სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურის მფლობელს, ვინაიდან მას ეს ნაგებობა სახელმწიფოსაგან არც საკუთრებაში და არც ბალანსზე არ გადასცემია.
44. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ მოსაზრებას და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მფლობელად არ ითვლება პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.
45. მფლობელობის კოდექსისეული ცნება არსებითად ორ ნიშანზე დაიყვანება. პირველი ესაა, ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა, ხოლო მეორე - ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვება. არაა აუცილებელი, რომ ნება მიმართული იყოს ქონების საკუთრებად ფლობისაკენ. ასე რომ იყოს, მფლობელი აუცილებლად მესაკუთრეც უნდა ყოფილიყო. მთავარია, რომ მფლობელობა, იმისდა მიუხედავად, თუ რა უფლება დგას მის უკან, მოპოვებული იყოს მფლობელის ნების გამოვლენით, ე.ი. მას სურდეს, რომ იყოს მფლობელი.
46. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურის მიმართ მოპასუხის მესაკუთრეობის ფაქტი ვერ დგინდება, არ გამორიცხავს ამ ნაგებობაზე მის მფლობელობას.
47. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დ) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა არის ორი ან ორზე მეტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან (გადაცემის ლიცენზიატისა და ელექტროენერგიის მწარმოებლის მფლობელობაში არსებული ორი ან ორზე მეტი ქვესადგურიდან) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიღებული ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე რეალიზაცია (განაწილება), აგრეთვე ელექტროენერგიის გატარება.
48. ქონების ექსპლუატაცია ან მისი სხვა ფორმით გამოყენება წარმოადგენს ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის გამოხატვის ერთერთ ყველაზე უფრო ტიპიურ ფორმას. ნივთით სარგებლობა უშუალოდ არის დაკავშირებული ნივთის ფლობასთან და ხშირ შემთხვევაში მოსარგებლე და მფლობელი ერთიდაიგივეა.
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, თუ რატომ არ ჩათვალა მოპასუხე, როგორც ელექტროქვესადგურის მოსარგებლე და ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი, ამ ქონების მფლობელად.
50. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც ელექტროქვესადგურში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო სხეულის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სოლიდარულად დაეკისრათ სს „თ.-ისა“ და შპს „გ.-ის“, უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „მფლობელობა არ შეიძლება გაიზომოს ნივთთან სივრცობრივი კავშირურთიერთობით. მფლობელობა ფაქტია და იგი გამიჯნულია საკუთრებასთან. მფლობელი შეიძლება იყოს როგორც მესაკუთრე, ისე არამესაკუთრეც, ან ორივე ერთად. მფლობელობაში შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც სანივთო, ისე სხვა უფლებებიც, მათ შორის, ნივთის გამოყენების უფლებაც. მოცემულ შემთხვევაში, როცა სს „თ.-ი“ მის კუთვნილ პროდუქციას, ელექტროდენს, მიაწოდებდა შპს „გ.-ის“ საკუთრებაში არსებულ ქვესადგურს და ახდენდა ამ ქვესადგურის გამოყენებას, ფაქტობრივად იგი იყო ამ ქვესადგურზე გარკვეული უფლების მატარებელიც.“ „მფლობელობის მიმართ გამოიყენება ორი სხვადასხვა დონის მფლობელობა: პირდაპირი და არაპირდაპირი. ნივთი შეიძლება ან მარტო პირდაპირი მფლობელის ბატონობაში იმყოფებოდეს, ანდა იმავდროულად არაპირდაპირი მფლობელის ბატონობის ქვეშაც. თუ ნივთის მფლობელობა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე ხდება (სანივთო, ვალდებულებითი), ამ ურთიერთობაში მესაკუთრე წარმოადგენს არაპირდაპირ მფლობელს, ხოლო ის, ვინც გამოიყენებს ამ ნივთს, პირდაპირ მფლობელს. მოცემულ შემთხვევაში, სს „თ.-ი“ აწვდიდა რა ელენერგიას ქვესადგურს და იყენებდა ამ ნაგებობას თავისი პროდუქციის სარეალიზაციოდ, იგი მისი პირდაპირი მფლობელი იყო, ხოლო მითითებული ქვესადგური იყო რა შპს „გ.-ის“ საკუთრება, მიუხედავად იმისა, რომ იგი უმეთვალყურეოდ ჰქონდა მიტოვებული, ამ ქვესადგურის არაპირდაპირი მფლობელი იყო.“ (იხ. სუსგ, საქმე #3კ/571-01, 8.08.2001წ.).
51. ამდენად, ანალოგიურ საქმეში, სასამართლომ სს „თ.-ი“ მიიჩნია ელექტროქვესადგურის პირდაპირ მფლობელად და მას, არაპირდაპირ მფლობელთან (მესაკუთრესთან) ერთად, დააკისრა პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანისათვის.
52. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია არა სადაო ელექტროქვესადგურის ყოფილი ან მომავალი მესაკუთრის ან ბალანსთმფლობელის დადგენა, არამედ, იმის გარკვევა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ზიანზე, როდესაც მომეტებული საფრთხის წყაროს (ნაგებობის ან ნივთის) მესაკუთრე არ იკვეთება ან მას საერთოდ არა აქვს აღნიშნული ქონების დაცვისა და შენახვის ინტერესი და ენერგოგამანაწილებელი კომპანია ახდენს ამ ქონების ექსპლუატაციას და სარგებლობს მისით.
53. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია, ქვესადგურის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარება საცალო აბონენტამდე და, შესაბამისად, ამ ნივთით სარგებლობა წარმოადგენდა თუ არა მოპასუხის მხრიდან მის ფლობას, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა ეს არ ხორციელდებოდა იმ პირთა ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს ვარაუდით, შესაძლებელია ყოფილიყვნენ ნივთის მფლობელები.
54. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში შეიძლება დაისვას მოპასუხის როგორც ბრალეული, ისე ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის საკითხი. ბრალეული პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს იმ თვალსაზრისით, რომ მოპასუხე, რომელიც ახორციელებდა ქვესადგურში ელექტროენერგიის გატარებას, არ იღებდა ზომებს სხვა პირთა დასაცავად, თუმცა სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი ადგენს ბრალის გარეშე პასუხისმგელობას ნაგებობაში მიწოდებული ენერგიიდან გამოდინარე ზიანისათვის, შესაბამისად, მფლობელის ბრალის დადგენა მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია არც იყოს მნიშვნელოვანი.
55. სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად ჩათვალა ის გარემოება, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის 2001 წლის 28 მაისს გაფორებული მიღება-ჩაბარების აქტით განსაზაღვრული ქონების ნუსხაში არ ყოფილა შეტანილი ელექტროქვესადგური, რომელზედაც მოხდა უბედური შემთხვევა.
56. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს მოპასუხის მიერ ქვესადგურის მფლობელობას იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია მოპასუხის მიერ ამ ნივთით სარგებლობის ფაქტი.
57. სააპელაციო სასამართლომ განმარტა კანონიერი მფლობელობის ცნება და მიუთითა, რომ მომეტებული საფრთხის წყაროს შემცველი ნაგებობის ფლობა უნდა ხორციელდებოდეს კანონის შესაბამისად, საკუთრების ან სხვა სანივთო უფლების საფუძველზე. აღნიშნული თვალსაზრისით, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია იმის გარკვევა, თუ ვინ არის ელექტროქვესადგურის კანონიერი მფლობელი.
58. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, შესაძლებელია მოპასუხე მივიჩნიოთ ელექტროქვესადგურის კანონიერ მფლობელად, კერძოდ, დავუშვათ იმის პრეზუმფცია, რომ მოპასუხე, როგორც სახელმწიფოსგან ლიცენზირებული ენერგოგამანაწილებელი კომპანია, მართლზომიერად ფლობდა სადავო ქვესადგურს. ამასთან, ასეთი პრეზუმფციის არდაშვების შემთხვევაშიც, შესაძლებელია დადგეს მოპასუხის პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მფლობელობა შეიძლება იყოს როგორც მართლზომიერი, ისე არამართლზომიერი, თუმცა მე-1000 მუხლის განმარტებისათვის მნიშვნელობა არა აქვს მფლობელობა მართლზომიერია თუ არამართლზომიერი. აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია, თუ ვინ ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას მომეტებული საფრთხის წყაროზე.
59. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონტროლი ელექტროქვესადგურის ნორმალურ ფუნქციონირებაზე წარმოადგენს ენერგოზედამხედველობის დეპარტამენტის პირდაპირ მოვალეობას, რაც გამორიცხავს მოპასუხის პასუხისმგებლობას.
60. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მითითებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის. სახელმწიფო ორგანოს ვალდებულება, განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი კერძო პირთა განსაზღვრულ საქმიანობაზე, არ გამორიცხავს აღნიშნულ პირთა პასუხისმგებლობას, კანონის შესაბამისად აწარმოოს თავისი საქმიანობა და კანონით დადგენილი წესით აგოს პასუხი სხვა პირთა წინაშე.
61. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ დავაში მნიშვნელოვანია მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებაც. მოსარჩელე განმარტავს, რომ მას ზიანი მიადგა მოპასუხის მფლობელობაში არსებული ელექტროქვესადგურიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხის პრაქტიკული განხორციელების შედეგად და უთითებს უდავო ფაქტზე, რომ აღნიშნული ქვესადგურით სარგებლობს მოპასუხე. აქედან გამომდინარე, საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება.
62. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
63. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოპასუხის სათანადოობის საკითხის გამოსარკვევად. როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ სს „თ.-ის“ პასუხისმგებლობა გამორიცხა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა სადავო ელექტროქვესადგურის მესაკუთრეს. ზემოთ უკვე ითქვა, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს სს „თ.-ის“ პასუხისმგებლობას ელექტროქვესადგურის ექსპლუატაციით მიყენებული ზიანისათვის, ვინაიდან ამ ქვესადგურის მფლობელობისათვის, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის მიხედვით ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას იწვევს, არაა აუცილებელი, რომ სს „თ.-ი“ იმავდროულად ამ ნაგებობის მესაკუთრეც იყოს. აქედან გამომდინარე, სადავო ქვესადგურის მესაკუთრის დადგენის შემთხვევაშიც, სს „თ.-ი“ ვერ გათავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას ამ საქმეზე თავად მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნებზე სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია და სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
65. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
66. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.დ.-ნის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი