საქმე №ას-807-772-2014 5 ივნისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ტ.კ.ტ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „თ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ტ.კ.ტ–ის“ (L.R. C. T.) მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე თანხის _ 174 050 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „თ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ტ.კ.ტ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 174 050 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით შპს „ტ.კ.ტ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ტ.კ.ტ–სა“ და შპს „თ–ს“ შორის, 2010 წლის 22 თებერვალს დაიდო „მომსახურების შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულება (№1), რომლის საფუძველზე შპს „ტ.კ.ტ–მა“ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო სადგურ ბათუმის სატვირთო ეზოს საკონტეინერო ტერმინალის პროექტირება (....); ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრა არა უმეტეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარული დღით, ხოლო ხელშეკრულების საერთო ღირებულება - 174 050 ლარით;
საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 13 აგვისტოს ორი დასკვნა: N.....დასკვნის თანახმად, პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური ნაწილი შეფასდა დადებითად, კერძოდ, აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ „სატვირთო სადგურის ეზოს ტერმინალის მშენებლობა-რეკონსტრუქციისათვის ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები შესრულებულია საქართველოში ამჟამად მოქმედი ნორმებისა და წესების დაცვით. მის მიმართ გამოთქმული შენიშვნები უმნიშვნელოა და გავლენას ვერ ახდენს სწორად გაკეთებულ დასკვნებზე. პროექტის საინჟინრო–გეოლოგიურ ნაწილს ეძლევა დადებითი დასკვნა“. მეორე, №.... დასკვნით დასტურდება, რომ შპს „თ–ის“ მიერ დამუშავებული „სადგურ ბათუმის სატვირთო ეზოს ტერმინალის“ პროექტის კონსტრუქციული ნაწილის შედგენისას, შესრულებული იყო დიდი მოცულობის სამუშაო, თუმცა, ამავე დასკვნის თანახმად, პროექტის ცალკეული ნაწილები შეიცავდნენ მეტ-ნაკლები მნიშვნელობის მქონე უზუსტობებს და კონსტრუქციული ხასიათის დარღვევებს, რომლებიც გამოსწორებასა და განმარტებას საჭიროებდნენ;
საქმის მასალებში წარმოდგენილი 2011 წლის 4 მარტის წერილით დგინდებოდა, რომ მოპასუხემ შპს „თ–ს“ დაუბრუნა მის მიერ დამუშავებული საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაცია და ექსპერტიზის დასკვნა, პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით, საქმეში ასევე წარმოდგენილი წერილის საფუძველზე დასტურდებოდა, რომ შპს „თ–მა“ პროექტი დაკორექტირებული ფორმით დაუბრუნა მოპასუხეს 2011 წლის 17 მარტს. ეს გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოპასუხის წარმომადგენელმაც (24.12.2013 სხდომის ოქმი 16:44:36);
სააპელაციო საჩივარს აპელანტი ძირითადად აფუძნებდა იმ გარემოებებზე, რომ 2010 წლის 22 თებერვლის „მომსახურების შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების 4.1. ქვეპუნქტით სავალდებულო იყო, მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის ექსპერტთა ჯგუფის დადებითი დასკვნა, რომელიც არ ახლდა პროექტის კორექტირებულ ვარიანტს, შესაბამისად, სადავო იყო, ნამდვილად წარმოადგენდა თუ არა იგი კორექტირებული პროექტის ვარიანტს. აპელანტის მოსაზრებით, მხოლოდ სათანადო დასკვნის საფუძველზე წარმოიშობოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ვალდებულება, რაც, თავის მხრივ, მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას გულისხმობდა. პალატამ აპელანტის აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა, რადგანაც დასახელებული ხელშეკრულების თანახმად, ასეთი დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება მოსარჩელეს არ გააჩნდა და ხელშეკრულების დასახელებული 4.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველ შპს „ტ.კ.ტ–ს“ გააჩნდა უფლება, ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე განეხორციელებინა კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. სასამართლოს შეფასებით, მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებული იყო, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით დაედასტურებინა, მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რომელიც, მისი განმარტებით, საფუძველი გახდა მის მიერ საპასუხო ვალდებულების შეუსრულებლობის, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლით, 629–ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით და აღნიშნა, რომ შპს „ტ.კ.ტ–ის“ დაკვეთით, შპს „თ–მა“ განახორციელა სადგურ ბათუმის სატვირთო ეზოს საკონტეინერო ტერმინალის პროექტირება. აღნიშნული პროექტის მომზადების ღირებულება 2010 წლის 22 თებერვლის „მომსახურების შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების თანახმად, შეადგენდა - 174 050 ლარს. შპს ტ.კ.ტ–ს“ შპს „თ–თვის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ აუნაზღაურებია, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი, ხოლო აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ტ.კ.ტ–მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
