საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-1296-შ-31-2015 24 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები: 1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლო
2. ა. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – რ. თ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარეები მოითხოვენ – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენი
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება და სახელმწიფო ბაჟის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენით რ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, მთელი ქონების კონფისკაციით. ამავე განაჩენით რ. თ-ეს ა. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის – ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის მიერ განაჩენის გამოტანის დღისათვის დადგენილი კურსით 13 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 109 590 000 რუბლის გადახდა, რ. თ-ეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 5 479 500 რუბლის გადახდა. აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 9 იანვარს, ამასთან, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს მოსამართლე ი.ვ-ომ და ა.პ-მა შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზიანის ანაზღაურებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული 2012 წლის 9 იანვრიდან და ექვემდებარება აღსრულებას, მოწინააღმდეგე მხარე დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე და ჩაბარდა განაჩენის ასლი, დასტურდება, რომ სამოქალაქო ზიანისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაცემული სააღსრულებო ფურცელი განაჩენის გამომტანი ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ამასთან, დგინდება საქართველოს საერთო სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციაც.
რ. თ-ემ შესაგებლით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს მოთხოვნის ნაწილში აღიარა ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ა.პ.ს მოთხოვნას არ დაეთანხმა იმ საფუძვლით რომ მასთან ფულადი ვალდებულება გაქვითულია, ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია და წარმოადგენს მოგვიანებით, შესაბამისად, ითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივნისის განჩინებით რ.თ-ის მოთხოვნა საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის თაობაზე დაკმაყოფილდა და სასამართლო სხდომა დაინიშნა 2015 წლის 21 ივლისს, 14:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ.
საკასაციო სასამართლოს წერილობით მომართა ა.პ-მა და ითხოვა საქმის შუამდგომლობის ავტორთა გამოუცხადებლად განხილვა, ხოლო რ.თ-ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. 2015 წლის 21 ივლისის საოქმო განჩინებით საქმის განხილვა გადაინიშნა 2015 წლის 24 ივლისს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოსა და ა. პ-ის შუამდგომლობები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით განსაზღვრულია უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის წინაპირობები და დადგენილია ის კანონისმიერი მოთხოვნები, რომელთაც შუამდგომლობა უნდა აკმაყოფილებდეს.მითითებული ნორმის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რამდენადაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენით რ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, მთელი ქონების კონფისკაციით. ამავე განაჩენით რ.თ-ეს ა.პ-ას სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის – ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის მიერ განაჩენის გამოტანის დღისათვის დადგენილი კურსით 13 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 109 590 000 რუბლის გადახდა, რ. თ-ეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 5 479 500 რუბლის გადახდა. აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 9 იანვარს. ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს მოსამართლე ი. ვ-ომ და ა.პ-მა შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზიანის ანაზღაურებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული 2012 წლის 9 იანვრიდან და ექვემდებარება აღსრულებას, მოწინააღმდეგე მხარე დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე და ჩაბარდა განაჩენის ასლი, დასტურდება, რომ სამოქალაქო ზიანისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაცემული სააღსრულებო ფურცელი განაჩენის გამომტანი ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ამასთან, დგინდება საქართველოს საერთო სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციაც.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა, მხედველობაში იღებს მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელში მითითებულ გარემოებებს, რომლითაც, რ.თ-ემ, ერთი მხრივ, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში აღიარა, რომ განაჩენით დადგენილი ვალდებულება არ შეუსრულებია, ხოლო, მეორე მხრივ, ა.პ-ის მოთხოვნის ნაწილში აღნიშნა, რომ ფულადი ვალდებულებები გაქვითული ჰქონდა ა.პ-ის და არ არსებობდა შუადგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი შესაგებლით ირკვევა, რომ ამ ეტაპზე განაჩენით დაკისრებული ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების არარსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია და ითხოვა, როგორც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, ისე მტკიცებულებების სასამართლო სხდომაზე წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განჩინებით საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, თუმცა რ.თ-ე სხდომაზე არ გამოცხადებულა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მათი დასწრების გარეშე საქმის განხილვა ითხოვა (იხ. 21.07.2015წ. სხდომის ოქმი, ასევე, ა.პ-ის განცხადება).
საკასაციო პალატა მოიხმობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
ამდენად, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება (სახელმწიფო ბაჟი) არ არის გადახდილი, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველი, ამასთანავე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სწორედ, რ. თ-ე იყო ვალდებული, სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით დაედასტურებინა ის გარემოება, რომ მას გაქვითვის გზით აქვს შესრულებული ფულადი ვალდებულება ა.პ.ს მიმართ. ამგვარი მტკიცებულება კი, მას საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდეგენია, შესაბამისად, მისი პოზიცია 13 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლის ნაწილში უცხო ქვეყნის განაჩენის საქართველოს ტრიტორიაზე ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც რ. თ-ეს ა. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის – (ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის მიერ განაჩენის გამოტანის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) 13 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 109 590 000 რუბლის, ასევე ბელარუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 5 479 500 რუბლის ანაზღაურება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოსა და ა. პ-ის შუამდგომლობები ზიანის ანაზღაურებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის საბჭოთა რაიონის სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც რ. თ-ეს ა.პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის – (ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის მიერ განაჩენის გამოტანის დღისათვის დადგენილი კურსით) 13 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 109 590 000 რუბლის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 5 479 500 რუბლის გადახდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე