Facebook Twitter

№ას-544-516-2015 22 იანვარი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ. პ-ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (შემდეგში მოსარჩელემ ან შეგებებული სარჩელის მოპასუხემ) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ტ. პ-ის“ (შემდეგში მოპასუხის ან შეგებებული სარჩელის მოსარჩელის) მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 137 237.35 ლარის დაკისრება;

1.2. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2012 წლის 28 მარტის N47-1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანების - 9 781.38 ლარისა და 2013 წლის 30 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის ყოველთვიურად საიჯარო ქირის სახით 776.30 ლარის დაკისრება;

1.3. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2012 წლის 20 თებერვლის N26-7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 62 1218.56 ლარის გადახდის, 2013 წლის 30 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 9 781.38 ლარის 0.1%-ისა და ყოველთვიური საიჯარო ქირის 49 303.06 ლარის 0.1%-ის დაკისრება;

1.4. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით N47-1 ხელშეკრულების საფუძველზე 1740.15 ლარის, 2013 წლის 30 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 9 781.38 ლარის 0.1%-ისა და ყოველთვიურად საიჯარო ქირის – 776.30 ლარის 0.1%-ის დაკისრება;

1.5. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით N26-7 ხელშეკრულების საფუძველზე 110 517.74 ლარის, 2013 წლის 30 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 62 1218.56 ლარის 0.1%-ისა და ყოველთვიური საიჯარო ქირის 49 303.06 ლარის – 0.1%-ის დაკისრება.

2. იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 63 470.55 ლარის დაკისრება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით:

3.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

3.2. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;

3.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნები 63 470.55 ლარის ნაწილში გაიქვითა;

3.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 73 766.8 ლარის გადახდა;

3.5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა N47-1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1448.92 ლარისა და N26-7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 93 032.24 ლარის გადახდა;

3.6. სარჩელი საიჯარო ქირის ნაწილისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლის 13 იანვარს გაფორმდა N3-1 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საფუძველზე, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხარეთა შორის გაფორმებული 2012 წლის 20 თებერვლის N26-7 და 2012 წლის 28 მარტის N47-1 იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული მოძრავი ქონება/ტექნიკა;

4.2. მხარეთა შორის გაფორმებული 2012 წლის 13 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებების მოქმედება შეწყდა 2012 წლის 13 ნოემბრიდან;

4.3. 2013 წლის 27 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ იკისრა ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნების ვალდებულება 2013 წლის 1 აპრილამდე. მოპასუხემ იკისრა, ასევე, ვალდებულება, ამავე ვადაში მოსარჩელისათვის წარედგინა მოპასუხის საკუთრებაში არსებული იმ ტექნიკის/აპარატურის ჩამონათვალი, რომლიდანაც უნდა განხორციელებულიყო გამოვლენილი დანაკლისის სასაქონლო ფორმით დაფარვა;

4.4. 2013 წლის 16 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა შემაჯამებელი აქტი, რითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 137 237.35 ლარის ღირებულების საქონლის დარჩენილი ნაწილი, რომელიც მოპასუხემ არ დაუბრუნა მოსარჩელეს, არ იძებნებოდა, ითვლებოდა დანაკლისად და შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხებოდა დავალიანებად;

4.5. მოპასუხე არღვევდა ნაკისრ ვალდებულებებს და საშუალებას არ აძლევდა მოსარჩელის წარმომადგენლებს, შესულიყვნენ მოპასუხის ტერიტორიაზე, მოეძიებინათ შესაბამისი ქონება და დაებრუნებინათ მოსარჩელის კუთვნილი აპარატურა. გარდა ამისა, მოპასუხემ მოსარჩელეს სათანადოდ არ წარუდგინა შესაბამისი ინფორმაცია მის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ, რომლის ხარჯზეც უნდა განხორციელებულიყო გამოვლენილი დანაკლისის სასაქონლო ფორმით დაფარვა. შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ვერ განახორციელა მოპასუხის ბალანსზე რიცხული შესაფასებელი ტექნიკის სასაქონლო ექსპერტიზა, რადგან მოპასუხის ბრალით, მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია შესაფასებელი ტექნიკის შეძენის თარიღისა და საწყისი ღირებულების შესახებ;

4.6. იჯარის ხელშეკრულებების მე-8 მუხლის 8.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების დაუბრუნებლობის შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო, გადაეხადა საიჯარო ქირა ქონების დაბრუნების დაყოვნებისთვის. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული იყო, საიჯარი ქირის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით;

4.7. 2012 წლის 20 თებერვლის N26-7 ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის მიხედვით, მოიჯარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 2.3 პუნქტში აღნიშნული გრაფიკით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილი იყო დაეკისრებინა მოიჯარისთვის პირგასამტეხლო გრაფიკით გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდისთვის გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

4.8. 2012 წლის 28 მარტის N47-1 ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის მიხედვით, მოიჯარის მიერ ხელშეკრულების 2.3 პუნქტში აღნიშნული გრაფიკით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილი იყო, მოიჯარისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო გრაფიკით გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდისთვის გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

4.9. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების დაბრუნების ვადის დაყოვნების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2013 წლის 1 თებერვლიდან და დასრულებულიყო 2013 წლის 27 მარტს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ პერიოდში N47-1 ხელშეკრულების საფუძველზე, ქირის ოდენობა 1448.92 ლარს, ხოლო N26-7 ხელშეკრულების საფუძველზე – 92 032.24 ლარს შეადგენდა;

4.10. სასამართლომ განმარტა, რომ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისას, მოიჯარის ვალდებულებას წარმოადგენდა, დაებრუნებინა იჯარის საგანი მესაკუთრისათვის. შეწყვეტილი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ქონების დაბრუნების ვალდებულების შესრულების ვადად მხარეებმა განსაზღვრეს 2013 წლის 1 თებერვალი. ამ დროიდან 2013 წლის 27 მარტამდე, მხოლოდ ქონების ნაწილის დაბრუნების ვალდებულება შესრულდა მოიჯარის მიერ, აღნიშნულმა განაპირობა მათ შორის ახალი შეთანხმების დადება, რომლის მიხედვით, მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას, დაებრუნებინა დარჩენილი ქონება 1 აპრილამდე. ამავე შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, ამავე ვადაში კისრულობდა ვალდებულებას კრედიტორისათვის წარედგინა თავის საკუთრებაში არსებული ქონების ტექნიკა/აპარატურის ჩამონათვალი, რომლიდანაც დაიფარებოდა დანაკლისი სასაქონლო ფორმით, არაუგვიანეს 2013 წლის 10 აპრილისა;

4.11. ამდენად, სასამართლოს მითითებით, შეთანხმების შინაარსიდან ცალსახად გამომდინარეობდა, რომ თუ მოსარჩელისაგან მიღებული ქონებიდან დასაბრუნებელი ნაწილი დამქირავებელთან არ აღმოჩნდებოდა, მოპასუხე 2013 წლის 1 აპრილამდე წარუდგენდა დანაკლისი ქონების ჩასანაცვლებლად იმავე ღირებულების თავისი კუთვნილი ტექნიკა/აპარატურის ნუსხას, რომელსაც მოსარჩელეს გადასცემდა 2013 წლის 10 აპრილამდე. სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებით, წერილებით, დადგენილი იყო, რომ 27 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადაში მოპასუხემ მოსარჩელეს წარუდგინა მისი კუთვნილი ქონების ჩამონათვალი, საიდანაც დასტურდებოდა, რომ ამ დროისათვის დასაბრუნებელი ქონებიდან 137 237.35 ლარის ღირებულების საქონელი დაკარგული იყო და მოპასუხის მფლობელობაში აღარ იმყოფებოდა. აღნიშნული დადასტურდა 2013 წლის 16 აპრილის შემაჯამებელი აქტით;

4.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან 2013 წლის 27 მარტის შეთანხმებით ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრულ ვადაში 2013 წლის 10 აპრილამდე დადგინდა 137 237.35 ლარის ღირებულების ქონების დანაკლისი, ხოლო ქონების დაბრუნების ვალდებულების შესრულების ვადის გასვლის შემდეგ დამქირავებელი ვერ ისარგებლებდა ქონებით მისი დაკარგვის გამო, ზიანის ოდენობა დაყოვნებისათვის უნდა განსაზღვრულიყო 2013 წლის 27 მარტამდე პერიოდზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 20 თებერვლის N26-7 ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი თვის გადასახდელი ქირა შეადგენდა 49 303.06 ლარს, თებერვლის ერთი თვის ქირას დამატებული მარტის 26 დღის ქირა, შეადგენდა 92 032.24 ლარს. 2012 წლის 28 მარტის N47-1 ხელშეკრულების საფუძველზე, გადასახდელი ერთი თვის ქირა იყო 776.30 ლარი, თებერვლის ერთი თვის ქირას დამატებული მარტის 26 დღის ქირა შეადგენდა 1448.92 ლარს.

5. საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 564-ე, 567-ე, მუხლსა და 573-ემუხლებზე და მიიჩნია, რომ მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის იმ ქონების ღირებულება, რომელიც მას გადაცემული ჰქონდა მოსარჩელისაგან და, რომლის დაბრუნებაც შეუძლებელი იყო ამ ქონების დაკარგვის გამო, ასევე, მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ნივთების დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანი.

6. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად უთითებდა იჯარის ხელშეკრულებების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მხარეები ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, გადაცემული ქონების დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადასახდელი ქირის ოდენობა წარმოადგენდა იმ ზიანს, რაც ამ ვალდებულების დარღვევის გამო მიადგა ქონების მესაკუთრეს. შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის თანხაზე პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ შეთანხმება, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.

7. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ ურთიერთმოთხოვნები, ამასთან, დამდგარი იყო ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა ურთიერთმოთხოვნები 63 470.55 ლარის ნაწილში უნდა გაქვითულიყო.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით:

9.1. სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

9.2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.3 და მე-3 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

9.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ N47-1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 999.46 ლარისა და N26-7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 63 483.83 ლარის გადახდა;

9.4. დარჩენილ ნაწილებში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დარჩენილი პუნქტები.

10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1448.92 ლარისა და 92032.24 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება არ იყო იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, კერძოდ, სამართლებრივად არ შეფასებულა საქმეზე წარდგენილი მოსარჩელის 2013 წლის 30 იანვრის N286/01 წერილი. აღნიშნული წერილის შინაარსის გათვალისწინებით, არასწორად განიმარტა სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება.

11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის გარემოება, რომ დაყოვნებამ შეადგინა 2013 წლის 1 თებერვლიდან 2013 წლის 27 მარტამდე დროის მონაკვეთი. სააპელაციო სასამართლოს ეს მსჯელობა ემყარებოდა საქმეზე წარდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, კერძოდ, 2012 წლის 13 ნოემბრის შეთანხმებით მხარეთა ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ უნდა შესრულებულიყო 2013 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო 2013 წლის 27 მარტის შეთანხმებით, დარჩენილი ქონება მოპასუხეს უნდა გადაეცა მოსარჩელისათვის 2013 წლის 1 აპრილამდე. როგორც 2013 წლის 16 აპრილის შემაჯამებელი აქტით გაირკვა, დარჩენილმა ქონებამ, რომელიც მოსარჩელეს ვერ დაუბრუნდა, 137 237.35 ლარი შეადგინა. ამდენად, სხვა ყველა ქონება დაბრუნდა, გარდა ამ ოდენობის ქონებისა.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვალდებულების შესრულების ვადამ გადაიწია 2013 წლის 10 აპრილამდე და რომ აპელანტს ევალებოდა ვალდებულების ნატურით შესრულება – თანხის ნაცვლად ნივთების გადაცემა დაკარგული ნივთების სანაცვლოდ. მართალია, 2013 წლის 27 მარტის შეთანხმებაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ აპელანტი საზოგადოებრივ მაუწყებელს აუნაზღაურებდა გამოვლენილ საბოლოო დანაკლისს სასაქონლო ფორმით, მაგრამ საგულისხმო იყო, რომ სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. შეთანხმება მოძრავი ნივთების გადაცემაზე დადებულად ვერ ჩაითვლებოდა, თუ ასეთ შეთანხმებაში კონკრეტულად არ მიეთითებოდა შეთანხმების საგანი, მოძრავი ნივთის ინდივიდუალური მახასიათებელი, ასეთი რამე კი 2013 წლის 27 მარტის შეთანხმებაში არ იყო მოცემული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მხარეებს შორის ასეთი ხელშეკრულება არ იყო დადებული.

13. რაც შეეხებოდა ზემოხსენებულ 2013 წლის 30 იანვრის წერილს, მასში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ ამ რიცხვისათვის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბრუნებული ჰქონდა ქონების ნაწილი ღირებულებით 1 145 025 ლარი და დარჩენილი ჰქონდა მისაღებად 2 547 080 (3692105-1145025) ლარის ქონება.

14. საქმეზე წარდგენილი არ იყო რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა სხვა ქონების დაბრუნების თაობზეც, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის 1 თებერვლამდე გამქირავებელს დაუბრუნდა სწორედ ზემოაღნიშნულ წერილში მითითებული ღირებულების ქონება. აპელანტმა ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 102-ე მუხლებით მასზე დაკისრებული ტვირთის რეალიზაცია ვალდებულების სრულად ან თუნდაც მის მიერ სააპელაციო საჩივარში აღნიშნული, ვალდებულების 97%-ით შესრულების მტკიცების თვალსაზრისით.

15. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაყოვნებისათვის განსაზღვრული ქირის გასაანგარიშებლად გამოიყენა მთლიანი ქონების სახელშეკრულებო თანხა (3692105 ლარი) და არა დაყოვნებული ქონების ღირებულების შესაბამისი თანხა.

16. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაყოვნებისათვის აპელანტს უნდა დაკისრებოდა ქირა დაუბრუნებელი ნივთების ღირებულებიდან გამომდინარე. დაუბრუნებელი ნივთების პროპორცია ყველა ნივთთან მიმართებით შეადგენდა 68.98%-ს, რის გამოც, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული 1448.92 ლარისა და 92032.24 ლარის ნაცვლად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ამ თანხების 68.98%, რაც 999.46 ლარსა და 63483.83 ლარს შეადგენდა.

17. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის აპელირება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე. დადგინდა, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა მოპასუხისაგან ქონების ნაწილის დაკარგვის გამო მისი ღირებულების 137 237.35 ლარის ზიანის ანაზღაურება. ამასთან, დადგინდა, რომ მოსარჩელეს მოპასუხის წინაშე არ ჰქონდა შესრულებული 63 470.55 ლარის გადახდის ვალდებულება. ვინაიდან, დადგინდა, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ ურთიერთმოთხოვნები, ამასთან, დამდგარი იყო ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მხარეთა ურთიერთმოთხოვნები 63470.55 ლარის ნაწილში უნდა გაქვითულიყო და საბოლოოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 73766.8 ლარის გადახდა.

18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.3 და მე-3 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა N47-1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 999.46 ლარისა და N26-7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 63 483.83 ლარის გადახდა. ზემოხსენებულ ნაწილში კასატორი მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.

19. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება. ანალოგიურ დანაწესს შეიცავდა საქმეში არსებული 2012 წლის 20 თებერვლის N26-7 და 2012 წლის 28 მარტის N47-1 საიჯარო ხელშეკრულებების 8.4 პუნქტი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია ამ ნაწილში (დაუბრუნებელი ნივთების ღირებულებიდან გამომდინარე შესაბამისი პროპორციით საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრა) ეწინააღმდეგება კანონს და დაუსაბუთებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი ჰქონდა 4739.56 ლარი, თუმცა დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, მას უნდა გადაეხადა მხოლოდ 1449.89 ლარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით 18.05.2015წ. #10747 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი 4739.56 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 3289.67 ლარი. აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 18.05.2015წ. #10747 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი 4739.56 ლარის დარჩენილი ნაწილის - 1449.89 ლარის 70%, რაც შეადგენს 1014.92 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

28. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (18.05.2015წ. №10747 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი 4739.56 ლარის დარჩენილი ნაწილის - 1449.89 ლარის) 70% – 1014.92 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი