Facebook Twitter

№ ას-765-732-2014 29 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მითითებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ნოტარიუს რ. ჩ-ჩ-ის მიერ 2013 წლის 14 ივნისს გაცემული №..... სააღსრულებო ფურცლის გაუქმება მოვალე გ. ბ-ეზე კრედიტორ ნ. მ-ის სასარგებლოდ 18 000 აშშ დოლარიდან 10 062 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ასევე, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01%-ის ოდენობით შემდეგი საფუძვლებით:

მხარეებს შორის 2012 წლის 31 მაისს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ნ. მ-მა მოსარჩელეს ერთი თვის ვადით საკუთრებაში გადასცა თანხა 18000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სარგებელი ყოველთვიურად 4%-ის ოდენობით. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ასევე განსაზღვრული იყო პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, მოვალის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორს მიენიჭა უფლებამოსილება მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. გამსესხებლის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით კი, იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, ს-ის დასახლებაში, მე-8 კორპუსის პირველი სადარბაზოს მეორე სართულზე მდებარე №4 ბინა (მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №......);

მსესხებელმა ნაწილობრივ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადაიხადა სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტი და ნაწილობრივ დააბრუნა სესხი 10 782 აშშ დოლარის ოდენობით. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსმა რ. ჩ-ჩ-მა 2013 წლის 14 ივნისს გასცა №..... სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, მოპასუხეს დაეკისრა სესხის დაბრუნება 18 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო - 2013 წლის პირველი თებერვლიდან აღსრულებამდე 18000 აშშ დოლარის 0.2% (36 აშშ დოლარი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც მხარის განმარტებით, შეუსაბამოდ მაღალია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია, 2012 წლის 31 მაისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალემ მის სასარგებლოდ გადაიხადა 10782 აშშ დოლარი, თუმცა აღნიშნული თანხა წარმოადგენდა სესხისთვის გათვალისწინებულ პროცენტს, რაც მხარემ გადაიხადა 2013 წლის პირველ თებერვლამდე. ამასთან, მართალია, ხელშეკრულება თავდაპირველად დაიდო ერთი თვის ვადით, თუმცა მხარეთა ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მოხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება. მოპასუხის განმარტებით, პირგასამტეხლოს ოდენობა 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თავიდანვე ხელშეკრულებით მინიმუმამდე იქნა დაყვანილი, რაც ცხადყოფს, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არაა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ნოტარიუს რ. ჩ-ჩ-ის მიერ 2013 წლის 14 ივნისს გაცემული №..... სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელეზე 18 000 აშშ დოლარიდან 10 062 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და სესხის სახით გ. ბ-ის ვალდებულება კრედიტორ ნ. მ-ის მიმართ განისაზღვრა 7938 აშშ დოლარის ოდენობით; ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს რ. ჩ-ჩ-ის მიერ 2013 წლის 14 ივნისს გაცემული №… სააღსრულებო ფურცელი მოვალე გ. ბ-ისთვის პირგასამტეხლოს სახით 2013 პირველი თებერვლიდან აღსრულებამდე 18 000 აშშ დოლარის 0.2% გადახდის დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით გ. ბ-ის ვალდებულება კრედიტორ ნ. მ-ის წინაშე განისაზღვრა 2013 წლის პირველი თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7 983 აშშ დოლარის 0.05%-ის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტლება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს შემცირება 0,01%-მდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 31 მაისს გ. ბ-ესა და ნ. მ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ მოსარჩელეს ერთი თვის ვადით გადასცა 18 000 აშშ დოლარი;

აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სარგებელი ყოველთვიურად 4%-ის ოდენობით და პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო მოვალის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორს მიენიჭა უფლებამოსილება მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე;

გამსესხებლის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ნივთი მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დასახლება ს-ა, კორპუსი .., სადარბაზო ., სართული ., ბინა №.; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.....;

2012 წლის 31 მაისს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ 2013 წლის პირველ თებერვლამდე გადახდილი ჰქონდა თანხა 10 782 აშშ დოლარი (სესხის ნაწილი _ 10062 აშშ დოლარი, პროცენტი - 720 აშშ დოლარის ოდენობით);

ვადის გაგრძელების თაობაზე მხარეებს შორის შეთანხმება არ დადებულა კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ფორმით, რის გამოც სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მხარეთა ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების ფაქტს. ხოლო თავად ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 30 ივნისიდან 2013 წლის პირველ თებერვლამდე, მსესხებლის მიერ გადახდილი 10 062 აშშ დოლარი უნდა ჩათვლილიყო სესხის სახით მიღებული თანხის დაბრუნებად;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.12.2013 წლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ნოტარიუს რ. ჩ-ჩ-ის მიერ 2013 წლის 14 ივნისს გაცემული №..... სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელეზე 18 000 აშშ დოლარიდან 10 062 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და სესხის სახით გ. ბ-ის ვალდებულება კრედიტორ ნ. მ-ის მიმართ განისაზღვრა 7 938 აშშ დოლარის ოდენობით.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მისი ოდენობა შემცირდა 7 938 აშშ დოლარის 0.05%-ის ოდენობით, ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 0.01%-სა. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს რ. ჩ.-ჩ-ის მიერ, 2013 წლის 14 ივნისს გაცემული №..... სააღსრულებო ფურცელი მოვალე გ. ბ-ისთვის პირგასამტეხლოს სახით 2013 წლის პირველი თებერვლიდან აღსრულებამდე 18 000 აშშ დოლარის 0.2% გადახდის დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით გ. ბ-ის ვალდებულება კრედიტორ ნ. მ-ის წინაშე განისაზღვრა 2013 წლის პირველი თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7 983 აშშ დოლარის 0.05%-ის ოდენობით;

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით, სესხის ძირის, პროცენტისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი 0.05%-მდე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით, რის გამოც მისი დამატებით შემცირების საფუძველი აღარ არსებობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში პირგასამტეხლოს შემცირება 0,01%-მდე იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული სესხის ძირითადი თანხის 7938 აშშ დოლარის პირგასამტეხლო 0,05%-ის ოდენობით 2013 წლის პირველი თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე დღეში შეადგენს 3.96 აშშ დოლარს, ხოლო თვეში- 118.8 აშშ დოლარს, რაც შეუსაბამოდ მაღალია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივლისის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ: № ას-1200-1145-2013, ას-1278-1220-2013, ას-143-134-2014).

შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მ. ჩ-ის (პირადი №.....) მიერ 2014 წლის 24 ივლისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე