Facebook Twitter

საქმე №ას-712-681-2014 8 ივნისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე: 1. რ.კ. (მოსარჩელე)

2. შპს „ჯ.მ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა: 1. ქონების (მარნის) დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემცირების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.კ–მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.მ–ის“ მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის შემდეგი ხარჯების დაკისრება: ახალი სახლის აშენებისათვის 120 627 ლარის; ახალი მარნის აშენებისათვის _ 5 470 ლარის; ქვევრების ღირებულების _ 3 186 ლარის; ღობე-ყორისა და ტერასების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისათვის _ 3 360 ლარის; მრავალწლიანი ნარგავების დაზიანებისათვის _ 23 342 ლარისა და მიწის ნაკვეთის დაზიანების გამო _ 169 549 ლარის დაკისრება. მოგვიანებით, პაექრობის ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ ითხოვა სახლის აშენებისათვის 81 437 ლარის; მარნის მშენებლობისათვის _ 24 158 ლარის; მრავალწლიანი ნარგავების დაზიანებისათვის _ 23 342 ლარისა და ახალი ქვევრების ღირებულების _ 3 186 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მას ზიანის მიყენების ფაქტი სადავო არ გაუხდია, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას სახლის მშენებლობისათვის 30 694 ლარის, მარნის მშენებლობისათვის _ 6 138 ლარის, ხოლო მრავალწლიანი ნარგავების დაზიანებისათვი _ 1 408 ლარის დაკისრების ნაწილში, ამასთან, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ასევე ცნო სარჩელი ახალი ქვევრების ღირებულების _ 3 186 ლარის ნაწილში.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით რ.კ–ის სარჩელი მიწის ნაკვეთის დაზიანებისა და ღობე-ყორის, ასევე, ტერასების აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდა, შპს „ჯ.მ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიწის ნაკვეთის დაზიანებით გამოწვეული ზიანის _ 14 081 ლარის, ხოლო ღობე-ყორისა და ტერასების აღდგენის ნაწილში _ 4 572 ლარის ანაზღაურება. ამავე სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით რემი კაციტაძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ჯ.მ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელი სახლისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 71 404 ლარის; დამხმარე ნაგებობის _ მარნისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 19 645 ლარის; ქვევრებისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად _ 3 186 ლარის; მრავალწლოვანი ნარგავებისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად _ 23 342 ლარის, სულ _ 117 577 ლარის გადახდა, ხოლო 14 542 ლარის გადახდის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ.მ–მა“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ჯ.მ–ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შპს „ჯ.მ–თვის“ რ.კ–ის სასარგებლოდ მარნისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 19 645 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ჯ.მ–ს“ რ.კ–ის სასარგებლოდ მარნისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 5 470 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ შ.კ. რეგისტრირებული იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........... და მას საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება _ საცხოვრებელი სახლი და 5632.78 მ2 მიწის ნაკვეთი;

შ.კ–ის კუთვნილი 5632.78 მ2 მიწის ნაკვეთი, მასზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავები, საცხოვრებელი სახლი და დამხმარე შენობა-ნაგებობები დაზიანდა შპს „ჯ.მ–ის“ ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის წერეთლის მაღაროს მიერ (#2 უბანში, შტრეკ #3-2 და შტრეკ #1-5-ში) წარმოებული მიწისქვეშა სამუშაოების შედეგად;

შ.კ. გარდაიცვალა 2011 წლის 4 აგვისტოს და სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა _ რ.კ–მ;

რ.კ–ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა შპს „ჯ.მ–თვის“ 120 627 ლარის - ახალი სახლის აშენების ხარჯის დაკისრება; 5 470 ლარის _ ახალი მარნის აშენების ხარჯის ანაზღაურება; 3 186 ლარის _ ახალი ქვევრების ყიდვის ღირებულების დაკისრება; 3 360 ღობე-ყორე ტერასების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის ხარჯის დაკისრება; 23 342 ლარის მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების დაკისრება; 13 426 ლარის დაკისრება _ მიწის ნაკვეთზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით;

2013 წლის 1 მაისს, საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ნაწილობრივი გადაწყვეტილება და რ.კ–ის სასარჩელო მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე და ღობე-ყორე, ტერასებისათვის (რაგვი) მიყენებული ზიანის ნაწილში დაკმაყოფილდა. ნაწილობრივი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში;

შპს „პ–ის“ ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ჭიათურის რაიონის სოფელ ........ განისაზღვრა 5 470 ლარით, აღნიშნულ ხარჯთაღრიცხვაზე დაყრდნობით მოსარჩელემ მარანზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მოითხოვა მოპასუხისათვის 5 470 ლარის დაკისრება;

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 18 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ჭიათურაში, ........... რ.კ–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლისა და მარნის შენობის შემდგომი ექსპლუატაცია არ არის შესაძლებელი. ამავე ბიუროს 2012 წლის 21 სექტემბრის დასკვნის თანახმად, რ.კ–ის კუთვნილი 9 ცალი ქვევრის მსგავსი, დაუზიანებელი, შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისი ქვევრის ღირებულება, მისი ადგილზე მიტანის და მიწაში ჩაფლვის გათვალისწინებით, შეადგენდა 3 186 ლარს, ხოლო მრავალწლიანი ნარგავების მთლიანი საორიენტაციო ღირებულება მიახლოებით შეადგენდა 23 342 ლარს;

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 12 იანვრის დასკვნის თანახმად, რ.კ–ის საცხოვრებელი სახლის პროექტის საფუძველზე მისი სადემონტაჟო და მსგავსი სახლის სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება სამშენებლო ნორმებისა და წესების, ასევე, სამშენებლო რესურსების ფასები, 2013 წლის მეოთხე კვარტლის გათვალისწინებით შეადგენდა 71 404.00 ლარს დღგ-სა და ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით, ხოლო მარნის პროექტის საფუძველზე მისი სადემონტაჟო და მსგავსი სახლის სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება სამშენებლო ნორმებისა და წესების, ასევე სამშენებლო რესურსების ფასებით 2013 წლის მეოთხე კვარტლის დონეზე შეადგენდა 19 645 ლარს დღგ-სა და ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით;

ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული #1 საობიექტო ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, წარმოდგენილ სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაში გათვალისწინებული იყო დღგ-ს ხარჯები 18% _ 10 892 ლარი და გაუთვალისწინებელი ხარჯები 3% _ 1 762 ლარი.

მარნის პროექტის საობიექტო ხარჯთაღრიცხვის თანახმადაც, 18% დღგ შეადგენდა 2 997 ლარს, გაუთვალისწინებელი ხარჯების 3% - 485 ლარს;

მოსარჩელემ პაექრობის ეტაპზე ითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ახალი სახლის აშენების ხარჯის _ 81 437 ლარის; ახალი მარნის აშენების ხარჯის _ 24 154 ლარის; მრავალწლიანი ნარგავებისათვის მიყენებული ზიანის _ 23 342 ლარისა და ახალი ქვევრების შეძენის ხარჯის _ 3 186 ლარის, სულ _ 132 119 ლარის, ასევე, მოპასუხისაგან საპროცესო ხარჯის _ 2 440, 39 ლარის; საადვოკატო მომსახურების _ 2 000 ლარის; ექსპერტიზების; სახლისა და მარნის პროექტების დამზადებისათვის გაწეული ხარჯების _ 4 084 ლარისა და 1 000 აშშ დოლარის ანაზღაურება, ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ მარანზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელემ ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდგომ, პაექრობის ეტაპზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და ნაცვლად 5 470 ლარისა, ითხოვა მოპასუხისათვის 24 154 ლარის დაკისრება.

პალატამ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა, სამართლებრივი თვალსაზრისით დელიქტურ ვალდებულებად მიიჩნია, სადაც მოპასუხეს ზიანის დადგომაში საკუთარი ბრალეულობა სადავოდ არ გაუხდია. სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, განმარტა, რომ ზიანი ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების ან კეთილდღეობის ხელყოფას წარმოადგენს. არასახელშეკრულებო ზიანი (დელიქტი) კი, უშუალოდ სამართალდარღვევიდან წარმოიქმნება. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები: ზიანი; რომელიც მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით; მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი; ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. კონკრეტულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობის არსებობა დგინდებოდა, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი იყო.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლების თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ შპს „ჯ.მ–ის“ მიერ რ.კ–თვის მიყენებული ზიანის ოდენობა საცხოვრებელ სახლზე, ქვევრებისა და მრავალწლიან ნარგავებზე კანონშესაბამისად იქნა განსაზღვრული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც ექსპერტიზის დასკვნას გააბათილებდა, რის გამოც არ არსებობდა ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მარნისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ჩათვალა, რომ ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის თავდაპირველი მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მარნისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა გაზარდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდგომ, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონშეუსაბამო იყო.

რაც შეეხებოდა მრავალწლიანი ნარგავების ღირებულებასთან დაკავშირებით აპელანტის მიერ წარდგენილ არგუმენტებს, პალატამ ისინი არ გაიზიარა და ყურადღება გაამახვილა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 2012 წლის 21 სექტემბრის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც მრავალწლიანი ნარგავების მთლიანი საორიენტაციო ღირებულება შეადგენდა 23 342 ლარს. დასკვნის #1 დანართში იყო ყველა იმ ნარგავის ჩამონათვალი, რომელიც სამთო სამუშაოების შედეგად დაზიანდა. მრავალწლიანი ნარგავების ღირებულება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის #1 ბრძანების მიხედვით იყო განსაზღვრული და ისე იყო გამოყვანილი ნარგავების აღდგენითი ღირებულება. აპელანტი სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ ვენახის ნარგავების რაოდენობა ექსპერტს არ დაუთვლია და იგი დაეყრდნო მოსარჩელის განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ვენახების ნარგავების ოდენობა 786 ძირი იყო.

პალატამ აღნიშნა, რომ მხარის განმარტება თავისთავად კანონშესაბამისი მტკიცებულებაა და სრულიად შესაძლებელია მასზე დაყრდნობით გარკვეული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, მით უფრო, თუ საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. სამოქალაქო სამართალწარმოება მთლიანად მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და თუ მხარე არ ეთანხმებოდა წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, მას შეეძლო ეზრუნა საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენისათვის. აპელანტი სადავოდ არ ხდიდა ნარგავების რაოდენობას, არამედ სადავოდ ხდიდა ზიანის ოდენობას, რასაც პალატა არ დაეთანხმა, რადგან ექსპერტიზის დასკვნა, ანუ კანონშესაბამისი მტკიცებულება, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო ამ საკითხის შეფასებისას სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე დოკუმენტი იყო, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

ასევე დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული აპელანტის მოსაზრება დღგ-ს თანხებთან დაკავშირებით, რადგანაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება მოსარჩელისათვის მეწარმე სუბიექტის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო, რის გამოც ის 18% დამატებითი ღირებულების გადასახადისა, რაზედაც აპელანტი მიუთითებდა, მოსარჩელის მიერ გასაწევ ხარჯს წარმოადგენდა, რამაც ასახვა ჰპოვა კიდევაც ექსპერტიზის დასკვნაში.

ამგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მარნისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით 5 470 ლარი. დანარჩენ ნაწილში კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩენილიყო უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.კ–მ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ, მარნის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ოდენობის შემცირების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, თითქოს მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა მთავარ სხდომაზე გაზარდა. სასარჩელო მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ვინაიდან მოსამზადებელ ეტაპზე დანიშნული ექსპერტიზის პასუხებზე იქნა მინდობილი იმ მოთხოვნების მთლიანი ოდენობის განსაზღვრა, რაც მოსამზადებელ ეტაპზე მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იქნა წარდგენილი. სააპელაციო სასამართლოს შეცდომა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მთავარ სხდომაზე საპროცესო ხარჯების მოთხოვნა გაჟღერდა, რაც მანამდე მოთხოვნილი არ ყოფილა. ამავე დროს, მთლიანი სასარჩელო მოთხოვნა შემცირდა, რისი უფლებაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად მოსარჩელეს ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, ვინაიდან იგი მოსარჩელეს უფლებას ანიჭებს, მოსამზადებელ ეტაპზე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნით სადავო გარემოება დაკონკრეტდა, რის საფუძველზეც მოთხოვნა საერთო სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში დაზუსტდა, რამაც შემდგომში საერთო მოთხოვნის შემცირება გამოიწვია და არა გაზრდა ამდენად, სახეზეა ამავე ნორმის მე-4 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა. საგულისხმოა, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა მოსამზადებელ ეტაპზე საერთო სასარჩელო მოთხოვნის მთლიან ფარგლებში, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საერთო სასარჩელო მოთხოვნა შემცირდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა შპს „ჯ.მ–მა“, მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის საწინააღმდეგოდ, გადაწყვეტილების გამოტანის დროს არა თუ ანგარიში არ გაუწია შპს „ჯ.მ–ის“ ქონებრივ შესაძლებლობებს და სამართლიანი ბალანსი არ დაადგინა მხარეთა ინტერესებს შორის, არამედ უსამართლოდ დაამძიმა კასატორის ვალდებულება, რითაც, არსებული სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის სანაცვლოდ, მოპასუხე დაავალდებულა, გადაეხადა ზიანის კომპენსაცია ახალი, თანამედროვე ტიპის განსხვავებული მასალებით ასაშენებელი ობიექტებისათვის.

სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ჯ.მ–ის“ მოსაზრება 2014 წლის 12 იანვრის დასკვნასთან მიმართებაში, რომ რ.კ–ის სახლისა და მარნის აღდგენაზე განსაზღვრული ღირებულება ეხებოდა სულ სხვა კატეგორიის შენობა-ნაგებობას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს საქმეზე 2011 წლის 15 მარტის საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული #2/21 გადაწყვეტილებისაგან, სადაც სასამართლომ მოპასუხეს დამატებითი ღირებულების გადასახადი არ დააკისრა, ვინაიდან მოსარჩელე ამ შემთხვევაში დღგ-ს გადამხდელი არ იყო და, ამასთან, ზიანის ანაზღაურება მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დღგ-ს დაბეგვრის ობიექტი არ არის.

პალატა დაუსაბუთებლად განმარტავს, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მეწარმე სუბიექტის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, რის გამოც სასამართლოებმა ვარაუდის დონეზე მიიღეს მხედველობაში მეწარმე სუბიექტის მონაწილეობა. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია გარიგება (ხელშეკრულება) მეწარმე სუბიექტის მიერ სამუშაოს შესრულების შესახებ, ვარაუდზე დაფუძნებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის როგორც ზოგად პრინციპებს, ისე იმავე კოდექსის 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლებს.

სასამართლოებს 2014 წლის 12 იანვრის ექსპერტიზის დასკვნა უნდა შეეფასებინათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით და დასკვნის კვლევით ნაწილში ასახული გარემოებების გათვალისწინებით უნდა განესაზღვრათ ზიანის ოდენობა. ზიანის ოდენობა დამოკიდებულია ასევე სამუშაოების დაწყება-დამთავრების შედეგებზე და საბოლოო დოკუმენტაციის შედგენაზე, რაც, ამ შემთხვევაში, არ მომხდარა. ზიანის ოდენობის დადგენას არ უნდა მოჰყვეს მოსარჩელე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 414-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ისინი ამავე კოდექსის 992-ე მუხლთან ერთად უნდა განიმარტოს. ამავე კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირვანდელი მდგომაროების აღდგენა შეუძლებელია, გასათვალისწინებელია მხოლოდ ის თანხები, რომლებიც აუცილებელია ზიანის ანაზღაურების საკომპენსაციოდ.

სასამართლოს უნდა ემსჯელა არა თუ ახალი მშენებლობის წარმოებისათვის საჭირო თანხების მოპასუხისათვის დაკისრებაზე, არამედ უნდა დადგენილიყო რ.კ–ის კუთვნილი ქონების ადეკვატური ქონების ღირებულება. გასაჩივრებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია რ.კ–ის უსაფუძვლო გამდიდრება.

სასამართლომ მრავალწლიანი ნარგავების მთლიანი დაზიანების გამო რ.კ–თვის მიყენებული ზიანის ოდენობა არასწორად განსაზღვრა, ასევე ის, რომ რ.კ–ის სახლი არ განსხვავდება ექსპერტიზაზე წარდგენილი სახლის პროექტისაგან, რ.კ–ის სახლზე გამოყენებული მასალები არსებითად განსხვავდება იმ მასალებისაგან, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გამოყენებული უნდა იქნეს მოსარჩელის სახლის აშენების მიზნით. ექსპერტიზის დასკვნით ახალი სახლის მშენებლობის ხარჯი დათვლილია იმ მასალების ღირებულებით, რა მასალებიც საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული რ.კ–ის ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლზე. აღნიშნულს მოწმობს ექსპერტიზის ................. დასკვნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა რ.კ–ისა და შპს „ჯ.მ–ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

წინამდებარე დავის საგანს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება წარმოადგენს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური სამართლის ნორმაა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი. სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეთა შორის სადავო არ არის მოპასუხისათვის აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობების არსებობა.

რ.კ–ის საკასაციო საჩივრის პრეტენზია ეხება საპროცესო-სამართლებრივი ნორმების დარღვევას, რაც გამოიხატა პაექრობის ეტაპზე მოსარჩელის მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის არასწორ შეფასებაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა დასაბუთებულ შედავებად ვერ მიიჩნევს რ.კ–ის მტკიცებას, რომ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემდგომ მან საერთო სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში დააზუსტა ზიანის ოდენობა.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა ის გარემოება, რომ სარჩელით რ.კ. სხვადასხვა ნივთის (სახლი, მარანი, ნარგავები და სხვა) მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა, ამასთან, ზიანის ოდენობა დაკონკრეტებული ჰქონდა თითოეულ ნივთთან მიმართებაში, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თითოეული სამართლებრივი სიკეთის მიმართ, ინდივიდუალურად, მართებულად შეაფასა საპროცესო კანონმდებლობით მოსარჩელისათვის მინიჭებული უფლება, მოთხოვნის შემცირება-გაზრდის კუთხით. ის მოსაზრება, რომ მოთხოვნის დაზუსტებას სასარჩელო მოთხოვნათა მთლიანი ღირებულების გაზრდა არ მოჰყოლია, არ არის საკმარისი არგუმენტი სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვეულად მიჩნევისათვის.

რაც შეეხება შპს „ჯ.მ–ის“ მტკიცებას ზიანის ოდენობის არასწორად გამოანგარიშების თაობაზე, პალატა მას ვერ გაიზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 409-ე მუხლზე, რომლებიც განსაზღვრავენ დაზარალებული პირის ხელყოფილი უფლების აღდგენის საფუძვლებს. მითითებულ ნორმათა ანალიზით დგინდება, რომ ზიანის ფულადი კომპენსაციის გზით ანაზღაურების წინაპირობებისას სამართლიან ბალანსს წარმოადგენს იმგვარი კომპენსაცია, რომელიც, ფაქტობრივი რეალობის გათვალისწინებით, დაზარალებულს მისცემს იმ უფლებრივ მდგომარეობაში აღდგენის შესაძლებლობას, რაც ზიანის მიყენებამდე არსებობდა. საგულისხმოა, რომ მოსარჩელემ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის _ ზიანის ოდენობის დადასტურება სათანადო მტკიცებულების წარდგენით, ხოლო მოპასუხეს ეს გარემოება სარწმუნო მტკიცებულებით არ გაუქარწყლებია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არ აქვთ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას რ.კ–ისა და შპს „ჯ.მ–ის“ საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ რ.კ–ს უნდა დაუბრუნდეს ლ.კ–ის მიერ 2014 წლის 24 ივნისს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 709 ლარის 70% _ 496,3 ლარი, ხოლო შპს „ჯ.მ–ს“ _ მის მიერ 2014 წლის 27 ივნისის N2384 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5 170 ლარისა და მის მიერვე 2014 წლის 16 ივლისის N117 საგადახდო დავალებით გადახდილი 0,01 ლარის, სულ 5 170,01 ლარის 70% _ 3 619,007 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ჯ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. კასატორ რ.კ–ეს (პ/N..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) ლ. კ–ის მიერ 2014 წლის 24 ივნისს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 709 ლარის 70% _ 496,3 ლარი.

4. კასატორ შპს „ჯ.მ–ს“ (ს/N......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) მის მიერ 2014 წლის 27 ივნისის N2384 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5 170 ლარისა და მის მიერვე 2014 წლის 16 ივლისის N117 საგადახდო დავალებით გადახდილი 0,01 ლარის, სულ 5 170,01 ლარის 70% _ 3 619,007 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე