Facebook Twitter

საქმე №ას-691-661-2014 5 ივნისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.მ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ. (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე _ გ.გ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის რაიონული სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.მ–მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.მ–ისა და გ.გ–ის მიმართ მიბარებული პირუტყვის ღირებულების _ 1 650 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხეების მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ.მ–სა და გ.გ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1 650 ლარის გადახდა, ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის განჩინებით კი, მ.მ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ–მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის განჩინებით მ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ არგუმენტად უთითებდა, რომ არ არსებობდა სარჩელის აღძვრის წინაპირობები რაც გამოიხატა იმაში, რომ სარჩელის შეტანის დროს არ ირკვეოდა მოსარჩელის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მიღების ფაქტი;

სარჩელზე თანდართული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მომზადებული იყო 2013 წლის 2 ოქტომბერს. სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2013 წლის 10 ოქტომბერს. მართალია, საარსებო შემწეობის მიღების ბოლო პერიოდად მითითებული იყო 2013 წლის სექტემბერი, მაგრამ ეს გარემოება არ მიუთითებდა, რომ ი.მ. ოქტომბერში არ იყო საარსებო შემწეობის მიმღები. გარდა ამისა, აპელანტის მითითებულ მოსაზრებას აბათილებდა, სააპელაციო სასამართლოში ი.მ–ის მიერ სააპელაციო შესაგებელზე დართული ამონაწერი, სადაც საარსებო შემწეობის გაცემის თარიღად დაფიქსირებული იყო 2014 წლის 1 მარტი. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ ცალსახად დგინდებოდა სარჩელის შეტანის დროისათვის ი.მ–ის მიერ საარსებო შემწეობის მიღების ფაქტი. მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა რა ცნობა მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე და ვინაიდან სახეზე იყო მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონით გათვალისწინებული საფუძველი, აღნიშნა, რომ რაიონული სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ასეთ ვითარებაში სარჩელის მიღებაზე ეთქვა უარი, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ამკრძალავი წინაპირობა არ არსებობდა.

სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების მეორე არგუმენტად აპელანტი მიუთითებდა, რომ გ.გ–ს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები არ ჩაბარებია, რომ ხელმოწერა გ.გ–ს არ ეკუთვნოდა და იყო გაყალბებული. გამომდინარე აქედან, არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მ.მ–ს ეს არგუმენტი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ მიუთითებია, რის გამოც მისი მოხმობა სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელი იყო, თუმცა, საქმის მასალების მიხედვით, გ.გ–ს პირადად ჩაბარებული ჰქონდა სარჩელი და თანდართული მასალები, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით, მასვე პირადად ჰქონდა ჩაბარებული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც არ გაუსაჩივრებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გ.გ–ის ხელმოწერის სიყალბის სამტკიცებლად მისივე (გ.გ–ის) განმარტება ვერ იქნებოდა მიჩნეული იმ სახის მტკიცებულებად, რომელიც დაადასტურებდა სადავო ფაქტს. ხელმოწერის გაყალბებულად მიჩნევისათვის საჭირო იყო შესაბამისი მტკიცებულების, მაგალითად, ექსპერტიზის (კალიგრაფიული) დასკვნის არსებობა, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია, ამდენად, აპელანტის მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და ამავე ნორმის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ პირუტყვის სიკვდილი გამოწვეული იყო არა მწყემსების დაუდევრობით, არამედ მაღალი ძაბვის ელექტროსადენების ზემოქმედებით. ამ თვალსაზრისით სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2331 მუხლის პირველ წინადადებაზე და განმარტა, რომ ნორმა სასამართლოს პირდაპირ მითითებას უწესებდა, თუ რა მოქმედებები უნდა განხორციელდეს შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში. ამ ნორმაშივეა განმარტებული, რომ მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მიიჩნია რა სასამართლომ, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, დააკმაყოფილა იგი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა სამოქალაქო პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო წესების (მაგ: შესაგებელის წარდგენის ვალდებულება) დარღვევაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საკითხზე მსჯელობისას სასამართლო დავას არსებითად არ იხილავს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2331 მუხლის შესაბამისად, ვერ გამოიკვლევდა აპელანტის მიერ მითითებულ იმ არსებით საკითხს, რომელიც მის ბრალეულობას ეხებოდა.

პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული და, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ მოთხოვნას სამოქალაქო კოდექსის 763-ე და 785-ე მუხლების მიხედვით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.მ–მ, მოითხოვა მისი, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსათვის არსებითად განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონის დარღვევით და არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394ე მუხლის „ე“ და ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება და არ იმსჯელა, რომ არსებობდა, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის წინაპირობები, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 2013 წლის 10 ოქტომბრისათვის მისი ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იყო რეგისტრირებული.

სასამართლომ ასევე არ იმსჯელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ წინაპირობებზე. გ.გ–ს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული მასალები.

სასამართლომ არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, როდესაც სახეზე იყო ამავე კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები, ასევე არ გამოიყენა ამავე საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი. საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება და შეფასება, რაც ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს განამყარებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ.მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

დადგენილ ვადაში არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდესშემდეგი წინაპირობები:

1. მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე.

2. მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა.

ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 763-ე და 785-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ სამართლებრივ ელემენტებზე მოსარჩელემ მიუთითა.

თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი: ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი).

კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ: ა) არსებობდა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, შესაბამისად, სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება; ბ) მოპასუხე გ.გულბანს დადგენილი წესით არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული მასალები; გ) საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც გაუმართლებელს ხდის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებულთაგან არც ერთი არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებ შედავებას, რადგანაც სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ არ არსებობდა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი, პალატის ეს დასკვნა ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებას, კასატორს კი, ამ შეფასების საწინააღმდეგო არგუმენტზე არ მიუთითებია, ხოლო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლზე მითითება, მოცემულ შემთხვევაში, გაუმართლებელია, ისევე, როგორც ამავე კოდექსის 85-ე მუხლზე. რაც შეეხება კასატორის მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, ერთი მხრივ, საქმის მასალებით ნორმაში მითითებული გარემოებების არსებობა არ დასტურდება, ხოლო, მეორე მხრივ, ამ გარემოებებს მ.მ. უკავშირებს არა საკუთარ, არამედ გ.გ–ის ინფორმირებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი ვერ გახდება იმ მიზეზით, რომ მ.მ. გ.გ–ის წარმომადგენელი არაა, ხოლო გ.გ–ს დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია სასამართლო გადაწყვეტილება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ.მ–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე