Facebook Twitter

საქმე №ას-330-315-2015 29 ივნისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ო.მ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ს.კ. „ზ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო.მ–მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ს.კ. „ზ–ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების, ასევე წარმომადგენლის დახმარების ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ს.კ.ზ. ო.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 2 800 ლარის, ასევე დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის _ 2013 წლის 6 მაისიდან 2014 წლის 6 მაისამდე _ 632,6 ლარის გადახდა. მოპასუხეს ო.მ–ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა, 2014 წლის 6 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაყოვნებული სახელფასო დავალიანების ყოველი დღისათვის 2 800 ლარის 0,07%-ის _ 1,96 ლარისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის ხარჯის ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%-ის _ 137,3 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ო.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს ს.კ.„ზ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შპს ს.კ. „ზ–თვის“ ო.მ–ის სასარგებლოდ 137,3 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ო.მ–ის მოთხოვნა შპს ს.კ.„ზ–თვის“ წარმომადგენლის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 1 თებერვალს ო.მ–მ და შპს ს.კ.„ზ–მა“ დადეს შრომითი ხელშეკრულება და ო.მ–მ დაიკავა კლუბის ექიმის თანამდებობა;

ხელშეკრულების თანახმად, ო.მ–ს, გადასახადების ჩაუთვლელად, ყოველთვიურად უნდა მიეღო ხელფასი 1 000 ლარი;

2013 წლის 18 თებერვალს კლუბმა ო.მ–ს გადაუხადა 1 500 ლარი, გარდა ამისა, 2013 წლის 4 თებერვალსა და 2013 წლის 4 აპრილს კლუბმა მოსარჩელეს გადაუხადა 500-500 ლარი. ამ პერიოდში კლუბს ო.მ–თვის სულ გადახდილი ჰქონდა 2 500 ლარი;

2013 წლის 1 ივნისამდე ო.მ. შრომით მოვალეობებს ასრულებდა, ხოლო 2013 წლის 1 ივნისს საფეხბურთო კლუბის პერსონალი, მათ შორის, ო.მ–ც გავიდნენ შვებულებაში;

შვებულება დასრულდა 2013 წლის 10 ივლისს, თუმცა, არც ამ დროს და არც ამის შემდეგ ო.მ. კლუბში აღარ გამოცხადებულა და შრომითი მოვალეობები არ შეუსრულებია.

გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოსარჩელეს ეკუთვნოდა შრომის ანაზღაურება მხოლოდ 2013 წლის 9 ივლისის ჩათვლით. ამის შემდეგ კი, მისი მოცდენა გამოწვეული იყო თავად დასაქმებულის ბრალით. 2013 წლის 10 ივლისიდან ო.მ–ს შრომითი მოვალეობები არ შეუსრულებია.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 32-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დამსაქმებლის ბრალით დასაქმებულის იძულებით მოცდენას, ასევე იმას, რომ შვებულების გასვლის შემდგომ დასაქმეული გამოცხადდა სამსახურში და იგი სამუშაოზე არ დაუშვეს. პალატის შეფასებით, 2013 წლის 10 ივლისს კლუბის მიერ შრომითი ხელშეკრულების სხვა ექიმთან გააფორმება, დამსაქმებლის ბრალით მოსარჩელის იძულებითი მოცდენას არ ამტკიცებდა, ამასთან, ო.მ–ს სასამართლოსათვის არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგენია, რომ კლუბის მიერ მისთვის გადახდილი 1 500 ლარი იყო არა ავანსად გაცემული ხელფასი, არამედ, პრემია. კლუბის მიერ დასაქმებულისათვის გადახდილი 1 500 ლარის ჯილდოდ გადაცემას გამორიცხავდა ის გარემოებაც, რომ შრომის კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კლუბს დასაქმებულის მიერ მისაღები თანხიდან ზედმეტად გადახდილის გამოქვითვის უფლება წარმოეშობოდა.

არ იქნა გაზიარებული საფეხბურთო კლუბის პოზიცია მოსარჩელისათვის ივნისისა და ივლისის თვის ხელფასის ნაწილის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლისა და 51-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეებს არ დაუდასტურებიათ ის გარემოება, რომ მათ შორის არსებული შრომითი ურთიერთობები ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, კანონით დადგენილი წესით, შეწყდა. შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, რადგანაც, მოსარჩელის შვებულებაში ყოფნის გამო, 2013 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 9 ივლისის ჩათვლით ამავე კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეჩერებული იყო შრომითი ურთიერთობა, ო.მ. უფლებამოსილი იყო, 2013 წლის პირველი ივნისიდან 2013 წლის 9 ივლისის ჩათვლით შრომითი მოვალეობები არ შეესრულებინა, ხოლო კლუბი ვალდებული იყო, გადაეხადა ანაზღაურება.

გაზიარებულ იქნა კლუბის სააპელაციო პრეტენზია წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ამ ნორმის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხარის მიერ უკვე გაწეული და არა გასაწევი ხარჯი. სადავო არ იყო, რომ ო.მ–ს წარმომადგენლის მომსახურების საფასური გადახდილი არ ჰქონდა, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარისათვის ამ თანხის გადახდის დაკისრების საფუძვლები არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო.მ–მ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ასევე წარმომადგენლის მომსახურების თანხის _ 137,3 ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:

მოპასუხეს, მართალია, გადახდილი აქვს 2 500 ლარი, თუმცა ამ თანხიდან 1 500 ლარი წარმოადგენდა პრემიას, ამონაწერში ამ თანხის დანიშნულებად მითითებული არ არის ხელფასი, მაშინ, როდესაც ყველა სხვა ჩარიცხული თანხის დანიშნულებად მითითებულია სწორედ ხელფასი. ამდენად, მოპასუხეს გადასახდელი აქვს თებერვლისა და მარტის ხელფასის სახით 500-500 ლარი, მაის-ივნისში _ 1 000-1 000 ლარი, ხოლო 1 ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით _ 300 ლარი, სულ _ 3 800 ლარი. ასევე არასწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ კასატორი საკუთარი ინიციატივით არ გამოცხადებულა კლუბის შეკრებაზე. როგორც წესი, შვებულების დასრულების შემდგომ, კლუბი თითოეულ ფეხბურთელსა და კლუბის დანარჩენ წევრებს აწვდის ინფორმაციას, სად და როდის იკრიბებიან. ეს ინფორმაცია მიეწოდა კლუბის ყველა წევრს, გარდა კასატორისა, რის გამოც ო.მ. შეკრებაზე თავის ბრალის გარეშე ვერ გამოცხადდა.

კასატორის შეფასებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, 31-ე მუხლი, პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი და 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან საქმეში არსებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, იურიდიული მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნას კლიენტის სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ, შესაბამისად, ხელშეკრულების ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ მომსახურების ხარჯები გადაიხდება საქმის დასრულების შემდეგ და არა წინასწარ, აქედან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯი _ 137,3 ლარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინებით ო.მ–ის საკასაციო საჩივარი წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო სახელფასო დავალიანების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, იურიდიული მომსახურების ხარჯების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ო.მ–ის მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებულისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ მოსარჩელის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი იმ საფუძვლით განაცხადა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით ანაზღაურებას ექვემდებარება მხარის მიერ უკვე გაწეული და არა გასაწევი ხარჯი, ხოლო, რადგანაც ო.მ–ს წარმომადგენლის მომსახურების ხარჯი საქმის განხილვის იმ დროისათვის არ ჰქონდა გადახდილი, არ არსებობდა მოწინააღმდეგე მხარისათვის ამ თანხის დაკისრების საფუძველი.

კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ დასკვნას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, მას, როგორც წარმოდგენილ პირს, ეკისრებოდა ადვოკატის მომსახურების ხარჯის გადახდა დავის დასრულების შემდეგ და არა წინასწარ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ე.ი.ჯ–მა“ იკისრა ვალდებულება, ო.მ–თვის გაეწია მომსახურება. ხელშეკრულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულია ანაზღაურების წესი და პირობები, კერძოდ, 3.2 პუნქტით დადგენილია, რომ იურიდიული მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნას კომპანიის მიერ კლიენტის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. საქმეში ასევე წარმნოდგენილია ო.მ–ძის მიერ ა.ქ–ის სახელზე სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულება და შპს „ე.ი.ჯ–ის“ მიერ ა.ქ–ის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომლითაც განსაზღვრულია ა.ქ–ის ვალდებულება, დაიცვას ო.მ–ის ინტერესები შპს ს.კ. „ზ–ის“ მიმართ არსებულ დავაში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უსწორობის თაობაზე და მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც მხარეს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმეტი არ ჰქონდა წარდგენილი, საკასაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ არსებობდა მოგებული მხარისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზრაურების წინაპირობები. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების დათქმას (3.2 პუნქტი) ანაზღაურების წესის თაობაზე და განმარტავს, რომ მოსარჩელესა და შპს „ე.ი.ჯ–ს“ შორის წარმოშობილი ურთიერთობის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს დავალების ხელშეკრულება (სკ 709-ე მუხლი), სამოქალაქო კოდექსის 710-ე მულის პირველი ნაწილის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამდენად, რადგანაც ირკვევა მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, ასევე ის გარემოება, რომ მარწმუნებელს მომსახურების ხარჯის გადახდის ვალდებულება დავის დასრულების შემდგომ წარმოეშობა, პალატა მიიჩნევს, რომ ო.მ–ის პრეტენზია ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მართლმსაჯულების განხორციელების გამო მოგებული მხარის ინტერესების დაცვის პროცენტულ ზღვარს და კანონმდებლობით გათვალისწინებულია, როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი დავისას იურიდიული მომსახურების ხარჯის გონივრული და სამართლიანი ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმი. 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან სახეზე არაა საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, პალატა მიჩნევს, რომ უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა.

მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება, რომ ო.მ–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ს.კ.ზ. ო.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 2 800 ლარის, მისი გადახდის დაყოვნებისათვის 2013 წლის 6 მაისიდან 2014 წლის 6 მაისამდე _ 632,60 ლარის, ხოლო 2014 წლის 6 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველი დაყოვნებული დღისათვის _ 2 800 ლარის 0,07%-ის (1,96 ლარის) გადახდა. კასატორი იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით მოითხოვს 137,3 ლარის ანაზღაურებას, რაც საკასაციო პალატის შეფასებით, კანონიერია და არსებობს ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ო.მ–ის საკასაციო საჩივარი იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს.

2. შპს ს.კ.ზ. (ს/#......) ო.მ–ის (პ/#......) სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 137,3 ლარის ანაზღაურება.

3. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ.ბაქაქური