მხარეთა შორის სადავო არაა 2010 წლის 22 თებერვალს გაფორმებული მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ნამდვილობა და მისი პირობები, ამავე ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 4.1 პუნქტით კი, მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება დასაშვები იყო ექსპერტთა ჯგუფის მიერ დადებითი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში. სწორედ ასეთი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში წარმოეშობოდა შემსყიდველს მიმწოდებელთან ანგარიშსწორების ვალდებულება. რადგანაც მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია ორმხრივი შეთანხმება, კასატორს არ წარმოშობია ანგარიშსწორების ვალდებულება. მნიშვნელოვანია, რომ შპს „თ–ის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც, მათი მტკიცებით, დაკორექტირებულია ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის შენიშვნების მიხედვით, დღემდე დადებითი დასკვნის გარეშე რჩება, რის გამოც კასატორი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო ეს პროექტი სიტყვიერი ნდობის საფუძველზე. საქმეში არსებულ სხვა დასკვნებზე აპელირება მცდარია, რადგანაც არაა ფაქტი იმისა, რომ მიმწოდებელმა შენიშვნების გამოსწორების მიზნით დაიბრუნა ნამუშევარი, მან ვერ შეძლო იმის დამტკიცება, გამოასწორა თუ არა ხარვეზი. ამდენად, სასამართლომ, მართალია, სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა არასწორად განმარტა იგი, რადგანაც, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლომ უგულებელყო მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების პირობები და ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის წესი, შესაბამისად, მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. შესრულებული სამუშაოების ჩაბარების ფაქტთან მიმართებით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ტ.კ.ტ–ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ აპელანტს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი იმ საფუძვლით განუცხადა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ექსპერტის დასკვნებით) დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი, კერძოდ, ერთი დასკვნით მოპასუხის მიერ შედგენილი პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური ნაწილი შეფასდა დადებითად, ხოლო, მეორე დასკვნის თანახმად, პროექტი საჭიროებდა გარკვეულ კორექტირებას. მხარეთა მიმოწერით, ასევე, მოსარჩელის მტკიცებით დასტურდებოდა მენარდის მხრიდან ნაკლის გამოსწორება, ხოლო მხარეთა შეთანხმება, მოსარჩელის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით სამუშაოს ჯეროვანი შესრულების დადასტურების მიზნით, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენას არ ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მოპასუხეს ნაკეთობის _ პროექტის ნაკლის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას მენარდის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების თაობაზე და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევაზე, თუმცა მას არ მიუთითებია კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომელიც მის მოსაზრებას განამყარებდა, არამედ შემოიფარგლა ზოგადი მითითებით მენარდის მიერ სამუშაოს ნაკლიანი შესრულების თაობაზე, რაც, საკასაციო პალატის შეფასებით, ვერ იქნება მიჩნეული დასაბუთებულ შედავებად.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა, ხელშეკრულების დებულებათა სწორი ანალიზის გზით მართებულად გაანაწილეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, რომლის თანახმადაც მოპასუხე იყო ვალდებული, ნაკეთობის ნაკლი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დაედასტურებინა, თუმცა ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო სადავო გარემოების დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „ტ.კ.ტ–ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 10 ივლისს N.. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი
რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმისათვის დართვას, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს შპს „ტ.კ.ტ–ს“, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა წარდგენა საპატიო მიზეზის არსებობისასაც კი დაუშვებელია, კანონი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მსჯელობის საგნად აქცევს მხოლოდ საქმეში უკვე არსებულ მტკიცებულებებს და ამ მტკიცებულებათა გამოკვლევის თაობაზე გადაწყვეტილებებსა და სხდომის ომებში ასახულ შეფასებებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 12 (თორმეტი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ.66-77).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ტ.კ.ტ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ტ.კ.ტ–ს“ (ს/N......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) მის მიერ 2014 წლის 10 ივლისს N1088 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.
3. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 12 (თორმეტი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ.66-77).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე