№ ვ-1396-გან-5-2015 16 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
სამოქალაქო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „კ--ის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 27 თებერვლის განჩინების განმარტებას თაობაზე, საქმეზე შ--ა მ--ის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე შპს „კ--ის“ მიმართ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
პალატამ გამოარკვია:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „კ--ის“ განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტებას ახორციელებს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო.
შპს „კ--ი“ ითხოვს განმარტებულ იქნას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „კ--ი“ ითხოვს იმ განჩინების განმარტებას, რომლითაც უზენაეს სასამართლოს დავა არსებითად არ გადაუწყვეტია. უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საკასაციო მოთხოვნა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებით მოთხოვნილი განმარტება ეხება არა განჩინების სარეზოლუციო ნაწილს, არამედ განჩინების აღწერილობით ნაწილში მითითებულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 21 ივნისის განჩინებით დადგენილ ფაქტებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,კ--ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის განჩინება და შ--ა მ--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი, სადაც მითითებულია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რასაც ეყრდნობა სასამართლოს დასკვნები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილით დადგენილია, რომ 1997 წლის 17 ივლისს რეგისტრირებული შპს „კ--ი“ არ არის 1991 წლის 16 ივლისს რეგისტრირებული საქართველო-საფრანგეთ-რუსეთის ერთობლივი საწარმო შპს „კ--ის“ უფლებამონაცვლე.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კ--ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 27 თებერვლის განჩინების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე მ. თოდუა