Facebook Twitter

¹ ბს-867-738-კ-04 2 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 17 სექტემბერს ვ. გ-მ ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა და ქ. ფოთის მთავრობისათვის, აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 8000 დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987წ. 1 აპრილის ¹38-259 გადაწყვეტილებით ქ. ფოთში, ... ქუჩაზე საქალაქო საბჭოს აღმასკომისათვის ჩაბარებული ოთხოთახიანი კეთილმოწყობილი ბინის სანაცვლოდ მოსარჩელეს მიეცა ვალდებულების წერილი ქალაქის მშენებარე საცხოვრებელ სახლში, სანიტარული ნორმის დაცვით და ფართის გათვალისწინებით, კეთილმოწყობილი ბინის გამოყოფის შესახებ. 1998 წელს მოსარჩელემ ბინის თაობაზე კვლავ მიმართა ფოთის მერიას, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ მისი საბინაო საკითხი ქალაქში ბინათმშენებლობის განახლებისას განიხილებოდა. აღნიშნული დაპირების მიუხედავად, სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მოსარჩელეს მის მიერ ჩაბარებული ბინის სანაცვლო ბინა არ მიუღია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა ქ. ფოთის მთავრობისთვის მისი ოჯახის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება ფოთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1987წ. 1 აპრილის ¹38-259 გადაწყვეტილების შესრულების ან აღნიშნული ბინის სანაცვლოდ სხვა საცხოვრებელი ბინის შესაძენად კომპენსაციის 8000 აშშ დოლარის გადახდის დავალება.

მოპასუხე მხარემ _ ფოთის მთავრობამ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა ხანდაზმულობის მოტივით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ. ფოთის მთავრობას, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად, მოსარჩელის სასარგებლოდ 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. ფოთის მთავრობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 17 თებერვლის განჩინებით ქ. ფოთის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

საქმის მასალებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1982წ. 2 ივლისის ¹1-417 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ იქნა ჰიდრომექანიზაციის მანქანათმშენებელი ქარხნის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის 1982წ. 17 მაისის სხდომის ¹1 ოქმი, რომლის მე-2 პუნქტით, მოქალაქე ვ. გ-ს ... ქუჩის ¹5ა-ში გამოეყო ¹31 (ოთხოთახიანი) ბინა.

საქმის მასალებით, ასევე დადგენილია, რომ 1987წ. 30 აპრილს გაიცა ვალდებულების წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომი იღებდა ვალდებულებას, რომ ვ. გ-ს, აღმასკომისათვის ჩაბარებული ოთხოთახიანი ბინის სანაცვლოდ, მისცემდა ბინას სანიტარული ნორმების დაცვითა და სართულის გათვალისწინებით ქ. ფოთში, საბინაო-კომუნალური გაერთიანების განყოფილების მიერ ასაშენებელ საცხოვრებელ სახლში.

1998წ. 21 აპრილს ფოთის ვიცე-მერის ხელმოწერით გაცემული წერილით კვლავ დადასტურდა მერიის ვალდებულება ვ. გ-სათვის ოთხოთახიანი ბინის სანაცვლოდ ასეთივე ბინის გამოყოფის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ვალდებულების წერილში არ იყო დათქმული, თუ რა ვადაში იღებდა პასუხისმგებლობას ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომი ვ. გ-ს მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში კი სკ-ის 169-ე მუხლი კრედიტორს (ამ შემთხვევაში ვ. გ-ს) ნებისმიერ დროს ანიჭებდა უფლებას, მოეთხოვა ვალდებულების შესრულება.

1998წ. 21 აპრილის წერილით ირკვეოდა, რომ კრედიტორმა განცხადებით მიმართა ქ. ფოთის მერიას და მოითხოვა ამ უკანასკნელისაგან 1987წ. 1 აპრილის ვალდებულების წერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა ამ წერილის საფუძველზე ახალი სკ-ის მოქმედების სფეროში მოექცა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სკ-ის 365-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ როგორც ძველი, ისე ახალი სამოქალაქო კოდექსებით დადგენილი წესების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თუ ფოთის მერია თვლიდა, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა ხანდაზმულობის ვადა (რაც ძველი სამოქალაქო კოდექსით სამ წელს არ აღემატებოდა და იგი 1987წ. 1 აპრილიდან _ ვალდებულების ხელწერილის გაცემის დროიდან უნდა ათვლილიყო), 1998 წელს, როცა მათ ვ. გ-მ ვალდებულების შესრულება მოსთხოვა, მერიას უარი უნდა ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე ხანდაზმულობის გამო. ფოთის მერიამ კი პირიქით, 1998წ. 21 აპრილს კვლავ დაადასტურა ვალდებულების არსებობა. ასეთ შემთხვევაში მოქმედებდა სკ-ის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 წინადადებებით დადგენილი წესები, კერძოდ, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულების დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. გ-ს სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო.

სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 17 თებერვლის განჩინება ქ. ფოთის მთავრობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც ვ. გ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორ ვ. გ-ს შვილმა _ ნ. გ-მ მამამისის გარდაცვალების მოწმობა წარმოადგინა, რის საფუძველზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2004წ. 3 ნოემბრის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეაჩერა გარდაცვლილი ვ. გ-ს საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

2005წ. 17 იანვარს ნ. გ-მ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც იგი გარდაცვლილი მამის _ ვ. გ-ს პირველი რიგის მემკვიდრედ იქნა აღიარებული და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 21 იანვრის განჩინებით ვ. გ-ს საკასაციო საჩივრის წარმოება განახლდა და საქმეში კასატორის უფლებამონაცვლედ ვ. გ-ს შვილი _ ნ. გ-ა ჩაება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ქ. ფოთის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 17 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:

ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1982წ. 2 ივლისის ¹1-417 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ იქნა ჰიდრომექანიზაციის მანქანათმშენებელი ქარხნის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის 1982წ. 17 მაისის სხდომის ¹1 ოქმი, რომლის მე-2 პუნქტით, მოქალაქე ვ. გ-ს ...ის ქუჩის ¹5ა-ში გამოეყო ¹31 (ოთხოთახიანი) ბინა.

1987წ. 30 აპრილს გაიცა ვალდებულების წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომი იღებდა ვალდებულებას, რომ ვ. გ-ს, აღმასკომისათვის ჩაბარებული ოთხოთახიანი ბინის სანაცვლოდ, მისცემდა ბინას სანიტარული ნორმების დაცვითა და სართულის გათვალისწინებით ქ. ფოთში, საბინაო-კომუნალური გაერთიანების განყოფილების მიერ ასაშენებელ საცხოვრებელ სახლში.

1998წ. 21 აპრილს ფოთის ვიცე-მერის ხელმოწერით გაცემული წერილით კვლავ დადასტურდა მერიის ვალდებულება ვ. გ-სადმი მისთვის ოთხოთახიანი ბინის სანაცვლოდ ასეთივე ბინის გამოყოფის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ვალდებულების წერილში არ იყო დათქმული, თუ რა ვადაში იღებდა პასუხისმგებლობას ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომი ვ. გ-ს მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში კი სკ-ის 169-ე მუხლი კრედიტორს (ამ შემთხვევაში ვ. გ-ს) ნებისმიერ დროს ანიჭებდა უფლებას, მოეთხოვა ვალდებულების შესრულება.

1998წ. 21 აპრილის წერილით ირკვეოდა, რომ კრედიტორმა განცხადებით მიმართა ქ. ფოთის მერიას და მოითხოვა ამ უკანასკნელისაგან 1987წ. 1 აპრილის ვალდებულების წერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა ამ წერილის საფუძველზე ახალი სკ-ის მოქმედების სფეროში მოექცა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მოიხმო სკ-ის 365-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყონებლივ შეასრულოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ როგორც ძველი, ისე ახალი სამოქალაქო კოდექსებით დადგენილი წესების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, თუ ფოთის მერია თვლიდა, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა ხანდაზმულობის ვადა (რაც ძველი სამოქალაქო კოდექსით სამ წელს არ აღემატებოდა და იგი 1987წ. 1 აპრილიდან _ ვალდებულების ხელწერილის გაცემის დროიდან უნდა ათვლილიყო), 1998 წელს, როცა მათ ვ. გ-მ ვალდებულების შესრულება მოსთხოვა, მერიას უარი უნდა ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე ხანდაზმულობის გამო. ფოთის მერიამ კი პირიქით, 1998წ. 21 აპრილს კვლავ დაადასტურა ვალდებულების არსებობა. ასეთ შემთხვევაში მოქმედებდა სკ-ის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 წინადადებებით დადგენილი წესები, კერძოდ, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულების დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ვ. გ-ს სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ფოთის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 17 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.