საქმე №ას-854-818-2014 19 ივნისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ ე.ს.ს. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ნ. და გ.კ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ ე.ს.ს–მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ნ. და გ.კ–ის“ მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის _ 3 870,95 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ე.ს.ს–ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით სსიპ ე.ს.ს–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩია, რომ სს „ს. ნ. და გ.კ–ის“ მიერ ბაღდათის სატყეო უბნის ფართობზე ჭრა განხორციელდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, ტყით სარგებლობის თაობაზე კორპორაციისათვის გამოყოფილ მიწის მონაკვეთზე და არა ამ მონაკვეთს მიღმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ სს საქართველოს „ნ. და გ.კ–სა“ და მის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ფ.კ–ს“ შორის 2012 წლის 16 მარტს დაიდო #... ხელშეკრულება, რომლის საგანიც იყო „ქუთაისი-აბაშის“ მონაკვეთზე 47 კმ-ის სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დერეფნის 1929-მეტრიან მონაკვეთზე ხე-მცენარეების აღრიცხვა ტექნიკური დავალების შესაბამისად. საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური დავალების თანახმად, აღრიცხვაში იგულისხმებოდა სამშენებლო დერეფნის ფარგლებში მოქცეულ სატყეო ფონდის მიწებზე არსებული ხე-ტყის ძირობრივი აღრიცხვა, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული 8 სმ-ისა და მეტი დიამეტრის მქონე თითოეული ხის აღწერა და თითოეული სახეობის გავრცელების ზუსტი საზღვრების დადგენა. 2012 წლის 30 მარტის მიღება ჩაბარების აქტით სს „ს. ნ. და გ.კ–მ“, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ჩაიბარა შპს „კ–გან“ გაწეული მომსახურება.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის ... განკარგულებით სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის _ ქუთაისი-აბაშის მონაკვეთზე 47 კმ-ის სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისა და ფუნქციონირებისათვის, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ბაღდათისა და ზესტაფონ-ხარაგაულის სატყეო უბნებში, 2101,2 კვ.მ მიწის ფართობებზე სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლება 49 წლამდე ვადით მიენიჭა სს „საქართველოს ნ. და გ.კ–ს“ (ტყით მოსარგებლე). განკარგულების თანახმად, ტყით მოსარგებლე უფლებამოსილი იყო, კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოდან ამოეღო ქუთაისი-აბაშის მონაკვეთზე 47 კმ-ის სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისათვის გამოყოფილ სამშენებლო დერეფანში არსებული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეები. ამავე განკარგულებით ტყით მოსარგებლე ვალდებული იყო, ქუთაისი-აბაშის მონაკვეთზე 47 კმ-ის სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისათვის გამოყოფილ სამშენებლო დერეფანში მოჭრილი მერქნული რესურსი დაესაწყობებინა სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადაეცა სააგენტოსთვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №.. განკარგულებაში და სატყეო უბნების მიწის ფართობი განისაზღვრა 1943 კვ.მ-ით.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 27 თებერვლის №.. ბრძანებით სსიპ „ბ.რ.ს–ს დაევალა ამ ბრძანების, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №.. განკარგულებისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №.. განკარგულების საფუძველზე სს „საქართველოს ნ. და გ.კ–თან“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმება“. ამავე ბრძანებით ცნობად იქნა მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №.. განკარგულების შესაბამისად, სს „საქართველოს ნ. და გ.კ.“ უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მერქნიანი მცენარეების გარემოდან ამოღება.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და სს „საქართველოს ნ. და გ.კ–ს“ შორის 2013 წლის 31 ივლისს გაფორმდა №.... ხელშეკრულება, ქუთაისი-აბაშის მონაკვეთზე 47 კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისა და ფუნქციონირების მიზნით, ე.ს.ს–ს მართვას დაქვემდებარებულ ბაღდათისა და ზესტაფონ-ხარაგაულის სატყეო უბნებში 1943 კმ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე.
ხელშეკრულების 3.2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ტყით მოსარგებლე ვალდებული იყო, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 15 დღის განმავლობაში სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურთან გაეფორმებინა ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში მიღების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი. ამავე მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, ტყით მოსარგებლე ვალდებული იყო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოჭრილი მერქნული რესურსი დაესაწყობებინა სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადაეცა სააგენტოსთვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
ხელშეკრულების 3.2. მუხლით შეთანხმებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში მიღების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას გამოირკვა, რომ სს „საქართველოს ნ. და გ.კ–ს“ ხელშეკრულების გაფორმებამდე უწარმოებია ბაღდათის სატყეო უბნის ფართობზე ჭრები, სადაც ამოძირკვული იყო სხვადასხვა სახის 7,38 კბ.მ ხე-მცენარე, რაც, მოსარჩელის განმარტებით, ხე-ტყის უკანონოდ ჭრას წარმოადგენდა და აღნიშნულის შედეგადაც გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 3 870,95 ლარს შეადგენდა.
მოპასუხის განმარტებით, მთავრობის განკარგულებების, მინისტრის ბრძანებისა და ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის ნაწილში, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, დროული შეუსრულებლობის გამო, რადგანაც საფრთხე ექმნებოდა მაგისტრალური გაზსადენის დროულ მშენებლობას, კორპორაციამ განახორციელა ტერიტორიის აღწერა და შემდგომ მისი ჭრები. ჭრების განხორციელების მომენტში ხელშეკრულების, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №.. განკარგულებისა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 27 თებერვლის №.. ბრძანების საფუძველზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰქონდათ როგორც მიწათსარგებლობის, ისე გარემოდან მცენარეთა ამოღების უფლება და აღნიშნული, პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, განხორციელდა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე, რაც არ წარმოადგენდა ხე-ტყის უკანონოდ ჭრას. საქმეში წარმოდგენილი მიმოწერით დასტურდება, რომ 2013 წლის 20 აგვისტოს კორპორაციამ სსიპ „ეს.ს–ს“ იმერეთის სატყეო სამსახურს გაუგზავნა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში მიღების შესახებ მიღება-ჩაბარების შესაბამისი აქტის კორპორაციის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი. აღნიშნულ დოკუმენტზე იმერეთის სატყეო სამსახურმა 2013 წლის 27 სექტემბერს უპასუხა, რომ ბაღდათის მონაკვეთზე კორპორაციას უკვე ნაწარმოები ქონდა სამუშაოები, ჩატარებული ჰქონდა ჭრები ისე, რომ სპეციალური ჭრის ტყეკაფი გამოყოფილი არ იყო. აქედან გამომდინარე, საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე ვერ მოხდებოდა ფართობის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. 2013 წლის 24 ოქტომბრის წერილით კორპორაცია კვლავ მიმართავდა სსიპ „ე.ს.ს–ოს“ უფროსს და სთხოვდა მიღება-ჩაბარების აქტის მოკლე ვადებში გაფორმებას, რათა კორპორაციას მისცემოდა მოჭრილი მერქნული რესურსის დასაწყობების შესაძლებლობა. 2013 წლის 29 ნოემბერს სს „საქართველოს ნ. და გ.კ–მ“ იმერეთის სატყეო სამსახურის ბაღდათის სატყეო უბნის უფროსს ჩააბარა ბაღდათისა და ზესტაფონ-ხარაგაულის სატყეო უბნებში, ტყის გაკაფვის შედეგად მიღებული 4,5 კუბური მეტრი მერქანი.
2013 წლის 11 ნოემბერს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე, თუმცა 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით შეწყდა გამოიძება იმ მოტივით, რომ, მართალია, კორპორაციამ წინსწრებით აწარმოა ჭრები, მაგრამ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №.. განკარგულების, 2013 წლის 7 თებერვლის №.. განკარგულებისა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 27 თებერვლის №... ბრძანების საფუძველზე, კორპორაციას ეძლეოდა უფლება, გარემოდან ამოეღო წითელი ნუსხით დაცული ხე-მცენარეები და ეწარმოებინა სამუშაოები.
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილების თანახმად, სს „საქართველოს ნ. და გ.კ–მ“ ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმის გადახდა.
მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად უთითებდა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლსა და ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დადასტურებულ სამართალდარღვევის ფაქტს. მოსარჩელის მითითებით, არსებობდა არასახელშეკრულებო ზიანი, რაც წარმოქმნილი იყო უშუალოდ სამართალდარღვევიდან (დელიქტი).
სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელია, ზუსტად დადგინდეს დელიქტური ქმედების შინაარსი, კერძოდ, უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანი, ზიანის დადგომაში ზიანის მიმყენებლის ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა) და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. ამ პირობათა ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის, რაც, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტების, ასევე, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, არ დგინდებოდა.
სს „საქართველოს ნ. და გ.კ–ის“ მიერ ბაღდათის სატყეო უბნის ფართობზე ჭრა განხორციელდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე. სწორედ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე სს „საქართველოს ნ. და გ.კ–ს“ მიერ განხორციელებული ჭრა მიიჩნია ბაღდათის მაგისტრატმა სასამართლომ სამართალდარღვევად.
პალატის შეფასებით, ქვემდგომი სასამართლო სწორად არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას, რომ მოპასუხის მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ფაქტი დადასტურებული იყო ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით. ამასთან, სწორად მიიჩნია, რომ აღნიშნული დადგენილებით დადასტურებული იყო არა გარემოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი, არამედ სს „საქართველოს ნ. და გ.კ–ის“ მიერ ხე-ტყის დამზადების ფაქტი მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე და ამ პროცედურის დარღვევისათვის სს „ნ. და გ.კ–ს“ დაედო ადმინისტრაციული სახდელი. მოცემული დავის გადაწყვეტისას კი, უნდა გარკვეულიყო, ამ პროცედურის დარღვევის გამო, მიადგა თუ არა გარემოს ზიანი.
გაზიარებულ იქნა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა, რომ სს „საქართველოს ნ. და გ.კ–მ“, მის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ფ. კ–ის“ მეშვეობით მოახდინა „ქუთაისი-აბაშის“ მონაკვეთზე 47 კმ-ის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დერეფნის 1929-მეტრიან მონაკვეთზე ხე-მცენარეების აღრიცხვა ტექნიკური დავალების შესაბამისად. არც ერთ განკარგულებასა თუ ბრძანებაში, ასევე ხელშეკრულებაში კორპორაციის მიერ განსახორციელებელი ქმედება, რაც წინასწარ იყო სავარაუდო მოსარჩელისათვის (გარემოდან ამოეღო გაზსადენის რეკონსტრუქციისათვის გამოყოფილ სამშენებლო დერეფანში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეები), არ ყოფილა განხილული გარემოსათვის მიყენებულ ზიანად და ამისათვის არ განსაზღვრულა რაიმე სახის საფასურის გადახდა სახელმწიფოსთვის.
სს „ნ. და გ.კ–ის“ მიერ ჭრა განხორციელდა ტყითსარგებლობისათვის კორპორაციისათვის გამოყოფილ მიწის მონაკვეთზე და არა ამ მონაკვეთს მიღმა. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის ქმედების პროცედურის დარღვევად მიჩნევას ადასტურებდა ის ფაქტიც, რომ 2013 წლის 29 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ ამ პროცედურის დარღვევისათვის სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა მოპასუხე, იმერეთის სატყეო სამსახურის ბაღდათის სატყეო უბნის უფროსმა სს „საქართველოს ნ. და გ.კ–საგან“ ჩაიბარა ბაღდათისა და ზესტაფონ-ხარაგაულის სატყეო უბნებში გაკაფვის შედეგად მიღებული 4,5 კუბური მეტრი მერქანი.
ამდენად, ამ მოცემულობით, რომ მოპასუხემ ჭრა განახორციელა ნამდვილად მისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე და არა ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, საქართველოს მთავრობისა და ხელშეკრულების მხარისათვის იმთავითვე ცნობილი იყო, რაც მათ გარემოსათვის მოსალოდნელ ზიანად არ მიუჩნევიათ და რისთვისაც გარემოსათვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ რაიმე კომპენსაცია არ გაუთვალისწინებიათ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ჭრის განხორციელებისათვის მოპასუხეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი.
მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ე.ს.ს–მ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
ე.ს.ს–სა და სს „საქართველოს ნ. და გ.კ–ს“ შორის 2013 წლის 31 ივლისს გაფორმდა #75-310713-01 ხელშეკრულება ქუთაისი-აბაშის მონაკვეთზე 47 კმ მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისა და ფუნქციონირების მიზნით. სპეციალური დანიშნულების სარგებლობისა და სპეციალური ჭრების განხორციელებისათვის 1943 კვ.მ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ფართობის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას გამოვლინდა დარღვევები, კერძოდ, მოპასუხემ უკანონოდ მოჭრა სხვადასხვა სახის 7.38 კბ.მ ხე-მცენარეები, რის შედეგადაც გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 3 870,95 ლარი შეადგინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი საპროცესო მოთხოვნის შესაბამისად, განსჯად სასამართლოს წარედგინა სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სარჩელს მტკიცებულების სახით დაერთო კანონიერ ძალაში შესული ბაღდათის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილი დადგენილება, რომლითაც დასტურდება, რომ სს „საქართველოს ნ. და გ.კ.“ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, კერძოდ, მის ქმედებას მიეცა მართლსაწინააღმდეგო ქმედების კვალიფიკაცია, ხოლო განხორციელებული ჭრები უკანონოდ იქნა მიჩნეული. ზიანის დადგომის გარემოება პირდაპირ უკავშირდებოდა პროცედურული დარღვევებით განხორციელებულ უკანონო ჭრებს. ამასთანავე, სარჩელს დაერთო უფლებამოსილი ორგანოს _ სსიპ ე.ს.ს–ს მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების დოკუმენტი.
გაუგებარია სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ ჭრები მისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე განახორციელა და არა ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ამასთან, მათთვის თითქოს იმთავითვე იყო ცნობილი მოპასუხის მიერ მოსალოდნელი ჭრების განხორციელების შესახებ, რაც გარემოსათვის მოსალოდნელ ზიანად არ მიუჩნევიათ და მიყენებული ზიანის სანაცვლოდ რაიმე კომპენსაცია არ გაუთვალისწინებიათ. მოპასუხის მხრიდან შესრულებული თუ იქნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები უკანონო ჭრას ადგილი არ ექნებოდა, მაგრამ სს „საქართველოს ნ. და გ.კ–მ“ პროცედურების დარღვევით განახორციელა უკანონო ჭრა, რის შედეგადაც დადგა გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ ე.ს.ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებები ვერ დაადასტურა, ხოლო მის მიერ წარდგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილება ადასტურებდა არა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რასაც შედეგად გარემოსათვის ზიანის მიყენება მოჰყვა, არამედ მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასა და ამ სამართალდარღვევისათვის მის პასუხისმგებლობას.
კასატორის მოსაზრებით კი, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებულ წინაპირობებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომელიც ადგენს დელიქტურ ვალდებულებაში ზიანის ანაზღაურების წესსა და პირობებს და ნორმით განსაზღვრულია, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელისას მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (განზრახი ან გაუფრთხილებელი); ბ) ზიანი; გ) მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (სსსკ 30920 მუხლის მე-2 ნაწილი), თუმცა ნორმის აღნიშნული განაწესი არ გულისხმობს ზიანის მიყენების ფაქტის ყოველგვარი შესწავლის გარეშე დადგენილად ცნობას, სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ამოწმებს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, დასაშვები მტკიცებულება იძლევა თუ არა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის _ მოპასუხის ბრალეულობის შესახებ პასუხს, სწორედ ასეთ პირობებში თავისუფლდება მოსარჩელე მოპასუხის ბრალეულობის მტკიცების ტვირთისაგან.
საქმეში წარმოდგენილი დადგენილებით დადასტურებულია არა გარემოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი, არამედ მოპასუხის მიერ ხე-ტყის ჭრა მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, სწორედ ამ წესის დაცვით მაგისტრატი სასამართლოს დადგენილების შესწავლით სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესისათვის დადგენილი საპროცესო საშუალების წარდგენით ვერ დაადასტურა მოსარჩელემ მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ ე.ს.ს–ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ე.ს.ს–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე