Facebook Twitter

საქმე №ას-906-868-2014 29 ივნისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ.ღ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ნ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.ღ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ნ–ის მიმართ ქ.თბილისში, ..... კორპუსში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი #22 ბინის ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ღ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის განჩინებით გ.ღ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2011 წლის 13 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ.ღ–ს მ.ნ–მ სამი თვით ასესხა 13 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5%-იანი სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ.ღ–ის კუთვნილი ქ.თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონება. ხელშეკრულების 5.1 პუნქტით მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სრულად არ დაფარავდა კრედიტორის მოთხოვნას, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, აღსრულება უნდა მიქცეულიყო მსესხებლის სხვა ქონებაზეც. აღნიშნულით მხარეები, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში შეთანხმდნენ მათთვის მისაღებ პირობებზე.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია, რის გამოც მ.ნ–მ მიმართა ნოტარიუსს და მიიღო სააღსრულებო ფურცელი, რომლის აღმასრულებელთან წარდგენის შემდგომ განხორციელდა გ.ღ–ის ქონების დაყადაღება (ქ.თბილისი, ......).

პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველსა და მე-9 პუნქტებზე და არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, იგნორირებული იყო საკუთრების უფლება, იპოთეკის სტატუსი და ადამიანის უფლებები, რადგანაც, სასამართლოს მოსაზრებით, ქონების დაყადაღება კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის ფარგლების გაცდენის თაობაზე შეთანხმებით, აპელანტმა, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში შეიზღუდა საკუთრების უფლება. აპელანტის მითითებაზე, სააღსრულებო წარმოების პროცესში ქონების არასწორად შეფასების თაობაზე, პალატამ განმარტა, რომ მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, ეს არ შეიძლებოდა გამხდარიყო ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ღ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოებები, რომ იპოთეკის საგანი არ არის ბინა, რომელიც დაყადაღებულ იქნა, აღნიშნულით დარღვეულია იპოთეკის სტატუსი. მართალია, ხელშეკრულება შეიცავს დათქმას, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კრედიტორის მიერ სხვა ქონებაზე ზღვევინების მიქცევის შესახებ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან მოსარჩელეს დაფარული აქვს 8 700 აშშ დოლარი და იპოთეკის საგანს წარმოადგენს მიწა, სახელწოდებით „სიაფები“. სასამართლომ უნდა გაიზიაროს მოვალის მატერიალური მდგომარეობა, ის გადახდილი სარგებელი, რომელიც, ფაქტობრივად, მაქსიმალურზე მაღალია და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღოს. სასამართლომ არ იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმაზე. რაც შეეხება ამავე კოდექსის 319-ე მუხლზე მითითებას, კასატორის განმარტებით, ის ენდო რა ხელშეკრულების მეორე მხარეს, ვერც კი წარმოიდგენდა ამგვარი დათქმის ხელშეკრულებაში მითითებას.

კასატორის მოსაზრებით, სესხი უზრუნველყოფილ იქნა მხოლოდ იპოთეკის საგნით და დაუშვებელია სხვა ქონების აღსასრულებლად მიქცევა, რადგან იპოთეკის სტატუსი და დატვირთვა ფაქტობრივად აზრს კარგავს და ჩვეულებრივ სესხთან გაიგივდება.

სასამართლომ არასწორად მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რადგანაც იპოთეკის საგანი მხარეთა მიერ შეფასებული, მოწონებულია და ეს გარემოება გამორიცხავს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-9 პუნქტებით ხელმძღვანელობის შესაძლებლობას.

კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების სადავო პირობის გამოყენება დაიშვებოდა, თუკი კრედიტორი არ გამოიყენებდა იპოთეკის საგანს. მხოლოდ ეს გარემოება შეიძლება გახდეს დავის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირღვევა კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება და ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები.

გ.ღ–ის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა იპოთეკის ხელშეკრულება, იმსჯელა მხოლოდ მის ერთ ნაწილზე და არასწორად განმარტა უზრუნველყოფილი სესხის ინსტიტუტი, ამასთანავე, არასწორად არ იქნა მიჩნეული მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება კაბალურად, ამასთანავე, სასამართლომ არასწორად გამოიყენა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი.

საკასაციო სასამართლოს შესაგებლით მომართა გ.ნ–მ, რომლითაც გ.ღ–ის პრეტენზიები არ ცნო, ამასთანავე სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა კასატორისათვის მის სასარგებლოდ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის _ 100 ლარის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, წარმოადგინა საბანკო ქვითარი მისი წარმომადგენლის _ მ.ლ–თვის ჰონორარის სახით 100 ლარის ჩარიცხვის თაობაზე (დანიშნულება: გ.ნ–ის საკასაციო საქმე).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ.ღ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ დაადგინა მხარეთა შეთანხმების არსებობა იმ პირობაზე, რომლის თანახმადაც, თუ იპოთეკის საგანი არ დაფარავდა მოთხოვნას მთლიანად, კრედიტორს უფლება ჰქონდა მოეთხოვა სესხის დარჩენილი ნაწილის სხვა ქონების რეალიზაციის გზით დაფარვა, სწორედ ამ გარემოებიდან გამოდინარე, მიიჩნია პალატამ გამართლებულად სააღსრულებო წარმოების პროცესში მოვალის სხვა ქონებაზე ყადაღის დადება.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სასამართლოს ამ დასკვნას არ ეთანხმება, თუმცა მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის, კერძოდ, არ მიუთითებია მატერიალური თუ საპროცესო სამართლის ნორმების იმგვარ დარღვევაზე, რაც სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენას დაადასტურებდა.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, შესაბამისად, კასატორის პრეტენზიები სესხის კაბალური პირობებისა თუ ნდობის ბოროტად გამოყენებით ხელშეკრულების სადავო დებულებაზე შეთანხმების შესახებ ვერ იქნება შეფასებული, მით უფრო ისეთ პირობებში, რომ მოქმედი სამოქალაქო კოდექსის არც ერთი ნორმა არ კრძალავს მხარის შესაძლებლობას, იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნისას შეუთანხმდეს მოვალეს დამატებითი უზრუნველყოფის საგნის გამოყენებაზე, თუ აღსრულების ეტაპზე იპოთეკიდან ამონაგები თანხა არ აღმოჩნდება დავალიანების დაფარვისათვის საკმარისი. მხარეთა ამგვარი შეთანხმება არ იწვევს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს, ამდენად, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად გამოიყენეს და განმარტეს ამავე კოდექსის 319-ე მუხლი.

რაც შეეხება კასატორის პოზიციას იპოთეკის ინსტიტუტის არასწორი გამოყენების თაობაზე, საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილს, რომლის თანახმადაც მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა არ განეკუთვნება იმპერატიულ ნორმათა რიგს და ადგენს იპოთეკის ზოგადი არსისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების შესაძლებლობას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენითაა მიღწეული.

რაც შეეხება საკუთრებისა თუ კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის სხვა უფლებათა დარღვევის თაობაზე წარმოდგენილ პრეტენზიას, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებას და თვლის, რომ მესაკუთრის მიერ საკუთრებით სარგებლობის სახელშეკრულებო ბოჭვა სრულად შეესაბამება, როგორც კონსტიტუციით, ისე სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განსაზღვრულ საკუთრების ცნებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-9 პუნქტებით და მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ გ.ღ–ის მოთხოვნა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ.ღ–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

რაც შეეხება გ.ნ–ის შუამდგომლობას კასატორისათვის მის სასარგებლოდ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ადვოკატის მომსახურების ხარჯის _ 100 ლარის დაკისრების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

წინამდებარე დავის საგნის ღირებულების, ასევე კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ.ღ–თვის 100 ლარის დაკისრება წარმოადგენს სწორედ გონივრული ოდენობის თანხას და არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ღ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. გ.ნ–ის შუამდგომლობა წარმომადგენლის მომსახურების გამო გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

4. გ.ღ–ს (პ/#......) გ.ნ–ის (პ/#........) სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურების გამო გაწეული ხარჯის _ 100 ლარის გადახდა.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე